ადმირალ გიგლა ირემაძის ქვრივი, მანანა ირემაძე მისი ქმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ მან დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში განაცხადა. მანანა ირემაძეს ეჭვი აქვს, რომ მისი მეუღლე მოწამლეს და მისი სიკვდილის მიზეზი სწორედ ეს გახდა.
საზღვაო ძალების სარდალი, ადმირალი გიგლა ირემაძე 2004 წლის 13 აგვისტოს, როგორც მისი მეუღლე აცხადებს, გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. მანანა ირემაძის განცხადებით, არ ჩატარებულა ექსპერტიზა და არც მოკვლევა. ამიტომ მას ეჭვი აქვს, რომ მისი მეუღლე მოწამლეს.
„მეუღლის გარდაცვალებიდან 20 დღეში ქალიშვილის მეუღლე, დავით რუხაძე გარდამეცვალა. ისიც საზღვაო ძალებში მსახურობდა და ისიც გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. არც მასზე ექსპერტიზა არ ჩატარებულა და არ გამოკვლეულა, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. თუმცა, ჩემი წამება ამით არ დასრულებულა. რვა წელია ტერორის ქვეშ გვიწევს ცხოვრება. არის შანტაჟი, დაშინება, მუქარები, გაუთავებელი სატელეფონო ზარები. მაგალითად (მე მყავს 21 წლის ბიჭი) მირეკავენ და მეუბნებიან, - „როგორ გძინავს, შენი შვილი დაიჭირეს, ან შენი შვილი მოკლეს და ა.შ.“, - ამბობს მანანა ირემაძე.
მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს მიმართა თხოვნით, რომ ადმირალ ირემაძის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით მოკვლევა ჩატარებულიყო, მაგრამ მის ამ თხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია. ახლა კი ვინაიდან ხელისუფლება შეიცვალა, ირემაძე აცხადებს, რომ მისი ქმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების გამოძიების იმედი გაუჩნდა და ამიტომაც იგი შინაგან საქმეთა მინისტრს, მთავარ პროკურორსა და თავდაცვის მინისტრს მიმართავს, რათა ეს საქმე გამოძიებული იყოს.
კითხვაზე, რატომ გაუჩნდა ეჭვი, რომ მისი მეუღლე მოწამლეს, მანანა ირემაძე პასუხობს, ეჭვი იმიტომ გაუჩნდა, რომ მან დანამდვილებით იცოდა, თითქოს, მისი მეუღლის გვამს ექსპერტიზა არ ჩატარებია, მაგრამ მეუღლის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ გაიგო, რომ მეუღლის თანამშრომელმა ვიქტორ ჭელიძემ და ჰოსპიტალის მთავარმა ექიმმა, ზაზა შალამბერიძემ ექსპერტიზა ჩაატარეს, მაგრამ ამ ექსპერტიზის პასუხები ოჯახს არ გასცნობია. გარდა ამისა, ირემაძე ამბობს, რომ მეუღლის გარდაცვალებიდან მის დაკრძალვამდე ჰოსპიტალში მას რაღაც წამლებს ალევინებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ეს დასამშვიდებელი მედიკამენტებია. ამ წამლების გამო კი მეუღლის გასვენებამდე იგი მუდმივად თითქმის უგონო მდგომარეობაში იყო და ამიტომაც მანანა ირემაძე ფიქრობს, რომ ვიღაცას არ აწყობდა, მას მაშინვე დაეწყო მეუღლის გარდაცვალების მიზეზების დადგენა. იგივეს აფიქრებინებს ის ფაქტიც, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში მასზე მუდმივი ფსიქოლოგიური ტერორი მიმდინარეობდა, სატელეფონო ზარებისა და მუქარების სახით.
რაც შეეხება თავად გარდაცვალების ფაქტს, იგი აცხადებს, რომ გიგლა ირემაძე სახლში იყო, მას ვიღაცამ დაურეკა და სახლიდან გაიყვანეს. იმ დღეს მათი ქალიშვილის ბინა გაიძარცვა და ამიტომ გიგლა ირემაძეს თავის შვილთან მისვლა მოუწია და სწორედ შვილის ბინაში იგი უეცრად გარდაიცვალა.
