„მათ მთელი ცხოვრება ჩეჩნების შიში არ მოასვენებთ“

„მათ მთელი ცხოვრება ჩეჩნების შიში არ მოასვენებთ“

ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მთავარი მრჩეველი მექა ხანგოშვილი აცხადებს, რომ ჩეჩნები ღალატს არავის პატიობენ. ამდენად, იგი არ გამორიცხავს ვერსიას, რომ ბაჩო ახალაია ჩეჩნების შურისძიებას გამოექცა.

For.ge მექა ხანგოშვილს ესაუბრა.

ქისტები ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ აყვანილ ახმედ ჩატაევის გათავისუფლებას მოითხოვენ. ამ მოთხოვნას პირადად თქვენც უერთდებით, რადგან მიგაჩნიათ, რომ ჩატაევის სიცოცხლე საფრთხეშია და მას რუსეთში ექსტრადაცია ემუქრება. მით უფრო, რომ ჯერ რუსეთის სპეცსამსახურებმა დააკარგვინეს მას ხელი, შემდეგ ქართული სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა - ფეხი.

- მოგეხსენებათ, ახმედ ჩატაევი ლაფანყურის სპეცოპერაციასთან არანაირ კავშირში არ იყო. იგი მიიყვანეს შუამავლის თხოვნით, რადგან მას ძალიან ენდობოდნენ ჩეჩენი მებრძოლები. ის ჩაიყვანეს თბილისიდან, შემდგომ კი მივიდა მებრძოლებთან და მოელაპარაკა. მათ განაცხადეს, რომ ისინი ლოპოტას ხეობაში იარაღს არ დაყრდიდნენ, რადგან მათ სიცოცხლეს საშიშროება ემუქრებოდა. საერთოდ, როგორც წესი, ჩეჩენი იარაღს არ ყრის. ამიტომ, მათ აღუთქვეს, რომ პანკისის ხეობაში მისვლის შემდეგ იარაღს დადებდნენ. ჩატაევმაც ეს პასუხი მიუტანა იმ ადამიანებს, რომლებმაც იგი შუამავლად წაიყვანეს. ამის შემდეგ ამ ადამიანებმა უთხრეს, რომ უნდა დაკავშირებოდნენ მინისტრს, მაგრამ იმის გამო, რომ ტყეში არ იჭერდა მობილური, ცოტა მოშორებით წავიდოდნენ. როდესაც ახმედ ჩატაევი პასუხს ელოდა, სწორედ ამ დროს მოხდა მისი ფეხში დაჭრა. სამწუხაროდ, ახმედ ჩატაევი 2000 წელს ჩეჩნეთში რუსებმა ტყვედ აიყვანეს, ხელი მოკვეთეს და ერთი ხელი ისედაც არ ჰქონდა, ახლახანს კი სნაიპერის ტყვიამ იგი ფეხში დაჭრა.

ცნობილია, რომ სპეციალურად, წამების მიზნით მოკვეთეს რუსებმა ხელი და დენზეც შეაერთეს.

