„მათთვის ესენი მოღალატე პარტნიორები არიან“

„მათთვის ესენი მოღალატე პარტნიორები არიან“

ლოპოტას სპეცოპერაციის ირვლივ კვლავ ბევრი კითხვაა, ყოფილი ხელისუფლება დუმს, ჩეჩენი მებრძოლი კი რომელიც ამ ისტორიის მონაწილეა, ქართულ მედიას წერილს აწვდის, სადაც დაწვრილებით ყვება, რა და როგორ მოხდა. წერილის მიხედვით, ამ ყველაფერში ბაჩო და დათა ახალაიები და ქართველი მაღალჩინოსანი სამართალდამცველები, გია ლორთქიფანიძე და სანდრო ამირიძე მონაწილეობდნენ.

„ჩვენ მოგიყვებით როგორ გაგვყიდა თავდაცვის ქართველმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოდილე გია ლორთქიფანიძემ და კონტრტერორისტული განყოფილების უფროსმა სანდრო ამირიძემ. ჩვენ ავსტრიაში დავირეკა მუსლიმმა, მეტსახელად გუსლიკამ და გვითხრა, რომ ჩეჩნეთში, ჯიხადში მონაწილეობის მსურველებს, თავდაცვის ქართული სამინისტრო კორიდორს უხსნის. ასეთი კარგი ამბის მოსმენის შემდეგ ჩვენ საქართველოში წასვლა გადავწყვიტეთ. მარტის დასაწყისში პირველი ხუთი ადამიანი ჩამოვფრინდით და აეროპორტში სამხედროები დაგვხვდნენ, შემდეგ წაგვიყვანეს ბინაში. ჩეჩნებმა მთელი ევროპიდან ჩუმად დაიწყეს ჩამოსვლა. სამხედროებმა თავდაცვის სამინისტროდან დაიწყეს ჩვენი ტარება ექსკურსიაზე. სამხედრო ობიექტებზე ნიღბებით მივყავდით, რომ ჩვენს შესახებ რაიმე ხმა არ გავრცელებულიყო. თავდაცვის მინისტრი, ბაჩო ახალაია თითქმის ყოველდღიურად გვხვდებოდა“, - ნათქვამია წერილში.

ჩეჩენი მებრძოლის წერილის და პანკისელი ქისტების მონათხრობის გარდა კიდევ ერთი მტკიცებულება სპეცოპერაციის დროს დაღუპულ ქისტ ახალგაზრდაზე, ასლან მარგოშვილზე ამ ზაფხულს, შს სამინისტროს მიერ გაცემული იარაღის ტარების ნებართვაა. სხვა მტკიცებულებებიც ალბათ, გამოძიების დაწყების შემდეგ გამოიკვეთება. არსებობს თუ არა საფრთხე, რომ საქართველო საერთაშორისო სკანდალში გახვეული აღმოჩნდეს, ამის შესახებ კავკასიის კონფედერაციის თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ზაალ ქასრელიშვილს ვესაუბრეთ.

ბატონო ზაალ, როგორ შეიძლება შეფასდეს ის ინფორმაცია, რაც სტუდია GNS-მა გაავრცელა, ის რასაც ჩეჩენი მებრძოლი ყვება, საერთაშორისო დონის სკანდალს ჰგავს...

- საერთაშორისო სკანდალს კი არ ჰგავს, ეს სართაშორისო დონის დანაშაულია. რაც შეეხება ნანა ლეჟავას, ის იმ გზით წავიდა, რა შეფასებებიც ჩვენ გავაკეთეთ პირველივე დღეს ლაფანყურის სპეცოპერაციაზე. უბრალოდ, ჩვენ სახელებს და გვარებს არ ვასახელებთ არც დღეს. იმიტომ, რომ მარტო ახალაიები არ არიან. ახალაიები ამ შემთხვევაში იყვნენ შემსრულებლები იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ახალაიებს არც თავისი მასშტაბების, არც თავისი კავშირების და არც თავისი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ფიზიკურად არ შეეძლოთ მებრძოლებზე გასვლა, მათთან დაკონტაქტება. ისინი მათ არ ენდობოდნენ და არც იცნობდნენ.

საქართველოში არის ორი მაღალჩინოსანი, ნაცმოძრაობის რიგებში, რომლემაც იდეოლოგიური მამობა გაუწიეს ამ საქმეს - მოკლედ, ამ ორმა ადამიანმა დააფინანსა და დააკავშირა ესენი მებრძოლებს. მათი გადმობირება, ჩამოყვანა და მათთან გარიგება მოხდა. შემდეგ რაღაც ეტაპზე აღარ დასჭირდათ ეს მოწმეები და მოიშორეს.

რომელ მაღალჩინოსნებს გულისხმობთ, ისინი სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები არიან? უწყება მაინც თუ შეგიძლიათ გვითხრათ?

- ჩვენ ვიცით ესეც, ისიც, მაგრამ არ ვასახელებთ ერთი მარტივი მიზეზის გამო. მაშინაც ვლაპარაკობდით ფაქტებით, მაგრამ არ ვასახელებდით სახელებს, რადგან გვინდოდა, ეს გაეკეთებინა დაზარალებულ მხარეს.

