პერიოდულად საქართველოში მონუმენტების გადახალისებაზე იწყება საუბარი. ხან ერთ ქანდაკებას ავითვალისწუნებთ, ხანაც – მეორეს. თუმცა ქართველებისთვის ხელშეუხებად და წმინდათაწმინდად რჩება ვახტანგ გორგასლისა და ქართლის დედის ქანდაკებები, რომლებიც თითქოს დასაბამიდან ერწყმოდნენ მათთვის შერჩეულ ლანდშაფტს. უფრო მეტიც, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ვახტანგ გორგასლის მონუმენტური ქანდაკება ერთ მთლიანობად არის შერწყმული მეტეხის კლდესთან. მხატვარი გია ბუღაძე For.ge-სთან საუბარში თბილისური ქანდაკებების ღირსებასა და ნაკლზე საუბრობს.
თბილისში რომელი ქანდაკების შეცვლას ისურვებდით?
– მივესალმები სოციალისტური ნარჩენების საერთო მუზეუმის გაკეთებას ქალაქგარეთ. ეს იქნება ძალიან საინტერესო მუზეუმი კვლევისთვის, თუ რა დანატოვარი გვაქვს და რა დაგვმართა ჩვენ კომუნიზმმა და სოციალიზმმა. არსებითად თბილისში არცერთი ისეთი ქანდაკება არ არის, რომ განსაკუთრებულად მაღიზიანებდეს. პირიქით, თბილისში გვაქვს რამდენიმე არაჩვეულებრივი ქანდაკება. პირველ რიგში, დავასახელებ გორგასალს, ქართლის დედას, დავით გურამიშვილს, უნიკალურ ქმნილებას, და, რაღა თქმა უნდა, – მუზას.
სხვათა შორის, ჯუნა მიქატაძის გალაკტიონს კარგად არ ვექცევით. მას ძალიან ცუდი ფონი აქვს. ამ დროს კი ეს ნამუშევარი საკმაოდ საინტერესოა. ასევე, ძალიან ცუდად ვექცევით მზეჭაბუკს, სპორტის სასახლის წინ, ისიც მისახედია, ეს არ არის ხელწამოსაკრავი ქანდაკება, ისიც ბატონი ჯუნა მიქატაძისაა. საერთოდ, 60-იანი წლების ჩვენი ქანდაკებები უაღრესად საინტერესოა, რადგან მართლაც დიდი მოქანდაკეები მუშაობდნენ და იყვნენ მაშინ. ახლაც არ არიან ცუდები, მაგრამ დღეს თვითონ ქანდაკებამ, მონუმენტმა, როგორც იდეოლოგიურმა მონუმენტურმა ქმნილებამ, მთელ მსოფლიოში დაკარგა ფუნქცია. ეს ძალიან რთული საკითხია, ამიტომ დღეს ბევრი მოქანდაკე წვალობს და ვერ გაურკვევია, რატომ არ სჭირდებათ მისი ქანდაკება. უკაცრავად, მაგრამ იდეოლოგიზირებულ ქვეყანაში აღარ ვცხოვრობთ და სამყარო აღარ ითხოვს ასეთ ქანდაკებებს. თვით ვაშინგტონშიც აღარ იდგმება იდეოლოგიური ქანდაკებები. ამ დროს კი ვაშინგტონის ცენტრში თუ გახვიდოდით, თავის დროზე, 200 წლის მანძილზე, სულ იდეოლოგიური ქანდაკებები იდგა. დღეს კი შეიძლება, ნახოთ სარეცხის სარჭი ან, ვთქვათ, თმის სავარცხელი.
