ყოფილ თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას ბრალი დაუმძიმდა. თავდაპირველად გამოძიება მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედავებოდა, ახლა კი ბრალდებას კიდევ ერთი მუხლი, თავისუფლების უკანონო აღკვეთა დაემატა. ამჟამად, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლთან ერთად (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), ამავე კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (რაც არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა დანაშაულის დაფარვის მიზნით) და 143-ე მუხლის მესამე ნაწილის " ა" და " ე" ქვეპუნქტებით (რაც არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და თავისუფლების უკანონო აღკვეთა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით) აქვს ბრალდება წარდგენილი.
ამის შესახებ განცხადება მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ბრალის დამძიმება მას შემდეგ მოხდა, რაც გამოძიების მიმდინარეობისას კიდევ ერთი დანაშაულებრივი ეპიზოდის შესახებ გახდა ცნობილი.
"გაცნობებთ, რომ სისხლის სამართლის საქმეში, რომლის გამოძიებაც ბაჩანა ახალაიას და სხვა პირთა მიმართ მიმდინარეობს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, გამოვლენილ იქნა ახალი დანაშაულებრივი ეპიზოდი. კერძოდ, 2011 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით დილის 05.00 საათზე, დაზარალებულს, რომლის სახელსაც ამ ეტაპზე საჯაროდ არ ვასახელებთ, ბაჩანა ახალიას დავალებით საცხოვრებელ ბინაში მიაკითხა ბაჩანა ახალიასთან დაახლოებულმა პირმა, რომელმაც დაზარალებულს მოსთხოვა გაყოლოდა თბილისში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, სადაც მას ელოდებოდა ბაჩანა ახალაია. დაზარალებული მიყვანილ იქნა რესტორანში, სადაც რესტორნის კუპეში მას დახვდნენ - ბაჩანა ახალაია, გიორგი კალანდაძე და სხვა პირები. იქვე იყვნენ ბაჩანა ახალაიას დაცვის შეიარაღებული თანამშრომლები. ადგილზე მისული დაზარალებული ბაჩანა ახალაიას დავალებით გააკავეს მისი დაცვის წევრებმა. ამ დროს მათთან შევიდა დავით ჭაკუა, რომელმაც დაზარალებულს სკამი ჩაარტყა ბეჭის არეში და მას ხელ-ფეხით დაუწყო ცემა“, - აცხადებს არჩილ კბილაშვილი.
მისი თქმით, დაზარალებულის ცემაში ჩაებნენ გიგი კალანდაძე და ბაჩო ახალაია, რომლებიც დაზარალებულს იმავდროულად მოკვლით ემუქრებოდნენ. ცემა, მუქარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა გრძელდებოდა პერმანენტულად და დროგამოშვებით. ბაჩო ახალაიამ ირონიულად შესთავაზა დაზარალებულს, ხომ არ ჰქონდა მას სურვილი, მის საკუთრებაში მყოფი ძვირადღირებული ავტომანქანა ეჩუქებინა სასჯელაღსრულების დეპარტამენტისათვის. დაზარალებულმა ახალაიას თანხმობა განუცხადა იმ პირობით, რომ არ მოეკლათ და თავი დაენებებინათ. ამის შემდეგ დაზარალებულს დაარეკინეს მეუღლესთან, რომელსაც დაზარალებულმა სთხოვა, რომ მიეცა მანქანის გასაღები და გამოეტანებინა მანქანა მისი მეგობრისათვის, რომელიც მიაკითხავდა სახლში.
„ავტომანქანის მოყვანის შემდეგ ბაჩანა ახალაიამ დავალება მისცა დავით ჭაკუას და გამოძიებით დადგენილ კიდევ ერთ პირს, რომ ე.წ. "სპეცნაზის" შეიარაღებულ პირებთან ერთად წაეყვანათ დაზარალებული სადმე, სადაც დააბამდნენ და დაამწყვდევდნენ, რაც სისრულეში იქნა მოყვანილი. დაზარალებული გადაყვანილ იქნა ქ. თბილისში მდებარე გამოძიების მიერ დადგენილ ბინაში, სადაც იგი იმყოფებოდა 2011 წლის 13 სექტემბრის 21.00 საათამდე. ამის შემდეგ დაზარალებული მიიყვანეს ქ.თბილისში, ორთაჭალის ტერიტორიაზე განთავსებულ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შენობასთან, სადაც მას დაუბრუნეს კუთვნილი ავტომანქანა და გააფრთხილეს, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის ეამბნა", - განაცხადა კბილაშვილმა.
