„კუბლაშვილს არ უნდა, რომ მოსამართლეები ჯიბიდან ამოუხტნენ“

„კუბლაშვილს არ უნდა, რომ მოსამართლეები ჯიბიდან ამოუხტნენ“

მალე სასამართლო რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში შევა, მანამდე კი, როგორც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, საზოგადოებრივი განხილვის საგანი გახდება. წულუკიანი აცხადებს, რომ კონსტანტინე კუბლაშვილის თავმჯდომარეობის პერიოდში სასამართლო აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დამოკიდებული გახდა და ამ ცვლილებებით სწორედ ამის შეცვლას ცდილობენ.

იუსტიციის სამინისტრომ საზოგადოებას საჯარო განხილვისთვის სამ კანონში ცვლილებათა პაკეტი უკვე შესთავაზა. კანონპროექტის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებები იზღუდება, საქართველოში მოქმედი სასჯელთა შეკრებითობის წესი იცვლება და სასამართლო პროცესი გამჭვირვალე ხდება.

თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ეს არის პირველი წყება, „რომელიც გვინდა, მთავრობის ინიციატივით შევიდეს პარლამენტში, რათა შეიცვალოს იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი, შეიცვალოს მოსამართლეთა ფორმირების ორგანო, რომელსაც ჰქვია იუსტიციის უმაღლესი სკოლა, რათა დაემსგავსოს რეალურად სკოლას და არ იყოს კონტროლირებადი ორგანო უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობის მიერ, რომ სტუდენტებს იქ შეეძლოთ რეალურად მოსამართლედ ჩამოყალიბება“.

ყოფილი მოსამართლე, ნინო გვენეტაძე ამბობს, რომ: „ეს ცვლილებები არ იყო მხოლოდ მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა, ამ ცვლილებებზე დიდი ხანია საუბრობს სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მართლმსაჯულების რეფორმას  ადევნებენ თვალს. ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ აქ წარმოდგენილი ცვლილებები გამოძახილია ყველა იმ ძირითადი შენიშვნისა, რომელიც მანამდე მართლმსაჯულების მისამართით ისმოდა, მისი დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის კუთხით.

ამიტომ, ეს კარგად გათვლილი დებულებებია. ის საკითხი, რომ იუსტიციის საბჭოს უმრავლესობაში უნდა იყვნენ მოსამართლეები, რომ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები არ უნდა იყვნენ ადმინსტრაციული ხელმძღვანელები, რომ მოსამართლეთა კონფერენცია უნდა იყოს რეალურად თვითმმართველი ორგანო და უფლება უნდა ჰქონდეთ, აირჩიონ და წარადგინონ იუსტიციის საბჭოში მოსამართლეები და არა მხოლოდ ადმინისტრაციული უფლებამოსილების მქონე პირები, ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით არავის არაფერი ექნება საწინააღმდეგო“.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ამბობს, რომ არის რამდენიმე ცვლილება, რომლითაც იზღუდება სასამართლოს დამოუკიდებლობა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა უმრავლესობის უფლებები.

„რამდენიმე ცვლილება იწვევს უმრავლესობის შეზღუდვას იმ კუთხით, რომ სავალდებულო ხდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნული არამოსამართლე წევრების ხმის მიცემა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში. ასეთი ნორმა იდო კანონში ადრე და ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მივაღწიეთ იმას, რომ ეს ნორმა ამოგვეღო და ახლა მოსამართლეთა უმრავლესობა მართლაც დამოუკიდებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - ამბობს კუბლშვილი.

მისივე განმარტებით, კანონში ცვლილებები იქნება უკან დაბრუნება და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა უმრავლესობის შეზღუდვა. ცვლილებების მიღების შემთხვევაში ავტომატურად უწყდებათ ვადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ წევრებს.

„მოქმედი წევრები არჩეული არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ აქვთ ლეგიტიმური უფლება, რომ რა ვადითაც არიან არჩეული, იმ ვადით გააგრძელონ მუშაობა და კანონით ასეთი უხეში ჩარევა ხელისუფლების ჩარევას ნიშნავს“,- მიიჩნევს კუბლაშვილი, თუმცა დასძენს, რომ გარკვეულ ცვლილებებს ეთანხმება.

„ჩვენც გვქონდა იგივე მოსაზრებები, რაც ახლა წარმოადგინეს და ამიტომ, არ გვექნება პრობლემები საბოლოოდ შევთანხმდეთ და უკეთესად ჩამოვაყალიბოთ პროექტი“, - აცხადებს კუბლაშვილი.