...და ჩვენი გიგანტური ველოსიპედი;
– ამ გიგანტურ ველოსიპედს თუ გაიტანენ, გაიტანონ, მაგრამ იდეოლოგიური დატვირთვა მას, პრინციპში, არ აქვს. ვისურვებდი, ყველა ქანდაკების ან რაიმე მონუმენტური ობიექტის აღმართვა პროფესიონალებისგან შემდგარმა სამხატვრო კომისიამ გადაწყვიტოს. კიდევ ერთი პატარა იდეა მაქვს და მინდა, გაგიზიაროთ. ამას წინათ მარჯანიშვილის მოედანზე თავისუფალი ქანდაკების კონკურსი გამოცხადდა მერიაში. ამ კომისიაში არ მივიღე მონაწილეობა, რადგან კომისიებისგან შეურაცხყოფის მეტს არაფერს ვღებულობ, ამიტომ უარი ვთქვი. უკვე ორი წელია, არავითარ კომისიებში აღარ ვმონაწილეობ და მქონდა ასეთი იდეა, შევთავაზე კიდეც, კარგი იქნებოდა, გაგკვეკეთებინა დროებითი ტიპის მონუმენტების ციკლი, ისეთი, როგორიც არის ტრაფალგარის მოედანზე, ლონდონში, სადაც წელიწადში ორი ქანდაკება იცვლება. ამ ადგილზე ახალგაზრდა ხელოვანებს და არა მარტო მათ, ეძლევათ საშუალება, ნახევარი წლის განმავლობაში წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევარი.
ქანდაკებების ხშირი ცვლილება იმისთვისაც ხომ არ არის საჭირო, რომ ერთი და იგივე მონუმენტის ხილვა ხალხს არ მობეზრდეს?
– რა თქმა უნდა, მერე მუზეუმში გადაიტანონ. ან თუნდაც, ავტორს დაუბრუნდეს. ავტორს ექნება საშუალება, საკუთარი მონუმენტი წარადგინოს სივრცეში და თავადაც დაინახოს შედეგი. ახალგაზრდა მოქანდაკეებისთვის ეს დიდი სტიმული იქნებოდა. ტრაფალგარის მოედანზე ერთ მხარეს არის ადმირალ ნელსონის ქანდაკება, ხოლო ჩემს მიერ ნახსენები ეს თავისუფალი სივრცე არის მეორე მხარეს. მაგალითად, ამჟამად იქ დგას ცხენოსნის ფიგურა, ოღონდ ბავშვის ხის სათამაშო ცხენი რომ არის, ოქროსფრად შეღებილი, იმის მსგავსი. ნელსონის ქანდაკება კი ძველია და არ იცვლება, ის იმპერიული ტიპისაა და უკვე ორი საუკუნეა, არსებობს. იგი ნელსონის გარდაცვალების შემდეგ დადგეს. მაგრამ ასეთი ტიპის ქანდაკებებისთვის სივრცის მიჩენა აბსოლუტურად ახალი ტიპის დამოკიდებულება იქნება. პირობითად მას მონუმენტურ დემოკრატიზმს ვეძახი. რეალურად ეს ნიშნავს, რომ შენ რაღაცას კი არ აღბეჭდავ სამუდამოდ, რადგან დღეს ყველაფერი ცვალებადი და კომუნიკაციურია, არამედ შენ ამას აკეთებ, აფიქსირებ მოვლენებს და მერე იცვლება იგი და ადგილს უთმობს სხვა პროექტებს.
მარჯანიშვილის გარდა, რომელი მოედანი გესახებათ საამისოდ?
– ასეთად მესახებოდა მარჯანიშვილის მოედანი, მაგრამ, თუ თავისუფლების მოედანი გათავისუფლდება, მართლაც შეიძლება, თავისუფალი ქანდაკებების ცვალებადობა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მოხდეს ამ მოედანზე. ეს ჩვენი ჭეშმარიტი თავისუფლების ნიშანი იქნება.
თქვენ ამბობთ, რომ 21-ე საუკუნეში იდეოლოგიზირებული ქანდაკებების მიმართ ნაკლები მიზიდულობაა, მაგრამ პეტერბურგში ზუსტად ამ ძველი მონუმენტური ქანდაკებების სანახავად ჩადიან.
