თბილისელების სოციალური შეღავათები თბილისის მერიასა და მთავრობას შორის საჯილდაო ქვად იქცა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის 2012 წლის 19 ოქტომბრის განკარგულებით, სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეებს სამედიცინო დაზღვევის, სოციალურად დაუცველი ოჯახების სხვადასხვა ტიპის ფინანსური დახმარების, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრების ფასდაკლებისა და შეღავათების პროგრამების განხორციელებაზე ფინანსური ვალდებულება თბილისის მერიისგან ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცა. 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ეს ხარჯი ასახული არ ყოფილა, შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრომ ამ პროგრამების განხორციელება ვერ შეძლო. ამას კი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ბრალდებების კასკადი მოჰყვა, რომ თურმე „ქართული ოცნება“ თავის წინასაარჩევნო დაპირებებს არ ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ დღეს თბილისის მერი, გიგი უგულავა მთავრობის სხდომაზე მივიდა, თუმცა იგი იქ არ შეუშვეს. უგულავას განცხადებით, მთავრობის სხდომაზე სწორედ თბილისელების სოციალური შეღავათების საკითხის განსახილველად მივიდა, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მას განუმარტა, რომ აღნიშნული საკითხი სხდომის დღის წესრიგში არ შედიოდა და სხდომის დატოვება მოსთხოვა.
„პრემიერ-მინისტრს აქვს უფლება, რომ იქვე, მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგის „სხვადასხვა საკითხებში“ ჩასვას ის თემები, რომლებზეც მსჯელობა მთავრობის კომპეტენციაშია, ასე რომ, არგუმენტი, რომელიც მოვისმინეთ ტყუილია. მთავრობა დღეს პირველ საკითხად პროკურატურის უფლებამოსილების ცნობის საკითხს განიხილავდა - როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ეს უწყება უფრო „ამუნიად“. მეორე იყო საპარტნიორო ფონდის კაპიტალის გაზრდა ანუ, საუბარია იმაზე, „როგორ მოვიწყოთ ცხოვრება“. შეიძლება ეს საკითხები ლეგიტიმურია, მაგრამ პრემიერს ჰქონდა უფლებამსილება თბილისელებისთვის სოციალური შეღავათების თემა დღის წესრიგში „სხვადასხვა საკითხების“ სახით შეეტანა. მე დაველოდებოდი ორი საათი, სამი საათი“, - განაცხადა განაწყენებულმა უგულავამ.
ამის საპასუხოდ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა თბილისის მერია უკანონო დადგენილების გამოტანაში დაადანაშაულა და შესაბამისი დოკუმენტაცია მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა.
„როგორც ცნობილია, 19 ოქტომბერს ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმად, დედაქალაქში სოციალურად დაუცველი მოსახლებისთვის განკუთვნილი შეღავათების ხარჯები ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცა, რაც მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული არ იყო და პრემიერს ამის უფლება არ ჰქონდა. თუმცა, გეტყვით უფრო საინტერესო დეტალსაც, კერძოდ, ჯერ კიდევ პრემიერის 19 ოქტომბრის განკარგულებამდე, 12 ოქტომბერს თბილისის მერიამ დადგენილებით მიმართა საკრებულოს, რომლის თანახმად, სოციალურად დაუცველთათვის საჭირო ხარჯები მერიისთვის ჩამოეჭრა. აღნიშნული დოკუმენტი დღეს გადაეგზავნება მთავარ პროკურატურას, რათა დავადგინოთ რის საფუძველზე მიიღო თბილისის მერიამ თბილისელების დასჯის გადაწყვეტილება“, - განაცხადა ხადურმა და განმარტა, რომ თბილისის მერიას აღნიშნული ხარჯების გაწევა მოუწევს.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, თბილისის მერიის მიერ საკრებულოში შეტანილი დოკუმენტის მიხედვით, სოციალური პროგრამების დაფინანსება შემცირდებოდა, სანაცვლოდ კი ადმინისტრაციული ხარჯები გაიზრდებოდა, ერთ კვირაში კი ვანო მერაბიშვილის მთავრობამ მერიის შუამდგომლობის საფუძველზე აღნიშნული პროგრამებისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსების გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.
