მრავალპოლარული მსოფლიო დაიბადა და სულაც არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც ამერიკელებს წარმოედგინათ. მას, ვისაც აინტერესებს, თუ კონკრეტულად რა წუთს წარმოიქმნა მრავალპოლარული მსოფლიო, კარგი იქნება თუ მაისში ბრაზილიის და თურქეთის (განვითარებად ქვეყნებში ინტერნაციონალიზმის ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერები) ერთობლივ განცხადებას გაიხსენებენ. მათ ირანთან ბირთვული საწვავის გაცვლაზე შეთანხმების შესახებ განაცხადეს, რაც პოტენციურად პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტის საფუძველი უნდა გამხდარიყო (სამწუხაროდ, ის ვერ განხორციელდა). თურქეთი და ბრაზილია არც ზესახელმწიფოები და არც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არ არიან, თუმცა დღეს, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა მულტილატერალიზმს ქადაგებს, ისინი იმას გვახსენებენ, რომ წარსულს ჩაბარდა იერარქიისადმი საყოველთაო პატივისცემის ეპოქა.
მაინც, რა რადიკალური ცვლილებაა, თანაც სულ რაღაც ორ ათეულ წელიწადში! დაახლოებით 20 წლის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა - უფროსმა ჯორჯ ბუშმა, რომლის თვალწინაც ის-ის იყო ბერლინის კედელი დაინგრა და საბჭოთა კავშირმა დაშლა დაიწყო, ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან ”ახალი მსოფლიო წესრიგი” გვაუწყა – საერთაშორისო სისტემა შეერთებული შტატებით სათავეში, სადაც ”კანონიერება ჯუნგლის კანონს შეცვლის”. ახლა, ორი ათწლეულის შემდეგ, ჩვენ ”უახლეს მსოფლიო წესრიგში” ვცხოვრობთ, რომელიც საერთოდ არ ჰგავს იმას, რაზეც ფიქრობდა და ოცნებობდა ბუში ამერიკელების უმრავლესობასთან ერთად.
რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების არმია ძველებურად ყველაზე ძლიერი არმიაა მსოფლიოში, თუმცა რაც უფრო ფართოვდება მისი თავდაცვითი და შეკავების პოტენციალი, მისგან სულ უფრო ნაკლები სარგებელია. ერაყი და ავღანეთი ამის ნათელი მაგალითია. სამხედრო ძლიერება და პოლიტიკური გავლენა დღეს ერთმანეთს აუცილებლად ფეხდაფეხ არ მისდევს, მეტიც – ზოგჯერ პირველის მეტობა, მეორეს ხელს უშლის. მსოფლიო სწრაფად გარდაიქმნა მრავალპოლარულად, ევროკავშირი შეერთებულ შტატებზე მსხვილი ეკონომიკური მოთამაშე გახდა, ხოლო ჩინეთი სწრაფად იკრეფს ძალას, როგორც რბილი, ასევე მკაცრი ძალის სფეროში.
ობამა ვერ შესძლებდა სიტყვის წარმოთქმას ”ახალ მსოფლიო წესრიგზე” ისე, რომ გამოსვლა არ შეეთანხმებინა კოლეგებთან ბრიუსელიდან და პეკინიდან, ხოლო დემოკრატიაზე თუ ვისაუბრებთ, ნება მომეცით წარმოგიდგინოთ ავტორიტარული სახელმწიფო კაპიტალიზმი – ახალი სიტყვა ჩვენს ლექსიკონში, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ მსოფლიოს ქვეყნებს განვითარების მოდელებს მხოლოდ დასავლეთი არ სთავაზობს. არავინ აღარ საუბრობს ვაშინგტონის კონსესუსზე, სამაგიეროდ მსოფლიო ელიტის გულებისა და გონებების დასაპყრობად იბრძვის პეკინის კონსესუსი, ბომბეის კონსესუსი და კიდევ რაღაც, რასაც ნახევრად – ხუმრობით და ნახევრად – სერიოზულად, კანადის კონსესუსს უწოდებენ.
მსოფლიო აღარ არის ალიანსების სამყარო – დღეს ის მრავალმხრივი კონტაქტების სამყაროა. გლობალიზაცია იმას ნიშნავს, რომ უკვე აღარავის უწევს მხარის არჩევა. მაგალითისთვის ავიღოთ სპარსეთის ყურის ქვეყნები. ისინი ამერიკისგან მიღებული ნავთობდოლარებით ვაშინგტონისგან აქტიურად ყიდულობენ იარაღს ირანის შესაკავებლად, ჩინეთთან მასშტაბურ სავაჭრო შეთანხმებებს აფორმებენ და სავალუტო ხელშეკრულებებს განიხილავენ ევროკავშირთან. მათ, ვისაც ეჭვი აქვს, რომ ამ დროს საერთაშორისო ურთიერთობებში სიბეცეა გამეფებული, უნდა გაიხსენონ თუ როგორ თქვა ამერიკამ უარი ისრაელელთა დასასჯელად იარაღის წარმოების სფეროში ისრაელთან რამდენიმე ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე, რომლებმაც საიდუმლო ტექნოლოგიები ჩინეთს მიჰყიდეს, რომელიც თავის მხრივ სარაკეტო ტექნოლოგიებს ჰყიდის ირანზე, რომლის ხელისუფლებასაც მსოფლიოს რუკიდან ისრაელის წაშლა სურს. დღეს ყველა ყველას წინააღმდეგ თამაშობს, თითქოს მსოფლიო არენაზე მუდმივად ”პატიმრის დილემა” თამაშდება, თანაც ერთი იტერაციით.