ნინო გვენატაძე: „ბუნებრივია, კოტე კუბლაშვილი არსებული სიტუაციის შენარჩუნებას ცდილობს და მას არ ექნებნოდა სხვა პოზიცია, მაგრამ ნიშანდობლივი ის არის, რომ ის ბევრ ცვლილებას დაეთანხმა. იმ საკითხებში, სადაც მათ მომავალ უფლებამოსილებებს საფრთხე ექმნება, რასაკვირველია, ისინი შეუვალნი არიან. არსებული იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა უნდა შეიცვალოს კანონის მიღებისთანავე და ბუნებრივია, სხვანაირი რეაქცია ვერ ექნებოდა ბატონ კუბლაშვილს“...

ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ ცვლილებათა პაკეტი მისაღებია, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ იუსტიციის საბჭო სასამართლოს ადმინისტრაციული მმართველობის ხელში, კუბლაშვილის და აქედან გამომდინარე, სააკაშვილის ხელში ისეთ ორგანოდ იყო ქცეული, რომელიც ფაქტობრივად, მართავს და ჯიბეში ისვამს ყველა მოსამართლეს.

გელა ნიკოლაიშვილი: „კუბლაშვილს არ უნდა ჯიბეში ჩასმული მოსამართლეები ჯიბიდან ამოუხტნენ. როდესაც მისი მითითებები თუ უსიტყვო შეთანხმებები უპირობოდ სრულდებოდა. მან ამის საფრთხე დაინახა, რადგან იუსტიციის საბჭო არის მოსამართლეების დისციპლინური დევნის ორგანო  და ამ ორგანოს მეშვეობით აშინებენ მოსამართლეებს. შეუძლიათ საყვედურის გამოცხადება, სხვა რაიონში გადაყვანა, დროებით ჩამოშორება, ან საერთოდ გათავისუფლება და აქედან გამომდინარე, ამ ორგანოში  გავლენა აქვს კუბლაშვილს, ანუ მიხეილ სააკაშვილს.

ყველამ კარგად იცის, რომ კუბლაშვილი სააკაშვილს ჰყავს დიდ ჯიბეში ჩასმული, კუბლაშვილის ჯიბეში კი მოსამართლეები სხედან. სხვათა შორის, მერაბ ტურავამ იქვე უთხრა განხილვისას კუბლაშვილს, რომ ეს სწორედ ის ცვლილებებია, რასაც 2004 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობდა და კიდევაც განახორციელა ლადო ჭანტურიამ - ის ჯერ კიდევ არ იჯდა ბოლომდე სააკააშვილის ჯიბეში.

რატომ უკვირს კუბლაშვილს რომ სწორედ ასეთი ცვლილებები შედის? როდესაც 15 -დან 8 წევრზეა საუბარი, მისი დასახელების უფლება მარტო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კი არა, რიგით მოსამართლეებსაც უნდა ჰქონდეთ. იმ ორგანოში არ უნდა იყვნენ არჩეული სასამართლოების ადმინისტრაციული ხელმძღვანელები, ანუ იგივე სააპელაციო, საქალაქო თუ რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეები.

ის ხომ საერთოდ ნონსენსია, როდესაც სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ამავე დროს იუსტიციის საბჭოს მდივანია. ბევრი ისეთი მომენტია, რომელშიც თავს ძალზე კომფორტულად გრძნობს სააკაშვილის ჯიბეში ჩამჯდარი ჩვენი სასამართლო სისტემა და, რა თქმა უნდა, ამიტომ წავიდა მისი წინააღმდეგი კუბლაშვილი და თქვა, რომ ამას დრო და განხილვა სჭირდება. თითქოს, ერთ წუთში კონსტიტუციას არ ცვლიდნენ მთელი 8 წლის განმავლობაში, როცა დასჭირდებოდათ“.

როგორც ჩანს, ძველი ხელისუფლება ყველა გზით ცდილობს გავლენის ბერკეტების შენარჩუნებას, სწორედ იუსტიციის საბჭოში წევრების არჩევას უკავშირდება ის ბოიკოტი, რომელიც უმცირესობამ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა და პარლამენტი პროტესტის ნიშნად დატოვა...

- ეს საბაბი იყო იმიტომ, რომ ვერ გავიდა ბეჟაშვილი, მაგრამ ვერ გავიდა ქუცნაშვილიც, ეს მხოლოდ სხდომის დატოვების საბაბი იყო და მეტი არაფერი, თორემ თავისი კვოტა უმცირესობას მაინც აქვს.

მკითხველისათვის უფრო ადვილად გასაგები რომ იყოს, შეგიძლიათ უფრო დეტალურად გვითხრათ, რა ცვლილებებზეა საუბარი?

- დღემდე მოქმედებდა მხოლოდ სასჯელთა შეკრების პრინციპი. ცვლილებების თანახმად იქნება სამი ფორმა, იქნება სრული შთანთქმის პრინციპი, ნაწილობრივ შთანთქმის პრინციპი და მესამე, სრული შეკრების პრინციპი, რაც დღეს არის ძალაში. ასე რომ, ამას უკვე მოსამართლე გადაწყვეტს თვითონ და არა პროკურორი.