პროცესები ისე ვითარდება, რომ მთავრობა და თბილისის მერია ცდილობენ მტყუან-მართალი გაარკვიონ, თბილისელები კი სავარაუდოდ, წლის ბოლომდე სოციალური შეღავათების გარეშე დარჩებიან. როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება და ვინ არის შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებელი, ამასთან დაკავშირებით for.ge-ს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, ალექსანდრე თვალჭრელიძე ესაუბრება.
ალექსანდრე თვალჭრელიძე: „ხდება ელემენტარული რამ, ვანო მერაბიშვილმა თავისი ბრძანებით (თუ არ ვცდები, თავისი პრემიერ-მინისტრობის ბოლო დღეს) თბილისელების სოციალური შეღავათები ჯანდაცვის სამინისტროს გადაულოცა, მაგრამ არავითარი დაფინანსების წყარო არ გაუხსნა. მერიამ ის ხარჯები, რომლებიც უკვე აღებული ჰქონდა ბიუჯეტიდან და მის ანგარიშზე იყო განთავსებული, მაშინვე სხვაგან გადაამისამართა. ამას მე ნამდვილად დავარქმევ ბოიკოტს, რომელიც იმისკენ იყო გამიზნული, რომ ხალხში ახალი მთავრობის წინააღმდეგ უკმაყოფილება ყოფილიყო. ამის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები ძალიან მარტივია, უბრალოდ იმ ტრანსფერებიდან, რომლებიც მერიას ეკუთვნის, დააკლდება ის თანხა, რომელიც ამისთვის არის საჭირო. მაგრამ იქ არის მეორე, ძალიან საინტერესო პრობლემა. კერძოდ, მერიას ეს სისტემა აწყობილი ჰქონდა, ტენდერები უკვე გამოცხადებული იყო, მასში უკვე იყვნენ გამარჯვებული კომპანიები და ა.შ. ჯანდაცვის სამინისტრომ კი ეს თავიდან უნდა გააკეთოს. კანონის თანახმად, მან ტენდერი უნდა გამოაცხადოს. ტენდერის ხანგრძლივობა სულ მცირე, ერთი თვე იქნება. ასე რომ, თუკი ამას სამინისტრო გააკეთებს და არა თბილისის მერია, ხალხი სოციალური დაცვის გარეშე დარჩება. როგორც მოგახსენეთ, ამას მე დავარქმევდი ბოიკოტს და ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ასეთი ქმედება სისხლის სამართლის კანონმდებლობით ძალიან მკაცრად ისჯება.
თუ გაქვთ ინფორმაცია თბილისელების სოციალური შეღავათებისთვის გათვალისწინებული თანხა მერიამ საით მიმართა?
- თავად მერიის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ეს თანხები ინფრასტრუქტურის მოწყობაში გადაამისამართეს.
ამის გაკეთების უფლება აქვს მერიას?
- ჩვენთან, საქართველოში ყველაფერია შესაძლებელი. ნებისმიერ, სხვა ქვეყანაში ბიუჯეტის ერთი მუხლიდან მეორეში გადამისამართება აკრძალულია. ნორმალურ ქვეყანაში ეს თანხა ხაზინას დაუბრუნდებოდა და გაიგზავნებოდა თხოვნა, რომ ხაზინას ეს ფული სხვა მუხლით გადმოეგზავნა უკან, ანუ ნორმალურ ქვეყნებში ასე ხდება, ჩვენთან კი - არა.
ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ ხელთ აქვს თბილისის მერიის დადგენილება, რომლითაც მან საკრებულოს მიმართა და თბილისელების სოციალური დახმარებების საკითხის მერიისთვის ჩამოჭრა მოითხოვა. ხადურის თქმით, ეს დადგენილება პროკურატურას გადაეგზავნება. როგორ შეაფასებდით ფინანსთა მინისტრის ასეთ ქმედებას?
- აბსოლუტურად სწორი ქმედებაა, ორჯერ ერთი და იგივე ხარჯების გაწევა არ შეიძლება. მერიასა და მთავრობას შორის ურთიერთობის სხვა მექანიზმი არ არსებობს, ვინაიდან ახალი მთავრობა ბიუჯეტის შესახებ 2012 წლის კანონს ზედმიწევნით ასრულებს და ორჯერ ერთსა და იმავე ხარჯებს ნამდვილად ვერ გასწევს.