- რუსებმა წამების მიზნით მოკვეთეს ხელი. ხოლო ლოპოტის სპეცოპერაციის შემდეგ კი კადრები აჩვენეს, როცა იგი ქართველ მესაზღვრეებს ჩაბარდა, ხელყუმბარა ჰქონდა ხელში, მაგრამ შემდგომში გავიდა მასალა, რომელმაც დაადასტურა, რომ ჩვენებები ზეწოლის ქვეშ იყო მიღებული და ამ ადამიანს საერთოდ არანაირი იარაღი ხელში არ ჰქონია. როდესაც ის აიყვანეს, დააპატიმრეს და თბილისში ჩამოიყვანეს, ფეხის მოკვეთა სულაც არ იყო საჭირო და მაინც მოკვეთეს. ყველაზე მთავარი, რაც დღეს ხდება, უკვე თვენახევარი და უფრო მეტიცაა, რაც მას ფეხის ამპუტაცია გაუკეთდა, მაგრამ ჭრილობა არ უხორცდება. აქვს ძალიან დიდი რაოდენობით გამონადენი, განგრენის ნიშნები აშკარაა და აუცილებელია ხელმეორე ამპუტაციის ჩატარება, უფრო ზემოთ უნდა მოეჭრას ფეხი. თუმცა, თვითონ ჩატაევი არ ენდობა ციხის ექიმებს, რადგან აქვს საამისო გამოცდილება და ფიქრობს, რომ ტყუილად ჩაუტარდა ფეხის ამპუტაცია. ამიტომ, უარს ამბობს ციხის მედპერსონალის მომსახურებაზე. ამიტომაც დაიწერა ჩვენი შუამდგომლობა, სადაც ყველა სამართლებრივი საფუძვლის დაცვით ჩამოთვლილი იყო დაახლოებით ათი პუნქტი, რომლის თანახმადაც, თავისუფლად შეიძლებოდა ამ ადამიანისთვის აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეფარდება. სამწუხაროდ, ძველმა მოსამართლემ, მერაბ ჯორბენაძემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შემდგომში,  ინტერნეტსივრცეში აქტიურად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგეგმება ახმედ ჩატაევის რუსეთში ექსტრადაცია. მოგეხსენებათ, ათი წლის განმავლობაში რამდენი ადამიანის ექსტრადაცია მოხდა იმ ხელისუფლების პირობებში. ჩუმად ხდებოდა მათი ექსტრადაცია, რაც დიდი ეჭვის საფუძველს გვაძლევდა. რადგან ახლა საქმე გახმაურდა და საქართველოსაც ახალი ხელისუფლება ჰყავს, იმედი გვაქვს, მსგავსი რამ არ მოხდება. თუმცა შიშის საფუძველი მაინც გვაქვს. ამიტომაც მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს ფაქტი გავახმიანოთ. ჩემი და პანკისის მოსახლეობის სახელით, ბატონი არჩილ კბილაშვილის სახელზე უკვე შევიტანე განცხადება, რომ ახმედ ჩატაევის მდგომარეობა მძიმეა, რომ ასეთი საშიშროება არსებობს და, შესაძლებლობის ფარგლებში, ამ ადამიანს დაეხმაროს.

რათა არ მოხდეს მისი ექსტრადაცია?

- დიახ, მით უმეტეს, მას საქართველოს მოქალაქე მეუღლედ ჰყავს, ასევე ყავს მცირეწლოვანი შვილი. მას ოჯახი აქ ჰყავს, აქაც ჩამოდის, იქაც არის.

თქვენ ექსტრადაცია ახსენეთ. რა მდგომარეობაში არიან ის ექსტრადირებული ჩეჩნები, რომლებიც ჩვენმა ყოფილმა ხელისუფლებამ რუსეთს გადასცა?

- ერთ-ერთ მათგანს ცოლად ჰყავს ჩვენი ნათესავი. ეს პიროვნება რუსეთს 2004 წლის თებერვალში გადასცეს, 12 წელი აქვს მისჯილი და ის უბედური ელოდება ამ ადამიანის დაბრუნებას. ძალიან მძიმე მდგომარეობაა იმ ადამიანებთან მიმართებით, რომლებიც რუსეთის ციხეებში არიან. რა თქმა უნდა, მათ აწამებენ. თქვენ იცით, რუსეთის ციხები ამითაა ცნობილი და განსაკუთრებული სისასტიკე აქვთ კავკასიელების მიმართ. კავკასიელებს შორის კი განსაკუთრებით ყველაზე ქედუდრეკელ ჩეჩენ მეომრებს ექცევიან ცუდად. ამიტომაც ჩეჩენი მებრძოლები ყოველთვის ამჯობინებდნენ, მართლმსაჯულების წინაშე პასუხი ეგოთ საქართველოში და არა რუსეთში.

ლოპოტაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ პარალელურად დევნილობაში მყოფი იჩქერიის პრემიერ-მინისტრის ახმედ ზაკაევის გამოძიებაც მიმდინარეობს. ალბათ, არჩილ კბილაშვილის ხელმძღვანელობით ამ საქმეზე გამოძიება მალე დაიწყება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩეჩნებისთვის ზაკაევი, როგორც ჯოხარ დუდაევის თანამებრძოლი, თითქმის ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერია, ჩეჩნები რომელ კომისიას უფრო ენდობით?

