კვირაობით ცნობილი ქართველი ხელოვანების, პოლიტიკოსებისა და სპორტსმენების სახალისო მოგონებებს ხშირად გთავაზობთ. მოგეხსენებათ ორშაბათი მძიმე დღეა და მსურს მკითხველს ამაღლებული განწყობის შექმნაში დავეხმარო.
დღეს ტრადიციას არ დავარღვევ და მორიგ „ისტორიებს“ გაგაცნობთ.
თავდაპირველად სიტყვას ყოფილ პარლამენტარს შოთა სანდუხიძეს გადავცემ, რომელიც ბავშვობისდროინდელ ერთ კურიოზს გაიხსენებს. მოგეხსენებათ, რომ ქუთაისელები იუმორის განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევიან. ამის ნათელ დადასტურებად ქვემოთ მოყვანილი სახალისო მოგონებაც გამოდგება.
შოთა სანდუხაძე:
„ის სკოლა დავამთავრე, რომელიც - ბატონმა რეზო ჩხეიძემ. სკოლაში გადაწყვიტეს, საიუბილეო ღონისძიება მოეწყოთ, ბატონი რეზოს დაბადების დღესთან დაკავშირებით.
დავალება ჩვენმა კლასმაც მიიღო და მეგობრებმა მოვილაპარაკეთ, „ჯარისკაცის მამის“ სცენა გაგვეთამაშებინა, როცა გიორგი მახარაშვილი ვაზს ეფერება და რუსები მიადგებიან. დირექტორმა შეგვაგულიანა - აბა, თქვენ იცით, როგორ მასახელებთ, კარგი, სერიოზული თემა შეგირჩევიათ და ისე ამაღელვებლად უნდა ითამაშოთ, დარბაზში ხალხი ტიროდესო.
ფილმი ყველამ ზეპირად იცოდა და ჩვენ გადავწყვიტეთ, დიალოგები ოდნავ შეგველამაზებინა. რეპეტიციებზე სიარულით თავი არავის მოუკლავს და დადგა ზეიმის დღეც.
ჩხეიძის გარდა, დარბაზში ბევრი საპატიო სტუმარი იმყოფებოდა. სცენაზე ვაზის ბუტაფორია დადგეს, ფილმის მუსიკა ჩაირთო და მე, იგივე გიორგი მახარაშვილი შევდივარ.
- ვა, სიმონ, ყურძენი! - ვიყვირე გახარებულმა და ვაზს ვეცი.
დარბაზში სამარისებური სიჩუმეა.
- აზრზე ხარ, როგორ მომენატრე, - დავუწყე მოფერება, - აქანე ვინ მოგიყვანა, შენ შემოგევლოს ჩემი თავი.
ჩახველების ხმა გაისმა. გავხედე, სკოლის დირექტორია, ფერი აქვს წასული. სცენაზე ბუტაფორიული ტანკი შემოვარდა და „ვასიამ“ ამოყო თავი:
- აბა, ახლა მოუსვი აქედან, ძამია, თვარა ჩემს თავზე „ატვეჩაი“ არ ვარ!
დარბაზს სიცილმა გადაუარა:
- შენ თითონ მოუსვი, რო აპარპალებ მაგ თვალებს, შე ლოთო! - შევუღრინე. სიცილი ხარხარში გადაიზარდა! „ვასია“ წინ ამეტუზა და წავჩურჩულე:
- ბიჭო, იცინის ეს ხალხი და დირექტორმა გვითხრა - უნდა იტირონო.
- არა უშავს, - დამაწყნარა, - რომ მთხლიშავ ყბაში, ისე გავიშხლართები და ვიკვნესებ - ბღავილი მორთონ.
გავუქანე და მეორე „რუსმა“ ამოყო თავი:
- ვის ურტყავ, შე ბებერო!
დარბაზი დაწვა! ერთი თვე დირექტორს ვემალებოდით...“
ჩვენი დღევანდელი წერილის მეორე გმირი ექიმი, მომღერალი და მსახიობი ჯონი ჯანაშია გახლავთ. წინა საუკუნის 80-იან წლებში თბილისში საკონცერტო პროგრამა „მღერიან და ხუმრობენ ექიმები“ განსაკუთრებით პოპულარული გახლდათ. ჯონი ჯანაშია ამ ღონისძიებების მუდმივ წამყვანად გვევლინებოდა. ბატონი ჯონი ერთ „სასაცილო შემთხვევას“ იგონებს, რომელიც მეორე მხრივ, ქართული ცხოვრების რეალობას მკაცრი სიმართლით ამხელს.