მთავარი პროკურორის განცხადებით, ეს ბრალდება მოწმეთა და დაზარალებულის ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებით და სხვა მტკიცებულებებით დასტურდება. ამასთანავე, მთავარი პროკურატურა გამოძიების ფარგლებში ამ ეპიზოდთან დაკავშირებით დაკითხული მოწმეების ჩვენებებსაც ავრცელებს. პირველი არის თავად დაზარალებულის ჩვენება, სადაც ის მომხდარს დეტალურად აღწერს. მისი განცხადებით, ბაჩო ახალაიას დავალებით სახლში მიაკითხეს და წაიყვანეს ერთ-ერთ რესტორანში, სადაც ახალაია მას ელოდებოდა.
დაზარალებულის ჩვენება ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ
„რესტორნის კუპეში დამხვდნენ ბაჩო ახალაია გ. მ.; გ. ა. და ჩემთვის უცნობი ორი კალათბურთელი, ასევე დაცვის ორი ბიჭი, რომლებიც იყვნენ შეიარაღებულები. ისინი სახეზე ვერ ვიცანი. იქ კიდევ იყო ერთი ადამიანი, რომლის გვერდზეც მე დამსვეს. ჩემს უკან და მარცხნივ მედგნენ ბაჩოს დაცვის თანამშრომლები. მაგიდასთან მსხდომნი ქეიფობდნენ და ეტყობოდათ, რომ იყვნენ ნასვამები. ჩემგან მარჯვნივ იჯდა ახალგაზრდა მამაკაცი, იგი იყო დაახლოებით 30 წლამდე და იმ ბიჭზე ბაჩომ მკითხა ვიცნობდი თუ არა მას, მე ვუთხარი, რომ არ ვიცნობდი. ამ ბიჭმა მითხრა, რომ ის იყო გიგი კალანდაძე. ბაჩომ მითხრა, რომ გიგი არის ომის ვეტერანი და შენ მას უნდა იცნობდეო, თან თქვა რომ ეს ის ბიჭია, რომელსაც ტელეფონზე აგინეო. ამ დროს გიგი კალანდაძემ სუფრიდან აიღო რკინის კოვზი შემაგინა დედის მისამართით და თავში ჩამარტყა, რა დროსაც მე იმ ბიჭს დავარტყი ხელი სახეში. ამის შემდეგ დაცვამ გადამიგრიხა ხელები, მე ვცდილობდი გამენთავისუფლებინა თავი მაგრამ ვერ შევძელი. ისინი მცემდნენ რითაც შეეძლოთ. ამ დროს გ. ბ. შეეცადა დავეცავი და ბაჩოს უთხრა, რომ კარგი გეყოფათ ჩვენიანიაო, რაზეც ბაჩომ მას პანღური ამოარტყა, შეაგინა და გარეთ გააგდო, ხოლო დაცვას უბრძანა, რომ შიგნით აღარ შემოეშვათ. ამის შემდეგ ბაჩო მომიბრუნდა მე და დამიწყო გინება დედის მისამართით, რამოდენიმეჯერ სახეში ჩამარტყა ხელი. დაცვას ამ დროს მე ვყავდი გაკავებული. მირტყამდა ძირითადად კალანდაძე. როდესაც იგი დაიღალა ჩემი ცემით ბაჩომ ჩამისხა დიდ ჭიქაში არაყი და მითხრა დალიეო. ამ საუბრის დროს შემოვიდა კუპეში დ. ჭ., რა დროსაც მე მოვკიდე ჭიქას ხელი ავიღე და ვთქვი ბაჩოს მისამართით რაზე მცემთ, ის მაინც მითხარით, თუ ამის გულისთვის მცემთ რომ იმ კაცს ვაგინეო ისიც ხომ მაგინებდაო. ამ დროს დ. ჭ. წამოხტა ფეხზე. შენი ბაჩო ვინ არისო. შემაგინა დედა, ხელში აიღო სკამი და დამარტყა ბეჭებში. დაცვის ერთმა თანამშრომელმა ჭ-ს ხელიდან გამოართვა სკამი, რის შემდეგ ჭ-მ განაგრძო ჩემი ცემა ხელებით და ფეხებით, მირტყამდა სახის არეში. მე, როგორც კი მომეცა საშუალება კვლავ შევეკითხე ბაჩოს თუ რისი გულისთვის მცემდნენ. ამ დროს ბაჩო შემომიბრუნდა და მითხრა ხომ არ მქონდა სურვილი ჭ.