- მე ორივე კომისიას ვენდობი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს ნდობაც არ არის, ეს არის აუცილებლობა. მე მგონი, იმის გამო, რომ სპეცოპერაცია ჩატარდა საქართველოს ტერიტორიაზე, აქ უფრო შესაძლებელია, გამოიკვლიონ რეალურად რაც მოხდა და რეალური ინფორმაცია დადონ. რა თქმა უნდა, ზაკაევის კომისიასაც ვენდობი. დარწმუნებული ვარ, არც ისინი იქნებიან ცალმხრივნი და ყველანაირად შეეცდებიან სიმართლის დადგენას. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას უფრო ხელეწიფება და აქ უნდა მოხდეს ამის გამოძიება.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ სპეცოპერაციის ავტორებს ორი ხალხის ერთმანეთზე გადაკიდება სურდათ და, რომ არ გარკვეულიყვნენ ჩეჩნები სიმართლეში, შესაძლოა, სავალალო შედეგიც დამდგარიყო?

- რა თქმა უნდა, ეს ასეა. ვერც იმას გეტყვით, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფალმა ამით რუსეთს ასიამოვნა თუ არა. ვარაუდების საფუძველზე არ მიყვარს საუბარი. მართალია, მომხდარის შესახებ არსებობს რამდენიმე ვერსია, მაგრამ გამოძიებას დაველოდები. ერთხელაც აღვნიშნე და თქვენთანაც ვიტყვი, რომ დამარცხებული მხარისთვის ფეხის დაჭერის პოლიტიკა ნამდვილად არ მახასიათებს. უხერხულად ვგრძობ დღეს თავს, როდესაც ისინი დაჭერილები, დამარცხებულები არიან და ამის თქმა მიწევს. ამიტომაც თავს ვიკავებ ყველანაირი განცხადებისგან. დიდი იმედი მაქვს, გამოძიება დადებს ფაქტებს. თუმცა რეალობაა, რომ ლოპოტის სპეცოპერაციამ ძალიან დიდი ბზარი გააჩინა ჩვენს ხალხებს შორის.  ინტერნეტსივრცე აჭრელებული იყო სხვადასხვა კომენტარით და გული მწყდებოდა, რომ იქ იყო ზოგიერთი ისეთი კომენტარი, რომელიც ისევ და ისევ აფხაზეთის ომის თემატიკას უბრუნდებოდა, რომ ჩეჩმებმა ჩვენ ეს გაგვიკეთეს აფხაზეთში. იცით, მე ყოველთვის ბოდიშის მოხდით ვამთავრებდი აფხაზეთის თემაზე საუბარს, მაგრამ, ალბათ, დრო მოვიდა, როცა ადამიანი უნდა დაჯდეს და ერთხელ და სამუდამოდ თავისი სათქმელი თქვას. უბრალოდ, გულსატკენია, ჩეჩნებს უფრო მეტი რამ გადაუტანიათ მოძმე ერების მხრიდან და ამაზე საუბარი მათი მხრიდან არ ყოფილა, ამით ვამაყობ კიდეც.

თავის დროზე თქვენ აცხადებდით, რომ აფხაზეთში ჩეჩენი მებრძოლების ყოფნის ფაქტები მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო.

- მანამდე, 1944 წელს მთელი ჩეჩენი ერის მიმართ ჩადენილი გენოციდი სწორედ ბერიასა და სტალინის საშუალებით განხორციელდა. სტალინის ბრძანებით ბერია ახორციელებდა ამ ყველაფერს.

ასეთი გენოციდი ქართველების მიამრთაც განხორციელდა. არაერთი ქართველი - სასულიერო პირი თუ ინტელიგენციის წარმომადგენელი ამოწყვიტეს კომუნისტებმა უშუალოდ საქართველოში.  

- ამიტომაც ვამბობ, საერთოდ, ჩხუბი ოჯახში ძმებს შორისაც ხდება. ერთი მოწმე მაინც მოიყვანონ, ერთი ვიდეოჩანაწერი ან ერთი ფოტოსურათი მაინც მაჩვენონ, რომლითაც მტკიცდება, რომ აფხაზეთში ჩეჩენი ქართველის თავით ფეხბურთს თამაშობდა. ამის გამეორებაც კი იმდენად საშინელებაა. ჰაიბახის ტრაგედია კი ისტორიული ფაქტია. დღეს მოსკოვმა გახსნა კრემლის არქივი და მთელ ინტერნეტსივრცეში დევს ეს მასალა, რომ ბერია უგზავნის პატაკს გვიშიანს და აჯილდოვებს გენერლის ჩინით, რადგან პოლკოვნიკმა გვიშიანმა 700 ჩეჩენი, ქალები და ბავშვები საჯინიბოში შეყარა, ცეცხლი წაუკიდა და, ვინც იქიდან გამოქცევას მოახერხებდა, იქვე ხვრეტდა.