– აგერ, რომსა და პარიზშიც იგივეა, ძველი ქანდაკებები ყველა ადგილას უნდა დარჩეს, თუნდაც 60-იანი წლების. ქართლის დედა შედევრია, სამუდამოდ უნდა დარჩეს, უნიკალურია ვახტანგ გორგასლის ქანდაკება, ასეთი ცხენოსანი ფიგურა დედამიწაზე ბევრი არ არის, მხოლოდ ათეული შეიძლება იყოს ამ რანგის. ელგუჯა ამაშუკელი გენიოსი იყო. უნიკალურია მუზა და დავით გურამიშვილი. დღეს აჩქარებული, კომუნიკაციით გაჯერებული ეპოქაა. ჩვენ ხომ არ ვცხოვრობთ იდეოლოგიზირებულ სამყაროში?! მაგალითად, ძალიან ხშირად ლონდონში, ნიუ-იორკსა და პარიზში, ახალ უბნებში დღეს ყოფითი ტიპის ნატურალისტური პატარა ქანდაკებები იდგმება – ვთქვათ, ვიღაც ყიდულობს ყვავილს. ჩვენთან ნელ-ნელა დაიწყეს ნატურალისტური ქანდაკებების დადგმა. მე მგონი, ამით ლირიკული ელემენტი შეაქვთ ურბანისტულ გარემოში. ტრაფალგარის მოედნის მსგავსი ჩვენთანაც გამოაცოცხლებდა პროცესს და სივრცეში მომუშავე ხელოვანების დაინტერესების არეალს გააფართოებდა.
მცხეთაში არსენა ყაჩაღის ძეგლი დგას. სხვათა შორის, მცხეთელები ამაყობენ ამ ძეგლით, სხვები კი ამბობენ, რომ ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, სადაც ყაჩაღს ძეგლს უდგამენ. თუმცა ძალიან კარგი მონუმენტია გარეგნულად.
– ეს ქანდაკება მართლაც კარგია, მისი ავტორი ელენე მაჩაბელია, ჯუნა მიქატაძის დედა. ჯუნა მიქატაძე კი გალაკტიონის ძეგლის ავტორია, ხოლო ელენე მაჩაბლის მეუღლე – შოთა მიქატაძე, ილიას ძეგლის ავტორი გახლდათ, რომელიც პირველი სკოლის წინ დგას. ელენე მაჩაბელი ერთ-ერთი ლიდერი ქალი, ლეგენდარული მოქანდაკე გახლდათ თამარ აბაკელიასთან ერთად, ვისი ბარელიეფიც ახლა ნადგურდება იმელის შენობაზე. არსენა ყაჩაღის ძეგლი მართლაც იდეოლოგიზირებული ყოფის შედეგია. კომუნისტები ყოველთვის ასეთ რამეს აკეთებდნენ. მე დავტოვებდი ამ ქანდაკებას, არაფერს უშლის ხელს. მიუხედავად იმისა, რომ ის მართლაც ყაჩაღი იყო, ეს ადამიანი მართლაც განსაკუთრებულად უცნაური მოვლენა გახლდათ ჩვენს სინამდვილეში.
იგი ხალხს უყვარდა იდეის გამო – მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს.
– ამ ქანდაკებამაც შეგვაჩვია თავი და რასაც შევეჩვიეთ, რას ვერჩით, დარჩეს. ვისურვებდი, ტრაფალგარის მსგავსი მარჯანიშვილის მოედანზეც მენახა. თავისუფლების მოედანი კი გათავისუფლებულიყო ყოველგვარი ზედმეტი იმპერიული ტიპის, სრულიად უსახური, მონსტრუალური წარმონაქმნისგან.
ანუ ვარდების რევოლუციის მონაპოვარი, წერეთლის მონუმენტი, თქვენ იდეოლოგიზირებულ საბჭოურ გადმონაშთად მიგაჩნიათ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეპოქაშია შექმნილი?
