დღეს და ხვალ ასტანაში ეუთო-ს სამიტი გაიმართება. ორგანიზაციის წევრი ქვეყნები უსაფრთხოების ახალ დოკუმენტს მიიღებენ. ქართულ მხარეს ქვეყანაში ეუთოს მისიის მუშაობის აღდგენა სურს, რასაც სამწუხაროდ ორგანიზაციის წევრი რუსეთის თანხმობა სჭირდება.
აქედან გამომდინარე, თბილისში ეუთო-ს სამიტის შედეგების პროგნოზირება უჭირთ. საკანონმდებლო ორგანოში ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებენ, რომ საქართველოს მთავარი მოწინააღმდეგე ეუთო-ს წევრი სახელმწიფო – რუსეთია, აღნიშნულ ორგანიზაციაში კი გადაწყვეტილებების მიღებისთვის სრული კონსენსუსია საჭირო. ამ რეალობას კარგად აცნობიერებენ ცხინვალელი სეპარატისტები და დაბრუნების მსურველი ეუთოს წინააღმდეგ ახალ–ახალი ბრალდებებით გამოდიან.
„ეუთო საქართველოში ორგანიზაციის როლისა და მნიშვნელობის გაზრდისთვის ყველაფერს გააკეთებს“, – ამის შესახებ ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ პერინ დე ბრიშამბომ განაცხადა.
„ჩვენ ერთმანეთის გვერდი–გვერდ ვსხედვართ და ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებს ვუზიარებთ. საქართველოს საკითხი ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა. უკვე პოზიტიური მოვლენაა, რომ მხარეეები ყაზახეთში მოლაპარაკებების მაგიდასთან ერთად სხდებიან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში ამ ორგანიზაციის როლი და მნიშვნელობა გაიზარდოს“, - განაცხადა ბრიშამბომ.
ეუთო-ს უმაღლესი კომისარი ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში საერთაშორისო მისიების მუშაობა განახლდება.
„ეთნიკურ ქართველებთან დაკავშირებით არსებული ვითარება მაღელვებს. ამჟამად თქვენ უამრავი იძულებით გადაადგილებული ადამიანი გყავთ. მე ვიმყოფებოდი საქართველოში, ცხინვალის რეგიონში, ახალგორში, თუმცა ვიზიტი ხანმოკლე იყო და შესაბამისად, შეფასების გაკეთება მიჭირს. მიმაჩნია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების იქ ყოფნა აუცილებელია, რადგან მათ გარეშე იძულებით გადაადგილებული პირები ვერ დაბრუნდებიან. იმედს გამოვთქვამ, რომ საერთაშორისო მისიების მუშაობა განახლდება“, - განაცხადა კნუტ ვოლებეკმა, რომლის აზრით, „ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის, თუმცა საერთაშორისო მისიების აღდგენა ხალხის დაბრუნებისა და მხარეებს შორის ნდობის აღდგენის საფუძველი იქნება“.
როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი აცხადებს, „სწორედ რუსეთის ფაქტორის გამო ეუთო-ს უსაფრთხოების დოკუმენტში საქართველოს ორი რეგიონის – ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულად დაფიქსირება საკმაოდ რთულად მისაღწევი იქნება“.
რაც შეეხება საქართველოში ეუთო-ს მისიის აღდგენის პერსპექტივას, როგორც მინაშვილი ამბობს, აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით ბოლო თვეების განმავლობაში აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობდა.
„აღნიშნულთან დაკავშირებით დადებითი განწყობა აქვთ როგორც ევროპულ სახელმწიფოებს, ისე – ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაგრამ იმისთის, რომ ეუთო-ს მისია საქართველოში დაბრუნდეს, ასევე რუსეთის თანხმობაა საჭირო“, - დასძინა მან.
პარლამენტარ ნიკა ლალიაშვილს ასტანაში დაგეგმილ ეუთო-ს სამიტთან დაკავშირებით „გადაჭარბებული მოლოდინები“ არ აქვს. დეპუტატი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ეუთო-ში გადაწყვეტილებები კონსენსუსის გზით მიიღება, მის წევრთა შორის კი რუსეთის ფედერაციაც არის“.
„კარგი შეიძლება, ის მოხდეს, რომ ეუთო-ს სამიტს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევიც ესწრება და იმედი მაქვს, რომ ჩვენი დასავლეთ-ევროპელი პარტნიორები, ვარშავის, ლისაბონისა და სტრასბურგის მსგავსად, საქართველოს მისამართით მყარ და ურყევ მხარდაჭერას გამოხატავენ“ - განუცხადა "პირWელს" ლალიაშვილმა.
ამ ფონზე ოს სეპარატისტთა ლიდერის ე. წ. რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში, ბორის ჩოჩიევმა, ეუთოს უმაღლეს კომისარს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, კნუტ ვოლებეკს, ღია წერილი მისწერა. წერილში ბორის ჩოჩიევი კნუტ ვოლებეკს „მრავალსახობაში“, „ორმაგი სტანდარტების ნათელ ილუსტრაციაში“, „მატყუარობაში“ ადანაშაულებს და უცხადებს - „სინამდვილეში თქვენ არ გაინტერესებთ ეროვნული უმცირესობების ბედი“.