ეს არ გამიკვირდება, რადგან იმავე კომუნისტების დროს მატარებელის ვაგონებში არაერთი ქართველი შეყარეს, ვაგონები ძირითადად ჭიათურის რაიონში გაიყვანეს და ტყვიამფრქვევებით დაცხრილეს. დახვრეტილთა სისხლი კი ნატყვიარებიდან შადრევანივით მოდიოდა.

- ეს დამთრგუნველი კი არა, საშინელებაა, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ აფხაზეთის ომში რამდენიმე ჩეჩენის მონაწილეობა არ იყო ჩეჩენი ხალხის ნების გამოხატულება, ეს არ იყო ჩეჩნეთის მთავრობის, პრეზიდენტის ნება. იგი რამდენჯერმე გამოვიდა და დაგმო, რომ ყველა ის ჩეჩენი, ვინც იბრძვის საქართველოში ქართველების წინააღმდეგ, ჩვენი მტერიაო. მაშინ მე ჩეჩნეთში ვცხოვრობდი და ჩემს მეზობლად მოასვენეს აფხაზეთში დაღუპული ჩეჩენი მებრძოლის გვამი და მამამ არ შეატანინა სახლში. მე ვარ ამის ცოცხალი მოწმე. ამიტომ ისტორიის ამოქექვა ძალიან ცუდ რამეს მოგვიტანს. ჩვენ კარგი უნდა გავიხსენოთ, როგორი ძმობა გვქონდა, როგორ ვიბრძოდით ერთად. ძმადნაფიცი ჩეჩნები როგორ დაუდგნენ გვერდში ჩოლოყაშვილს და როგორ ებრძოდნენ ამ საშინელ სენს, რასაც რუსეთის იმპერია და ცარიზმი ჰქვია. ხალხო, ჩვენი საერთო მტერია რუსეთი, ერთხელ და სამუდამოდ გავიგოთ, რომ ჩვენ გაერთიანების მეტი არაფერი გვიშველის. კავკასიელები ვართ ერთი დიდი თარგამოსის ძეების შთამომავლები, მით უმეტეს, ჩეჩნები და ქართველები, ყველაზე ახლობელი ერი ვართ მთელ კავკასიაში.

სხვათა შორის, ჯოხარ დუდაევმა როცა მიიღო ზვიად გამსახურდია, რის გამოც ქართული დელეგაცია მადლობას უხდიდა დევნილობაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტის შეფარებისთვის, ჯოხარ დუდაევს უთქვამს, მე რატომ მიხდით მადლობას, როცასტუმარ-მასპინძელივაჟა-ფშაველას დაწერილიაო.

- სხვათა შორის, ერთ ფაქტსაც გეტყვით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რელიგიურად სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლები ვართ, 1992 წელს დაიბეჭდა ზვიად გამსახურდიას წერილი, რომელიც მან გამოგზავნა საქართველოში. როდესაც ის პირველ აღდგომას ჩეჩნეთში შიშით ხვდებოდა, რადგან ეს იყო ისლამური სახელმწიფო და ქართველებმა არ იცოდნენ, როგორ შეხვდებოდნენ მათ მიერ აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნას იქაური ჩეჩნები. ამ დროს ჩეჩნები შევიდნენ და „ქრისტე აღსდგა“ - პირველად ეს უთხრეს. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტე ჩეჩნებისთვის მოციქულია, სტუმარი იმდენად წმინდაა ჩეჩნებისთვის, რომ მათი პირველი სიტყვა „ქრისტე აღსდგა“ იყო.

ეს იმის გამოძახილიც უნდა იყოს, რომ ჩეჩნეთში ჩვენი მართლმადიდებლური ქრისტიანული ძეგლები და სვანური კოშკები იყო საუკუნეების წინ.