მათ შემსრულებლების გვარები დაასახელეს. ჩვენ ვიცით, რომ მათ იციან ორგანიზატორების სახელებიც. რომ არ თქვან, რომ ჩვენი აზრი მოვახვიეთ თავს,  თავს შევიკავებთ იმ იმედით, რომ ძალიან მალე დაასახელებენ ჩეჩნები და არა მარტო ისინი, მთელმა ჩრდილო კავკასიამ იცის, იმ ორ ადამიანსაც. ეს ბრალის წაყენებას ჰავს და ალბათ მალე გამოძიებაც დაიწყება, ჩვენ ამ ყველაფერს თვალყურს მივადევნებთ.

ცოცხლები არიან, ორივე საქართველოშია და ორივე მაღალჩინოსანია. ისინი არიან მათი გადაადგილებების, შეხვედრების დამფინანსებლები.

თუ გილაპარაკიათ ჩრდილო კავკასიელებთან, უშუალოდ ჩეჩნებთან ამ საკითხზე, როდის აპირებენ ახალი გვარების დასახელებას?

- ისინი რამდენჯერმე დავიკავშირდნენ  და გვთხოვეს, საგამოძიებო პროცესებში მონაწილეობა მიგვეღო - თანამშრომლობა გვთხოვეს, ამაზე უარი ვუთხარით, მაგრამ მხარდაჭერა აღვუთქვით საქმის ობიექტური გამოძიებისა და სამართლიანად გადაწყვეტის საკითხში. ამ პროცესებს ვადევნებთ თვალს და მივადევნებთ კიდეც იქამდე, ვიდრე სიმართლე არ გაირკვევა. ამ შემთხვევაში ჩვენი ახირება და აკვიატება კი არ არის - შურისძიების ალტერნატივა ამ შემთხვევაში სამართლიანი განაჩენია.

რელიგიიდან გამომდინარე, მათ აქვთ შურისძიების საკუთარი წესი...

- მარტო მათ არა, ყველა ვაჟკაცს აქვს ასეთი წესი, ამას ემატება რელიგიური ნიშნით სოლიდარობა და თუ ისინი ვერ ნახავენ სამართლიან გადაწყვეტილებას, დასჯილ დამნაშავეებს - ჩვენთვის დამნაშავეებს, თორემ მათთვის ესენი მოღალატე პარტნიორები არიან.

მოღალატის მიმართ განსაკუთრებული განაჩენი არსებობს. განაჩენები გამოტანილი აქვთ–მეთქი, ადრეც ვთქვი. უბრალოდ, ჩვენ რამდენიმე დღე კამათი და დავა დაგვჭირდა ჩრდილო კავკასიელებთან. სხვათა შორის, ისინი გვითანაგრძნობენ და ჩვენს აზრზე დგანან, რომ ხალხი და ქვეყანა არაფერ შუაში არ იყო და თუ კონკრეტულად ვინმე აინტერესებთ, მას გასცენ პასუხი - ბოლოს ასეთ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ. ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი დავრჩით რადგან ქვეყანას და ხალხს საფრთხე ავარიდეთ.

ვერაფრით ვერ ვიქნები ახალაიების ადვოკატი, არ ვაპირებს ჩემი ავტორიტეტის დახურდავებას მაგ ბიჭების სახის ჩამოსარეცხად.

ჩეჩენი მებრძოლის წერილში ლაპარაკი იყო დაახლოებით 100–კაციან ჯგუფზე. დაახლოებით 60 ადამიანი ჩამოიყვანეს უცხოეთიდან და დანაღცენები ვინც შემოგვიერთდნენ, პანკისელი ქისტები იყვნენო. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ თითქოს დერეფნის გახსნას დაპირდნენ და შესთავაზეს ყველას ერტად გაქყვანა, მაგრამ მებრძოლებმა ხელისუფლების შეთავაზება არ გაითვალისწინეს და 20-კაციან ჯგუფებად დაიყვნენ. არაფერია ცნობილი სხვა ჯგუფებზე, ხომ არ აქვთ ინფორმაცია დანარჩენებს რა ბედი ეწიათ?

- ეს ყველაფერი საკმაოდ მარტივადაა. ამათ ამ ადამიანებთან ურთიერთობა წლების მანძილზე ჰქონდათ. რაში იყენებდნენ, როგორ, რა ფორმით - ჩვენ არ ვიცით. მერე ამათ შორის კონფლიქტი მოხდა. სავარაუდოდ იმაზე, რომ შეთავაზებას არ დათანხმდნენ, ან ფულზე. კონფლიქტის შემდეგ მათ წასვლა გადაწყვიტეს. ესენი მიხვდნენ, რომ ამათი გაჩერების არც ძალა ეყოფოდათ და არც არგუმენტი ექნებოდათ, ამიტომ დაუკავშირდნენ რუსებს, და მათგან ნებართვის მიღების შემდეგ ესენი ფიზიკურად გაანადგურეს. საქართველოს მოსახლეობას აჩვენეს, რომ მათ უსაფთხოებაზე ზრუნავდნენ, ხოლო დასავლეთს თავი შესთავაზა სააკაშვილმა, როგორც ტერორიზმთან მებრძოლმა ერთადერთმა ძალამ.

ის, რომ რუსეთთან მოილაპარაკეს ეჭვებია თუ დადასტურებული ფაქტი?

- ესეც დადასტურდება მალე. რუსები საქმის კურშში იყვნენ სპეცოპერაცია რომ ტარდებოდა. იმ პერიოდში ევროპულმა მედიამ რუსებს ჰკითხა, რა ხდებოდა. რუსებმა უპასუხეს – ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ისინი თავის ბოევიკებს ხოცავენო.

ორი ვერსია გამოითქვა, თუ რისთვის სჭირდებოდა ამ ხელისუფლებას ჩეჩენი მებრძოლები. ერთი, რომ მათ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობა დაუკვეთეს, ხოლო მეორე, საკუთარი ძლევამოსილების ხაზგასმა სურდათ წინასაარჩევნოდ. თქვენი აზრით, რომელი მათგანი შეიძლება იყოს სიმართლესთან ახლოს?

- ამათგან ყველაფერი მოსალოდნელია და ორივე ვერსია სიმართლესთან ახლოს შეიძლება იყოს.

თუ გაქვთ ინფორმაცია, არსებობს ისეთი ფაქტები, რაც ამ ხელისუფლების და ჩეჩენი მებრძოლების თანამშრომლობას დაამტკიცებდა?

- როგორ არ არსებობს, რამდენიმე წელია, აგვისტოპს ომის შემდეგ ეს ხელისუფლება თანამშრომლობს ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებთან, თუმცა რა ფორმით და შინაარსით – არ ვიცი, მაგრამ ასეა.

გამოდის, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ჟონავდა...

- ინფორმაცია კი არ ჟონავდა, ზუსტი ინფორმაცია გვქონდა. ყველაზე, ვინც მათთან თანამშრომლობდა, ბოლოს ჩვენთან მოდიოდა ინფორმაცია. ამათ რომ ეგონათ, არ ვიცოდით, ასე არ იყო. და ისინი ვისთანაც ამ ხელისუფლებას კავშირი ჰქონდა, მარტო ჩეჩნები არ იყვნენ, ჩრდილო კავკასიის სხვა წარმომადგენლებიც.

თუ შეგიძლიათ, ერთი ოპერაცია მაინც დაგვისახელოთ, რაც მათ ერთობლივად ჩაატარეს - მინიშნებით მაინც...

-ამას მინიშნებითაც ვერ გეტყვით. ხვალ სასამართლოში რომ დამიბარონ, ამათ რა აქვთ ნაკეთები, ამის შესახებ ბრალი ჩემი განცხადების საფუძველზე წაუყენონ, სწორი არ იქნებოდა. ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება.

თუ გაქვთ ინფორმაცია ჩეჩნების მიერ დაწყებული გამოძიება რა ეტაპზეა?

- მიმდინარეობს გამოძიება. მათ არჩევნებამდე იცოდნენ, რა მოხდა. შეგნებულად მოიქცნენ და ხელი არ შეგვიშალეს. ისინი შიდა პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვას ელოდებოდნენ და ამიტომ მოერიდნენ, ჩვენ არ დაგვბრალდესო. სახელებიც იციან, გვარებიც, მისამართებიც, დღეები და საათებიც. რა დანიშნულებით და მისიით ჩამოიყვანეს და რა გეგმები ჰქონდათ ამ ბოევიკებთან დაკავშირებით. ესეც იციან და ისიც, ადრე რა ჰქონდა ნაკეთები ხელისუფლებას ბოევიკებთან ერთად.

ამ ყველაფერს სად და როდის იტყვიან?

- ოფიციალურ განცხადებას ისინი არ გააკეთებენ. ახლა ელოდებიან, საქართველოს ხელისუფლება დაიწყებს ამ საქმის ძიებას თუ არა. თუ საქართველოს ხელისუფლება გამოძიებას არ დაიწყებს და დამნაშავეებს სამართლიანად არ დასჯის, მაშინ დაზარალებულ, ჩეჩნეთის მხარეს, სრული უფლება რჩება იმისათვის, რომ თვითონ  გამოუტანონ განაჩენი დამნაშავეებს.

ანარიშსწორება აუცილებლად იქნება, მაგრამ შეეცდებიან, ამას ბრმა შურისძიების სახე კი არ მისცენ, არამედ სამართლის აღსრულების სახე. ალბათ დადებენ ინფორმაციას რომელიმე კავკასიურ საიტზე და გამოჩნდება  მთელი ის თაღლითური სცენა და მაქინაცია, რაც ჩაარატა სააკაშვილის ხელისუფლებამ.

გამოდის, რომ საქართველოს დიდი შანსი აქვს, საერთაშორისო სკანდალში გაეხვეს...

- ქვეყანა საერთაშორისო სკანდალს იმ შემთხვევაში აიცილებს, თუ დამნაშავეებს გაასამართლებს და საზოგადოებას ჩამოაშორებს მათ.