-ს სასჯელაღსრულებისათვის ჩემი მანქანა მეჩუქებინა. მე იმ დროს დავდიოდი ჩემი კუთვნილი ბეემვეს მარკის ავტომანქანით. ბაჩომ დააყოლა, მე რომ სამსახურიდან მომიწიოს წასვლა სახლ-კარიც კი არ მაქვსო. მე იქვე ბაჩოს განვუცხადე რომ დაუყოვნებლივ გადავცემდი საჩუქრად ჭ-ს ჩემს მანქანას, ოღონდ მათ ჩემთვის დაენებებინათ თავი. ბაჩომ დაცვის ბიჭებს დააბრუნებინა ჩემთვის წართმეული ტელეფონი და მითხრა, რომ დამერეკა სახლში ჩემთან და მეუღლისთვის მეთქვა, რომ მივიდოდა ჩემი მეგობარი გ. მ. და წამოიყვანდა მანქანას. მე მართლაც დავრეკე და გ-მ ჩამოიყვანა მანქანა. როდესაც მანქანა მოიყვანეს, მე, ბაჩოს ვუთხარი რომ პირობა ხომ შევასრულე და ეხლა სახლში გამიშვითქო. ამ დროს გიგი კალანდაძე წამოხტა ფეხზე და კვლავ დამიწყო ცემა და მთხოვდა დავჩოქილიყავი და ბოდიში მომეხადა. მე, ეს არ გავაკეთე. ამ დროს ყველამ ჭ-მ, ბაჩომ, კალანდაძემ დამიწყო ცემა, თან მაგინებდნენ დედის მისამართით. ასევე მემუქრებოდნენ მოკვლით. ამ დროს დაცვა მეხვეწებოდა იქნებ დაიჩოქო მართლა არ მოგკლანო, ამ სიტყვებზე მე ვუთხარი, რომ მირჩევნია მესროლონ და მომკლან ვიდრე დავიჩოქო.
ბაჩომ და ჭ-მ თქვეს არც შენ იქნები პირველი და არც უკანასკნელი ცოტა მოგვიკლიაო თუ რაო. ბაჩო მიუბრუნდა ჭ-ს და გ. მ.-ს და უბრძანა სპეცნაზის ბიჭებთან ერთად სადმე წაიყვანეთ დააბით და დაამწყვდიეთო. გიგი კალანდაძე მცემდა იარაღის ტარით, რომელიც შემდეგ წაართვა დაცვამ. როცა ჩემს ცემას მორჩნენ ყველანი წავიდნენ ბაჩოსთან ერთად გ. მ.-ის და ბაჩოს დაცვის ერთი წევრის გარდა. სუფრასთან მყოფი პირების მობილური ტელეფონების ნომრები ჩემთვის უცნობი იყო და მათათან მე ტელეფონით არ მისაუბრია. აქვე უნდა ავღნიშნო რომ იმ სუფრასთან მყოფ კალათბურთელებს ჩემთვის ხელი არ დაურტყამთ და არც ვიცნობდი მათ. შემდეგ ჩამსვეს მიკროავტობუსში. ოთხმა სპეცნაზელმა დამადო ხელბორკილი და წამიყვანეს ორთაჭალაში დანგრეული ციხის გვერდით შენობასთან, იქ გავჩერდით და ველოდებოდით ვიღაცას. ამ დროს უკვე გათენდა. რამოდენიმე ხანში მანქანასთან მოვიდა გ. მ. გადამსვეს მის მერსედესში და წამიყვანეს გლდანის მიმართულებით. გვერდით მეჯდნენ სპეცნაზის ბიჭები, რომლებსაც მე არ ვიცნობდი. ყველანი იყვნენ სამოქალაქო ფორმებში. მათ მიმიყვანეს გლდანში მრავასართულიანი ბინის პირველ სართულზე ერთ-ერთ ბინაში რომლის ჩვენებასაც შევძლებ. სადარბაზოს შესასვლელიდან ბინა მდებარეობდა ხელმარჯვნივ, მას ქონდა რკინის კარი. ბინა იყო სამოთახიანი. დამაჯინეს მისაღებ ოთახში ტახტზე, რომლის წინ იდგა შუშის სასადილო მაგიდა, რომელსაც ქონდა ორი თარო, დაბლა თაროზე დაცვის ბიჭებმა დააწყვეს იარაღები და დაიწყეს ჯოკრის თამაში. ტელეფონი წართმეული მქონდა. დაცვის ბიჭებმა მითხრეს, რომ თუ გაქცევას არ შევეცდებოდი ხელბორკილებს მომხსნიდნენ, რაც გააკეთეს. იქნებოდა შუადღე, რომ მოვიდა ბინაში გ.მ. და მოიტანა სამკურნალო კრემი. მან სპეცნაზის ბიჭებს უთხრა სახეზე წაუსვითო და მიხედეთო. მე მომეცა ცოტა იმედი რომ აღარ მომკლავდნენ. საღამოს ბიჭებს ვთხოვე დამარეკინეთ მ-სთან, მათ დამარეკინეს მართლაც, მე გ. მ-ს ვუთხარი გამიშვით სახლში და ვიტყვი რომ ავარიაში მოვყევი და არანაირი პრობლემა არ გექნებათო, მან მიპასუხა ბაჩოს შევუთანხმებ და პასუხს გაგაგებინებო. იმ ღამით მე აღარავინ დამკავშირებია. საღამოთი დაცვის ბიჭებმა წამიყვანეს ისევ ორთაჭალაში დანგრეული ციხის წინ და გავჩერდით. ცოტა ხანში მოვიდა გ.მ. გადმომიყვანა მანქანიდან და მითხრა რომ გამიშვებდნენ იმ შემთხვევაში თუ არსად არაფერს განვაცხადებდი და ვიტყოდი რომ მოვყევი უბრალოდ ავარიაში,მე დავეთანხმე მას. მ. კვლავ დამემუქრა თუ კი სადმე რამეს ვიტყოდი დამალპობდნენ ციხეში. თუ არადა ჩამცხრილავდნენ მანქანაში, მე ვთქვი მანქანა აღარ მყავს მეთქი და როგორ ჩამცხრილავთო. მან მითხრა, რომ დაგიბრუნებთო და მართლაც 10 წუთში ჩემი მანქანა მომიყვანეს და დამიბრუნეს. მე გამიშვეს სახლში. სახლში რომ დავბრუნდი მეუღლეს ც. დ-ს ვუთხარი რომ მოვყევი ავარიაშიო. რამოდენიმე დღის შემდეგ ჩემს მეუღლეს მოვუყევი რაც მოხდა სინამდვილეში.
ჩემი მოტაცებიდან დაახლოებით 10 დღის შემდეგ ჩემს მობილურ ტელეფონზე დაფარული ნომრით დამიკავშირდა უცნობი პიროვნება, რომელმაც მითხრა რომ გაილახე ვალს მაინც რატომ არ აბრუნებო. მე ვკითხე ვისი ვალი მაქვსო? კარგად იციო მიპასუხა და გამითიშა ტელეფონი. მე აქვე მინდა ავღნიშნო, რომ არავისი ვალი არ მქონია. ჩემთვის უცნობია ბაჩოსგან და მისი მეგობრებისგან ჩემი ცემის ნამდვილი მიზეზი, ვინაიდან მათთან მე არასოდეს არ მქონია რაიმე ქონებრივი ან კიდევ ფინანსური ურთიერთობა და შესაბამისად მათი ვალი ვერ მექნებოდა. მათ ჩემთან რაიმე სახის მოთხოვნა არ წამოუყენებიათ. მე ამ ამბის შესახებ არსად არ განმიცხადებია ვინაიდან მეშინოდა მათი”.
