ყვითელი საბოტაჟი თუ კანონზომიერი პროტესტი?

ყვითელი საბოტაჟი თუ კანონზომიერი პროტესტი?

ყვითელი ავტობუსების მძღოლების მასშტაბური გაფიცვის პირველი დღე იმით დასრულდა, რომ მძღოლებმა საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართეს და მოუწოდეს, დაიწყოს გამოძიება თბილისის სატრანსპორტო სისტემაში ჩადენილი კანონდარღვევების აღმოჩენის მოთხოვნით. მძღოლებმა პროკურატურაში შესაბამისი მიმართვა გუშინ შეიტანეს.

როგორც უფლებადამცველმა ლაშა ჩხარტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის მერის გიგი უგულავას, თბილისის სატრანსპორტო სამსახურის უფროსის აკაკი ჯოხაძის, სატრანსპორტო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ბესო ჩიკვილაძის და სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის ლევან კოპლატაძის ქმედებების შედეგია, რომ მძღოლები გაფიცვამდე მივიდნენ.

„ამიტომ, ამ ადამიანების წინააღმდეგ სახელმწიფო სისტემაში დანაშაულების გამო უნდა დაიწყოს გამოძიება, რათა დაისაჯონ დამნაშავეები“, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

მძღოლთა პროტესტი ამით არ ამოიწურება და როგორც ისინი აცხადებენ, გაფიცვა კვლავაც გაგრძელდება. ტრანსპორტის პროფკავშირების ხელმძღვანელმა ლავრენტი ალანიას თქმით, მოლაპარაკებები საკრებულოსა და თბილისის სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლებთან უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც მძღოლები საპროტესტო აქციის გაგრძელებას გეგმავენ.

16-პუნქტიანი მოთხოვნა მძღოლებმა რამდენიმე დღის წინ შეიმუშავეს და მერიას გადასცეს. გუშინ დილიდან მოყოლებული კი თბილისში ყვითელი ავტობუსების 1 300-ზე მეტი მძღოლი გაიფიცა.

ავტობუსის მძღოლები ქალაქის ხელმძღანელობისგან, ძირითადად, ხელფასების გაორმაგებასა და მუშაობის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. გარდა ამისა, გაფიცულები ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვენ, სადაც მათი უფლებები დაცული იქნება.

თბილისის სატრანსპორტო სამსახურის გენერალური დირექტორის ლევან კოპლატაძის განცხადებით, „ამ ეტაპზე ავტობუსის მძღოლებისთვის ხელფასის გაორმაგება ვერ მოხდება, რადგან კომპანიას ამის ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნია.

იგივეს ამბობს თბილისის მერის გიგი უგულავაც, რომელიც ადასტურებს, რომ ავტობუსის მძღოლების ხელფასების ზრდა მიმდინარე წლის ბიუჯეტის პირობებში ვერ მოხდება, იანვრიდან კი ეს ყველაფერი ცენტრალურ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

დღის ბოლოს სხვაგვარი პოზიცია დააფიქსირა  თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, აკაკი ჯოხაძემ.  „ყვითელი ავტობუსების გაფიცული მძღოლების მიერ დაყენებული ყველა საკითხი გადაწყვეტადია“, - აღნიშნა საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდგომ ჯოხაძემ.  მისი თქმით, მისი საქმიანობის უპირველესი სფერო მძღოლების სოციალური პირობების გაუმჯობესებაა.

საკრებულოს ფრაქცია „თავისუფლების“ თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის თქმით, მძღოლების მიერ დაყენებული 16 მოთხოვნიდან 15-ზე შესაძლებელია სიტუაცია განიმუხტოს. რაც შეეხება ერთ მოთხოვნას, ხელფასების მომატებას, ამასთან დაკავშირებით, შიხიაშვილის თქმით, სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი.

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გოგი იონათამიშვილის თქმით, მძღოლების მიერ დაყენებული მოთხოვნების უმრავლესობა განხილვის რეჟიმშია და ნაწილი დაკმაყოფილდება. საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლები მძღოლებს გაფიცვის შეწყვეტისა და სამსახურში დაბრუნებისაკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, მოლაპარაკებები მაგიდასთან უნდა გაგრძელდეს, რადგან გაფიცვებით დედაქალაქის მოსახლეობა ზარალდება.

მუნიციპალური ავტობუსების მძღოლების გაფიცვა ყველასთვის მოულოდნელი იყო, ვინაიდან, როგორც მერიაში განაცხადეს, მძღოლებს 800-ლარიანი ხელფასები აქვთ. დღეს, კი საქართველოში 800 ლარი ბევრისთვის სანატრელია და ეს საკმაოდ დიდ ხელფასად მიიჩნევა.

პარლამენტარი ზაქარია ქუცნაშილი არ გამორიცხავს, რომ თბილისის ავტობუსების მძღოლების გაფიცვა სპეციალურად გაღვივებული პროცესი იყოს დედაქალაქის მერიის მხრიდან. ამასთან, დეპუტატის თქმით, დღეს პარლამენტის აპარატის მთავარი სპეციალისტის ხელფასი 860 ლარს შეადგენს და თუ მძღოლების ხელფასი 800 ლარია, ამ ანაზღაურებას დაბალს ვერ ვუწოდებთ.

„მძღოლობა შედარებით დაბალკვალიფიციური პროფესიაა. თუ მათ მართლაც 800 ლარი აქვთ, ეს მცირე ხელფასი ნამდვილად არ არის იმ ფონზე, როდესაც პარლამენტის აპარატის მთავარი სპეციალისტი თვეში 860 ლარს იღებს“, - ამბობს ქუცნაშვილი.

იმ შემთხვევაში, თუ მძღოლების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ყვითელი ავტობუსების მძღოლებს მეტროს თანამშრომლებიც შეუერთდებიან და მოხდება მთელი ქალაქის პარალიზება.

„ცოცხების გვეშინოდა და აქამდე ხმას ვერ ვიღებდით. 17-18 საათი საჭესთან რომ იჯდება ადამიანი თითქმის შეუსვენებლად, იმას ავარია რომ მოუვიდეს, რითი იმართლოს თავი? ისეთი მძიმე სამუშაოა, რომ მორიგეობიდან მისულები სახლში კი არ ვისვენებთ, უბრალოდ, ვყრივართ.

ამხელა სამუშაო დღის განმავლობაში შესვენება მხოლოდ 20 წუთი გვაქვს. თუ იმ შენს განსაზღვრულ 20 წუთში საცობში მოყევი, იმ დღეს ვერც საჭმელს შეჭამ და ვერც საპირფარეშოში შეხვალ. ან სად არის, საერთოდ, საპირფარეშოები?

თბილისის მუნიციპალური ავტობუსების მძღოლთა საათობრივი შემოსავალი 4 ლარსა და 18 თეთრს შეადგენს. კი არ მოვითხოვთ, გვეკუთვნის. ჩვენი ხელფასი საათში 10 ლარს უნდა შეადგენდეს“, - ასეთი პათოსით დასრულდა ტრანსპორტელთა გაფიცვის პირველი დღე.