ჯანდაცვაში გათანაბრებული ტარიფები დაწესდა – კლინიკებში დახურვის საფრთხეზე საუბრობენ

ჯანდაცვაში გათანაბრებული ტარიფები დაწესდა – კლინიკებში დახურვის საფრთხეზე საუბრობენ

ამიერიდან სახელმწიფო ერთნაირ ფასს გადაუხდის ყველა კლინიკას, რომელიც ჩართული იქნება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ერთიანი ტარიფი თავდაპირველად რეანიმაციის და კარდიოლოგიური ქირურგიის სერვისში ამოქმედდა და მალევე ნელ-ნელა ყველა მიმართულებას მოიცავს. საავადმყოფოების ხელმძღვანელები უკვე ალპარაკდნენ დახურვის საფრთხეზე. მათ პარლამენტს და პრემიერს სპეციალური წერილიც გაუგზავნეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ტარიფის დადგენა, სავარაუდოდ, 10 ყველაზე მოთხოვნად სერვისზე მოხდება. კლინიკების ადეკვატური დატვირთვის პირობებში კი, არანაირი საფრთხე მომსახურების ხარისხისა და მიწოდების თვალსაზრისით არ არსებობს.

„ყველა მიმართულების ანალიზი ასე მალე ვერ მოხერხდება, გარკვეული დრო სჭირდება ტექნიკური სამუშაოების შესრულებას, რათა სხვადასხვა ანალიზი ჩატარდეს. ამიტომ ტარიფის დადგენა ყველა მიმართულებაზე ეტაპობრივად მოხდება, შეიძლება თავიდან 10 ყველაზე მოთხოვნად სერვისზე მოხდეს ტარიფის დადგენა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მხოლოდ ფასების დაკლებაზე არაა საუბარი. კარდიოქირურგიის შემთხვევაში ტარიფები დაკორექტირდა და გათანაბრდა. ამ გასაშუალობულ ფასთან შედარებით ზოგირთი კლინიკის ტარიფი მეტია და ზოგის - ნაკლები. ისე არ არის, რომ ყველა შემთხვევაში დაფინანსების მოცულობა ცალსახად შემცირდა“, - განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის სამინისტრო ერთიანი ტარიფის შემოღებით, უზარმაზარი ხარჯების როგორღაც შემცირებას ცდილობს. სხვათა შორის, საყოველთაო ჯანდაცვისთვის წელს განკუთვნილი 754 მლნ ლარი 2 კვირაში ამოიწურება და პროგრამას ისევ დამატება დასჭირდება. ასე იყო შარშანაც, როცა სახელმწიფო დაზღვევისთვის განკუთვნილი 713 მლნ ვადაზე ადრე გაიხარჯა და პროგრამას 47 მილიონი დაუმატეს. მას შემდეგ, რაც საყოველთაო დაზღვევა ამოქმედდა, მისი ხარჯი ყოველ წელს იზრდება, მაგრამ წლის ბოლოს თანხა მაინც არასაკმარისია.

ახალი სატარიფო სისტენით დიდი თავსატეხის წინაშე აღმოჩნდნენ კლინიკების მფლობელები. „გულის“ დამფუძნებელი ანზორ მელია აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფები არარეალურია. ჯანდაცვის სამინისტროს კი რეფორმაზე მუშაობის პერიოდში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია არ ჰქონია. შესაბამისად, კლინიკების ხელმძღვანელები რეფორმის გადავადებას ითხოვენ. მათ მიერ მომზადდა ღია წერილი, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდოამრეს და პრემიერ მინისტრს უკვე გადაეგზავნა.

„სახელმწიფოს მიერ დადგენილი დაფინანსების ახალი სისტემა ნაჩქარევად არის მიღებული. რეგულაცია აუცილებლი იყო, მაგრამ სერვისის თვითღირებულებაზე ნაკლები თუ იქნა დაფინანსება, მაშინ ბევრი კლინიკა დაიხურება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა რომ დავტოვო ანდა მივიღო დადგენილი ტარიფები, იმ წუთშივე უნდა გავჩერდე და დავხურო კარდიოქირურგია. მივყვები დინებას და ვნახავ რა იქნება. კლინიკების დირექტორები და წამყვანი სპეციალისტები შევიკრიბეთ და პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე დავწერეთ ღია წერილები სადაც ვითხოვთ, რომ რეფორმა 6 თვით გადაავადონ, რათა ამ პერიოდში დავსხდეთ მოვილაპარკოთ და ყველაფერი ავწონ–დავწონოთ“, - განუცხადა “კომერსანტს” ანზორ მელიამ.

რამდენიმეთვიანი დავალიანების ფონზე, ტარიფების გათანაბრება, კლინიკას კიდევ უფრო მძიმე დღეში ჩააგდებს და ეს მისი ფაქტობრივი დახურვის საფუძველი გახდება. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ზოგიერთ ადგილას შესაძლოა, გარკვეულ მიმართულებით სამედიცინო მომსახურება მიუწვდომელი გახდეს.

„ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების 6-8 თვის დავალიანებები აქვს და შესაბამისად, პირველ რიგში, საჭიროა ვალი გადაიხადოს და ამის შემდეგ მოხდეს ტარიფების გათანაბრება.

5 წლის წინ გარკვეული პროცედურა სხვა თანხა ღირდა, დღეს - სხვა. ეს ასეა, რადგან ბევრი რამ ეკონომიკასთან პირდაპირ ბმაშია, თუნდაც ლარის კურსთან. მსოფლიოშიც ასეთი ტენდენციაა, რომ სამედიცინო მომსახურება ძვირდება, მით უმეტეს ჩვენნაირი ეკონომიკის პირობებში. თუ ტარიფის დაწესება მოხდება იმაზე ნაკლების, ვიდრე რეალურად ეს მომსახურება ღირს, შესაბამისად, კლინიკა ან დაიხურება, ანდა მოხდება ხარისხის გაუარესება", - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.