ირმა ჭკადუა: გია გვიჩიანის საქმეზე ორი მნიშვნელოვანი მოწმე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა

ირმა ჭკადუა: გია გვიჩიანის საქმეზე ორი მნიშვნელოვანი მოწმე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა

გია გვიჩიანის ადვოკატი ირმა ჭკადუა For.ge-სთან საუბარში „ეი ეს თელასის“ ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობაში მსჯავრდებული გია გვიჩიანის დაკავების აბსურდულ ფაქტს იხსენებს და აცხადებს, რომ სასამართლო და პროკურატურა ყველანაირად ცდილობდნენ საქმის გაყალბებას.  

ირმა ჭკადუა: ჩვენ თავიდანვე ვაპროტესტებდით გია გვიჩიანის უკანონო განაჩენს, რომელსაც სერიოზული რეზონანსი მოჰყვა. ამ საქმესთან მიმართებით არნახული და გაუგონარი სახის დარღვევები ხდებოდა. რეალურად, სასამართლო და პროკურატურა ერთად აყალბებდნენ აღნიშნულ საქმეს, ერთად მალავდნენ მტკიცებულებებს. სააპელაციომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, გია გვიჩიანს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. არა მარტო გია გვიჩიანს, იქ იყო კიდევ მეორე ადამიანი. პრაქტიკულად, ორ ადამიანს ერთი პირის ჩვენების საფუძველზე მიუსაჯეს ასეთი უმაღლესი სასჯელი. ჩვენ მაშინვე ვამბობდით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო იყო და აუცილებლად უნდა გაუქმებულიყო. როდესაც აღნიშნული განცხადება გავაკეთეთ, ბატონი კუბლაშვილი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გამოვარდა და განაცხადა, სწორედაც რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე, ანუ გია გვიჩიანის საქმეზე აბსოლუტურად კანონიერია და მოსამართლეებმა ზუსტად კანონიდან გამომდინარე გადაწყვეტილება მიიღესო. ჩვენი პრესკონფერენციის შემდეგ ეს პირდაპირ ეთერში საპასუხო პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამ დროს იგი იმ ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარე იყო, რომელ ინსტანციაშიც ჩვენ ვასაჩივრებდით გადაწყვეტილებას და მის კანონიერებაზეც პრეტენზიას ვაცხადებდით. ეს გაუგონარი რამაა, ცივილიზებულ ქვეყანაში ეს რომ მოხდეს, პირდაპირ იმპიჩმენტისა და მისი გადაყენების პროცედურის დაწყების საფუძველი გახდებოდა, რადგან აღნიშნული განცხადებით ჩვენ მივმართავდით ზემდგომ სასამართლოს და  ამ მიკერძოებულ და დაუსაბუთებელ განაჩენს ვასაჩივრებდით. კუბლაშვილის განცხადება, თითქოს, მოსამართლეებმა აბსოლუტურად დასაბუთებული, კანონიერი გადაწყვეტილება მიიღეს, ერთი მხრივ, იყო მესიჯი მოსამართლეების მიმართ, რომ მათ მუდმივად უკანონო გადაწყვეტილება მიეღოთ და შეკვეთილი განაჩენები გამოეტანათ, მეორე მხრივ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მათ გარანტიას აძლევდა, რომ გადასინჯვისა და გასაჩივრების შემთხვევაში, აღნიშნული განაჩენები არ გადაიხედებოდა და ძალაში დარჩებოდა. ზუსტად ეს იყო ტერორისა და სასამართლოს დასამარების დასაწყისი.

თქვენ აცხადებთ, რომ ცრუ მოწმის ნათქვამის საფუძველზე ორი პირი დააკავეს.