„მამაჩემი ჩემთან რომ შემოვიდა, მწვანე ფერი ედო სახეზე და მითხრა - მამი, ცუდად ვარო. ეს მისი ბოლო სიტყვები იყო. ამის შემდეგ იგი უეცრად გარდაიცვალა. ვინაიდან მას უცებ დაუგეგმავად მოუწია ჩემს სახლში მოსვლა, ამიტომ მე და დედა ვფიქრობთ, რომ იგი მოწამლული იყო და სხვაგან უნდა მომკვდარიყო, მაგრამ ჩემი ბინის ძარცვის გამო ჩემს სახლში დალია სული“, - აცხადებს ადმირალის ქალიშვილი.
მასა და მის დედას არ აქვთ ინფორმაცია, ვინ შეიძლება ყოფილიყო დაინტერესებული გიგლა ირემაძის მოკვლით, მაგრამ ვინაიდან მას საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა, ირემაძის ქვრივი არ გამორიცხავს, რომ მას რაღაც საიდუმლო ინფორმაცია ჰქონოდა. ამასთანავე, მანანა ირემაძე ამბობს, რომ ჰქონდა ინფორმაცია, რომ სწორედ იმ დღეს, როდესაც გიგლა ირემაძე გარდაიცვალა, იგი გენშტაბის უფროსად უნდა დანიშნულიყო. მანანა ირემაძის თქმით, მეუღლის გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ, ღამის საათებში მის სახლში რამდენიმე ნიღბიანი, შეიარაღებული პიროვნება შეიჭრა, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ითხოვდნენ იარაღს, ფულს, რუქას და რაღაც კასეტას, თუმცა არც ერთი ეს ნივთი მას სახლში არ ჰქონია. აქვე მანანა ირემაძე აცხადებს, რომ მისი მეუღლის გარდაცვალებიდან მეორე დღეს, მისი კაბინეტი გაიძარცვა. ამასთანავე, თავად მანანა ირემაძის საცხოვრებელი ბინა მისი თქმით, სულ ოთხჯერ გაიძარცვა და ამ ძარცვის პერიოდში მისი მეუღლის კუთვნილი ნივთები იკარგებოდა. ამასთანავე, არც ერთ ამ ფაქტზე, გარდა ბოლო ძარცვისა, საქმე აღძრული არ არის.
„სახლში გვქონდა ორი წიგნი, ერთი იყო „საქართველოს გენერლები“, მეორე კი იყო „გენერლები და ადმირლები“. ერთ-ერთი ძარცვის შემდეგ ეს მეორე წიგნი, ანუ „გენერლები და ადმირლები“ ვეღარ ვნახე, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი უცებ ისევ გაჩნდა. ასევე იყო ჩემი მეუღლის ალბომთან დაკავშირებითაც. ეს ალბომი რამდენიმე თვე ვეძებეთ და ვერ ვიპოვეთ. მიმდინარე წლის 19 აგვისტოს, როდესაც ჩვენი ბინის ბოლო ძარცვა მოხდა, ეს ალბომი საძინებელში საწოლზე აღმოვაჩინეთ, მაგრამ სხვა რაღაცეები იყო წაღებული“, - ამბობს მანანა ირემაძე.
მისი თქმით, როდესაც ამ ძარცვის შესახებ პოლიციაში განაცხადეს და გამოძიების ფარგლებში დაიკითხნენ, გამომძიებელი მათ ეკითხებოდა, ხომ არ ჰქონდათ სახლში ადმირალ ირემაძის რაიმე ხელნაწერები, რუქა და ა.შ. ამასთანავე, მანანა ირემაძე ამბობს, რომ ამ ძარცვის ფაქტზე მართალია საქმე აღიძრა, მაგრამ მისი და მისი ოჯახის წევრების დაკითხვის მეტი, აღარაფერი გაკეთებულა და საქმე თაროზეა შემოდებული. ამასთანავე, მისი თქმით, მეუღლის გარდაცვალებიდან დაწყებული მუქარები, რაც მთელი რვა წელი გრძელდებოდა, მიმდინარე წლის 19 აგვისტოს შეწყდა. მანამდე კი ზეწოლა სხვადასხვა ფორმის იყო.
„ეზოში მანქანა გვყავს გაჩერებული. დილით გამოვიდოდით და მანქანაზე სისხლიანი ხუთი თითი იყო დახატული. ასე გრძელდებოდა დაახლოებით ათი დღის განმავლობაში, სანამ ეს ბოლო ძარცვა მოხდებოდა“, - აღნიშნავს მანანა ირემაძე.