რა შედეგით დასრულდა საქართველოს მთავრობის შეხვედრა 'სოკართან' გაზის ტარიფზე

რა შედეგით დასრულდა საქართველოს მთავრობის შეხვედრა 'სოკართან' გაზის ტარიფზე

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის "სოკარის" გენერალურ დირექტორ როვნაგ აბდულაევთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ენერგეტიკის და შს მინისტრის დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველი კომენტარი კახი კალაძემ გააკეთა.

კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე გაზის ტარიფზე საუბარი არ ყოფილა:

"ტარიფზე კონკრეტული საუბარი დღეს არ ყოფილა, მაგრამ სამომავლოდ აუცილებლად გვექნება "სოკართან" მსჯელობა, თუ რამდენად შესაძლოა ტარიფების გადახედვა".

პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, დახურული შეხვედრა "სოკარის" ოფისში საათნახევარი გაგრძელდა და "სოკარის" ოფისში გამართულ შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანული მხარის მოთხოვნით ესწრებოდა. 

როვნაგ აბდულაევთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი პრემიერ–მინისტრმა გაკეთა. პრესსამსახურის ცნობით, ივანიშვილმა განაცხადა, რომ გაზის ტარიფის შემცირების რესურსი ქვეყნის შიგნით უნდა მოვძებნოთ. 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის "სოკარის" გენერალურმა დირექტორმა როვნაგ აბდულაევმა რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება ჯერ ეიფორიაშია და, როგორც ჩანს, არ იცნობს მხარეებს შორის გაზის მიწოდების შესახებ დადებულ ხელშეკრულებას. 

ანალოგიურ შეფასებას აკეთებს ნავთობპროდუქტების ცენტრის დირექტორი, ექსპერტი ილჰამ შაბანი: "თუ ქართული მხარე უარს იტყვის აზერბაიჯანული გაზის შესყიდვაზე, მაშინ სხვა მომწოდებლები უნდა მოძებნოს. რუსეთი საქართველოსთვის შეღავათიან ფასებს არ შექმნის, რადგან თავის სტრატეგიულ პარტნიორ სომხეთს 1000 კუბურ მეტრ გაზს 280 დოლარად აწვდის".

ილჰამ შაბანის შეფასებით, საქართველოს ახალი ხელისუფლება არ იცნობს ორ ქვეყანას შორის დადებულ ხელშეკრულებას: "ხელშეკრულების თანახმად, ბაქო საქართველოს აწვდის "სოციალურ გაზს". "სოკარ საქართველო" "სოკარისგან" 1000 კუბურ მეტრ გაზს 1000 დოლარად აწვდის. საქართველოს რეგიონებში 1000 კუბური მეტრი გაზი 170 დოლარად იყიდება."

ექსპერტის შეფასებით, ამ ტარიფების სანაცვლოდ საქართველოს მთავრობამ "სოკარს" ტენდერის გარეშე დაუთმო საქართველოს გაზგამანაწილებელი კომპანია. "სოკარმა" თავის მხრივ დადო საქართველოს რეგიონების გაზიფიკაციის პირობა და კომპანიამ ამისთვის 40–50 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. 

როვნაგ აბდულაევმა და ილჰამ შაბანმა ეს შეფასებები მას შემდეგ გააკეთეს, რაც ქართულ მედიაში ენერგოტარიფების გადახედვის შესახებ ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის კომენტარი გავრცელდა. 

ეკონომიკის სამინისტრო დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც გიორგი კვირკაშვილი მისი განცხადების ინტერპრეტაციაზე საუბრობს: "ცალკეულმა მედიასაშუალებებმა ჩემი განცხადება კომპანიების "სოკართან" და "ინტერ რაოსთან" დაკავშირებით არასწორი ინტერპრეტაცია გაავრცელეს. მინდა განვაცხადო, რომ ეს კომპანიები საქართველოს უმსხვილეს ინვესტორთა შორის არიან და მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების გადახედვის საკითხი საქართველოს მთავრობის მხრიდან არ განიხილება."

"რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფის დადგენას, საქართველოს კანონებით, აღნიშნული კომპეტენცია აქვს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. მხოლოდ ამ უწყებას აქვს უფლება, გადახედოს კერძო კომპანიის სატარიფო პოლიტიკას და სათანადო რესურსის არსებობის შემთხვევაში ტარიფის შემცირება მოითხოვოს. დარწმუნებული ვარ, რომ სწორ ბიზნესგარემოს შექმნით და დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის მუშაობის მეტი გამჭვირვალობით შესაბამისი ეფექტი იქნება მიღწეული", - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულება აზერბაიჯანთან გაზით მომარაგების შესახებ 2030 წლამდეა გაფორმებული. საშუალო შეწონილი ფასი თბოსადგურებისათვის აზერბაიჯანულ გაზზე 1000 კუბ.მეტრზე 143 დოლარია. 1000 კუბურ მეტრ სოციალურ გაზში კი საქართველო 155 დოლარს იხდის. საქართველო ასევე მოიხმარს სომხეთში ტრანზიტზე გატარებული გაზის მოცულობის 10%-ს. 

კოალიცია "ქართული ოცნება" საარჩევნო კამპანიის დროს საქართველოს მოსახლეობას დაპირდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ელექტროენერგიის და გაზის ტარიფს შეამცირებდა.