- ერთადერთი მოწმე იყო მკვლელობაში ბრალდებული ნოდარ გვიჩიანი (სხვათა შორის, იგი ფიგურირებდა კალაძეებისგან გამორთმეული თანხის დიდი ნაწილის მითვისებაში), რომელიც დააკავეს ძალიან მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. მან საპროცესო შეთანხმებით დააღწია თავი აღნიშნული დანაშაულისთვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელიც, მერწმუნეთ, რომ უვადო თავისუფლების აღკვეთა იქნებოდა. მან თქვა, რომ მისთვის ცნობილი იყო 2001 წელს განხორციელებული ლომინაძის მკვლელობის შემკვეთის სახელი და გვარი და ეს გია გვიჩიანი იყო. მტკიცებულების თვალსაზრისით, ამ საქმეში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ შემსრულებელი - ნიკა ჩემია, რეალურად ვისაც უნდა მოეკლა ბატონი ლომინაძე, ტერიტორიულად საერთოდ იმ რაიონშიც კი არ იმყოფებოდა, რომელ რაიონშიც მკვლელობა მოხდა და იგი, რვა ადამიანთან ერთად, მატარებელში იჯდა და თბილისიდან ბათუმის მიმართულებით გადაადგილდებოდა. ამის შემდეგ კი უცხოეთში აპირებდა წასვლას. ამას ადასტურებენ არა მარტო მოწმეები, არამედ პროკურატურის მიერ მაგთიკომიდან ამოღებული გადამცემი ანძების ზარები. კერძოდ, ეს ადამიანი გადაადგილდებოდა და აბსოლუტურად არ იმყოფებოდა იმ ტერიტორიაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მაშინდელმა გენერალურმა  პროკურატურამ დანაშაული ჩაიდინა. რეალურად, მათ დამალეს დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ეს ადამიანები ციხდან უნდა გამოეშვათ. ეს გახლდათ ლომინაძის დაღუპვის შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დნმ-ის ნიმუშები. იქ იყო სიგარეტი, ნერწყვი და ა.შ. ერთ-ერთ სიგარეტზე თვითონ გარდაცვლილის დნმ-ი იყო, დანარჩენზე კი - ორზე მეტი ადამიანის დნმ-ი. მას შემდეგ, რაც ამერიკაში ამ დნმ-ის ანალიზი ჩატარდა, იქიდან ჩამოვიდა დასკვნა, რომ ეს ადამიანები იმ ადგილას არ იყვნენ ნამყოფნი, რაც გამორიცხავდა მკვლელობის ჩადენას. ეს კი მათი გათავისუფლების უპირობო საფუძველი უნდა გამხდარიყო. თუმცა პროკურატურამ „დაკარგა“ აღნიშნული დასკვნა პირველი ინსტანციის სასამართლოში. მას შემდეგ, რაც ჩვენ ამასთან დაკავშირებით ამერიკასთან სერიოზული მიმოწერა გვქონდა და მათ გვიპასუხეს, რომ უკვე დიდი ხნის წინ ჰქონდათ გამოგზავნილი აღნიშნული დოკუმენტი, ამის შემდეგ პროკურატურა იძულებული გახდა, წარმოედგინა ეს დოკუმენტი. თუ სწორად მახსოვს, მაშინდელი პროკურორი ხვადაგიანი იყო. თუმცა, მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი სრულფასოვანი არ ყოფილა და მხოლოდ დოკუმენტების ნაწილი წარმოგვიდგინეს. ამის მიუხედავად, მოსამართლემ იგი არ გაიზიარა. ეს ის სასამართლო და ქვეყანაა, რომელიც არ ენდობა და არ იზიარებს ამერიკის ფებეერ-ის მიერ გაკეთებულ დნმ-ის ანალიზს.

ის ადამიანი, რომელიც მატარებლით მგზავრობდა, უდანაშაულობის მიუხედავად, დააკავეს?

