გასულ თვეს საქართველოს პროდასავლელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილთან დამარცხდა, ამას კი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში ცვლილებები მოჰყვება. თუმცა რადიკალური ცვლილებები სუპერსახელმწიფოებთან ურთიერთობებში მოსალოდნელი არ არის, რადგან რუსეთთან დამეგობრების მცდელობას სეპარატისტული პროვინციების რეინტეგრაცია შედეგად ვერ მოჰყვება.
„ქართული ოცნების“ ტრიუმფი
ივანიშვილის კოალიციამ, „ქართულმა ოცნებამ“, პირველი ოქტომბრის არჩევნებში, 150 საპარლამენტო მანდატიდან 85 მოიპოვა, ხოლო სააკაშვილის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 65. საქართველოს პრეზიდენტს სხვა არ დარჩა, გარდა იმისა, რომ საკუთარი კაბინეტი დაეთხოვა, თავისი მეტოქე ახალ პრემიერმინისტრად დაესახელებინა და მისთვის ახალი კაბინეტის ჩამოყალიბების საშუალება მიეცა.
ექსცენტრული მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პარლამენტმა თანამდებობაზე 25 ოქტომბერს დაამტკიცა ამბობს, რომ 2014 წლის აპრილში პოლიტიკიდან წავა, მაგრამ მანამდე მას საქართველოს პოლიტიკაზე უზარმაზარი გავლენა ექნება. მისი გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება 2013 წლის ოქტომბრის შემდეგ, როდესაც სააკაშვილის ბოლო საპრეზიდენტო ვადა დასრულდება და საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებები ძალაში შევა. ამ ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტის ძალაუფლების დიდი ულუფა პრემიერმინისტრს გადაეცემა.
საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცვლილების ნიშნები
ივანიშვილმა არჩევნების წინ და შემდეგაც არაერთხელ გაიმეორა, რომ შეინარჩუნებს ნატოში გაწევრიანების და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს და ამასობაში განაგრძობს თვითგამოცხადებული რესპუბლიკების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, რეინტეგრაციის მცდელობას. ივანიშვილის მიერ დანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ასევე დადო პირობა – „ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს წინა მთავრობის საგარეოპოლიტიკურ კურსს“. მან ისიც განაცხადა, რომ საქართველო თავს შეიკავებს მოსკოვთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისგან მანამდე, სანამ მოსკოვი არ შეწყვეტს საქათველოს სეპარატისტული რესპუბლიკების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, ოკუპაციას. თუმცა უკვე ახლავე გამოჩნდა იმის ნიშნები, რომ ივანიშვილი და მისი მთავრობა ამერიკაში განათლებამიღებული სააკაშვილისგან განსხვავებულ საგარეო პოლიტიკას აწარმოებენ.
ყველაზე დიდ ცვლილებას უნდა ველოდოთ საქართველოს პოლიტიკაში მისი უდიდესი მეზობლის მიმართ. ამ მეზობელთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ომისა, რომელიც საქართველოს მარცხითა და რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით დამთავრდა, ურთიერთობები შეწყვეტილია.
როგორც ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა რუსეთში, ქონება დააგროვა რუსეთში და რუსეთის მოქალაქეც იყო, ივანიშვილი აცნობიერებს რუსეთთან ურთიერთობის ეკონომიკურ და სხვა სახის მომგებიანობას. უფრო მეტიც, 24 ოქტომბერს მან განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობების დამყარება ხელს შეუწყობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ინტეგრაციას საქართველოში: „ჩვენ ამ ურთიერთობათა მოწესრიგების ვადებთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა არ გვაქვს, მაგრამ დიპლომატიის მეშვეობით და სწორი ქმედებებით, ჩვენ შევძლებთ ურთიერთობის დალაგებას და ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებას, თუ რუსეთისა და ჩვენი ინტერესები დაემთხვევა ერთმანეთს“. თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ ივანიშვილმა სცადა გაექარწყლებინა შთაბეჭდილება, თითქოს ის ფიქრობს,რომ ურთიერთობები უნდა აღდგეს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტამდე ან ამ პროცესის პარალელურად. „რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, ისინი მალე ვერ აღდგება“, თქვა მან. სავაჭრო და კულტურული კავშირების აღდგენა რუსეთთან „უფრო რეალისტური“ ამოცანაა, განაცხადა მან.
ახალმა პრემიერმინისტრმა უკვე გადადგა რამდენიმე ნაბიჯი რუსეთთან ურთიერთობათა მოსაწესრიგებლად, მათ შორის იყო მისი განცხადება იმის შესახებ, რომ 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადაში საქართველო ნამდვილად მიიღებს მონაწილეობას. ამ ოლიმპიადას საკააშვილმა ბოიკოტი გამოუცხადა. უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 24 ოქტომბერს გაკეთებულ კომენტარში ივანიშვილმა მხარი დაუჭირა ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის დასკვნას საქართველოს კონფლიქტზე. ამ დასკვნაში ნათქვმია, რომ „ღია საომარი მოქმედებები“ 2008 წლის ქართულ-რუსულ ომში საქართველომ დაიწყო. სულ ცოტა ხნის წინ ივანიშვილმა საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ზურაბ აბაშიძე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა.