„სხვა საშუალების არქონის გამო, იძულებული ვარ, ღია წერილით მოგმართოთ. გავეცანი თქვენ მიერ გაკეთებულ დასკვნებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთის (და არა საქართველოს, როგორც თქვენ წერთ) რიგი რაიონების მონახულების შემდეგ გააკეთეთ და აი, უკვე მერამდენედ, გამოვხატავ გაკვირვებას საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგი წამომადგენლის მრავალსახეობასთან დაკავშირებით“, – წერს ჩოჩიევი და უცხადებს, რომ მის მიერ გამოქვეყნებული პოზიცია „ნათელი ილუსტრაციაა ორმაგი სტანდარტების პოლიტიკისა, რომლის მიზანია, დააბრუნონ სამხრეთ ოსეთის ხალხი საქართველოს უღელქვეშ“.
„ამ მიზნის მისაღწევად მრავალი ჩინოვნიკი აშკარა ტყუილსაც არ ერიდება“, – წერს ჩოჩიევი და ვოლებეკს სთავაზობს, განიხილონ ის თემები, რომლებზედაც მან თავის მოხსენებაში „შეშფოთება“ გამოთქვა. კერძოდ, საკითხი ე. წ. სამხრეთ ოსეთში ეთნიკური ქართველების მდგომარეობას ეხება.
ჩოჩიევი წერილში აცხადებს, რომ არ არსებობს არც ერთი ფაქტი, როდესაც ე. წ. სამხრეთ ოსეთის „ხელისუფლება“ აქ მცხოვრები ეთნიკური ქართველების უფლებას ზღუდავდეს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საკითხში.
წერილში ჩოჩიევი ევროკავშირის უმაღლეს კომისარს ტერმინებს უსწორებს და აუწყებს, რომ ახალგორის რაიონს „ლენინგორის რაიონი“ ჰქვია და არა „ახალგორი“, როგორც მას ვოლებეკი უწოდებს. საქართველოს ხსენებისას ჩოჩიევს წერილში გამოყენებული აქვს ეპითეტი „თქვენი საყვარელი საქართველო“.
„ცნობისთვის, ქართული სკოლები ფუნქციონირებენ ყველგან, არა მხოლოდ ლენინგორის (და არა ახალგორის) არამედ ჯავისა და ზნაურის რაიონებში. სამწუხაროდ, იმავეს კი ვერ ვიტყვით თქვენს საყვარელ, დემოკრატიულ საქართველოზე“, – აცხადებს ჩოჩიევი.
“სრულიად უსაფუძვლოს” უწოდებს ბორის ჩოჩიევი ვოლებეკის შეშფოთებას, რომელიც ე. წ. სამხრეთ ოსეთის ქართული მოსახლეობის პასპორტიზაციისა და ქართველი ახალგაზრდების სეპარატისტთა ე. წ. შეიარაღებულ ძალებში ქართველი ახალგაზრდების იძულებით გაწვევის საკითხებს ეხება.
„სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა, ყველა ადამიანი, მიუხედავად ეროვნებისა, უსაფრთხოების თანაბარ პირობებში იმყოფება და ეს მდგომარეობა აქ უფრო საგრძნობია, ვიდრე მეზობელ საქართველოში. ჩვენთან არ არის არც ერთი ფაქტი იმისა, რომ სამხრეთ ოსეთში ეროვნულ ნიადაგზე რომელიმე დანაშაული მოხდა“, – წერს ჩოჩიევი და აღნიშნავს, რომ „სამხრეთ ოსეთში ასევე არ არსებობს არც ერთი ფაქტი იმისა, რომ ქართველი ეროვნების მოქალაქეს იძულებით მისცა ვინმემ სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტი“.
„თუკი თქვენ იცით რომელიმე ფაქტი ამის შესახებ, დამისახელეთ ერთი მაინც“, – მიმართავს ჩოჩიევი ვოლებეკს და თან აფრთხილებს: „არ დაგავიწყდეთ, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“ და პასპორტიზაციის საკითხები ამ „დამოუკიდებელი სახელმწიფოს“ საშინაო საქმეა.
როგორც წერილიდან ირკვევა, სეპარატისტები ამადლიან ეუთოს უმაღლეს კომისარს იმას, რომ „მას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მონახულების საშუალება მისცეს“.
„ჩვენ მოგეცით საშუალება, მოგენახულებინათ სამხრეთ ოსეთის ტერიტორია (რაზედაც რატომღაც მადლობას საქართველოს ხელისუფლებას უხდით) და ვიმედოვნებდით, რომ მიუკერძოებელი მაინც არ იქნებოდით და ობიექტურად გააშუქებდით ყველაფერს. სამწუხაროდ, კვლავ მწარედ მოვტყუვდით. სინამდვილეში, თქვენ არ გაინტერესებთ ეროვნული უმცირესობების ბედი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაინტერესდებოდით 100 ათასზე მეტი განდევნილი ოსით, რომლებიც საქართველოდან გამოყარეს. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ოსეთში ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩამოხვედით, თქვენ არ ისურვეთ ჩრდილოეთ ოსეთში შეხვედროდით საქართველოდან დევნილ ოსებს“, – წერს ჩოჩიევი და აგრძელებს:
„თქვენი პოზიცია თბილისის პოზიციის იდენტურია, ამიტომაც გირჩევთ თქვენ, და არა მხოლოდ თქვენ, კიდევ ერთხელ წაიკითხოთ პრეზიდენტების – მედვედევისა და სარკოზის შეთანხმება“.