- მასაც აბსოლუტურად ტყუილად აქვს  მისჯილი თავისუფლების აღკვეთა და ეს ერთი ადამიანის ჩვენების საფუძველზე მოხდა. ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი, როდესაც გარკვეული ეჭვი არსებობს, ყველა ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. მოცემულ შემთხვევაში კი, დადასტურებული მტკიცებულებები არსებობს, რომლებიც ადასტურებს, რომ გია გვიჩიანი არაფერ შუაში არ იყო. საქმე მაინც მის საზიანოდ წყდებოდა. ვფიქრობ, მოსამართლეს პასუხისგება მოუწევს ამასთან დაკავშირებით, ეს იყო ნაირა გიგიტაშვილი, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მან სისულელე ჩაწერა განაჩენში. ამოღებული იყო ტყვიის გულა, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებდა. ტყვიის გულა იმაზე უფრო დიდი ზომის იყო, ვიდრე გვამს ჰქონდა დაზიანება მიღებული. ამ საკითხზე ექსპერტები მოვიწვიეთ და მათ აღნიშნეს, რომ შეუძლებელია, ტყვიის გულამ დატოვოს მასზე პატარა დაზიანება. თანაც, ახლო მანძილიდან ესროლეს ლომინაძეს. ერთ-ერთმა ექსპერტმა ისიც აღნიშნა, რომ ბჯენით, ან ახლო მანძილიდან არის ნასროლი და, პირიქით, გაცილებით დიდი ზომის კვალს ტოვებს ტყვია. ქალბატონმა გიგიტაშვილმა კი განაჩენში ჩაწერა, რომ ეს ექსპერტები არაკომპეტენტურები არიან, რომ თურმე ძვალს ისეთი ბუნებრივი თვისება გააჩნია, ის ჯერ იწელება, შემდეგ იკუმშებაო. და ეს ჩაწერა განაჩენში.

რეალური დამნაშავე დღემდე არ გამოვლენილა?

- ამ საქმეში რაელური დამნაშავე გამვლენილი არ არის. თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ნათია მიქიაშვილს ღირებული რეპორტაჟები ჰქონდა მომზადებული, შემდეგ ვახო კომახიძემ გააკეთა ფილმი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად და, პრაქტიკულად, ეს საქმე გახსნილი იყო. გია გვიჩიანს ლომინაძის მოკვლის მოტივი არ ჰქონია. ისინი მეგობრები იყვნენ, ერთ კომპანიაში მუშაობდნენ და მკვლელობამდე ზუსტად ერთი თვის წინ ბატონი ლომინაძის ბრძანებით (რომელიც მისი უფროსი იყო), პრემიაც კი ჩაერიცხა გია გვიჩიანს.

არც ის იცით, ვინ იყო დამკვეთი და რისთვის მოიშორეს ეს ადამიანი?

