გენშტაბის უფროსი თუ დამნაშავეა ნატო-ში არ მიგვიღებენ?!

გენშტაბის უფროსი თუ დამნაშავეა ნატო-ში არ მიგვიღებენ?!

საპარლამენტო უმცირესობა თანაგუნდელების დაკავებაზე მტკივნეულად რეაგირებს, თუმცა იმის ნაცვლად, რომ მთელ რიგ დანაშაულებზე, რაც თავდაცვის უწყებაში ხდებოდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ, ახლა ნატო-თი მანიპულირებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ დაკავებებმა დემოკრატიას, თავდაცვისუნარიანობასა და ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პროცესს ზიანი უკვე მოუტანა.

„უმცირესობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო პროტესტი იმ დაკავებებთან დაკავშირებით, რომელმაც უკვე მოუტანა დემოკრატიის, თავდაცვისუნარიანობის და ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პროცესს ზიანი.

გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ ჩაიშალა და გაურკვეველი ვადით გადაიდო ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი, რომელიც დიდი ხნის წინ იგეგმებოდა და ბოლო პერიოდში კონკრეტული მოსამზადებელი სამუშაოებიც მიმდინარეობდა.

ასეთი მაღალი დონის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო დეკემბრის მინისტერიალის წინ, რათა საქართველოს პოტენციურად გადაედგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნატო-ში გაწევრიანების გზაზე“, - განაცხადა  ბარამიძემ.

ექსპერტი გოგი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ უმცირესობის რეაქციები ამ დაკავებებზე ზუსტად ასახავს იმ სელექციური სამართლის ტრადიციას, რომელიც გვქონდა პირველ ოქტომბრამდე.

„სელექციური სამართალი მდგომარეობდა იმაში, რომ თუ ადამიანი არის მაღალი თანამდებობის წევრი, მაშინ ის დგას კანონზე მაღლა და არ ექვემდებარება იგივე სამართლებრივ პროცედურას, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი.

იმას კი არ ამბობენ, არის თუ არა ამ ადამიანის წინააღმდეგ კონკრეტული მტკიცებულება, ან ბრალდების მხარდამჭერი საბუთები, ლაპარაკობენ იმაზე, რომ ვინაიდან ის არის გენერალი, მაღალჩინოსანი, მის მიმართ არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული სამართლებრივი ნორმები. ზუსტად ეს არის არადემოკრატიული ხედვით აშენებული სახელმწიფოს მაგალითი, ვინაიდან დემოკრატიულ სახელმწიფოში თანამდებობის მიუხედავად ჩინოვნიკი ექვემდებარება იგივე პროცედურებს და იგივენაირად აგებს პასუხს საკუთარ ქმედებებზე, როგორც სხვა.

ნატოს ხელმძღვანელობა სწორედ ამ კუთხით მიუდგება ამას. თუ არსებობს რაიმე საბუთი, რომელიც აძლევს უფლებას სამართალდამცველებს დააკავონ ესა თუ ის პიროვნება, მაშინ ამაში არ დაინახავენ ნატოს პრინციპების საწინააღმდეგო ქმედებას. თუ ანგარიშსწორება არის ყოველგვარი დადასტურების გარეშე, მაშინ შეიძლება გააკეთონ გარკვეული დასკვნა. თვითონ უმცირესობა ამაზე კი არ საუბრობს, არამედ იმას ამბობს, რომ როგორ შეიძლებოდა გენერლის დაკავება, როდესაც ნატოს სამიტია მოახლოებული“ ,- აცხადებს ხუციშვილი.

როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი იმის გამო გადაიდო, რომ მასპინძელი უწყების, ანუ გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის ვინაობა ჯერ გარკვეული არ არის.

„ბუნებრივია, ეს არის დროებითი, ვიდრე არ მოხდება მთავრობასა და ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს შორის შეთანხმება, ვინც არის პასუხისმგებელი გაერთიანებული შტაბის უფროსის დანიშვნაზე. იმედი მაქვს, შეთანხმება მალე შედგება და კომპრომისული გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული.

ვინაიდან გაერთიანებული შტაბი არის ნატო-ს სამხედრო კომიტეტის მთავარი მასპინძელი მხარე, შემდეგ უკვე მოკლე დროში გადაწყდება საკითხი ამ ვიზიტის ჩატარების შესახებ. საქართველოსა და ნატო-ს შორის იმდენად მნიშვნელოვანი პროექტებია, იმდენად ვითარდება თანამშრომლობა, რომ კონკრეტულ გაუგებრობასთან დაკავშირებული თემის გამო ვერ შეფერხდება“, - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.

როგორც პეტრიაშვილი ამბობს, ძალიან მჭიდროდ მიმდინარეობს მუშაობა ნატო-ს ხელმძღვანელობასთან მომავალი წლის ყოველწლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებაზე.

გია ბარამიძის განმარტებით კი, ასევე შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ხელისუფლება უარყოფს იმ შემოთავაზებას, რომ პრეზიდენტმა და პრემიერმა ერთობლივად მიმართონ ალიანსს, რათა ქვეყანამ ნატო-ში გაწევრიანების გზაზე წინ წაიწიოს.

უკვე ცნობილია, რომ 12-14 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება. 14 ნოემბერს გაიმართება ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.

გოგი ხუციშვილი  მიიჩნევს, რომ ვიზიტის გადადება არ ნიშნავს რაიმენაირ შეფერხებას საქართველოს ნატოსთან ურთიერთობაში. რაც შეეხება ივანიშვილის ვიზიტს ბრიუსელში, ხუციშვილი თვლის, რომ ეს ვიზიტი ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ახალი ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ ვაშინგტონში უფრო არსებობს ჩამოყალიბებული წარმოდგენები, ვიდრე ბრიუსელში.

„ამიტომაც ბრიუსელში ვიზიტი პირველ რიგში იყო გასაკეთებელი. ბრიუსელში ჯერ კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა იმასთან დაკავშირებით, რას წარმოადგენს ახალი ხელისუფლება და რა მიმართულებით აპირებს წასვლას. ძალიან კარგია, რომ ეს ვიზიტი შედგება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

ცოტა ხნის წინ ვიყავი ბრიუსელში და მოვისმინე ეს კითხვები, მაგალითად, რატომ დამთავრდა არჩევნები ასეთი შედეგით. მეორეც - აპირებს თუ არა ახალი ხელისუფლება რაიმე გადახვევა გააკეთოს იმ  პროდასავლური და ევროინტეგრაციის კურსიდან, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა გამოცხადებული. ამის შესახებ კიდევ გამოითქვა ეჭვები, რომ ხომ არ მიჰყავს ბიძინა ივანიშვილს ქვეყანა რუსეთისკენ და ხომ არ გადაუხვევს დასავლურ კურსს?

ეს უკვე ლობისტური კომპანიების ნამუშევარია. ითქვა კიდეც, რომ დასრულდა არჩევნები და დაიწყო ლობისტების ომი. ლობისტების მუშაობა რომ გააქტიურდა არჩევნების შემდეგ, ეს ნიშნავს, რომ ახალ ფაზაში გადადის დაპირისპირება და სწორედ რომ დროულია ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი ბრიუსელში“ ,- აცხადებს ხუციშვილი.