გურჩიანის მხარდამჭერები ომბუდსმენად ხატისკაცის დასახელებამ გააღიზიანა

გურჩიანის მხარდამჭერები ომბუდსმენად ხატისკაცის დასახელებამ გააღიზიანა

საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველის კანდიდატურად ნინა ხატისკაცი დაასახელა და ამით, თითქოს, ის პაექრობაც უნდა დასრულებულიყო, რაც სახალხო დამცველის თანამდებობასთან დაკავშირებით საზოგადოების ცალკეულ წრეებს შორის მიმდინარეობდა. თუმცა ასე არ მოხდა. არასამთავრობო სექტორის ის ნაწილი, რომელმაც სახალხო დამცველის კანდიდატურად თამარ გურჩიანი დაასახელა, ამ პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ნინა ხატისკაცის წარდგენით უკმაყოფილო დარჩა. უფრო მეტიც, მათგან ხატისკაცის მიმართ გარკვეული აგრესიაც კი წამოვიდა.

შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა, რომელსაც სათავეში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ედგნენ სათავეში, სახალხო დამცველის კანდიდატურად „საიას“ წევრი თამარ გურჩიანი დაასახელა. ერთი შეხედვით, ნინა ხატისკაციცა და თამარ გურჩიანიც არასამთავრობო სექტორიდან მოდიან და „ენჯეოშნიკებისთვის“ ორივე მათგანი მისაღები უნდა ყოფილიყო, მით უმეტეს, თუკი კიდევ ერთი კანდიდატის, დიმიტრი ლორთქიფანიძის მიმართ (რომელსაც პატიმრების ოჯახის წევრების დიდი ნაწილი მხარს უჭერდა) არასამთავრობოების მხრიდან არსებობდა პრეტენზიები, რომ მას ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებები აქვს გაკეთებული, ნინა ხატისკაცი მსგავს რამეში შემჩნეული არ ყოფილა. ამიტომ, ცოტა გაუგებარია, რა გახდა მიზეზი იმისა, რომ იგი არასამთავრობოების ამ ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. შესაძლოა, ეს გარკვეულწილად უკავშირდება „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-დან მის სკანდალურ წამოსვლას და ამ ორგანიზაციისთვის იგი იმიტომაც გახდა მიუღებელი, მაგრამ ფაქტია, რომ ხატისკაცის ამ პოსტზე წარდგენით „ენჯეოშნიკები“ უკმაყოფილონი დარჩნენ.

ძალიან საინტერესოდ გამოხატა საკუთარი პოზიცია ნინა ხატისკაცის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ. ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა „კვირის აზრებში“ მან ხატისკაცის ამ პოსტზე დასახელება პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შეაფასა.

„მე პირადად არ ვიცნობ ნინა ხატისკაცს, ამიტომ პიროვნულად ვერ დავახასიათებ. მის შესახებ ვიცი გახმაურებული ისტორია, ფარული ჩანაწერი და კონფლიქტი ორგანიზაციაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა“. გარდა ამისა, ვიცი, რომ მისი მეუღლე კახა ჟორჟოლიანი გახდა მაჟორიტარი დეპუტატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი მესტიაში. ამ პროცესში ის დაპატიმრებულ იქნა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და გათავისუფლებულ იქნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. ნინა ხატისკაცი გახლდათ პოლიტიკური ძალა, „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი და მას მეგობრები ძალიან პოზიტიურად ახასიათებენ. იმედი მაქვს, ვიდრე მას ომბუდსმენად დაამტკიცებენ ნინა ხატისკაცი მედიის კითხვებს ისევე აქტიურად უპასუხებს, როგორც ყველა სხვა დანარჩენი პასუხობდა და აქედან გამომდინარე, ჩვენც უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება მის შესახებ. იმედს ვიტოვებ, რომ თავის საქმეში, რასაც ადამიანის უფლებების დაცვა ქვია, ის სამაგალითოდ პრინციპული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება მის ბიოგრაფიაში არ მოიპოვება“, – აღნიშნავს კაკაბაძე ვიდეობლოგში.