- მაშინდელმა სამართალდამცავებმა ძალიან კარგად იცოდნენ, ვინც იყო დამკვეთი და შემსრულებელი, რადგან რა დროსაც ცნობილი გახდა ბატონი ლომინაძის გარდაცვალების შესახებ, იმ წუთიდანვე დაიწყო ამ საქმეზე მტკიცებულებების გაყალბება. შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა გენერალი კეკუა, რომელიც რამდენიმე ხნის შემდეგ საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს ციხეში. მეორე მნიშვნელოვანი მოწმე იყო გვარად გვიჩიანი, ისიც ციხეში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. ანუ, ამ საქმის ორი უმნიშვნელოვანესი მოწმე ისე მოიშორეს, რომ მათი სიკვდილის რეალური მიზეზი არ დადგენილა. იმ წუთას, როდესაც შემთხვევის ადგილზე გავიდა პოლიცია, იქ იმყოფებოდა ბატონი კეკუა და სწორედ მან აღმოაჩინა ტყვიის გულა, რომელთან დაკავშირებითაც საქმე ცალკე წარმოებად გამოეყო და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციით გაგრძელდა. აღნიშნული ტყვიის მეპატრონე, რომელი იარაღიდანაც მოხდა გასროლა, იყო ვინმე მჭედლიშვილი. იგი დაცვის პოლიციაში მუშაობდა და გამოძიებით, თითქოსდა, არანაირი შეხება არ ჰქონია ამ საქმესთან. ეს ადამიანი დააკავეს, რვა თვის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა, შემდეგ კი გაუშვეს. ანუ ლომინაძის გარდაცვალების წუთიდან ამ საქმეზე მტკიცებულების გაყალბება მიმდინარეობდა. რაში დასჭირდა პოლიციის გენერალს, საკმაოდ მაღალი რანგის თანამდებობის პირს, შემთხვევის ადგილზე (მაშინ, როდესაც წინასწარ არ იცოდა, იქ ტყვია დახვდებოდა თუ არა, და დახვდებოდა თუ არა დანაშაულის იარაღი) წაეღო ტყვია და შემთხვევის ადგილას დაედო. ეს შემთხვევით არ მომხდარა. მათ იცოდნენ, რომ შემთხვევის ადგილას დანაშულის იარაღი და ტყვია არ უნდა ყოფილიყო, ამიტომ, წინასწარ მომზადებული გეგმით მიიტანეს ტყვია და ამ ყველაფერს შემდგომ ემსხვერპლა ბატონი კეკუაც. ასევე მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ფოტოილუსტრაციით, რომელიც საქმეს ერთვის, ბატონი ლომინაძე დაწოლილი იყო დივანზე, თავქვეშ ამოდებული ჰქონდა ბალიში და ფეხები დივანის სახელურებზე 10-15 სანტიმეტრით მაღლა ედო. საქმეში არსებობს მისი ტანსაცმელი და ირკვევა, რომ მას ნატყვიარი აქვს შუბლის არეში. ამ დროს თავქვეშ ამოდებული აქვს ბალიში, მაშინ, როდესაც მისი ქვედა საცვალი და მისი ნასკები სისხლითაა გაჟღენთილი. როგორ წარმოგიდგენიათ, სისხლი დაბლა ჩავიდა, ჩაიღვარა და შემდეგ დივანზე დადებულ ფეხებზე მაღლა ავიდა და ნასკები დასვარა?! ეს ხომ სისულელეა. ამ ზღაპრების იმ მოსამართლეებსაც არ სჯეროდათ, რომლებმაც შეკვეთა შეასრულეს, მაგრამ მათ განაჩენი გამოიტანეს, არ აინტერესებდათ რეალური დამნაშავის დადგენა. ამიტომ, მიზანმიმართულად მოიქცნენ. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო იმან, რომ ამ პერიოდისთვის მოკლეს გირგვლიანი, დიდი ამბავი იყო ამასთან დაკავშირებით ატეხილი და მაშინდელ სამართალდამცავთა ელიტა იყო ამ ადამიანის დაღუპვაში ჩართული. სწორედაც ამ თემის გადაფარვას შეეცადნენ ისინი გვიჩიანის დაკავებით, რადგან იგი მაშინდელი მაღალჩინოსანი, თბილგაზის გენერალური დირექტორი იყო, ასევე, მაღალი თანამდებობა ეჭირა თელასში და იგი მართლაც თავისი საქმის სპეციალისტი იყო. ეს საქმე ახლა სტრასბურგშია, თუ კადრებს ამოიღებთ და ნახავთ გია გვიჩიანის დაკავების მომენტს, მას ხელის თითები გაშლილი აქვს და ასეთ მდგომარებაში დგას. გია გვიჩიანი იმდენად დაბნეულა, უთქვამს, როცა ესენი შემოვიდნენ, ერთადერთი, რაც თავში აზრად მომივიდა, ფულს ხომ არ ჩამიდებენო?! თითები ამიტომაც ჰქონდა გაშლილი, რომ ფულს არ შეხებოდა. დღესაც ამბობს, მოვიჩქმიტავ ხოლმე ხორცს, ნუთუ მართლა ეს მე ვარო?! საინტერესოა, რომ განაჩენის გამოტანიდან ორ თვეში გია გვიჩიანს მთლიანად გაუთეთრდა თმები და შემდეგ აბსოლუტურად გაცვივდა თმები. ამ ნერვიულობას გადაჰყვა მამამისი, რომელიც სააპელაციო სასამართლოში საქმის მიმდინარეობისას გარდაიცვალა. გარდა ამისა, ციხეში კატასტროფა ხდებოდა გიასთან მიმართებით, ის შეგნებულად გადაჰყავდათ იმ კამერაში, რომელშიც ბატონი გვიჩიანი ჩამომხრჩვალი იპოვეს. აიძულებდნენ, მარტო ყოფილიყო, განმარტოებულ საკანში. ამ პერიოდში იგი უამრავ წერილს წერდა და ადვოკატებს გვეუბნებოდა, თუ რაღაცა მოხდა, თავის ჩამოხრჩობას არ ვაპირებო. ამ საქმეზე ორი მნიშვნელოვანი მოწმე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა და ეს საქმეები გამოუძიებელი იყო. იმასაც ხომ ვერ იტყვიან, რომ გია გვიჩიანმა მოიშორა ბრალდების მოწმეები?