მოწმის (დაზარალებულის მეუღლის) ჩვენება
„2011 წლის სექტემრის შუა რიცხვებში, ზუსტი თარიღი არ მახსოვს, იქნებოდა დაახლოებით დილის 4 საათი, გამაღვიძა ჩემი მეუღლის ხმამაღალმა სატელეფონო საუბარმა, ზ. ვიღაცას ესაუბრებოდა მობილურით და თან იგინებოდა, საუბარი გაგრძელდა დაახლოებით 10-15 წუთი. როდესაც საუბარს მორჩა შევეკითხე, თუ ვისთან ჰქონდა საუბარი, მან მითხრა ვიღაცამ დამირეკა და ცოცხალი და მკვდარი მაგინაო. საუბრის დამთავრებიდან დაახლოებით ნახევარ საათში ბინის კარზე ატყდა ბრახუნი, მე და ზ. ავდექით, ჩამოვედით პირველ სართულზე, მეუღლემ გააღო კარი და დავინახე კართან იდგა გ. ბ., მან უთხრა ზ.-ს სასწრაფოდ ჩაიცვი და წამომყევი რესტორანში ვქეიფობთო. მეუღლემ ჩაიცვა და გაჰყვა. ზ.-ს ვუკავშირდებოდი მობილურ ტელეფონზე, მაგრამ მას ტელეფონი გათიშული ჰქონდა. გარკვეული დროის შემდეგ დამირეკა ზ.-მ და მითხრა, ახლობელი მოვა და ჩვენი მანქანის გასაღები მიეცი და მანქანას წამოიყვანსო. ბმვ-ს მარკის ავტომანქანა, იდგა ეზოში, მართლაც მოვიდა ვიღაც ახალგაზრდა, ჩემთვის უცნობი პირი, მითხრა ზ.-მ გამომაგზავანაო, მივაწოდე გასაღები და მანქანა წაიყვანა.
მეუღლე მთელი დღის განმავლობაში რომ არ გამოჩნდა და ვერც მობილურ ტელეფონზე დავუკავშირდი, ვინაიდან გათიშული იყო, იძულებული გავხდი გ. ბ.-სთვის დამერეკა და გამერკვია ზ.-ს შესახებ. ჩემი მობილური ტელეფონით დავურეკე გ-ს და ვკითხე სად იყო ჩემი მეუღლე, მან მითხრა რომ არაფერი საშიში არ არის, არ ინერვიულო მალე მოვაო. საღამოთი ზ. მოვიდა სახლში ჩვენივე მანქანით, იგი იყო მძიმე მდგომარეობაში, კერძოდ სახე ჰქონდა გასიებული, თვალებიდან ძლივს იყურებოდა, თავზე ჰქონდა სისხლის ლაქები, შევეკითხე რა მოხდა, რაზედაც მიპასუხა, რომ ავტოავარიაში მოყვა და ეს დაზიანებები იქ მიიღო. მან რამდენიმე დღე იმკურნალა სახლში. დაახლოებით ათი დღის შემდეგ ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ ის ავტოავარიაში არ მოყოლილა და, რომ მას სცემა ბაჩო ახალაიამ თავის თანამშრომლებთან ერთად, მიზეზი არ დაუსახელებია. ზ-მ ასევე მითხრა, ბაჩომ გამაფრთხილა არსად თქვა ამის შესახებ, თორემ რაც მოგივა შენს თავს დააბრალეო და ზ.-ს ამ ფაქტთან დაკავშირებით არსად განუცხადებია“
მოწმე, რომელმაც დაზარალებული სახლიდან გაიყვანა და ბაჩო ახალაიას რესტორანში მიუყვანა