ნინა ხატისკაცი მიიჩნევს, რომ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, რომლებმაც კანდიდატად გურჩიანი დაასახელეს, მისაღები იქნება იმ შემთხვევაში, თუკი ომბუდსმენობის კანდიდატად არ იქნება დასახელებული. მისი თქმით, იგივე მოხდა უჩა ნანუაშვილის შემთხვევაშიც, რომელიც თავიდან მისაღები კანდიდატურა იყო, ხოლო როდესაც იგი არასამთავრობოების გარკვეულმა ნაწილმა სახალხო დამცველის კანდიდატურად დაასახელა, დანარჩენებისთვის იგი მაშინვე მიუღებელი გახდა.

„მე ძალიან კარგად მესმის ის პროცესი, რომელიც უკანასკნელი კვირების განმავლობაში მიმდინარეობდა, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ იყო ინიცირებული, რათა სახალხო დამცველის კანდიდატურა არასამთავრობოებსა და სამოქალაქო სექტორს დაესახელებინა. თუმცა, ისიც ძალიან კარგად მესმის, რომ დასახელებული კანდიდატებიდან, შესაძლოა, არც ერთს საპარლამენტო უმრავლესობისგან მხარდაჭერა არ მიეღო. აქედან გამომდინარე, კიდევ დამატებით კანდიდატების განხილვა ჩემთვის ძალიან ბუნებრივი პროცესი იყო. ამიტომ ვფიქრობ, აგრესია იმის გამო, რომ ვიღაც არ არის გუნდის რჩეული, ალბათ, არასამართლიანია. აქ საუბარი უნდა იყოს იმაზე, თუ რატომ არ ვარ შესაფერისი კანდიდატურა, მაგრამ ამგვარი არგუმენტები მე ვერ მოვისმინე. ძირითადად რაც მოვისმინე, ტყუილზე დაფუძნებული ინფორმაციაა. მაგალითად ის, რომ მე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვარ, რომ ჩემი ქმარი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია, რომ მე ადამიანის უფლებებზე არ მიმუშავია და ა.შ.“, - ამბობს ნინა ხატისკაცი.

მისი თქმით, ჯანსაღ კრიტიკას მიესალმება და შეუძლია კონკრეტულ მიდგომებზე იდაოს, მაგრამ მისთვის მიუღებელია ის, რომ მისი კანდიდატურის წარმოჩენა არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება. ნინია კაკაბაძის ვიდეო-ბლოგს ნინა ხატისკაცი მის წინააღმდეგ წარმოებულ აგრესიულ კამპანიას უწოდებს და აცხადებს, რომ მთელი ეს კამპანია ცილისწამებაზე იყო დაფუძნებული. ნინა ხატისკაცი ამბობს, რომ ერთადერთი არგუმენტი, რაც მან თამარ გურჩიანის დამსახელებელი არასამთავრობოებისგან საკუთარი კანდიდატურის წინააღმდეგ მოისმინა არის ის, რომ თამარ გურჩიანი უკვე შეთანხმებული კანდიდატურა იყო და ამიტომ მათთვის მიუღებელი იყო სხვა კანდიდატი.

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი ამბობს, რომ ნინა ხატისკაცს ამ პოსტზე თავიდანვე მხარს უჭერდა.

„ნინა ხატისკაცი ისეთ სერიოზულ ორგანიზაციაში მუშაობდა, როგორიც არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, აქვს გამოცდილება და შესაბამისად, მე ეს კანდიდატი მომწონს. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის აღშფოთებას, არასამთავრობოც არის და არასამთავრობოც. მათი ნაწილის სურვილი იყო, რომ სახალხო დამცველი გურჩიანი ყოფილიყო, მაგრამ მოდით პირდაპირ ვთქვათ, საქართველოს საზოგადოება არასამთავრობო ორგანიზაციებით არ ამოიწურება. ყველაზე კომიკური ის არის, რომ კონკრეტულად ნინას წინააღმდეგ არაფერი აქვთ, მაგრამ რატომღაც დარწმუნებულები იყვნენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მაინცდამაინც მათ კანდიდატს აირჩევდა“, - აცხადებს შალვა რამიშვილი.

მისი თქმით, ეს მხოლოდ ამ არასამთავრობოების ახირებაა და მეტი არაფერი. აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ შალვა რამიშვილმა facebook-ში თამარ გურჩიანის ბიოგრაფია გამოაქვეყნა, რასაც ამ კანდიდატურის წარმდგენი არასამთავრობოების გაღიზიანება მოჰყვა. შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ იმ ბიოგრაფიაში არაფერი შეუცვლია, არც დაუმატებია და არც მოუკლია. ამიტომ, მისთვის სრულიად გაუგებარია არასამთავრობოების ასეთი აღშფოთება და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ამას მხოლოდ ახირება შეიძლება დაარქვას.