ნოდარ გვიჩიანი, რომელმაც გია გვიჩიანი დანაშაულის დამკვეთად გამოაცხადა, გია გვიჩიანი ენათესავებოდა?  

- ისინი ნათესავები იყვნენ. ჩემი ინფორმაციით, ამ წუთას ბატონი გვიჩიანი უკრაინაში სხვა სახელითა და გვარით იმყოფება. წინასწარ არ მინდა, რამე გავაჟღერო, მაგრამ ვფიქრობ, მას ექნება გარკვეული განცხადების გაკეთების სურვილი, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა. ეს საქმეც შევა განახლებულ გენერალურ პროკურატურაში. გიას დაწერილი აქვს განცხადება ბატონი კბილაშვილის და იუსტიციის მინისტრის სახელზე და იგი განაჩენის გადახედვას ითხოვს. იგი, ასევე, სთხოვს გამოძიებას, რეალურად დადგინდეს, ვინ მოკლა ნიკა ლომინაძე, რადგან ის იყო პერსპექტიულ და კარგი ახალგაზრდა, კარგი მეგობარი. მისი ოჯახი ნამდვილად იმსახურებს სიმართლის გაგებას. გია გვიჩიანი მზად არის, ყველა ინფორმაცია, რაც მას ბოლო შვიდი წლის განმავლობაში დაუგროვდა, მიაწოდოს გამოძიებას და მიაგნოს დამნაშავეებს. მიმაჩნია, რომ მოსამართლეთა უმრავლესობა, რომლებიც ასეთ რეჟიმში მუშაობდნენ, სახლში უნდა წავიდნენ. მათზე ზეწოლა ხორციელდებოდა. მართალია, ისინი მძევლად არ აჰყავდათ და დენით არ აწამებდნენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს მაგალითები, როდესაც მოსამართლემ ყაჩაღობის გამო დაკავებული ვინმე მაისურაძე ციხიდან გამოუშვა. მას 12 მოწმე ჰყავდა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ  ყაჩაღობის დროს იგი იმყოფებოდა გორში, ამ დროს კი მას აბრალებდნენ, თითქოს ყაჩაღობა თბილისში ჩაიდინა. იმის გამო, რომ ეს ბიჭი მოსამართლემ გარეთ გაუშვა, იგი აიძულეს, განცხადება დაეწერა და მეორე დღესვე გაათავისუფლეს. სამაგიეროდ, ამ საქმეში მონაწილე პროკურორი, ნინო ციხისელი, დღესაც წარმატებულია და მან მაინც დაიჭირა მაისურაძე. ყველა პროცესის მსვლელობისას ვუყურებდით, საცოდავი მოსამართლეები როგორ შესციცინებდნენ თვალებში პროკურორ პატარა გოგო-ბიჭებს (რადგან ასაკით ყველა პროკურორი ძალიან პატარა იყო), რომ რამე ზედმეტი კითხვა არ დაესვათ და მათთვის ესიამოვნებინათ. ხშირად ისინი თავისი დაზეპირებული ფრაზებით გამოდიოდნენ და საქმეში ფაქტობრივი გარემოება არ აინტერესებდათ.

