კომუნალურ ტარიფებზე საუბარი სულ უფრო ზოგადი ხდება

კომუნალურ ტარიფებზე საუბარი სულ უფრო ზოგადი ხდება

კომუნალურ ტარიფებთან დაკავშირებით დაპირებები ჯერჯერობით განცხადების დონეზე რჩება და ამ განცხადებების ხასიათი თანდათანობით იცვლება. ის, რაც გუშინ ლამის გადაწყვეტილად მიიჩნეოდა, დღეს მხოლოდ სასურველი გახდა, ხვალ კი, შესაძლოა, საერთოდაც საეჭვო აღმოჩნდეს.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განმარტებით, მარეგულირებელ კომისიას (სემეკს) ნამდვილად აქვს უფლება გადახედოს კერძო კომპანიის სატარიფო პოლიტიკას და რესურსის არსებობის შემთხვევაში, გადასახადების შემცირება მოთხოვოს. თუმცა, ასეთ დროს აუცილებელია მარეგულირებელმა გაითვალისწინოს კერძო კომპანიას და სახელმწიფოს შორის  გაფორმებული მემორანდუმი.

ვალიშვილი იქვე დასძენს, რომ მთავრობას “ინტერ რაოსთან” ხელშეკრულება 2015 წლამდე აქვს და მემორანდუმი რუსულ მხარეს საშუალებას აძლევს დღეს არსებული ტარიფი არ შეცვალოს.

სანამ რუსეთზე მიდგება საქმე, მანამ საქართველოს ახალი მთავრობა ძალებს აზერბაიჯანელებთან სინჯავს. მთავრობის წევრები საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის “სოკარის” გენერალურ დირექტორს როვნაგ აბდულაევს შეხვდნენ. პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის, შსს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და აბდულაევის შეხვედრა გუშინ საკმაო ხანს გაგრძელდა.

“დღეს ჩვენ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გავმართეთ. აზერბაიჯანთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და ვფიქრობ, ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. რაც შეეხება ტარიფების საკითხს, კონკრეტული საუბარი დღეს არ ყოფილა, მაგრამ სამომავლოდ აუცილებლად გვექნება “სოკართან” მსჯელობა თუ რამდენად შესაძლოა ტარიფების თემის გადახედვა”, - განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრის შემდეგ.

რაც შეეხება იმას თუ რატომ ესწრებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაში “სოკარის” გენერალურ დირექტორთან შეხვედრას, კალაძის განმარტებით, ეს თავად აზერბაიჯანული მხარის მოთხოვნა იყო. “გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფნა მათი მოთხოვნა იყო”, - აღნიშნა კალაძემ.

“საუბარი იყო როგორც ნავთობზე, გაზზე, ისე პოლიტიკაზე. ვისაუბრეთ ჩვენს ურთიერთობებზე, რომელიც ძალიან კარგია და ერთ-ერთი მაგალითია თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მეზობელ სახელმწიფოსთან. იყო საუბარი მაღალი დონის შეხვედრების დაგეგმვაზე, კერძოდ, პრეზიდენტთან”, - განაცხადა პრემიერმა ივანიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ტარიფების დაწევასთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა არსებობს.

“ვფიქრობ, ტარიფებთან დაკავშირებით შიგნით უფრო ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, ვიდრე გარედან, რადგან ხელოვნურად ხდებოდა ტარიფების აწევა. საქართველოს ხელისუფლება აუცილებლად ეცდება მის შემცირებას”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც.

“სამომხმარებლო ტარიფის დადგენის კომპეტენცია კანონით ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას აქვს. მხოლოდ ამ უწყებას აქვს უფლება, გადახედოს კერძო კომპანიის სატარიფო პოლიტიკას და სათანადო რესურსის არსებობის შემთხვევაში, ტარიფის შემცირება მოითხოვოს. დარწმუნებული ვარ, რომ სწორი ბიზნესგარემოს შექმნით და დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის მუშაობის მეტი გამჭვირვალობით, შესაბამისი ეფექტი მიიღწევა” - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.