ჩემი მეუღლე 60 წლის გახდა. ბევრი ვიფიქრე რით აღმენიშნა ეს სერიოზული თარიღი და გადავწყვიტე მისთვის დასამახსოვრებელი ორკვირიანი მოგზაურობა მომეწყო ამრიკის შეერთებულ შტატებში. რატომ ამერიკა? იქ ჩემი მეუღლის ძმა ცხოვრობს სრულიად კანონიერად აგერ უკვე ოთხი წელიწადია. ათ წელზე მეტია, ასევე კანონიერად, იქ ცხოვრობს მისი ბავშვობის დაქალი ვაჟითურთ.
ასე რომ, ნიუ-იორკის მონახულების გარდა, ვიმედოვნებდი, ჩემი მეუღლე დიდი ხნის უნახავი ახლობლების ნახვით გამეხარებინა.
ონლაინ რეჟიმში შევავსეთ ყველა საჭირო ანკეტა, გადავიხადეთ სავიზო მოსაკრებელი - 544 ლარი, ტელეფონით დავნიშნეთ შეხვედრა ინტერვიუსთვის 12 ოქტომბერს, დილის 8 საათსა 45 წუთზე დაგვიბარეს საკონსულოში. ნაცნობებმა გაგვაფრთხილეს, რომ გარდა მითითებული წარსადგენი საბუთებისა, თან გვქონებოდა საკუთრებისა და შემოსავლების დამადასტურებელი ცნობები.
დანიშნულ დროზე 20 წუთით ადრე საკონსულოში მისულებს ვიზიტორების საკმაოდ გრძელი რიგი დაგვხვდა, სადაც განგვიმარტეს, რომ დანიშნულ დროს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს და შენობაში მხოლოდ ცოცხალი რიგის მეშვეობით შევიდოდით.
ამრიგად 8 საათისა და 45 წუთის ნაცვლად პირველ შენობაში 10 საათზე შევედით. დაცვის სამსახურმა საფუძვლიანად შეგვამოწმა: აგვიკრძალეს მობილური ტელეფონებისა და მედიკამენტების შეტანა (ჩემს მეუღლეს ჩანთაში ანალგინისა და ადელფანის თითო ფირფიტა აღმოაჩნდა), გვიბრძანეს ტელეფონების და ამ ფირფიტების გარეთ დატოვება. საბედნიეროდ ჩვენი მანქანა არც ისე შორს იდგა და აღნიშნული ნივთები იქ დავტოვეთ, რადგან სხვა შემთხვევაში ქუჩაში რომ დაგვეტოვებინა, ალბათ, დავკარგავდით. შემდეგ გავიარეთ მეტალო დეტექტორის კონტროლი - შარვლისა და პერანგის გარდა ყველაფრის გახდა მომიწია. როგორც იქნა, შევედით საკონსულოს შენობაში. საკონსულოს შენობა დაახლოებით რკინიგზის სადგურის ბილეთების სალაროს პრინციპითაა მოწყობილი. შენი გვარის გამოცხადების შემდეგ მიდიხარ საკონსულოს თანამშრომლის სარკმელთან, რომელიც დაჯავშნული მინის იქით ზის და იწყება შეკითხვებზე პასუხის გაცემა.
საკონსულოს მოხელე: English? Русский?
მე: ორივე ენაზე ვლაპარაკობ და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ქართულად - ეს მშობლიური ენაა.
ჩემი მეუღლე - ქართული და რუსული.
მოხელე: ნამყოფი ხართ უცხოეთში?
მე: დიახ, 45 ქვეყანაში სამსახურეობრივი მივლინებით.
ჩემი მეუღლე - დიახ 5 ქვეყანაში ტურისტად.
მოხელე: სად მუშაობთ?
მე - შვეიცარულ-ქართულ კომპანიაში მენეჯერად.
ჩემი მეუღლე - კომპანია „თელასში“.
მოხელე: რა შემოსავალი გაქვთ?
მე - 1400 ლარი.
ჩემი მეუღლე - 1500 ლარი.
მოხელე: რაიმე ქონებას ფლობთ?
მე - ბინა ქალაქის ცენტრში და სახლი ქალაქის გარეუბანში.
ჩემი მეუღლე - 2 ბინა ქალაქში.
მოხელე: შვილები გყავთ?
პასუხი: ერთი შვილი და ერთი შვილიშვილი.
დიალოგის შემდეგ, მოხელე ნახევარი წუთი რაღაცას ავსებდა კომპიუტერში, მერე, შუშის ქვემოდან გამოაცურა ქართულად შევსებული ტრაფარეტი ვიზაზე უარის შესახებ და სიტყვიერად დაამატა: თქვენ მე ვერ დამარწმუნეთ, რომ არ აპირებთ ამერიკაში უკანონოდ დარჩენას, ასე რომ, ვიზაზე უარი გეთქვათ.
ჩვენ: კი, მაგრამ....