„2012 წლის ივლისამდე ვმუშაობდი საქართველოს თავდაცვის სამინიტროში, ამჟამად ვმუშაობ შინაგან საქმეთა სამინსტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში. როგორც მახსოვს 2005 წელს მე და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მოვნათლეთ ჩვენი მეგობრის ზ. ა. შვილი. 2011 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, გამთენიისას დამირეკა თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალიამ და მკითხა სად ხარო, მე ვუპასუხე, რომ ვიმყოფებოდი სამსახურში, მან მითხრა, მობილურ ტელეფონზე ვერ ვუკავშირდები ზ. ა-ს, ნახე და მიმიყვანეო რესტორანში. წავედით მე და ჩემი თანამშრომელი კ. კ. ზ. ა.–სთან სახლში. დავაკაკუნენთ მისი ეზოს კარზე, გამოიხედა ზ. და მისმა მეუღლემ. ზ-ს ვუთხარი, რომ მასთან შეხვედრა სურდა ბაჩო ახალაიას, მკითხა რა თემაზეო, მე ვუპასუხე, რომ დამირეკა და მითხრა მომიყვანეო. ვუთხარი, რომ ჩაეცვა ტანსაცმელი და წამომყოლოდა. მართლაც მივედით რესტორანში, ისხდნენ ბაჩო ახალაია, გიგი კალანდაძე, გ. ა., და დაცვის წევრები. შევედით ერთად, რა დროსაც ზ. მიესალმა ბაჩოს და მიმართა სახელით: „ბაჩო როგორ ხარო“, აღნიშნულზე გიგი კალანდაძემ ზ-ს უთხრა, თუ როგორ მიმართე მინისტრს სახელითო და დაუწყო ყვირილი. ამ დროს მე გამოვთქვი პრეტენზია ამ დაძაბულობის და ყვირილის მიმართ რადგან ვიცოდი რომ გიგი და ზ. ერთმანეთს არ იცნობდნენ და შევეცადე განმემუხტა სიტუაცია, ამ დროს მინისტრმა მომმართა ეს შენი საქმე არ არის და წადი სამსახურში და მიხედე შენს საქმესო. აღნიშნულის შემდეგ მინისტრის დაცვის თანამშრომელმა რომელსაც ვერ ვიხსენებ გამომაცილა მანქანამდე. მე მანქანაში ჩაჯდომისთანავე არ დავძრულვარ, ვიდექით რამდენიმე წუთი, არ მინდოდა ზ-ს მარტო დატოვება, მაგრამ მოვიდა მინისტრის დაცვის თანამშრომელი და მომთხოვა დამეტოვებინა ტეროტორია. მე ვუთხარი კ-ს წავიდეთ სამსახურშიო და მართლაც წავედით.
რამოდენიმე საათის შემდეგ მე ჩემს მობილურზე ტელეფონზე დამირეკა ზ-ს მეუღლემ და მკითხა თუ სად იყო მისი მეღლე, მე ვუთხარი გავარკვევ და დაგირეკავთქო. მე ვიყავი სამინისტროს ტერიტორიაზე, რა დროსაც შემხვდა მინისტრის დაცვის უფროსი თ. ტ., რომელსაც ვკითხე ზ. ადგილსამყოფელი, რაზეც მან მიპასუხა რომ ზ. არის მინისტრთან ერთადო და მივა სახლშიო. ამის შემდეგ მე დავურეკე მის მეუღლეს, გადავეცი, რაც მითხრა თ. ტ-მ . თ. ც. მოგვიანებით კიდევ დამირეკა თუ არა, ვერ ვიხსენებ. აღნიშნულიდან მე–3 დღეს ზ. დამირეკა და მთხოვა შეხვედრა. ზ. შევხვდი პლეხანოვზე მას თვალებში ქონდა ჩალურჯებები და მკითხა ასე რომ გამიმეტა გიგი კალანდაძემ, საიდან უნდა ვიცნობდე ან ის საიდან მიცნობსო. მე მას ვუთხარი, წარმოდგენა არ მაქვს-მეთქი. ამის შემდეგ გავაგრძელეთ საუბარი თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ცემის მიზეზი, თუმცა ვერცერთმა ვერ ავხსენით ეს.