ჯონი ჯანაშია:
„ავთო ჯორბენაძე რომ სახელმწიფო მინისტრი გახდა და ჩვენ მიგვატოვა, აპარატში „შინაკარუსელი“ დატრიალდა. მე მაშინ ჯანდაცვის სამინისტროში პრესსამსახურის უფროსად ვმუშაობდი.
მოკლედ, ყველა ჩემს გვერდით მომუშავემ შეიცვალა სკამი, უფრო მაღალფეხებიან სავარძლებში გადაბარგდნენ, მხოლოდ მე დავრჩი ჩემ ძველ ადგილზე.
ჩვენი ხალხის ბუნება კი იცით, გუშინდელმა ძმაკაცებმა და კოლეგებმა არ დამიწყეს „ნე ვიჟუს“ ქაჩვები? ეგ კი არა, ზოგიერთი უკვე ასე მესალმებოდა:
- ოჰ, ჯონი, რავა ხარ, ბიჭო?
- ჯონია, „პრივეტ“, შენ რა გითხარი და ა. შ.
ერთხელ უროლოგიის ინსტიტუტში ახალი აღჭურვილობა მიიღეს და პრეზიდენტმა მოიგუნება, შემოევლო და დაეთვალიერებინა. მოვიდა მთელი აპარატი. ავთო ახლავს, როგორც წესი, პრეზიდენტს. ელაქუცება ყველა, დიდი თუ პატარა. მოულოდნელად ავთომ შემნიშნა, ხელი ჩამომართვა და გადამკოცნა. პრეზიდენტმა ეტიკეტი არ დაარღვია, ხელი ჩამომართვა და მომიკითხა.
მეორე დღეს შევდგი თუ არა ფეხი ჩვენს შენობაში, გაოცებისგან პირი გავაღე: ჩამწკრივებულან ჩემი ძვირფასი კოლეგები ცენზის მიხედვით (ეგონათ, ალბათ, თუ გუშინ არა, ხვალ ძალიან მაღლა წაიყვანს პრეზიდენტიო) და:
- გამარჯობა, ბატონო ჯონი...
- მოგესალმებით, ღრმად პატივცემულო ჯონი...
- მდაბალი სალამი, პატივცემულო...
... ეჰ, წუთისოფელი ასეაააა! - წავიღიღინე და გზა განვაგრძე“.
ჯანდაცვის სისტემიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში გადავინაცვლოთ. ცოტა ხნის წინ ბატონები ლაშა ნაცვლიშვილი და ლევან იზორია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებად დაინიშნენ. რასაკვირველია სახალისო ისტორიები ამ პიროვნებებსაც გააჩნიათ და ორ „შემთხვევას“ ქვემოთ შემოგთავაზებთ.
ლაშა ნაცვლიშვილი:
„ერთი პერიოდი ჩუღურეთის რაიონის პროკურატურაში ვმუშაობდი გამომძიებლად.
დილაა, საშინელ პახმელიაზე ვარ, სამსახურში ადრე მომიწია მოსვლა და ვხედავ, პროკურატურის კარებთან ერთსაფეხურიან კიბეზე მკვდარი ბომჟი წევს. თუ შეხვალ, უნდა გადააბიჯო და უფრო საზიზღარ ხასიათზე დავდექი. ფანჯარაზე დარაჯს დავუკაკუნე, ილო ერქვა და ვუთხარი, პოლიციაში დაერეკა.
ახლა, გვამია და თავის პროცედურა აქვს. უნდა მოვიდეს პოლიცია, პროკურორი, ექსპერტი, ოქმი დაწეროს. დილაადრიან ასეთ ამბავს რომ შეგატყობინებენ, როგორია. ნელ - ნელა დაიწყეს მოგროვება ბუზღუნით. პოლიცია მოვიდა, პროკურატურის წარმომადგენლები, ოცდაათ კაცამდე შეგროვდა და უცდიან სასამართლო სამედიცინო ექსპერტს, რომელიც როგორც წესი, აგვიანებს, გვამი მისი თანდასწრებით უნდა დათვალიერდეს.
ვიწრო ქუჩა მთლად გავავსეთ, მეზობლებმა გადმოყვეს თავი, აინტერესებთ რა ხდება. მოკლედ დიდი ამბავია. როგორც იქნა, გამოჩნდა სამედიცინო ექსპერტი გვამთან, დაძაბული მომენტია, გადმოაბრუნა და კაი გულიანი რუსული გინება გაისმა:
- ახ, ვაშუ მაც...