არსებობს იმის ნიშნებიც, რომ საქართველოს მთავრობამ შეარბილოს ან იქნებ შეანელოს კიდეც საქართველოს ხმამაღალი სწრაფვა ნატოსკენ, რათა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება შეძლოს. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს სვლა ნატოსკენ და ევროკავშირისკენ, მაგრამ „ეს არ უნდა გაკეთდეს ისე, თითქოს ამით ვამარცხებთ რუსეთს“.
რევანშის ცდუნება
იმ დროს, როდესაც არსებობს პირობა, რომ საქართველო არ შეცვლის საგარეო პოლიტიკას, საშინაო პოლიტიკაში, არჩევნებში გამარჯვებული ძალა, რადიკალურ ცვლილებებს აპირებს. და ეს არც უნდა იყოს გასაკვირი, რადგან „ქართული ოცნება“ კამპანიას სოციალურ ცვლილებებზე აგებდა. თუმცა შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ ზოგიერთი მხარდამჭერი სააკაშვილის გუნდის წევრების გასამართლებას ითხოვს.
ქვეყნიდან წასვლა სააკაშვილის მთავრობის რამდენიმე მინისტრს რევანშის შიშმა აიძულა. მათ შორისაა თავდაცვის მინისტრი შაშკინი, რომელიც გაიქცა ჯერ კიდევ თანამდებობაზე ყოფნისას. ასევე მოიქცნენ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრო ბაჩო ახალაია, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და გივი თარგამაძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე. ივანიშვილის კოალიციის ხელმძღვანელი წევრები და მათი მომხრეები საჯაროდ მსჯელობდნენ ამ და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების სხვადასხვა სავარაუდო დანაშაულის გამოძიების შესაძლებლობაზე.
მაგალითი იანუკოვიჩის უკრაინიდან: „ფლირტიდან მძიმე პორნომდე“
სანამ იმას დააკვირდებიან, თუ როგორი რეაქცია მოჰყვება საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მათთვის სასურველი ცვლილებების განხორციელებას, ივანიშვილისთვის და მისი მომხრეებისთვის სასარგებლო იქნებოდა ვიქტორ იანუკოვიჩის უკრაინის მაგალითის გათვალისწინება.
2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობისას, იანუკოვიჩმა პირობა დადო, რომ განამტკიცებდა თანამშრომლობას ევროკავშირთან და, ამავე დროს, გამოასწორებდა პროდასავლელი იუშჩენკოს მმართველობის დროს რუსეთთან გართულებულ ურთიერთობებს. იანუკოვიჩმა ინაუგურაციის შემდეგ, რომელიც 2010 წლის თებერვალში შედგა, გადადგა კიდეც რამდენიმე ნაბიჯი რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ. ამ ნაბიჯებს შორის იყო, მისი წინამორბედის მიერ დაწყებული გოლოდომორის აღიარების კამპანიის გაუქმება, უკრაინის ნატოში გაწევრიანების შეჩერება და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დატოვება უკრაინის ტერიტორიაზე 2042 წლამდე.
მაგრამ მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, უკრაინის ლიდერი დღეს ისეთ ვითარებაში აღმოჩნდა, რომ აღარ შეუძლია ბალანსირება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ამ ბალანსით სარგებლობდა პოსტკომუნისტური უკრაინა იანუკოვიჩის პოლიტიკური მასწავლებლის, ლეონიდ კუჩმას, მმართველობის დროს.
დასავლელი ლიდერები იგნორირებას უკეთებენ იანუკოვიჩს ნაწილობრივ იმის გამო, რომ თავისი წინამორბედი მთავრობის მაღალჩინოსნების, მათ შორის ყოფილი პრემიერმინისტრის, იულია ტიმოშენკოს დევნას აგრძელებს. გარდა ამისა, დასავლეთს ეჭვი ეპარება წარსული საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობაში. რაც შეეხება, რუსეთს – იანუკოვიჩის რევერანსებმა მას ბევრი არაფერი მოუტანა, გარდა იმისა, რომ ათას კუბურ მეტრ აირზე ასი დოლარით ნაკლებს იხდის. მიუხედავად ამ გაიაფებისა, რუსული გაზი სერიოზულ ტვირთად აწევს უკრაინის ეკონომიკას. რუსეთი კი, თუ უკრაინა ან ევრაზიის ეკონომიკურ თანამეგობრობას, რუსეთის მიერ ინიცირებულ კავშირს არ შეუერთდება, ან არ მიყიდის უკრაინულ გაზსადენებს გაზპრომს, აირის შემდგომ გაიაფებაზე უარს ამბობს.
უკრაინის პრემიერმინისტრის მოადგილე ვალერი კროშკოვსკიმ ამას წინათ, იანუკოვიჩის მოსვლის შემდეგ, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობათა დინამიკის შეფასებისას დაასკვნა: „ყველაფერი მსუბუქი ფლირტით დაიწყო და მძიმე პორნოთი დამთავრდა“.