უფროსმა ბუშმა გაეროში სიტყვა იმიტომ წარმოთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა მაშინ ბატონობდა, თავად ბუში მულტილატერალისტი იყო. გაეროს, რომელიც ცივი ომის დროს პარალიზებული იყო, თითქოს შანსი გაუჩნდა ის როლი ეთამაშა, რომლისთვისაც შეიქმნა – მსოფლიო არბიტრის როლი. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ მულტილატერალიზმი სრულად განესახიერებინა, გაერო საუკეთესო შემთხვევაში მისი ერთ-ერთი გამოვლინება გახდა. თავისი ბუნებით სრულად ეკონომიკური, დამოუკიდებელი ტექნიკური სტრუქტურები როგორებიცაა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლებიც ფინანსური კრიზისის შედეგად მხოლოდ გაძლიერდა და დღეს ისინი ერთადერთი ქმედითი გლობალური ორგანიზაციებია. ”დიდი ოცეული” მაინც ვერ გახდა ”მსოფლიოს საკოორდინაციო კომიტეტი” – როლი, რომელზე პრეტენზიაც მას ჰქონდა.
სეულში გამართული უკანასკნელი სამიტის წინ, მსოფლიოს ლიდერებმა ამერიკის წინადადებას ფულადი გადასახადების ბალანსების ჰარმონიზაციის შესახებ ”არაფრისმომცემი” უწოდეს. გაერო-ს უშიშროების საბჭომ დიდი ხანია, რაც როგორც ლეგიტიმაცია, ასევე ეფექტურობა დაკარგა და საეჭვოა მისი რეფორმირება მოხერხდეს. ჩვენ როგორც ეს წელს შევიტყვეთ, გაეროს არ შეუძლია კლიმატის ცვლილებაზე გლობალური შეთანხმების მიღწევა ან მსოფლიოს იძულება ათასწლეულის განვითარების ამოცანების რეალიზაციისკენ. დღეს ნებისმიერ პრობლემაზე რამდენიმე სპეციალიზებული სააგენტო მუშაობს, მაგალითად – მსოფლიოს სასურსათო პროგრამა ან გაერო-ს დევნილთა უმაღლესი კომისრის განყოფილება, რომლებსაც დიდწილად საკუთარი დაფინანსება აღელვებთ და ცხოვრების საკუთარი რიტმი აქვთ.
მრავალმხრივი რეგულირების პრინციპებს გაცილებით უფრო შეესაბამება ის, რაც რეგიონალურ დონეზე ხდება. მყარი ზენაციონალური ევროპის კავშირი, აღორძინებული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია და ახლადაღმოცენებული აფრიკული კავშირი, ძალიან იმედისმომცემია. ამ სტრუქტურებიდან თითოეული საკუთარ რეგიონში ამყარებს იმ წესრიგს, რამელიც მისი წევრების პრიორიტეტებს და მათი განვითარების დონეს შეესაბამება. სუდანის და სომალის პრობლემების დიპლომატიური და სამშვიდობო ძალისხმევის კოორდინატორი უგანდაა. არაბული ქვეყნების ლიგა პალესტინისთვის სამშვიდობო ძალების შექმნის ინიციატივით გამოდის. ირანის საკითხზე აქტიურად მუშაობს თურქეთი.
1990 წელს ისე ჩანდა, თითქოს მსოფლიოში სახელმწიფოს როლი საფუძველში არ შეიცვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გლობალიზაციამ არასახელმწიფო ტრანს-ნაციონალური მოთამაშეების ლეგიონები გააჩინა (კორპორაციებით დაწყებული, არაკომერციული და რელიგიური ორგანიზაციებით დასრულებული) თავად მსოფლიოს სტრუქტურა შეიცვალა. შედეგად, ისეთი ცნებები, როგორებიცა ძალაუფლება და ლეგიტიმურობა დიდწილად წაიშლა – მათზე ძალიან ბევრ ძალას აქვს პრეტენზია. ბილ გეითსის ფონდი წელიწადში იმაზე მეტ ფულს არიგებს, ვიდრე ნებისმიერი ევროპული ქვეყანა. ნიგერიის სოფლებს Shell-ის იმედი აქვთ და არა საკუთარი მთავრობის. ორგანიზაცია Oxfam განსაზღვრავს წარმოების განვითარებაზე ბრიტანეთის სააგენტოს პრიორიტეტებს, თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ იგეგმებოდა.
ვერც შეერთებული შტატები და ვერც გაერო ჯინს ბოთლში ვეღარ დააბრუნებს. დავოსის დებატები და Clinton Global Initiative-ის კონფერენციები წლიდან წლამდე სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ხოლო საერთაშორისო სამიტები – ცარიელი დეკლარაციების წყარო. სწორედ ამ ტიპის მოედნებზე იქმნება ”უახლესი მსოფლიო წესრიგი”, თანაც ის ქვემოდან ზემოთ და არა ზევიდან ქვემოთ შენდება.
[foreignpress.ge]