- რა თქმა უნდა, ეს ძეგლები არსებობს. ამდენად, ძალიან ცუდია, როდესაც აფხაზეთის თემით მანიპულირება დღემდე გრძელდება. მით უმეტეს, ლოპოტის ხეობა და აფხაზეთი სხვადასხვა თემაა. ეს ახალგაზრდა ბიჭები ციდან ხომ ვერ ჩამოცვივდებოდნენ?! იმის თქმას ნამდვილად არ ვაპირებ, რომ ადამიანი, რომელიც შეიარაღებით გადაადგილდება ტერიტორიაზე, მთლად ანგელოზია. ყოველ შემთხვევაში, ის ბავშვები მოატყუა ვიღაცამ, ჩამოიყვანა. რა თქმა უნდა, მათი ჩამოსვლა, არცერთ შემთხვევაში, არ მოხდებოდა მარტო ჩეჩნების ნებით. ალბათ, იცით, რომ მოკლული 22 წლის ასლან მარგოშვილის სახელზე გაცემული იარაღი ერთ-ერთი უტყუარი ფაქტია, რომ ამაში უშუალოდ შს სამინისტრო იყო ჩარეული და, ალბათ, ერთ-ერთი ორგანიზატორიც ეს სამინისტრო იყო. სამწუხაროდ, შემდგომ უკვე ჩახოცეს უდანაშულო ადამიანები. იმის მაგივრად, რომ პრეზიდენტს სამძიმარი ეთქვა ამ პირტიტველა ბიჭების ოჯახებისთვის, მსგავსი რამ თუ გაგიგიათ, რომ გლოვა აეკრძალათ ჭირისუფლებისთვის. ამ ხალხს ჭიშკრები დააკეტინეს. ასეთი უბედურება არასდროს მომხდარა.

თქვენ აღნიშნეთ, რომ ბოლო ორ ომში ჩეჩნების ორი მესამედი დაიღუპა, სულ 350 ათასი ადამიანი დაკარგეთ, თუმცა, ამის მიუხედავად, ამ ათი ბიჭის დაღუპვასაც გადაიტანდით, რომ არა ღალატი...

- ნამდვილად ასეა. ყველა ქისტს გულზე მოხვდა, როცა ქვეყნის პრეზიდენტმა თქვა, ლეკიანობის დრო დამთავრდაო. არადა, სწორედ ქისტების დამსახურებაა, პანკისის ხეობა დღეს რომ საქართველოს იურისდიქციის ქვეშ არის, ქისტებმა დაიცვეს ეს ხეობა ლეკიანობისგან და სირცხვილია, ქვეყნის პრეზიდენტმა ქვეყნის არცთუ შორეული ისტორია არ იცოდეს და ქისტებს რაღაცას აბრალებდეს. ასეთი რამ არ შეიძლება. გულისტკივილით უნდა ვთქვა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ამაყობს, წარმატებული ოპერაცია განვახორციელეო. ეს იყო წარმატებული ოპერაცია, როდესაც ალყაში მოქცეულ 17 ბიჭს ზემოდან ავიაცია ბომბავდა და ათი მათგანი გაექცათ?! ეს არის წარმატებული სპეცოპერაცია?!

როდესაც დრო დადგება, ის ათი ბიჭიც ხომ იტყვის სიმართლეს?

- რა თქმა უნდა, აუცილებლად იტყვიან სიმართლეს. ახლა ათივე შეიძლება ცოცხალი აღარ იყოს, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან და იმ ადამიანების სიცოცხლის საფრთხიდან გამომდინარე, ჯერ არაფერს ვიტყვი. ფაქტია, რომ ისინი ცოცხლები არიან და საზღვარგარეთ იმყოფებიან.

ახალაიას შესახებ თქვენ ბრძანეთ, რომ იგი არ იყო ისე გაბედული, თავის თავზე  აეღო ეს სპეცოპერაცია. მაშინ რეალურად რა მოხდა და ის შუამავლები ვინ იყვნენ, ვინც ეს ბიჭები ჩამოიტყუა? გავრცელებული ფაქტია, რომ ეს შუამავლები პანკისის არეალთან დაახლოებული პირები უნდა ყოფილიყვნენ.

- კონკრეტული პიროვნებების დასახელებისგან გამოძიების დასრულებამდე თავს შევიკავებ. შეიძლება, ვინმეზე რაღაც ვთქვა და შემდგომ უკვე მთელი ცხოვრება ცოდვა დავიდო.

ამბობენ, ბაჩო ახალაია სწორედ ჩეჩნების მუქარას გაექცა. ეს ვერსია რეალურია?

- ყოველ შემთხვევაში, ამის საშიშროება რომ არსებობს, ეს მართალია. ეს ჩეჩნების დაუწერელი კანონია.

რომ ისინი ღალატს არ პატიობენ ადამიანს?

