ცოცხებისა და „ქართული ოცნების“ დროშების ფონზე საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე ბაჩო ახალაიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, გენშტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. ადვოკატებმა ბაჩო ახალაიას გათავისუფლების თაობაზეც 20 ათასი ლარის სანაცვლოდ შუამდგომლობა დააყენეს. სასამართლო სხდომას ნაციონალებიც ესწრებოდნენ, მათ შორის, საპარლამენტო უმცირესობის ის წარმომადგენლები, რომლებიც სხვა დანარჩენ 25 წევრთან ერთად, თავდებში ჩაუდგნენ სამივე დაკავებულს. გარდა ამისა, ადამიანთა მრავალრიცხოვანმა ჯგუფმა შეაღწია სასამართლო პროცესზე. მათი ნაწილი ზუგდიდიდან იყო ჩამოსული და მხარს უჭერდნენ ახალაიას. მანამდე კი ბაჩო ახალაიას ვაჟკაცობით მოხიბლული თეა თუთბერიძის მებაირახტეობით მოწყობილ აქციაზე ახალაიას მომხრეებს მისი მოწინააღდეგები სჭარბობდნენ და მის მიერ ჩადენილ არაერთ დანაშაულს იხსენებდნენ. ახალიასგან გამწარებული ადამიანები იმ მცირერიცხოვანი ადამიანების სანახავად იყვნენ მოსულნი, რომლებმაც „კაცის მკვლელი“ და „კრიმინალი“ ეროვნულ გმირად და საზოგადო მოღვაწედ გამოაცხადეს.
„პოლიტიკური ავანტიურა და პროვოკაცია, რომელიც ჩაფიქრებული იყო ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ალასანიას და თეა წულუკიანის მიერ, შეჩერებულია“, - სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ასეთი შეფასება მისცა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა შამათავასა და კალანდაძის გათავისუფლებას. თუმცა, როგორც წიკლაურს, ისე გოგა ხაჩიძეს ჟურნალისტებთან საუბარს არ აცლიდნენ უბრალო მოქალაქეები და ლანძღავდნენ ნაციონალების ცნობად სახეებს და მათ უტიფრებად მოიხსენიებდნენ. ამის მიუხედავად, წიკლაური და ხაჩიძე მთელი პათოსით იცავდნენ დაკავებულ თანაგუნდელებს.
უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტს უფლება აქვს ახალაია განაჩენის გამოტანიდან მეორე დღესვე შეიწყალოს და ამ შემთხვევაში, არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, რამდენ ხანს დაჰყოფს მსჯავრდებული პატიმრობაში.
ახალაიასა და მისი თანაგუნდელებისთვის გამოტანილი განაჩენის სამართლიანობისა და პრეზიდენტის მიერ ბაჩო ახალაიას შესაძლო შეწყალების შესახებ For.ge ადვოკატებს და ექსპერტს ესაუბრა.
ადვოკატ ლალი აფციაურის თქმით, რა თქმა უნდა, არსებობს იმის ალბათობა, რომ განაჩენის გამოტანიდან მეორე დღესვე პრეზიდენტმა ახალაია შეიწყალოს. ამის სრული, ექსკლუზიური უფლება მას აქვს და ნებისმიერ დროს შეუძლია მისი შეწყალება. რაც შეეხება შამათავასა და კალანდაძისთვის გირაოს შეფარდებას, ადვოკატის განმარტებით, როგორც ჩანს, მათ მიმართ ბრალდება არ დამძიმებულა და პირველი ბრალდება დარჩა ძალაში.
ყოველ შემთხვევაში, სამართლებრივ ჩარჩოებს არ სცილდება მათთვის გირაოს შეფარდება და, თუკი ეს დასაბუთებულია, რომ არ მიემალებიან გამოძიებას, მოწმეებს არ დააშინებენ და მტკიცებულებებს არ გაანადგურებენ, მაშინ შეიძლება მათი გამოშვება. თუმცა, ლალი აფციაურის თვალსაზრისით, სულ სხვა საქმეა, მორალურ ჩარჩოებს სცილდება თუ არა მათი გირაოთი გამოშვება.
„პრეზიდენტის შეწყალებამდე ბაჩანა ახალაიას დიდი გზა აქვს გასავლელი, უამრავი საჩივარია შესული პირადად მის მიერ ნაწამები ადამიანების მხრიდან, როგორც პატიმრობაში მყოფი, ისე გარეთ მყოფი ადამიანების მიერ. ასე რომ, ვფიქრობ, ბაჩანას ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდება. ამიტომ, გრძელვადიან რეჟიმში გავდივართ: ჯერ იქნება წინასწარი გამოძიება, შემდეგ სასამართლო პროცესები და ამ პერიოდში დაუმთავრდება კიდეც სააკაშვილს თავისი საპრეზიდენტო ვადა. შემდეგ უკვე მისი ექსკლუზიური უფლებაც იკარგება“.
