ქართველმა მენავთობეებმა ბოლო ერთი თვის განმავლობში რამდენიმე კომბინაცია ჩაატრეს: კარტელური შეთანხმების შესანიღბად, ვითომდა სხვადასხვა ფასები დაადგინეს და საწვავის გაიაფების პროცესში მხოლოდ ნაკლებად მოხმარებად პროდუქტებზე დაწიეს ფასი, ხოლო ყველაზე მოთხოვნადი საწვავი (“რეგულარი”) თითქმის არ გაუაფებიათ. ამით მენავთობეები ორი კურდღლის დაჭერას აპირებენ - საკუთარი ზემოგება არ შეიმცირეს და ბაზარზე მოჩვენებითი კონკურენტული ფონი შექმნეს.
ამასობაში მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ღირებულება მკვეთრად შემცირდა. 1 ტონა ბენზინის საბითუმო ფასმა 200 დოლარით იკლო. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ნავთობკომპანიები გაიაფების პროცესის გაგრძელებას აღარც აპირებენ.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2012 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში საქართველოში საწვავის იმპორტმა (ბენზინი და დიზელის საწვავი) 692,6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 24 ათასი ტონით აღემატება 2011 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მათ შორის აღნიშნულ პერიოდში იმპორტირებულ იყო 316,1 ათასი ტონა ბენზინი და 376,5 ათასი ტონა დიზელის საწვავი.
მთლიან მოცულობაში “რეგულარის” ტიპის ბენზინის იმპორტმა შეადგინა 70%, პრემიუმისა - 27%, სუპერის - 3%. რაც შეეხება დიზელის საწვავის სტრუქტურას, ევროდიზელის იმპორტმა შეადგინა 30%, ხოლო ელ-62 მარკის დიზელის საწვავმა - 70%.
ქვეყნების მიხედვით ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან - 266,9 ათასი ტონა, საიდანაც იმპორტირებულია მხოლოდ “რეგულარის” ტიპის ბენზინი და ელ-62 დიზელის საწვავი. სხვა ქვეყნებიდან ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: რუმინეთი - 186,3 ათასი ტონა, ბულგარეთი - 147,0 ათასი ტონა, რუსეთი - 53,6 ათასი ტონა, იტალია - 23,6 ათასი ტონა, საბერძნეთი - 13,0 ათასი ტონა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, მიმდინარე წელს საწვავის ფასები მაღალ ნიშნულზე იდგა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეკორდულად ყველაზე მაღალი ფასებიც კი ფიქსირდებოდა. მიუხედავად ამისა, საწვავის მოხმარება, არა თუ შემცირდა, პირიქით გაიზარდა კიდეც.
ამ მონაცემების მოყვანა იმისთვის დაგვჭირდა, რომ თვალნთლივ გვეჩვენებინა სანავთობო ბაზარზე არსებული განუკითხაობა, რომელიც ბოლოდროინდელი პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, კიდევ უფრო გაძლიერდა. როგორც მონაცემებიდან ჩანს, საქართველოში, ძირითადად, აზერბაიჯანულ ბენზინს (“რეგულარს”) მოიხმარენ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი თვეა საწვავი თვალშისაცემად იაფდება, ხოლო ახალი ხელისუფლება კომპანიებს ფასების შემცირებისაკენ მოუწოდებს, ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა.
არჩევნების შემდეგ საქართველოში საწავავი რამდენი თეთრით მართლაც გაიაფდა, მაგრამ მხოლოდ “პრემიუმი” და “სუპერი”. მათი წილი საერთო მოხმარებაში კი მხოლოდ 30%-ია. აზერბაიჯანული “რეგულარი” თითქმის არ გაიფებულა (მხოლოდ 2 თეთრით), არადა ავტომფლობელების 2/3 სწორედ ამ საწვავს მოიხმარს.
საერთაშორისო ბირჟებზე 1 ტონა ბენზინის ღირებულება 900 დოლარის ფარგლებშია, რაც 1 თვის წინანდელ მაჩვენებელს 200 დოლარზე მეტით ჩამოუვარდება. მენავთობეები კი ყურსაც არ იბერტყავენ. არადა, ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდშიც კი მსოფლიო ბაზარზე არსებულ ტენდენციებზე მეტ-ნაკლებად რეაგირებდნენ.
“რომპეტროლის” კომერციული დირექტორის თენგიზ ჭიჭინაძის განცხადებით, კომპანია, ჯერჯერობით, საწვავის გაიაფებას არ აპირებს. მისი თქმით, “რომპეტროლის” ქსელში “რეგულარის” ტიპის საწვავი ისედაც კონკურენტებზე იაფია, შესაბამისად, გაყიდვების მაჩვენებელი არის გაზრდილი.
“გაიაფებას არ ვაპირებთ, მიზეზი არის ის, რომ საბაზრო ფასია. ყველაზე იაფად ვყიდით საწვავს და ხალხი კმაყოფილია. გაიზარდა გაყიდვების მაჩვენებელიც”, - ამბობს თენგიზ ჭიჭინაძე.
7 ნოემბრის მონაცემებით, “პლატცის” საერთაშორისო ფასები ასე გამოიყურება: 1 ტონა ბენზინი 918 დოლარი ღირს, ხოლო 1 ტონა დიზელი - 920 დოლარი. თუკი დეტალურად გამოვითვლით, საქართველოში იმპორტირებული 1 ლიტრი ბენზინის საბითუმო ფასი 1,6 ლარს არ აღემატება, ხოლო დიზელისა - 1,82 ლარს. აქედან გამოდინარე, ყოველ გაყიდულ ლიტრზე ნავთობკომპანიებს მინიმუმ 50 თეთრი რჩებათ, ხოლო დიზელის შემთხვევაში უფრო მოკრძალებულ ულუფას ჯერდებიან - 25-30 თეთრი.
ასოციაცია “სოლიდარობა ეროვნული ინტერესებისათვის” ხელმძღვანელის ბექა კემულარიას განცხადებით, კომპანიებმა საწვავი კი გააიაფეს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. “დღეს ბაზარზე ისევ მონოპოლიური ფასია, თუმცა კომპანიებს კარტელური გარიგება რომ შეენიღბათ, რის შესახებაც ბოლო პერიოდში ბევრი საუბრობს, საწვავს სხვადასხვა კომპანიამ სხვადასხვა ფასი დაადო. ეს არ ნიშნავს, რომ ამ ბაზარზე კონკურენტული ფასებია და მონოპოლია აღარ არსებობს”, - ამბობს ბექა კემულარია.