საკონსულოს მოხელე: თავისუფლები ხართ. (აცხადებს შემდეგ გვარს)
ასე დავტოვეთ მე და ჩემმა მეუღლემ საკონსულოს შენობა. მთელი სამი-ოთხი დღის განმავლობაში ვერ მოვიცილე რაღაც გაუგებარი დამცირებისა და შეურცხყოფის შეგრძნება.
ახლა თქვენთან ერთად ვსვამ იმ შეკითხვას, რომელიც იმ რობოტის მსგავსმა თანამშრომელმა არ მოისმინა: კი, მაგრამ რის საფუძველზე გამოიტანა მან ასეთი დასკვნა? რომელმა ჩვენმა პასუხმა გაუჩინა მას ასეთი ეჭვები? რა კრიტერიუმებით სარგებლობენ ასეთი დასკვნის გამოტანისას? კარგი იქნებოდა წინასწარ გვცოდნოდა ეს კრიტერიუმები და რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ. მაშინ ჩვენ არც დროს დავკარგავდით ტყუილად და არც ფულს. ისინიც არ შეწუხდებოდნენ ამდენი ინტერვიუების ჩატარებით.
და ბოლოს, რატომ უნდა ვარწმუნებდეთ ჩვენ მას, რომ არ ვაპირებთ იქ უკანონოდ დარჩენას და არა პირიქით, მან უნდა დაგვარწმუნოს, რომ ჩვენ იქ უკანონოდ დარჩენას ვაპირებთ.
მე და ჩემმა მეუღლემ ღირსეულად განვლეთ ჩვენი ცხოვრება. ჩვენს ასაკში ადამიანები უფრო ხშირად სასაფლაოზე ფიქრობენ, სად დაიმარხონ და არა საცხოვრებელი ქვეყნის შეცვლაზე, სადაც მათ საეჭვო და უღირსი ყოფა ელოდებათ. გარდა ამისა, მე რომ იქ დარჩენა მდომებოდა, ამას ჯერ კიდევ არა ერთხელ საბჭოთა პერიოდში გავაკეთებდი, როდესაც საბჭოთა ხელისუფლების ჯიბრით საუკეთესო პირობებს გვთავაზობდნენ ყველას, ვინც უცხოეთში დავდიოდით.
და კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ამერიკელისათვის ძალზე უცხო და გაუგებარია, მაგრამ ნებისმიერი ქართველისათვის ძალზე მარტივად გასაგები - მე ჩემი შვილი და შვილიშვილი ამერიკასაც მირჩევნია და მთელ მსოფლიოსაც და ასეთი თავქარიანი ძალიან ცოტა მეგულება, ვინც ჩვენს ასაკში მსგავს ავანტიურაზე წამსვლელია და უცხოეთში მათხოვრობა ურჩევნია თავის სამშობლოში ღირსეულ ცხოვრებას.
პირადად ჩემთვის, ვისაც არათუ არანაირი კრიმინალური წარსული არა აქვს, არამედ მიღებული მაქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო (როგორც საბჭოთა, ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის დროსაც და მათ შორის, ერთი ამერიკისაც, როდესაც მე იქ სამხედრო-სამედიცინო წვრთებში ვმონაწილეობდი 1998 წელს), არ არის საკმარისი საკონსულოს მხრიდან ვიზაზე უარის ასეთი განმარტება, რომელიც უფრო ბრალდების ტოლფასია.
ალბათ, ამაზე უნდა იფიქრონ იმ უწყებებმა, ვისაც ევალება საკუთარი მოქალაქეების უფლებებისა და ღირსების დაცვა, საგარეო საქმეთა სამინისტრო იქნება თუ სხვა ორგანიზაციები. ყოველ შემთხვევაში, მე უკვე სერიოზულად ეჭვი მეპარება ჩვენი ქვეყნების მიერ დეკლარირებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებში.
P.S. როდესაც ჩვენს ახლობლებს ამ თავგადასავალს ვუამბობდით, ერთ-ერთმა გვითხრა, არიან პირები, ვინც 20000 აშშ დოლარად გარანტირებულად გიკეთებენ ამერიკის ვიზას.
ჯერ ერთი, ასეთი თანხა ერთად არც მინახავს, და რომც მქონდეს, მე მას აქ უფრო გონივრულად დავხარჯავდი, ვიდრე ამერიკის ვიზაში გადავიხდიდი. მაგრამ, ეტყობა, ამერიკის საელჩოში მართლაც მოქმედებს კარგად შენიღბული და დაფარული კორუფციული სისტემა, რომელიც სასოწარკვეთილი და გაჭირვებული ხალხის უბედურებით საზრდოობს, იმ ხალხის ვინც უკეთესი ცხოვრების იმედით ყველაფერს ყიდის, სამშობლოს ტოვებს და უცხოეთში მიდის ბუნდოვანი მომავლის საძებნელად.
ამ შემთხვევაში კი, ალბათ, მე და ჩემი მეუღლე იმ იშვიათ გამონაკლისს წარმოვადგენდით, ვისაც ნამდვილად არ გვიფიქრია იქ დარჩენაზე. იქნებ ვინმემ ამიხსნას, რის საფუძველზე გამოიტანეს საპირისპირო დასკვნა?