პრეზიდენტის შანსი ახალაიასთვის

პრეზიდენტის შანსი ახალაიასთვის

ბაჩო ახალაიას სასამართლო დამნაშავედ სცნობს და პატიმრობას მიუსჯის. ცოტა ხანში, მას პრეზიდენტი შეიწყალებს და მას სააკაშვილის ვადის ამოწურვის შემდეგაც ვეღარ შეეხებიან, რადგან ერთი და იგივე დანაშაულისთვის ორჯერ გასამართლება არ შეიძლება, - სავარაუდოდ ამ სცენარით განვითარდება მოვლენები ახალიასთან დაკავშირებით და ამ ვარიანტს უკვე პრეზიდენტის ქმედებებიც ამყარებს. 

ახალაიას საქართველოში დაბრუნებისთანავე გაჩნდა კითხვა, თუ რატომ დაბრუნდა და უნდა ითქვას, რომ ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობდა. ერთ-ერთი ვერსიით ის იმიტომ დაბრუნდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი საკუთარი თავის დაცვას ვერ შეძლებდა იმ ხალხისგან, ვინც ბოლო წლებში მისი უშუალო მონაწილეობით თუ ბრძანებით დაზარალდა. მეორე ვერსიით, მან რეალურად წასვლა ვერ შეძლო, რადგან თავშესაფარი არც ერთმა ქვეყანამ არ მისცა. მესამე ვერსიით კი სააკაშვილმა პირადად მისცა გარანტიები, რომ ჩამოსულიყო და ვერ დაიჭერდნენ, რადგან ახალ ხელისუფლებას მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნდა.

ცხადია, ეს ყველა ვერსია მხოლოდ ვერსიაა და ძნელია იმის მტკიცება, რომ რომელიმე აუცილებლად რეალობაა.

მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჯერ სასჯელაღსრულებიდან და შემდეგ უკვე თავდაცვიდან გამოდიოდა ამბები იმის შესახებ, თუ რა დღეში აგდებდა ახალაია პატიმრებს, ჯარისკაცებს თუ სამოქალაქო თანამშრომლებს (წლების განმავლობაში ასეთი ადამიანები, რომლებსაც ვინაობის გამხელის ეშინოდათ, ინკოგნიტოდ ყვებოდნენ ბაჩო ახალაიას მიერ ჩადენილი საქმეების შესახებ), ამიტომაც იმის მტკიცება, რომ ის უდანაშაულო იყო და ამიტომ ჩამოვიდა, ცოტა არ იყოს, ძნელი დასაჯერებელია. მით უმეტეს, რომ ჩნდება კითხვა, მაშინ საერთოდ რატომ წავიდა?

ახალაიასთან დაკავშირებით კითხვები მისმა ადვოკატმაც გაამძაფრა. ცხადია, ყოფილმა ხელისუფლებამაც კარგად იცოდა და თავად ახალაიამაც, რომ მისი ადვოკატი „ქართული ოცნების“ წევრი იყო ამ პარტიის დაფუძნების დღიდანვე, როგორც თავად ამბობს დავით დეკანოიძე. უფრო მეტიც, როგორც მან აღნიშნა, „ახალაიას რეაქცია არ ჰქონია, როდესაც ვუთხარი, რომ „ქართული ოცნების“ წევრი ვიყავიო“.

არადა, თუკი ნაციონალების ისტერიკას გავითვალისწინებთ, ახალიას ამაზე რაღაც რეაქცია აუცილებლად უნდა ჰქონოდა. მისი ურეაქციობა კი იმაზე მეტყველებს, რომ ნაციონალებს „ოცნების“ წევრის ადვოკატობა გამიზნული ჰქონდათ. ამის მიზანი კი, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, არის ის, რომ „სათქმელი ჰქონდეთ, ახალაიას უკანონო დაპატიმრებაზე თავად „ოცნების“ წარმომადგენელი ლაპარაკობსო.

რეალურად ეს არის თუ არა მიზეზი, ძნელი სათქმელია. მაგრამ ფაქტია, რომ მის ადვოკატობას სხვა ახსნა არ ეძებნება. მით უმეტეს, რომ ეს ადვოკატი მართლა აკეთებს იმ განცხადებებს, რომ ახალაიას მისამართით წაყენებული ბრალდებები უკანონოა.  

ორი დღეა საპარალამენტო უმცირესობა თავგამოდებით ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ ახალია უკანონოდ არის დაპატიმრებული და ამაში გასაკვირი არც არაფერი არ არის, მაგრამ პრეზიდენტის გუშინდელი ვიზიტი კალანდაძის ოჯახში და სატელეფონი საუბრები ახალაიას და შამათავას მეუღლეებთან აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტი ცალსახად ემიჯნება მთავრობის გადაწყვეტილებას. 

აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მას უნდოდა, საზოგადოებას ამის შესახებ გაეგო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, არანაირი ინფორმაცია არ გავრცელდებოდა. მით უმეტეს, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი ინფორმაციებიც კი არ ვრცელდება, თუკი საჭიროდ არ ჩათვლიან.

ამიტომაც სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ახალაიას ჩამოსვლით ნაციონალებმა რაღაც ჩაიფიქრეს. როგორც ჩანს, სააკაშვილმა მართლა მისცა გარანტიები ახალაიას, რომ მას ვერ დაიჭერდნენ და, თუ-კი დაიჭერდნენ, მას ციხეში არ დატოვებდა. ამისთვის კი პრეზიდენტს შეუძლია, თავისი დისკრეციული უფლება გამოიყენოს და პატიმარი ახალაია ერთპიროვნულად შეიწყალოს. ამის შემდეგ კი მას იგივე დანაშაულისთვის ვეღარ დაიჭერენ, რადგან ეს კანონმდებლობით აკრძალულია. ამიტომაც, ცხადია, რომ ახალაიას ყველა ვარიანტში ახლა დაპატიმრება ერჩივნა იმას, რომ მას გაქცეულის იმიჯი ჰქონოდა, რაც გარკვეულწილად დანაშაულის აღიარებას ნიშნავს და ამით „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საფრთხე შეექმნა და შემდეგ უკვე მასზე ან ინტერპოლით გამოეცხადებინათ ძებნა, ან ამის გარეშე დაეჭირათ და სხვა რეალობაში გაესამართლებინათ.

ამიტომაც ჩნდება ეჭვი, რომ სააკაშვილმა ახალაიასთან დაკავშირებით ეს შანსი გამოიყენა. მაგრამ ეს როგორ განვითარდება და რა პროცესები მოჰყვება, ძნელი სათქმელია.