ლალი აფციაურის თქმით, ახალიას წინააღმდეგ არაერთმა საქმემ სწორედ მის ხელში გაიარა, მათ შორის, ბაჩო ახალაიას მიერ პროვოცირებულმა ციხის რამდენიმე ბუნტმა. უფრო სწორად, ეს იყო ბაჩო ახალაიას მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელიც შემდგომში ბუნტით გადაიფარა და ასეთი საქმე, სულ ცოტა, ექვსი მაინც იყო.
ამდენად, ადვოკატის პროგნოზით, ძალიან დიდი პროცესები გველის. მართალია, შეკრებითობის პრინციპი იხსნება, მაგრამ მისი სასჯელი უმძიმესია და უმძიმესი მუხლები აქვს წაყენებული. თუმცა, ამ პერიოდში საზოგადოებას ფრთებიც რომ ამოუვიდეს და ახალაიას მიმართ აზრი შეეცვალოს, ყველაზე მინიმუმ, ახალაიამ 10 წელზე არანაკლები მაინც უნდა მოიხადოს. ამის მიზეზად კი ლალი აფციაური მისი მხრიდან შესაძლო საფრთხეს ასახელებს. ადვოკატის აზრით, ახალაია საზოგადოებისთვის საშიშია.
„ვამბობდი კიდეც, ხელისუფლება რომ შეიცვლება, მერე ნახეთ, რა მოხდება, ისეთ საშინელ ინფორმაციებს მოვისმენთ, ქართველის გული ვერ გაუძლებს-თქო. ახლა საზოგადოებისთვის ნაკლებად იყვნენ ცნობილნი შამათავა და კალანდაძე, თუმცა ნუ გამორიცხავთ, ამ ადამიანებს ბრალი კვლავაც დაუმძიმდეთ და ისევ მოხდეს მათი დაპატიმრება“.
ლალი აფციაურის თქმით, იგი მკაცრ შეფასებას არ მისცემდა ბაჩო ახალაიას ნამოქმედარს, რომ არ სცოდნოდა კონკრეტული ფაქტების შესახებ. მეტიც, რვა წლის მანძილზე მას არაერთი გაუბედურებული ადამიანი უნახავს. ამდენად, ადვოკატის აზრით, ეს ადამიანები კრიმინალები არიან, რომლებიც უარესი კრიმინალის ხარჯზე ვითომ ებრძოდნენ კრიმინალს. ასეთი რამ კი არსად მომხდარა და, სავალალოა, რომ ყველა უბედურება ჩვენს ქვეყანაში ხდება.
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანთა უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, პრეზიდენტი ბაჩო ახალაიას არ შეიწყალებს, რადგან მაშინ აშკარად დადასტურდება, რომ სააკაშვილი კიდევ ერთხელ იცავს წამებისა და ღირსების შემლახავ მოპყრობაში დადანაშაულებულ პირს. ამდენად, ეს ნაბიჯი მისთვის წამგებიანი იქნება. უფლებადამცველის თქმით, ბაჩო ახალაიასთვის განაჩენის გამოტანამდე ძალიან დიდი დროა დარჩენილი და ამ ეტაპზე იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ამიტომ სავარაუდოა, რომ პრეზიდენტი უფრო მარტივად შეეგუება ახალაიას დაპატიმრებას იმ დანაშაულებებისთვის, რასაც მას ედავებიან და, რომელსაც ის სჩადიოდა წლების მანძილზე, ვიდრე ის, რომ სააკაშვილმა კიდევ უფრო მეტი დარტყმა მიაყენოს თავის იმიჯს ახალაიას გათავისუფლებით.
რაც მთავარია, ნანა კაკაბაძის აზრით, ახალაიას გათავისუფლების შემთხვევაშიც, უამრავი საქმეები არსებობს მასზე. ასე რომ, ციხეში მისი შებრუნება პრობლემა არ იქნება. ამის შესახებ სააკაშვილმაც იცის და ამიტომ ასეთ შეწყალებას აზრი არ ექნება.
„იმედი მაქვს, სანამ ბაჩო ახალაიას გაასამართლებენ, სააკაშვილიც აღარ იქნება ხელისუფლებაში. დანარჩენი ორი პირის გირაოთი გამოშვება სულაც არ ნიშნავს მათ გათავისუფლებას. უბრალოდ, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ გამოძიებამ ჩათვალა, მათი ციხეში ყოფნა პატიმრობის მისჯამდე არ არის სავალდებულო. ამიტომ, ეს არის ცივილიზებული ფორმა, რომ მათ გირაო შეუფარდეს“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე.
