საპარლამენტო უმრავლესობას 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი იმდენად არ მოეწონა, რომ თავისი უარყოფითი დამოკიდებულების დაფარვა არც უცდია. ყველა საპარლამენტო კომიტეტმა მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი დაიწუნა. მთავრობა პირობას იძლევა, რომ თვის ბოლომდე ყველა ხარვეზი აღმოიფხვრება.
2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი არასაკმარისად მომზადებულად აფასებს და მთავრობას პროექტს შენიშვნით უბრუნებს. კომიტეტში მიჩნევენ, რომ ძალოვანი უწყებების ასიგნებების ფარგლებში ცალკეული პროგრამების დაფინანსება არასაკმარისია, რაც მიუთითებს, რომ უწყებების დაფინანსების გეგმა არასრულფასოვნად არის მომზადებული.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით 2012 წელთან შედარებით 13 მილიონით - 67 მილიონამდე იზრდება იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება, 45 მილიონით იზრდება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ბიუჯეტი და ის 170 მილიონი ლარი იქნება. უცვლელი რჩება შს სამინისტროს დაფინანსება და მისი ბიუჯეტი 585 მილიონი იქნება. 4,5 მილიონი ლარით მცირდება საერთო სასამართლოების ბიუჯეტი. 2013 წელს სასამართლოები 32 მილიონ ლარს მიიღებენ.
რეგიონული პოლიტიკისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კი მაჟორიტარი დეპუტატები თავიანთ რაიონებში განსახორციელებელი პროექტებით და რაიონებისთვის განკუთვნილი ტრანსფერებით ინტერესდებიან. ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა კი მთავრობის წარმომადგენლებს ბიუჯეტის პროექტში მეტი სიცხადის შეტანა მოსთხოვა. „ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ხალხი მთავრობისგან რას უნდა ელოდოს“, - თქვა ბერძენიშვილმა.
ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით კითხვები და შენიშვნები აქვს სხვა კომიტეტებსაც. კერძოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე გარემოს დაცვის სამინისტროსთვის თანხების შემცირებას აპროტესტებს და 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარს არ უჭერს.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის გუშინდელ სხდომაზე 2013 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს, სადაც აღინიშნა, რომ მომავალი წლისთვის უწყების საბიუჯეტო ასიგნება 21.5 მლნ ლარია, რაც 2012 წელთან შედარებით, 2 მილიონ 327 ათასი ლარით ნაკლებია. „მე ამ ბიუჯეტის პროექტს მხარს ვერ დავუჭერ“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე კი ე.წ. დაუბეგრავი მინიმუმის ამოქმედებასთან მიმართებაში, ფინანსთა სამინისტროს მოქნილი პრინციპის შემოღებას სთხოვს.
როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ტყემალაძემ განაცხადა, ბიუჯეტის თანამდევ კანონში აღნიშნულია, რომ გადახდილი თანხა პიროვნებას უკან წლის ბოლოს დაუბრუნდება. კერძოდ, წლიური დეკლარაცია შედგება - პიროვნებას თუ რამდენი აქვს გადახდილი საშემოსავლო და მას თანხა მოგვიანებით დაუბრუნდება.
„ამ მიმართულებით უფრო მოქნილი მექანიზმი უნდა ამოქმედდეს და ჩვენ ამ მექანიზმებზე უნდა შევთანხდეთ“, - აცხადებს ტყემალაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით კი, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი არასაკმარისად მომზადებულია, რის გამოც, კარგად გადამუშავებული ბიუჯეტი პარლამენტში ნოემბრის ბოლოს შევა.
როგორც ქუცნაშვილმა განაცხადა, გასაკვირი არ არის, რომ ახლადდამტკიცებულმა მთავრობამ, შვიდ დღეში ერთწლიანი პროგრამა ვერ მოამზადა.
„ერთ კვირაში, შეუძლებელი იყო ისეთი ბიუჯეტის პროექტი მომზადებულიყო, რომელიც ქართველ ხალხს გამოადგება. ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში, პარლამენტში კარგად მომზადებული ბიუჯეტი შევა და მასში იქნება ის, რასაც საზოგადოებას ვპირდებოდით“, - დასძინა ქუცნაშვილმა.
იგივეს ამბობს დეპუტატი კობა დავითაშვილიც. მისი თქმით, მთავრობამ პროცედურული ვადები არ დაარღვია და პარლამენტს ბიუჯეტის პროექტი დეტალიზაციის გარეშე წარუდგინა. იგი დარწმუნებულია, რომ ნოემბრის ბოლოს, როცა პარლამენტს დეტალურად გაწერილი ბიუჯეტი დაუბრუნდება, მათი პროგრამა ზუსტად იქნება ასახული.
პარლამენტართა შენიშვნებს იზიარებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე. მისი თქმით, დეპუტატების მსგავსად, მთავრობაც აღიარებს, რომ ბიუჯეტის პროექტი არასაკმარისადაა მომზადებული.
„ჩვენ განვიხილავთ ყველა პრეტენზიას, ავსახავთ დოკუმენტში, დავაბრუნებთ უკან და გავაკეთებთ შესაბამის განმარტებებსაც“, - განაცხადა დავით ებრალიძემ.