მოგახსენებთ, რომ ზ-ს ქონდა 2007 წლიდან ჩემი პირადი ვალი, რომელიც მან ნაწილ–ნაწილ გადამიხადა, დარჩენილი აქვს დაახლოებით 16 000 აშშ დოლარი, მაგრამ მისი ცემის მიზეზი ეს არ ყოფილა. სუფრასთან მყოფმა პირებმა ამის შესახებ არაფერი არ იცოდნენ.“
კიდევ ერთი მოწმე, რომელსაც დაზარალებული ახალაიას ბრძანებით რამდენიმე საათის განმავლობაში დამწყვდეული ჰყავდა
„2011 წლის სექტემბერში, ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, დილით წავედი სამსახურში. გზაში ჩემს მობილურ ტელეფონის ნომერზე დამირეკა ჩემმა უფროსმა გ. მ. და მითხრა, შენ და მ. დ. გადმოდით დეპარტამენტის წინო. რამოდენიმე წუთში ჩემი ავტომანქანით მე და მ. დ. მივედით აღნიშნულ ადგილზე, სადაც დამხვდა გ. მ. და ჩემთვის უცნობი სამი პიროვნება, როგორც მოგვიანებით შევიტყვე მათგან ერთ-ერთი იყო ზ. ა. (დაზარალებული), დანარჩენი ორი იყვნენ სპეცრაზმის თანამშრომლები, მათი სახელები და გვარები ჩემთვის დღემდე უცნობია. გ. მ. გვითხრა ჩვენ, რომ ზ. ა. გყავდეთ თქვენ სანამ მე არ დაგირეკავთო. ამის შემდეგ გ-მ გვკითხა ხომ არ გვქონდა ვინმეს ბინა თბილისში, რაზედაც ვუთხარი, რომ ქ. თბილისში, მუხიანის დასახლებაში მქონდა ბინა, რომელიც იმ პერიოდში იყო დაკეტილი და იქ არავინ ცხოვრობდა, რაზედაც გ-მ თქვა, რომ წამეყვანა ჩემს ბინაში. მე, მ. დ. და ორმა სპეცრაზმელმა ჩავისვით ზ. ა. ჩემს კუთვნილ ავტომანქანაში და წავიყვანეთ მუხიანში, ჩემს ბინაში. ზ. ა. იყო ძალიან ნაცემი და თვალის არეებში ჰქონდა სილურჯეები. როგორც მახსოვს ა.–სთვის მანქანაში არაფერი მიკითხავს, არც თვითონ უსაუბრია რამეზე.
მე არ ვიცოდი და არც მაინტერესებდა თუ ვინ ცემა ზ. და ჩვენთან ყოფნის პერიოდში ზ. ბორკილი მე მანქანაში არ შემინიშნავს, თუმცა სახლში შესვლის შემდეგ მას ბორკილები ეკეთა, რომელიც მოგვიანებით შეხსნეს. ზ.-ს თავისი პირადი ტელეფონი თან არ ქონდა, მისი ტელეფონი გათიშული გვქონდა ჩვენ. საჭმელზე წასვლის წინ მ. დ. ზ.-მ სთხოვა აფთიაქიდან რაიმე საცხი წამოეღო სახეზე წასასმელად, რომელიც მ-მ მალევე მოუტანა და ზ-მ წაისვა სახეზე. მან გვთხოვა ტელეფონიდან დამარეკინეთ მეუღლესთან, რომ არ ინერვიულოსო, რაზედაც ჩვენ გ.–სგან ავიღეთ ნებართვა დარეკვის შესახებ და ზ.-ს დავარეკინეთ მისი ტელეფონიდან მეუღლესთან, რომელსაც უთხრა „არ ინერვიულო, მალე მოვალო“, რის შემდეგაც ჩვენ ზ.-ს ტელეფონი გამოვართვით და გამოვრთეთ. როდესაც ღამდებოდა ჩვენთან დარეკა გ. მ. და გვითხრა ზ. მიგვეყვანა დეპარტამენტთან. მისვლისას დაგხვდა გ., რომელთანაც გადავიდა ზ. და დაიწყეს ერთმანეთში საუბარი. მე ვიდექი მოშორებით და თუ რაზე საუბრობდნენ არ მესმოდა. მათი საუბრის დროს მოიყვანეს თეთრი ფერის ავტომანქანა, რომელშიც ჩაჯდა ზ. და წავიდა, რის შემდეგაც ჩვენც დავიშალეთ.“