სხვათა შორის, ადრე ასე იყო. ეს არის ის 1999 წელს რეკლამირებული სასამართლო რეფორმა, სააკაშვილმა იუსტიციის მინისტრობის დროს და მანამდე, მოქალაქეთა კავშირის ფრაქციის თავმჯდომარეობის დროს რომ ჩაატარა. სწორედ ეს მიაჩნდა დიდ მიღწევად სააკაშვილს, სწორედ ეს პრინციპი მოქმედებდა მაშინ და დღეს იგივე ბრუნდება.

ფაქტობრივად, მოსამართლეს აღუდგება თავისი უფლებები, სასჯელთა სრული შეკრების პრინციპით ისარგებლოს, სასჯელთა შთანთქმის თუ ნაწილობრივი შთანთქმის პრინციპით. ამას დღეს მას არავინ ეკითხება. კანონში უწერია, რომ მხოლოდ უნდა შეკრიბოს. ისე როგორც, მოსამართლეს არავინ ეკითხება პირობით სასჯელს, საპროცესო შეთანხმებას და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, მოსამართლის როლი იზრდება.

რაც შეეხება გამჭვირვალეობას, იმის გარდა, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებისათვის საინტერესოა, ალბათ, სამართლიანობის თვალსაზრისითაც უკეთესი მდგომარეობა იქმნება, თუმცა ყოფილ ხელისუფლებას ვიდეო და ფოტოგადაღების დაშვებაც არ მოსწონს...

- რა თქმა უნდა, არ მოსწონთ, ხომ გაგიგიათ, ქურდს რა უნდა ბნელი ღამეო, რაც უფრო ბნელია და დახურულია, იქ აკეთებენ ყველაფერს. თვითონ ჩვენ, ადვოკატები, რამდენჯერ წავწყდომივართ ისეთ რამეს, რომ მოწმეს, დაზარალებულს ან თვითონ ბრალდებულს ერთი ჩვენება მიუცია და მერე სასამართლო სხდომის ოქმში სრულიად სხვა ჩვენება აღმოჩენილა.

როდესაც შენიშვნებს ვწერთ, რომ მოწმემ ასე კი არა, ასე თქვა, მოსამართლე წერს, რომ ასე არ არისო. არანაირი მექანიზმი არ გვაქვს დავუმტკიცოთ, სინამდვილეში როგორ იყო. აზრი ეკარგებოდა ნებისმიერ ჩვენებას, რასაც უნდოდა, იმას ჩაწერდა მოსამართლე.

ახლა, როდესაც იარსებებს ჩანაწერი, ეს იქნება დამამტკიცებელი დოკუმენტი, რა თქვა მოწმემ. ამიტომაც არ მოსწონთ.

ჯერ მოწმეებზე როგორი ზეწოლა იყო - თუ მოწმე მოახერხებდა, გადალახავდა შიშს და იტყოდა სიმართლეს, ან ისეთ რამეს, რაც ბრალდების მხარეს არ მოსწონდა, ამ შემთხვევებისთვის ამათ თავიანთი მექანიზმი ჰქონდათ - კი ბატონო, რაც გინდა ის თქვი, მე კი სასამართლო ოქმში ჩავწერ, რაც მე მაწყობს იმას. მერე რაც არ უნდა გესაჩივრებინა, ამას ვეღარ დაამტკიცებდი. ვიდეოკამერა ხომ არ არის, რომ უკან დააბრუნო და ნახო. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ადვოკატებისთვის და როგორც ჩანს, ესეც მოიხსნება.

როგორც ცნობილია, სასჯელების შემცირებაზეც ოყო საუბარი...

- სასჯელის მაქსიმალური ვადა განაჩენთა ერთობლიობით, იწევს ქვემოთ - 35 წლამდე. ახლა 40 წელია და სასჯელთა ერთობლიობა ისევ რჩება 30 წელი.

თუმცა, გვაქვს წინადადება, რომ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის მაქსიმუმი იყოს არა 35 არამედ 30 წელი. საჯელთა ერთობლიობით (შეკრებითობის პრინციპი) 25 წლამდე შემცირდეს, ხოლო უვადოდ თავისუფლება აღკვეთილების სასჯელის გადასინჯვის ვადა იყოს არა 25, არამედ 20 წელი. იუსტიციის სამინისთროში გვთხოვეს, რომ ეს ყველაფერი წერილობითი ფორმით მიგვეწოდებინა, ვნახოთ, გაითვალისწინებენ თუ არა. აღნიშნული ცვლილებები საკმაოდ დადებით როლს შეასრულებს ყველა მიმართულებით, მაგრამ კიდევ ბევრ ცვლილებას საჭიროებს კანონმდებლობა და იმედი მაქვს, ამ მხრივ მუშაობა გაგრძელდება.