საქართველოს ყოფილი ლიდერის მოკავშირეს ბრალი წაუყენეს

საქართველოს ყოფილი ლიდერის მოკავშირეს ბრალი წაუყენეს

საქართველოს ხელისუფლებამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს და თავდაცვის სამინისტროს ორ მოქმედ ჩინოვნიკს ოთხშაბათს ბრალი წაუყენა – რისიც ზოგიერთ იმ კანონმდებელს ეშინოდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დამარცხებული მთავრობის წევრების წინააღმდეგ შურისძიების ტალღის აგორებას წინასწარმეტყველებდა.

გასულ თვეში, ბ-ნი სააკაშვილის პარტია დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებში, რაც ამ ქვეყნის პოსტსაბჭოთა ისტორიაში ხელისუფლების კონსტიტუციური გადაცემის პირველი პრეცედენტი იყო. სააკაშვილის პარტიის წევრები ხელისუფლებაში რვაწლიანი ყოფნის შემდეგ კონტროლს თმობენ. ახალმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებას პრიორიტეტად აქცევს. მსგავსი გამოძიებები მოჰყვებოდა ხოლმე წარსულში მოღვაწე ლიდერების დამარცხებებსაც.

თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას ბრალი ექვსი სამხედრო მოსამსახურის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ედება, რასაც ადგილი ჰქონდა 2011 წლის ოქტომბერში. პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული წერილობითი მტკიცებულებების თანახმად, ახალაია თავს დაესხა სამხედრო მოსამსახურეებს მას შემდეგ, რაც მათ ცუდ საცხოვრებელ პირობებზე დაიჩივლეს. თავდაცვის სამინისტროს სხვა ორ მოქმედ ჩინოვნიკსაც იგივე ბრალდება წაუყენეს.

პრემიერმინისტრის და პრეზიდენტის პარტიების კანონმდებლებს შორის, რომლებიც დღეს პარლამენტში ძალაუფლებას იზიარებენ, ოთხშაბათს მწვავე დებატები გაიმართა. სააკაშვილის პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს საქმე იქნება „ახალი მთავრობისთვის პირველი, ყველაზე სერიოზული ტესტი – იმოქმედებს თუ არა ის კანონის თანახმად თუ აირჩევს პოლიტიკური და პირადი ანგარიშსწორების გზას“.

დებატების პროცესში, ბ-ნი ივანიშვილის მოკავშირემ და პარლამენტის ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა: „საზოგადოება ამ ადამიანის დასჯას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა. მაგრამ მერწმუნეთ, თუკი მისი დანაშაული არ დადასტურდება, მას არავინ გაასამართლებს“.

პრეზიდენტის პარტიის დეპუტატებმა ახალაიას დაპატიმრების და ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელში აუდიტის შესვლის გამო სხდომა პროტესტის ნიშნად დემონსტრაციულად დატოვეს. საღამოს სატელევიზიო ეთერში, ბ-ნმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ „საერთაშორისო თანამეგობრობა ამას არასდროს გაიზიარებს“.

ბრალდებების თანახმად, სერჟანტმა, რომელიც დოკუმენტში იდენტიფიცრებულია, როგორც ბ., განაცხადა, რომ ახალაიამ მას თავში დანა ესროლა მის ოფისში და ხუთ სამხედრო მოსამსახურესთან ერთად ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანა, სადაც ახალაიამ და თავდაცვის ორმა დაკავებულმა ჩინოვნიკმა მათ სხვა ოფიცრების თანდასწრებით სცემეს. ბრალდებაში ნათქვამია, რომ შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები, კერძოდ მეოთხე ბრიგადის წევრები, უავეჯო საკანში გამოკეტეს სამი დღის განმავლობაში, სადაც უნდა მდგარიყვნენ ბრძანებაზე „სწორდით“ და ეყვირათ „გაუმარჯოს მეოთხე ბრიგადას“ საათში ერთხელ.

ყველა ეს სამხედრო მოსამსახურე ბუნტის მოწყობის ბრალდებით შარშან სამსახურიდან დაითხოვეს. მათ ჩვენებები მალევე მისცეს მას შემდეგ, რაც მთავარ პროკურორად ივანიშვილის პირადი ადვოკატი დაინიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე სააკაშვილის მოკავშირე შეცვალა.

პროკურორების თქმით, უახლოეს მომავალში ახალაიას წინააღმდეგ შეიძლება დამატებითი ბრალდებები იქნას წაყენებული.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ მთავრობას ახალაიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა, და ბრალდებას „პოლიტიკური ანგარიშსწორება“ უწოდა.

რამდენიმე ყოფილმა მინისტრმა, მათ შორის ახალაიამ, საქართველო უმალ დატოვა მას შემდეგ, რაც პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილის პარტია დამარცხდა, სავარაუდოდ, სამართლებრივი დევნის თავიდან აცილების მიზნით. ახალაია ამ კვირაში დაბრუნდა, განაცხადა, რომ მზად იყო „ყველა იმ კითხვაზე პასუხის გასაცემად“, რომელსაც მას ახალი მთავრობა დაუსვამდა.

კიდევ ერთი თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და დღემდე ვაშინგტონის რაიონში რჩება. ის აცხადებს, რომ არ გეგმავს საქართველოში დაბრუნებას მანამ, სანამ ბ-ნი ივანიშვილის მთავრობა ხელისუფლებაში იქნება. საქართველო იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმაც დატოვა, თუმცა დღემდე მას არანაირი საჯარო განცხადება არ გაუკეთებია.
foreignpress.ge