– აბსოლუტურად სწორად გამიგეთ, ასეთი ტიპის არის და რაღაც ტოტალიტარული სურნელი დაკრავს. მესმის, რომ იმ დროს უნდოდათ, გაეკეთებინათ ან უფასოდ აძლევდა ბატონი ზურაბი ამ ქანდაკებას. სხვათა შორის, ბატონი ზურაბ წერეთელი თავისთავად უნიკალური მოვლენაა, როგორც პერსონა. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია, აკეთებს აურაცხელ ქანდაკებებს, აურაცხელ მონუმენტებს და მას ეს შეუძლია, ის უდიდესი ნიჭის ადამიანია ამ მხრივ. მისი აურაცხელი ნამუშევრებია პარიზში, ამერიკაში, სამხრეთ ამერიკაში. ყველა მისი ქმნილება იწვევს კამათს. თავისი მნიშვნელობით ძალიან სუროგატულია, ეკლექტური ტიპისაა. ასეთი ტიპის არტისტული პროფილი, ხასიათი აქვს ამ ადამიანს. როდესაც ამ ტიპის ბევრი ქანდაკება სამასამდე აქვს გაკეთებული, მისი ღირებულება იკარგება. ვისურვებდი თავისუფლების მოედანი თავისუფალი იყოს ასეთი მონსტრებისგან. პირველივე დღიდან ამის მოწინააღმდეგე ვიყავი. წმინდა გიორგის ქანდაკება, არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება იდგეს თავისუფლების მოედანზე. საერთოდ, ამ ტიპის ყველანაირი იმპერიალისტური, ტრაფარეტული ქანდაკებების დადგმის წინააღმდეგი ვარ. ასე რომ, მივესალმები, თუ სადმე გაიტანენ არა მარტო ამ ქანდაკებას, არამედ, ასევე, მშენებარე მუსიკალური კომედიის შენობის კონსტრუქციას, რომელმაც დაამახინჯა ძველი თბილისი და ცოტა უფრო მოშორებით, დიღომში ან დიდუბეში გადაიტანენ.
ერთი წლის წინ ავლაბარში კინოფილმ „მიმინოს“ მთავარ გმირთა პერსონაჟების ქანდაკებაც დაიდგა. ზურაბ წერეთლის ეს ნამუშევარი საუკუნეებით დაგვიანებულ ხელოვნების ნიმუშად შეფასდა. მის გატანასაც ხომ არ ისურვებდით?
– არ მინდა, ისე გამოვიდეს, თითქოს ზურაბ წერეთლის რაიმე საწინააღმდეგო მაქვს, მაგრამ, ჯანდაბას, ის იყოს, ხელს არ გვიშლის, არ არის აქტუალური. აბსურდად და სრულიად უსახურ ქანდაკებად მიმაჩნია, მაგრამ, ეს სხვა თემაა.
როგორ ფიქრობთ, რა უნდა დაიდგას თავისუფლების მოედანზე, რომელიც ფართობით პატარა მოედანია? ასეთ სივრცეში საჭიროა კი მონუმენტები?
– მეც აბსოლუტურად ვეთანხმები ამ აზრს, ეს უნდა იყოს სრულიად თავისუფალი მოედანი; შესაძლოა, ჩვეულებრივი მწვანე გაზონიც იყოს, რომელიც ღამით ილუმინაციით განათდება. ასე რომ, არ არის აუცილებელი, იყოს ასეთი იმპერიული ტიპის, რუსული ტიპის მონუმენტი, რომელიც აბსოლუტურ ლაფსუსს წარმოადგენს ყველა გაგებით, როგორც ესთეტიკური, ისე იდეური თვალსაზრისით.
რელიგიურ გაგებასაც ხომ არ დაამატებთ, რადგან მართლმადიდებელი წმინდანი არ შეძლება ქანდაკებაში განსხეულდეს?!