სახალხო დამცველის კანდიდატურად საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ დასახელებული კიდევ ერთი ადამიანი, დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებმაც თამარ გურჩიანი დაასახელეს, საზოგადოება რამდენიმე კონკრეტულ ადამიანს იცნობს და ამიტომ ეს ორგანიზაციები სწორედ ამ კონკრეტულ პიროვნებებთან ასოცირდებიან. მათ შორის ყველაზე აქტიურ ორგანიზაციებად ასახელებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს და „სამართლიან არჩევნებს“. ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ამ სამი ორგანიზაციის წიაღში მოხდა თამარ გურჩიანის დასახელება და ვარაუდობს, რომ ამ ორგანიზაციებს გარკვეული პოლიტიკური მხარდაჭერის იმედიც ჰქონდათ, რის გარეშეც ისინი კანდიდატურას ასე თამამად არ წამოაყენებდნენ.

დიმიტრი ლორთქიფანიძე იხსენებს ლია მუხაშავრიასა და უჩა ნანუაშვილის კანდიდატურებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებსაც, როდესაც მუხაშავრიას თავდაპირველად მისივე დაარსებული ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ უჭერდა მხარს. შემდეგ კი ამ ორგანიზაციამ პოზიცია უჩა ნანუაშვილის სასარგებლოდ შეიცვალა.

„რაღაც მოჯადოებული წრე შეიკრა. არასამთავრობო ორგანიზაციები თავის არჩევანთან დაკავშირებით ვერ ყალიბდებოდნენ. ჯერ ხდებოდა მხარდაჭერა ლია მუხაშავრიას მიმართ, რომლის სასაარგებლოდაც ბატონა უჩა ნანუაშვილმა მოხსნა კანდიდატურა. შემდეგ, სანამ ხატისკაცის კანდიდატურა კვლავ გამოჩნდებოდა, აღმოჩნდა, რომ უჩა ნანუაშვილი ამ პროცესში კვლავ ჩაება, რამაც ქალბატონი ლია მუხაშავრიას სრულიად ბუნებრივი გაკვირვება გამოიწვია, მეტადრე მაშინ, როდესაც მისივე დაფუძნებული ორგანიზაცია უკვე სხვა კანდიდატს უჭერდა მხარს. იგივე შეიძლება ითქვას გურჩიანსა და ხატისკაცს შორის გათამაშებულ პროცესზეც, რომელიც საბოლოოდ ხატისკაცის სასარგებლოდ დასრულდა ისე, რომ არც ქალბატონ გურჩიანს, არც ქალბატონ მუხაშავრიას, არც ბატონ გელა ნიკოლაიშვილს, რომელსაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია უჭერდა მხარს, და არც მე, რომელიც საზოგადოების ფართო წრეების მიერ ვიყავი დასახელებული, საშუალება არ მოგვეცა, პარლამენტის წინაშე წარვმდგარიყავით, და ეს იმ ვითარებაში, როდესაც მთელი ერთი თვისა და ათი დღის განმავლობაში დღე არ გასულა, რომ საზოგადოებასთან აქტიურ კომუნიკაციაში არ ვყოფილიყავით ჩართულები“, - ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

იგი საკუთარი მხარდამჭერების მრავალრიცხოვნობაზე და იმ საკანონმდებლო ხარვეზებზე საუბრობს, რაც სახალხო დამცველის დანიშვნის პროცედურებს ითვალისწინებს. ლორთქიფანიძე იხსენებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გიორგი ტუღუშის დასახელებას და ამბობს, რომ სახალხო დამცველი რაც უფრო თავისუფალი იქნება, მით უფრო ღირსეულ ოპონირებას გაუწევს ხელისუფლებას და უკეთესად შეასრულებს საკუთარ მოვალეობებს. დიმიტრი ლორთქიფანიძე დადებითად აფასებს ნინა ხატისკაცის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“- ში მოღვაწეობას, მაგრამ ამბობს, რომ მისთვის უცნობია ხატისკაცის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწეობა. ასევე იგი აღნიშნავს, რომ ხატისკაცის მეუღლე „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირდება.

„მე არ მინდა მჯეროდეს, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციები დაადგნენს იმ გზას, რომელიც მათთვის უფრო კომფორტული კანდიდატის დასახელებას  გულისხმობს“, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.