- დიახ, არავის ვემუქრები, მაგრამ ვინმე ფიქრობდა, რომ ბუდანოვს, რომელმაც 18 წლის გოგონა ჯერ გააუპატიურა, შემდეგ ცოცხლად დამარხა, ჩეჩნები შეარჩენდნენ? მე ვიცი, რომ წლების განმავლობაში ჩეჩნები მილიონებს დებდნენ, რათა ის ციხეში მოეკლათ. სამართალმა მაინც იზეიმა. სამწუხაროდ, ამ რუს გენერალს, რომელიც ასეთი მძიმე ბრალდებით იყო დაკავებული, მხოლოდ ოთხი წელი მიუსაჯეს და ამის შემდეგ გაუშვეს. მაშინ, როცა კიდევ ბევრი დანაშაული ბრალდებოდა, რაც ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ამ ომის დროს ჩაიდინა. მოგვიანებით ჩეჩნებმა რამდენიმე წლის განმავლობაში იმუშავეს და იგი მოსკოვის ცენტრში მოკლეს. ეს არ გაუჭირდათ. კიდევ ერთ ფაქტს გეტყვით, მსგავსი რამ ყოველთვის ხდება ხოლმე, თუნდაც ვიღაცამ თავისი სასჯელი მოიხადოს, ჩეჩნური ვენდეტას კანონი მაინც თავისას მოითხოვს. აბრაგობის პერიოდში, როდესაც ჩეჩნების გასახლება მოხდა და პარტიზანული მოძრაობა დაიწყო, ჩეჩნები ტყეში გავიდნენ და საქართველოს აფარებდნენ თავს. მაშინ წითელი არმია მათ დევნიდა. სამწუხაროდ, ქართველმა ზოგიერთმა გენერალმა - შადურმა, ინაურმა ცუდი როლი ითამაშეს მათ ლიკვიდაციაში. ზამთარში მოხდა ასეთი ფაქტი, როდესაც ხუთი აბრაგი, რომლებიც ხუჩბაროვის რაზმის სახელით იყვნენ ცნობილნი, გადმოვიდნენ ხევსურეთში. იქ მათ ჰყავდათ მასპინძელი, შაბურა ზვიადაური,  ცნობილი პიროვნება და სწორედ მან უმასპინძლა. ჩეჩნები მაინც არ ენდობოდნენ ამ ადგილს, თავად მასპინძლს კი ნამდვილად ენდობოდნენ, თორემ არც მივიდოდნენ მასთან. ისინი ღამის გასათევად საზაფხულო ქოხში გადავიდნენ. ერთმა ხევსურმა შეიტყო მათი იქ ყოფნის შესახებ, მივიდნენ და ამის შესახებ მოახსენეს მიხეილ ხორგუანს, ვინც ამ სადამსჯელო ოპერაციას ხელმძღვანელობდა, მანაც ჩეჩნები იმ ქოხში ალყაში მოაქცია და ჩახოცა. ცოტა ხნის წინ მამაჩემის ავტორობით გამოვიდა ეს წიგნი, სახელწოდებით „აბრაგები“. საინტერესო ისაა, რომ შაბურამ თავი მოიკლა, როცა ეს ამბავი გაიგო. ეს იყო ზნეობისა და რაინდობის უდიდესი კოდექსი. მიუხედავად იმისა, რომ ამას მისი სიცოცხლე ემსხვერპლა, ამით მან დაამტკიცა, ხევსურისთვის რაოდენ ძვირფასია ღირსება. ხორგუანი კი, ვინც ეს ჩაიდინა, მთელი ცხოვრება იტანჯებოდა, სიცოცხლის ბოლოს სარეცელზე რომ იწვა, ბოდავდა, ჩეჩნები მოდიანო. ასეთ შიშში დაამთავრა სიცოცხლე. ამდენად, ჩეჩნების მხრიდან იმ ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა რომც არ მოხდეს, ვინც ამ საქმეშია გარეული, მთელი ცხოვრება ჩეჩნების შიში არ მოასვენებთ.

იმ ადამიანების ფოტოები, ვინც ამ საქმეში იყო გარეული, ჩეჩნებში გავრცელებულა და, როგორც ამბობენ, შურისძიებაზე ფიქრობენ.

- მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის კრიტიკულად ვიყავი ჩემი ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის - სააკაშვილის მიმართ განწყობილი, 2008 წლამდე, აგვისტოს ომი სანამ არ მოხდა, კავკასიელების გაგონება საერთოდ არ უნდოდა. მერე, როდესაც დასავლეთიდან მითითება იყო, რომ კავკასიური პოლიტიკა უნდა განხორციელებულიყო, მხოლოდ ამის შემდეგ გაგვიხსენა. მაინც ბედნიერი ვიყავი და მეგონა, რომ ჩვენი, კავკასიელების ოცნება ახდა, როდესაც ტელეკომპანია „პიკის“ შექმნის შესახებ იყო საუბარი. ძალიან ბევრი ადამიანი ამის წინააღმდეგი იყო. ამ ეთერმა თავიდან კარგად დაიწყო, შემდგომ კი, სახელიც რომ აღარ აქვს, ისეთი რამ მოხდა. ვიღაც მელაიებისა და სობჩაკების არხი გახადეს. ყველა კავკასიელი აღშფოთებით მირეკავდა, რას აჩვენებს ეს ტელევიზიაო?! ამას როგორ ჰქვია კავკასიური ტელევიზია?! არ გრცხვენიათო?! დღეს უკვე მე მართლაც მივესალმები ამ ტელევიზიის დახურვას, რადგან ეს არ იყო კავკასიური ტელევიზია. სხვათა შორის, როდესაც ნებისმიერი ფილმი გადის ხოლმე, დღემდე ჩეჩნეთში წესიერების მომხრენი ვართ. შეიძლება, ეს ვიღაცამ ჩაგვითვალოს კონსერვატიზმად და პირველყოფილ ცხოვრებაში ჩამორჩენად, მაგრამ ამიტომაც დღეს ჩვენთან, ბოდიშს ვიხდი ამ გამოთქმაზე და, არც ცისფრები არიან, არც ლესბოსელები. ჩემი მეორე სამშობლოს პრეზიდენტად დღესაც არ ვაღიარებ რამზან კადიროვს, მაგრამ მისი პოლიტიკა ჩეჩნეთში ამ მხრივ მაინც მისასალმებელია. დღემდე ჩეჩეთში ვერ ნახავთ ვერცერთ არხს, სადაც, ბოდიშს ვიხდი, სექსი იყოს პირდაპირ ეთერში. რა საშინელებაა, ქალი ქალს კოცნის, კაცი - კაცს, ეს უნდა აიკრძლოს. ყველა გაღიზიანებული ჩრდილო კავკასიელი ტელეკომპანია „პიკზე“ ამის აკრძალვას ჩემგან მოითხოვდა. სხვათა შორის, როგორც კი ეს ტელევიზია გაიხსნა, ნაირა გელაშვილმა მითხრა, ისეთი კადრი ვნახე, თვალები დავხუჭე და ტელევიზორი გამოვრთეო. ასეთ რამეს თუ დაიწყებენ, ეს მომაკვდინებელი იქნება კავკასიისთვისო.

ისევ პირვანდელ თემას მივუბრუნდეთ. თქვენი აზრით, ბაჩო ახალაიას სიცოცხლე ციხეში დაცული იქნება?

- ხელაღებით ახლა მე რაღაც რომ გითხრათ, მარტო ჩეჩნების მხრიდან, ალბათ, არ შეიძლება ასეთ დროს მუქარა. თუმცა, თუკი მას ხელი აქვს გარეული იმ საშინელ ციხის კადრებში, რაც აჩვენეს, ეს საშინელებაა. ნამდვილად გეტყვით, ლოპოტის ტრაგედიის დროს იმდენად ცუდად ვიყავი, რომ ციხის ამბებს ბოლომდე ვერ ვუყურე. ეს ჩემთვის საშინელება იყო. ყოველ შემთხვევაში, ლოპოტაში ღირსება მაინც არ აუყრიათ, რაც კავკასიელებისთვის ასე ძვირფასია და მე არ ვიცი, ის კადრი არც მინახავს, მაგრამ, სანამ ცოცხალი ვარ, იმ ბავშვების უბედურებას ვერ დავივიწყებ. ამიტომ ვფიქრობ, ხალხისგან რომც არ განხორციელდეს მსგავსი შურისძიება, აბსოლუტურად ყველა ადამიანს თავის საქციელზე უფლისგან პასუხი მოეთხოვება. იმის იმედი ნურავის ექნება, რომ უფალი მათ ასეთ საქციელს აპატიებს.