ივანიშვილის პოლიტიკა: ვითარების დარეგულირება კუდიანებზე ნადირობისა და რადიკალური ცვლილებების გარეშე
იანუკოვიჩის შინაურ და საგარეო პოლიტიკაზე მისი უცხოელი პარტნიორების რეაქცია ივანიშვილისთვის გამოსადეგი უნდა იყოს.
თუ იარსებებს ხელშესახები მტკიცებულება იმისა, რომ წარსული ან ამჟამინდელი მთავრობის წევრებმა ჩაიდინეს დანაშაული, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ საქმე ზედმიწევნით უნდა გამოიძიოს. მაგრამ კუდიანებზე ნადირობა თავიდან არის ასაცილებელი, რადგან ეს შექმნის მოჯადოებულ წრეს, სადაც მმართველი ელიტა ყოველთვის ჩაებღაუჭება ხელისუფლებას მომავალი დევნის შიშით. გარდა ამისა, ამან შეიძლება ქვეყანა იზოლაციაში ჩააგდოს და ამით დიდი რეგიონალური მეზობლების ზეწოლისადმი უფრო მგრძნობიარე გახადოს.
ივანიშვილმა უნდა განაგრძოს რუსეთთან ურთიერთობების გამოსწორების პროცესი, რადგან საქართველოს ნაციონალური ინტერესები მოითხოვს ურთიერთობათა ნორმალიზაციას მის დიდ მეზობელთან. თუმცა, უამრავი მიზეზის გამო, მას არ ენდომება საქართველოს კურსის შეცვლა, იმ კურსისა, რომლის მიზანია უფრო ღრმა კოოპერაცია დასავლეთის ქვეყნებთან.
უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ნატოში ინტეგრაციას მხარს უჭერს. ივანიშვილის საქართველომ კიდეც რომ თქვას უარი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ნეიტრალიტეტი კონსტიტუციით აღიაროს და დსთ-ში გაერთიანდეს, მოსკოვი მაინც აღარ დაუბრუნებს თბილისს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს.
უპირველესად ყოვლისა, ძალიან საეჭვოა, რომ რუსეთს საერთოდ უნდა ამგვარი ნაბიჯის გადადგმა. რუსეთის ლიდერები ალბათ იფიქრებენ, რომ ქვეყანამ, რომელმაც წარსულში სულ ცოტა ორჯერ მაინც შეცვალა საგარეოპოლიტიკური ორიენტაცია, ისევ შეიძლება შეცვალოს კურსი. გარდა ამისა, რუსეთის ლიდერები აცნობიერებენ, რა გავლენას იქონიებს მათ მოკავშირეებზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის უარყოფა.
ძალიან საეჭვოა, რომ რუსეთმა შეძლოს აფხაზეთის დაბრუნება საქართველოსთვის, მაშინაც კი, თუ უცებ გადაწყვეტს, რომ მსოფლიოს აჩვენოს – მას შეუძლია გაყიდოს ერთი მოკავშირე და სანაცვლოდ მეორე შეიძინოს. აფხაზეთი უკვე იმდენად დამოუკიდებელია, რომ მისმა ამომრჩევლებმა უარი უთხრეს მოსკოვისთვის სასურველ კანდიდატს და საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი არ დაუჭირეს. არადა, ეს კანდიდატი ისევე ემხრობოდა აფხაზეთის დამოუკიდებლობას, როგორც მისი მეტოქე. წარმოიდგინეთ, რა რეაქცია ექნება აფხაზ ხალხს, თუ უცებ აღმოაჩენს, რომ მოსკოვს აფხაზეთის საქართველოში დაბრუნება კარგ იდეად მიაჩნია.
საბოლოოდ თუ საქართველოს უნდა, რომ გადარჩეს და განვითარდეს, როგორც სიცოცხლისუნარიანი დამოუკიდებელი ქვეყანა, ის მხოლოდ რეგიონის დიდ სახელმწიფოებთან ნორმალური ურთიერთობების დამყარების მცდელობით არ უნდა შემოიფარგლოს, ის უნდა გაერთიანდეს ისეთ ორგანიზაციებში, სადაც სამართლიანად არის წარმოდგენილი პატარა ქვეყნების ინტერესები და მათი სუვერენიტეტის დაცვა ინსტიტუციონალიზებულია. ევროპის კავშირი და ნატო ნამდვილად წარმოადგენენ ასეთ ორგანიზაციებს, თუმცა ამ ორთაგან პირველის ეკონომიკურმა გასაჭირმა ეჭვი გააჩინა ევროპული ინტეგრაციის მომავალზე.
საქართველოს ყველა მმართველს დიდხანს მოუწევს ამ პრობლემასთან გამკლავება – მან უნდა შეძლოს ზემოთ ნახსენებ ორგანიზაციებში გაერთიანება ისე, რომ ძლევამოსილი ჩრდილოელი მეზობელი არ გაანაწყენოს, თუ, რა თქმა უნდა, მოსკოვი არ შესთავაზებს თავის მეზობელს უფრო მიმზიდველ ინტეგრაციულ პროექტს, ან, რაც კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა, თვითონ არ შეუერთდება ნატოსა და ევროკავშირს.
foreignpress.ge