თურმე, რა მკვდარი, რუს ლოთს სძინავს პროკურატურის კიბეზე! ათი წუთი ხმას ვერავინ იღებდა. ბოლოს პროკურატურის წარმომადგენელმა იღრიალა:
- მაჩვენეთ გვამი ვინ აღმოაჩინა, დავახრჩობ!..
ოცდაათმა კაცმა მე დამიწყო ძებნა, მაგრამ გაპარვა მოვასწარი და ერთი კვირა სამსახურში არ გამოვჩენილვარ“.
ლევან იზორია:
„აკადემიაში ახალი დანიშნული ვარ რექტორად და ჟურნალისტი მოვიდა ერთ-ერთი გაზეთიდან ინტერვიუსთვის. უარს როგორ ვიტყოდი, უამრავი გეგმა მაქვს თავში, ხალხმაც ხომ უნდა იცოდეს და ისეთი აქტიურობით დავიწყე საუბარი, კითხვების ბოლომდე დასმას ვერ ასწრებდა.
ნელ–ნელა აზარტში შევედი, ორი საათი ვლაპარაკობდი, მთელი ენერგია დავხარჯე და ბოლოს კმაყოფილი ვეკითხები:
- კარგი ინტერვიუ გამოგვივიდა?
- შესანიშნავი, ბატონო ლევან, - სიხარულით მეცხრე ცაზეა, - არ მეგონა, თუ ასეთი ენაწყლიანი რესპოდენტი იყავით.
- არ დაგიმალავთ და პირველი ინტერვიუ მივეცი რექტორის რანგში, - ვაღიარე, - არ ვიცი დღეს რა დამემართა, ამდენი არასოდეს მილაპარაკია.
- აბა, თუ მასეა, მოგასმენინებთ, თქვენი ხმა დიქტაფონიდან როგორ ჟღერს!
ეცა დიქტაფონს, გადაახვია, ჩართო და თქვენც არ მომიკვდეთ! რა ხმა, რის ხმა!...
- რა მოხდა! - სიმწრის ოფლმა დამასხა.
- კასეტა ყოფილა გაჭედილი, სხვა გზა არაა, ახლიდან ჩავწეროთ.
შერჩენილი ენერგია მარტო 10 წუთს ეყო.
- არაფერია, რაღაც გამოვა, - დამამშვიდა, - ისე, მართალი უთქვამთ, ცოტა სიტყვაძუნწიაო...“
ბატონი თამაზ ხიდაშელი სამართალდამცავ დაწესებულებებში არ საქმიანობს, მაგრამ ერთხელ ამ სტრუქტურასთან ახლო ურთიერთობა მოუწია. ეს ის პერიოდი გახლდათ, როდესაც ქვეყნის ციხეებში პატიმრები თავს გაცილებით უსაფრთხოდ გრძნობდნენ.
თამაზ ხიდაშელი:
„როცა დამიჭირეს, მეხუთე იზოლატორში მოვხვდი, რომლის უფროსიც ჩემი მეგობარი იყო - ზაური, და არავის ვეუბნებოდი. სულ ერთად ვიყავით.
ციხეში რომ შევდიოდი, ძალიან მეშინოდა, რადგან გაგონილი მქონდა, პატიმრებს პროფილაქტიკის მიზნით ნემსს უკეთებენო. ეს ამბავი საკანშიც ფრთხილად გავიკითხე და ნეტა, არ მეკითხა!
- მართალია, - მეუბნება ერთი, - სპეციალურ ნემსს გიკეთებენ, რომ ქალზე აღარ იფიქრო.
ღამეები აღარ მეძინა, კაცო! ერთხელაც, გავიხედოთ, საკნის კარი იღება და ვიღაც თეთრხალათიანი შემოდის. ხელში იმხელა ნემსი ეჭირა, კედელზე ასასვლელად მოვემზადე.
- ხიდაშელი, - დაიძახა.
- არ დამღუპო, ბიჭო, - მომეკვეცა მუხლები, - ორი კაპიკი მომეძებნება, გადაგიხდი და ვითომ გამიკეთე.
- როგორ გეკადრებათ, ბატონო! - შეიცხადა.
- ფასი მითხარი! - ამოვიკვნესე.
- არაფერი გამოვა, - გადამასხა ცივი წყალი.
- აბა, კარგი ბიჭი ხარ და მომეკარე! - ვუღრიალე და დასაბეგვად ვეძგერე.
- რას შვრები, თამაზ! - შეშინებული შემოვარდა საკანში ზაური, - გეხუმრეთ, შე კაცო, რა ექიმი, პატიმარია...
მთელი საკანი ხარხარებდა...“