გია გვიჩიანის პროცესზე ასეთი უნიკალური შემთხვევაც მოხდა: მაშინ კამერები ჯერ კიდევ დაშვებული იყო პროცესებზე და ეს მასალა არქივშიც არსებობს. როდესაც რამდენიმე შუამდგომლობა დავაყენეთ, გიგიტაშვილმა შუა პროცესზე კამერების წინ მითხრა, ირმა ჭკადუა შენზე ალერგია მაქვსო. ამის გამო მე შევთავაზე ანტიალერგიული პრეპარატი, ეს პრეპარატი ძალიან ბევრი არსებობს-თქო, ამის გამო შეპასუხებისთვის დამაჯარიმა. შემდეგ, როდესაც მისი აცილების საკითხი დავაყანეთ, რადგან იგი პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადადიოდა, დარბაზიდან გამომაძევა. შემდგომ ბატონმა ჯანგირაშვილმა შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ ისიც დააჯარიმა, ფაქტობრივად, ჩვენ გამოგვაძევა და რეალურად დაცვის გარეშე დატოვა გია გვიჩიანი. ამის შემდეგ მას სახაზინო ადვოკატი დაუნიშნეს, 35 ტომიან საქმეზე მას ორი დღე მისცეს, რაც აბსურდია და არ შეიძლება, ადვოკატს დაუდგინო, თუ რამდენ დღეში უნდა გაეცნოს ასეთ რთულ საქმეს. პრაქტიკულად, გვიჩიანი დაცვის გარეშე დატოვეს, ბოლოს ინტერესთა კონფლიქტი მოუვიდათ - ადვოკატი სხვა შუამდგომლობას აყენებდა, გია გვიჩიანი - სულ სხვა შუამდგომლობას. მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი ქალბატონი გიგიტაშვილისთვის, რომ ძალაში დაეტოვებინა უსამართლო განაჩენი. მოსამართლეების შემთხვევაში, ასეთი მაგალითი ძალიან ბევრია. ისინი თავს ვალდებულად არ თვლიდნენ, გადაწყვეტილებები დაესაბუთებინათ.

ხშირად მიფიქრია, რაღაც სხვა განათლება ხომ არ აქვთ მიღებული და სხვა წიგნებით ხომ არ სწავლობენ ამ კანონებს, რადგან რადიკალურად სხვა რაღაცებს ამბობდნენ. მოსამართლეები გაზულუქებულები იყვნენ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. თბილისი პატარაა და მოსამართლეებს შორის ბევრი მეგობარი გვყავს, მათთან გარკვეული ურთიერთობები გვქონია, მაგრამ იმ წუთიდან, როცა ისინი მანტიას შემოისხამდნენ, გაზულუქებულნი ხდებოდნენ და მოსალმებასაც აღარ კადრულობდნენ. მხოლოდ ნინო გვენეტაძე და მერაბ ტურავა არ არიან ბუმბერაზი მოსამართლეები, რომლებიც უზენაეს სასამართლოში მოღვაწეობდნენ. ასეთივე გახლავთ იური ტაბუცაძე, ერთ-ერთ უძლიერესი მოსამართლე და გია ქოიავა. ამ ადამიანებს ვერცერთი პროკურორი და ვერცერთი ადვოკატი პროცესზე მოუმზადებლად მისვლას ვერ გაუბედავდა. ისინი სისხლის სამართლის მამები იყვნენ და სირცხვილია, ეს ადამიანები დღეს სახლში ისხდნენ და ადამიანები, რომლებსაც ნაშრომებში ერთი რამ უწერიათ, ხოლო პროცესებზე აბსოლუტურად სხვას ამბობენ, მუშაობდნენ. ამას განსაკუთრებით ზაზა მეიშვილთან მიმართებით ვამბობ. იგი უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით ლექციებსაც კითხულობდა მეორე არხზე და ამ დროს უშუალოდ მის კისერზეა ტარიელ ვასაძის, უკანონო პატიმრის ციხეში ყოფნა. ვინაიდან მან კანონში აბსოლუტურად სხვა რაღაც დაწერა, ლექცია აბსოლუტურად სხვანაირად წაიკითხა და, როდესაც ჩვენ დავასაბუთეთ მისივე ლექციიდან და მისივე კომენტარებიდან, რომ ეს ადამიანი უკანონო პატიმარი იყო და დაკავებიდან მხოლოდ 25-ე დღეს მიიყვანეს სასამართლოში დადასტურებაზე, მან პასუხი ვერ გაგვცა. სირცხვილია, როდესაც ეს ადამიანი არის უზენაესი სასმართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში და ბუმბერაზი ადამიანები - ტურავა, გვენატაძე, ტაბუცაძე და ქოიავა სახლში სხედან.