– რა თქმა უნდა, რელიგიურ გაგებასაც დავამატებ. თვითონ ნამუშევარი აბსოლუტურად არ ზის ქართულ სულში; არც ქართულია, არც რელიგიურად გამართლებული, არც თანამედროვე არ არის. რა არის მაშინ, გამაგებინეთ?
ხომ არ ფიქრობთ, რომ ძველი იტალიური ოპერის შენობა უნდა აღდგეს ამ ტერიტორიაზე, რადგან, როგორც ცნობილია, წმინდა გიორგის მონუმენტის ქვეშ ქარვასლა და იტალიური ოპერა იყო.
– ამას მივესალმებოდი, რადგან რეალურად, იტალიურმა ოპერამ საქართველოში ქართული სული გააღვიძა. იტალიური ოპერის სიმღერის, პათეტიკისა და, ზოგადად, ამ ოპერების შინაარსის გამო დაწვეს კიდეც თბილისში ძველი ოპერა იმდროინდელი ცარისტული რეჟიმის წარმომადგენლებმა. იმიტომ, რომ გრძნობდნენ, რომ ეს აღვიძებდა პატრიოტრულ სულს „ტუზემცებში“. სხვათა შორის, თავისუფლების მოედანზე მდგარი ლენინის ქანდაკება იყო თოფურიძის ნამუშევარი, რომელიც კიჩი არ იყო. ის იყო სოციალისტური ნამუშევარი, ჩვეულებრივი სოციალისტური „დაბრო“, გემრიელად გაკეთებული სოციალისტური ნამუშევარი, რომელიც ნამდვილად უნდა მოხსნილიყო. ასეთი ტიპის მონუმენტებისთვის მე გავაკეთებდი მუზეუმს, ისევე, როგორც გააკეთეს ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში. ამიტომ შეიძლება ამის გატანა, ერთად თავმოყრა და, სხვათა შორის, ამით ფულსაც აკეთებენ დასავლეთში. იმავე სტუმრებს, ტურისტებს აქვთ ამის დათვალიერების სურვილი. მით უმეტეს, ახლა ამდენს ვსაუბრობთ ტურიზმზე. ისინი ნახავდნენ, რა ტიპის კვალი დატოვა სოცრეალიზმმა და კომუნისტურმა რეალიზმმა ქართულ კულტურაში. ბევრს ექნებოდა ინტერესი, ამიტომ არ მოვსპობდი ასეთ ძეგლებს.
თავის დროზე ახლანდელი „რედისონის“ წინ იდგა დავით აღმაშენებლის ძეგლი, მას თუ დააბრუნებდით? მოგეხსენებათ, თბილისიდან დავით აღმაშენებლის ქანდაკების „გაქცევას“, იდეური თვალსაზრისით, ბევრი უარყოფითად შეხვდა, რადგან ეს ისტორიული სიმართლისგან გაქცევასაც ნიშნავდა. პირიქით, სწორედ დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა არაბებისგან თბილისი.
– სხვათა შორის, თვითონ ქანდაკების პიედესტალი იყო ძალიან საკამათო. რეალურად ამ ქანდაკებას, მე მგონი, ამჟამად ცუდი ადგილი არ აქვს, თუმცა არანაირი მონაწილეობა მის გადაადგილებაში არ მიმიღია. თვითონ ქანდაკება, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე სუსტია, რაც ამ უნიჭიერეს მოქანდაკეს, ბატონ მერაბ ბერძენიშვილს გაუკეთებია. მას თავზე ახურავს მთავრის ცოლის დიადემა და არა იმპერიული გვირგვინი, რომელიც გამოსახულია გელათის მე-15 საუკუნის ფრესკაზე. დავით აღმაშენებელს იმპერიული გვირგვინი ეხურა, ფაქტობრივად, მან საქართველოსგან იმპერია შექმნა. ასე რომ, დიადემის თავზე დახურება სრულიად გაუმართლებელია.