ბატონო სანდრო, გასაგებია, რომ მერიამ დააშავა, მაგრამ ახალ წლამდე და შესაბამისად, 2013 წლის ბიუჯეტის ამოქმედებამდე კიდევ ორი თვეა და რა ბედი ელით იმ ადამიანებს, რომლებსაც სოციალური შეღავათები უნდა მიეღოთ?
- ამ პრობლემის მოგვარების რამდენიმე მეთოდი არსებობს. ერთი მეთოდი არის, რომ საკრებულოზე მოხდეს ზეწოლა და მან მერიის ეს დადგენილება გააუქმოს. თუ ეს არ გაკეთდება, შესაძლოა, მერიამ სისხლის სამართლის აღძვრის შიშით ეს თვითონვე გააკეთოს. თუ ეს არ მოგვარდა, მაშინ, ალბათ, ჩვენი ბიუჯეტი ზედმეტ ხარჯებს გამონახავს და მომავალ წელს, ამ თანხებს მერიას ჩამოაჭრის.
თუ შეიძლება გიგი უგულავას ქმედებასთან დაკავშირებითაც რომ გავაკეთოთ შეფასება.
- ეს არის არაჭკვიანური ქმედება. იცით რაშია საქმე, არჩეულმა ადამიანმა ასეთი ქმედებები არ უნდა გაწიოს, რადგან შესაძლოა ამან მის პირად ბედზე ტრაგიკული შედეგი იქონიოს. ბოიკოტი არასოდეს არის მომგებიანი. თუ გიგი უგულავას ჰგონია, რომ ხალხი მთავრობის წინააღმდეგ ამხედრდება, ძალიან შემცდარა. ისევე, როგორც ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ და სწორედ თბილისის მერიას სთხოვენ მისთვის კანონით დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, სწორედ ასე, ხალხი სოციალურ დახმარებებს თბილისის მერიას მოსთხოვს და შეიძლება გიგი უგულავა კაბინეტიდან გამოათრიონ. არ შეიძლება ასეთი რაღაცეების გაკეთება, რადგან შენ პრაქტიკულად შენს მოსახლეობას მძევლად იყენებ იმისთვის, რომ მთავრობას ებრძოლო. ხომ შეიძლება უფულობის გამო ადამიანი დაიღუპოს. ამიტომ, როდესაც ადამიანის ბედს მძევლად იყენებ, ამაზე უარესს, ამაზე ცინიკური არაფერი გამიგია, თუ იმ ცოცხების სკანდალს არ ჩავთვლით.
თქვენ ცინიზმი ახსენეთ და უგულავამ ამ საკითხის მთავრობის სხდომის დღის წესრიგში ჩასმაზე უარის თქმას ცინიზმის მწვერვალად მონათლა და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრს ჰქონდა უფლება, ეს საკითხი დღის წესრიგში შეეტანა. რამდენად მართებული იქნებოდა ამ საკითხის მთავრობის სხდომაზე განხილვა და რა შედეგის მომტანი იქნებოდა ეს?
- მიმაჩნია, რომ მთავრობა ჩამოყალიბებულია იმაზე, თუ რა ქმედებები უნდა განახორციელოს და მეჩვენება, რომ მეწაღემ თავისი საქმე უნდა აკეთოს, და მეფუნთუშემ ფუნთუშები აცხოს. მერიამ თავისი საქმე გააკეთოს და თავისი წილი პასუხისმგებლობა იკისროს, მთავრობამ კი - თავისი. ეს ნამდვილად მთავრობის საქმე არ არის, ეს არის მერიის საქმე. მით უმეტეს, ეს არის იმ პოლიტიკის განხორციელება, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სექტემბერში დასახა. ასე რომ, რასაც მოსახლეობას შეპირდნენ, კეთილი ინებონ და შეასრულონ. ჩვენი მთავრობის მაგივრად მე უფრო რადიკალური ვიქნებოდი და ნამდვილად სისხლის სამართლის საქმეს აღვძრავდი, რადგან ეს ყოველგვარ ზღვარს სცილდება.
სავარაუდოდ ასეც იქნება, რადგან ფინანსთა მინისტრი საქმის შესასწავლად მთავარ პროკურატურას მიმართავს.
- კი, მაგრამ დრო გადის და ხალხი კი სოციალურად დაუცველი რჩება. ამიტომ, ჩემი აზრით, უსწრაფესი ზომებია მისაღები.