მისივე თქმით, რთულია პატიმრობის წლების მიხედვით აისახოს ბაჩო ახალაიას მიერ ჩადენილი დანაშაულები, მის მიერ გაუბედურებული და დატანჯული ხალხის სიმძიმე. ალბათ, არცერთ სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს შესატყვისი მუხლი, რომელიც ამ სასჯელს სამართლიანად ასახავდა.
„მე, როგორც უფლებადამცველი, უნდა ვცდილობდე, ვიყო ჰუმანური, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც - დაზარალებულები, პატიმრები, რომლებიც ვერაფრით გაგვიგებენ, რომ თურმე ბაჩო ახალაია მსუბუქად უნდა დაისაჯოს. ამიტომ, იგი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისჯოს, რადგან ეს არის არა კერძო ტიპის დანაშაული, არამედ - ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რაც ყველა ქვეყანაში უმკაცრესად ისჯება“, - განმარტავს ნანა კაკაბაძე.
რაც შეეხება თეა თუთბერიძის მიერ ახალაიას დაცვას, ნანა კაკაბაძის აზრით, სწორედ თუთბერიძისნაირები რომ ჰყავს დამცველად ბაჩო ახალაიას, თავისთავად, ეს მეტყველებს იმაზე, რა რთულია რეალობა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბაჩო ახალაიას უამრავი სისასტიკე და საშინელება აქვს ჩადენილი, თეა თუთბერიძის მხრიდან დაცვა კიდევ უფრო ამძიმებს მის მდგომარეობას და სწორედ იმ ჭრილში აქცევს მის ქმედებებს, რა ჭრილშიც უნდა იყოს.
უფრო მეტიც, უფლებადამცველის აზრით, თეა თუთბერიძის გამოჩენა ახალაიასადმი ყოველგვარი მინიმალური დადებითი ემოციის გამოხატვასაც ახშობს. „თუმცა ზუსტად თუთბერიძეების მსგავსი ადამიანები უნდა იდგნენ ახალაიას გვერდით. ესენი ზუსტად ის ხალხია, რომლებიც ერთად უნდა იდგნენ“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.
ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს ეეჭვება, რაიმე უკმაყოფილების მიზეზი გაუჩნდეს საზოგადოებას გირაოთი გათავისუფლებული ორი პირის მიმართ, რადგან ისინი სასამართლო სხდომის ჩატარებამდე პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდებიან, ხოლო წინასწარ პატიმრობაში იქნებიან თუ გარეთ დარჩებიან, ეს გადამწყვეტი არაა, რადგან თავად მათი სახელები და გვარები რაიმე სერიოზულ აგრესიას საზოგადოებაში არ იწვევს. ამდენად, ექსპერტის თქმით, გონივრული გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ და ამით ამოწურა ყველა რესურსი რაიმე უსამართლობის, ზეწოლის და სხვა ტიპის ბრალდებებისთვის.
თუმცა, სოსო ცისკარიშვილის აზრით, სულ სხვა არის ბაჩო ახალაიას შემთხვევა. ის, რომ თურმე ბაჩო ახალაიამ კრიმინალებისგან გაწმინდა საქართველო, ეს საკითხი სადავოა. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ სწორედ კრიმინალური მეთოდებით იღწვოდა ბაჩო ახალაია კრიმინალების (და არა მხოლოდ კრიმინალების) გასაწმენდად.
„მისგან გამწარებულთა რაოდენობა კიდევ უფრო მატულობს. ამასთან, მუდმივად არსებობს ეჭვი იმის თაობაზე, რომ ქართული ციხე ამჟამად საუკეთესო თავშესაფარია თავად ახალიასთვის იმ მუქარების ფონზე, რაც მისი მისამართით გაისმის დახოცილ ბიჭებთან მიმართებით“.
რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ბაჩო ახალაიას შეწყალებას, სოსო ცისკარიშვილის თქმით, წინასწარი სხდომა ჩანიშნულია 25 დეკემბრისთვის. ძირითადი სხდომა კი, როგორც ჩანს, წელს აღარ იქნება დანიშნული. ამდენად, წლეულს პრეზიდენტის რაიმე ტიპის უფლებამოსილება არ დადგება ახალაიას შეწყალებასათან დაკავშირებით. თუ რა იქნება მომავალ წელს, ამას დავადგენთ მაშინ, როცა დაინიშნება ეს სხდომა და იმ დროისთვის დამატებითი ბრალდების არსებობის შესაძლებლობაც გასათვალისწინებელი იქნება.