2006 წელს, 28 იანვარს გამთენიისას, ახალგაზრდა ბანკირი, სახელად სანდრო გირგვლიანი, თბილისის ერთ კაფეში მეგობარ გოგონასთან შესახვედრად მივიდა. გოგონა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანთა ჯგუფთან ერთად იჯდა, მათ შორის იყო შინაგან საქმეთა მინისტრის ცოლიც. გირგვლიანმა უკმაყოფილება გამოთქვა იმაზე, რომ ქალი მისთვის უცნობ კაცებთან იყო და ზოგიერთი მათგანი უხეშად მოიხსენია. ცამეტი საათის შემდეგ სამმა მეგობარმა მისი ნაცემი, დალურჯებული და მრავალგზის დაჭრილი ცხედარი ქალაქის გარეუბანში იპოვა.
ქუჩაში დემონსტრანტები გამოვიდნენ და ვანო მერაბიშვილის, იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ. პოლიციამ ოთხი ჩინოვნიკი აიყვანა რამდენიმე ბრალდებით, მათ შორის იყო მკვლელობა, რომელიც განზრახ მიყენებულმა ჭრილობებმა გამოიწვია. სასამართლომ ყველა ბრალდებაზე, ერთის გარდა, მათ პატიმრობა მიუსაჯა: ერთს – შვიდ-ნახევარი წელი, ხოლო სამ დანარჩებს – ექვს-ნახევარი.
ეს საქმე საქართველოს სასამართლო სისტემის ზოგიერთ ნაკლოვანებებზე მიგვითითებს. გასულ წელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაასკვნა, რომ გამოძიება ცუდად ჩატარდა. ერთ-ერთი ჩინოვნიკი, რომელიც კაფეში იმყოფებოდა, აკონტროლებდა ეჭვმიტანილებსაც და გამომძიებლებსაც, რაც აშკარად იყო ინტერესთა კონფლიქტი. განცხადებები განადგურებულ სამხილებზე უგულებელყოფილი იქნა. სასჯელი არაადეკვატური იყო: 2008 წელს პრეზიდენტმა ისინი შეიწყალა და სამივე მსჯავრდებული 2009 წლის სექტემბრისათვის გაათავისუფლეს. მას შემდეგ, რაც საქმეში სტრასბურგის სასამართლო ჩაერთო, მთავრობამ სამხილები ან დაგვიანებით, ან საერთოდ არ წარმოადგინა.
თეა წულუკიანი, საქართველოს იუსტიციის ახალი მინისტრი, რომელიც წინათ, როგორც იურისტი, ევროპის სასამართლოში მუშაობდა, საქმის ხელახლა გამოძიებას აპირებს. მას ზურაბ ჟვანიას, ყოფილი პრემიერმინისტრის გარდაცვალების შესწავლაც უნდა. ცნობილი იყო, რომ ჟვანია 2005 წელს ნახშირბადის მონოქსიდით გარდაიცვალა. (მისი ძმა აცხადებს, რომ მთავრობის მაღალჩინოსნებმა პირი შეკრეს საქმის მისაჩქმალად).
ახალი მთავრობის საპარლამენტო პროგრამაში გათვალისწინებულია სხვა ისეთი პროექტები, რომელთა მიზანია კანონის უზენაესობის განმტკიცება. მოსამართლეებს უკეთესი წვრთნა ჩაუტარდებათ. ახალი წესები ხელს შეუწყობს მათ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. პოლიტიკური გავლენა პროკურორის ოფისზე შემცირდება. პარლამენტი ვალდებული იქნება, განიხილოს ქვეყნის ომბუდსმენის რეკომენდაციები. რადგან წარსულ მთავრობასაც სურდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის განმტკიცება, ამიტომ ამ მიმართულებით საერთო პოზიციის მოძიება შესაძლებელია.
გეგმამ, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნას დროებითი საპარლამენტო კომისია, რათა გადაიხედოს წარსული მთავრობის „კრიმინალური ქმედებანი“, უფრო მეტი უთანხმოება გამოიწვია. ასეთი ეპიზოდები ცხარე დებატების მიზეზი გახდა. მაგალითად, ასე მოხდა 6 ნოემბერს ბაჩო ახალაიას, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის (და სააკაშვილის მხარდამჭერის) დაპატიმრების შემდეგ. ის თანამდებობიდან გადადგა სექტემბრის ბოლოს ციხის სკანდალის გამო. მას ბრალად ედება ძალაუფლების ბოროტად გამოყენება იმ დროს, როდესაც თავდაცვის მინისტრად მსახურობდა.
გიორგი კალანდაძეს, საქართველოს მთავარი სამხედროს დაპატიმრება 7 ნოემბერს, ამავე საქმის ნაწილად განიხილება. ახალი მთავრობა ამბობს, რომ დაკავება ჩვეულებრივი სამართლებრივი ქმედებაა, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით („ნაციონალური მოძრაობა“ იყო მანამდე მთავრობაში), დაკავებები პოლიტიკურად მოტივირებულია.
ზემოხსენებულ კომისიას პრობლემები ექმნება. ჯერ ერთი, მანდატი ზედმეტად ფართოა: საპარლამენტო პროცედურა მოითხოვს, რომ საგამოძიებო კომისიებს უფრო კონკრეტული მიზანი ჰქონდეს. გარდა ამისა, დღის წესრიგში დგას კომისიის დაკომპლექტების საკითხი. „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი თავმჯდომარის დანიშვნას ითხოვს, რადგან წინასაარჩევნო დაპირებებში, საპარლამენტო უმცირესობის წასახალისებლად, „ქართულ ოცნებას“ ასეთი პირობა ჰქონდა მიცემული. თუ მხედველობაში მივიღებთ განსახილველ საკითხს, „ნაციონალური მოძრაობა“, ალბათ, მიზანს ვერ მიაღწევს. პირიქით, კომისიის სავარაუდო თავმჯდომარე თინა ხიდაშელი იქნება, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილი ოპონენტი. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა მოუწოდა ძველ და ახალ მთავრობას, უარი თქვან „რევანშსა და მტრობაზე“. გაურკვეველია, რას მოიტანს კომისიის საქმიანობა, შერიგებას თუ რევანშს.
ამ ორ მთავარ პოლიტიკურ ძალას ერთმანეთი ნამდვილად არ უყვარს. ახალი მთავრობის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია სააკაშვილის ხარჯების მნიშვნელოვანი შეკვეცა. განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა პრეზიდენტის სასახლის შენახვის ხარჯებმა. ქვეყანაში, სადაც ასეა მოდებული სიღარიბე და უმუშევრობა, ეს რაციონალური წუხილია. მაგრამ დავის საჯარო ხასიათი ხაზს უსვამს ივანიშვილის მიდრეკილებას პოლიტიკური ქულების ჩაწერისაკენ. იმის გამო, რომ მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებია, ხოლო ერთი წლის შემდეგ, ადგილობრივი არჩევნები, როგორც ჩანს, ღრმა განხეთქილებანი საქართველოში კიდევ გაგრძელდება.
foreignpress.ge