კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ახლად დანიშნული დირექტორი დავით ბედია გამორიცხული არ არის ერთ მშვენიერ დღეს მთავარმა პროკურატურამ დაკითხოს, რადგან მისი გვარი არცთუ სახარბიელო კონტექსტში ფიგურირებს სახალხო დამცველის 2007 წლის მეორე ნახევრის საპარლამენტო მოხსენებაში. საქმე ეხება ზუსტად ხუთი წლის წინ - 2007 წლის 8 ნოემბერს ბათუმში გამართული სტუდენტების მშვიდობიანი აქციის სასტიკ დარბევას, რა დროსაც ფეხმძიმეებიც არ დაინდეს და დარბევის შემდეგ კონკრეტული ადამიანის პოლიტიკური ნიშნით დაკავებას, ცემის თანხლებით.
იმჟამინდელმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა პროკურატურას გამოძიების დაწყების რეკომენდაციით მიმართა, როგორც ამ კონკრეტულ ფაქტებზე, ისე 2007 წლის 7 ნოემბრის მშვიდობიანი აქციის დარბევაზე.
გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების განახლების, გადახედვისა და ხელახლა გამოძიების მოლოდინთან ერთად საზოგადოების გარკვეული ნაწილი იმედოვნებს, რომ მთავარი პროკურატურა უყურადღებოდ არ დატოვებს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშებში მოხსენიებულ კონკრეტულ ფაქტებს, რის შესახებაც სახალხო დამცველმა პროკურატურას თავის დროზე მიმართა.
დავით ბედია გადირექტორებამდე მუშაობდა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე, ხოლო 2007 წლის ნოემბერში შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა. სწორედ 2007 წლის ნოემბერში დაარბიეს ბათუმში სტუდენტების მშვიდობიანი აქცია, რა დროსაც ფეხმძიმე ქალბატონებიც არ დაინდეს. ბედიას ხელმძღვანელობის პერიოდში ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით აკავებდნენ, ცემდნენ, აწამებდნენ და ტვინის გახვრეტით ემუქრებოდნენ, რის კონკრეტულ მაგალითებსაც ამ მასალაში შეგიძლიათ გაეცნოთ.
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ახლად დანიშნული დირექტორის დავით ბედიას გვარი „ტვ 25“-ის გათიშვასაც უკავშირდება. კერძოდ, 2007 წლის 7 ნოემბერს თბილისში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების სასტიკად დარბევის შემდეგ სპეცრაზმი „იმედში“ შეიჭრა, „კავკასიამ“ მაუწყებლობა შეწყვიტა, ხოლო ბათუმში დამოუკიდებელ ტელევიზა „ტვ 25“-ში სპეცრაზმი, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები შევიდნენ და მაუწყებლობა შეწყვიტეს.
2007 წლის 14 ნოემბერს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით - „ბათუმის დამოუკიდებელი ტელევიზია - TV-25 დახურულია“. ამ სტატიიდან ჩანს, რომ 14 ნოემბერს „ტვ 25“ ისევ გათიშული იყო. ამონარიდი სტატიიდან: „სამართალდამცავებმა აგვიკრძალეს ეთერში გასვლა ყოველგვარი სამართლებრივი დოკუმენტის გარეშე“,- აცხადებს ტელევიზიის დამფუძნებელი მერაბ მერკვილაძე. 7 ნოემბრის ღამის პირველ საათზე, ბათუმის დამოუკიდებელ ტელევიზია TV-25-ში სპეცრაზმი და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ. ოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის დავით ბედიას მითითებებით სრულდებოდა. მას შემდეგ ტელევიზია დახურულია.
ამ დროისათვის საგანგებო სიტუაცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არ ვრცელდებოდა. მიუხედავად ამისა, ბათუმის დამოუკიდებელ ტელევიზიას მაუწყებლობა აუკრძალეს. თუ რატომ, ეს ოპერაციის ხელმძღვანელმა, აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით ბედიამ ტელევიზიის დამფუძნებელ მერაბმერკვილაძეს ასე აუხსნა: „ვაკეთებ ისე, როგორც დამავალეს“, - ასე მითხრა ბედიამ. გამოგვირთეს ის გადამცემი, რითაც მახინჯაურის გადამცემ ანძას მიეწოდებოდა სიგნალი და ეს ნაწილი თან წაიღეს. სხვა ტექნიკა არ დაუზიანებიათ“.
ზუსტად 5 წლის წინ ბათუმში სტუდენტები სასტიკად დაარბიეს. თბილისში მომხდარი 7 ნოემბრის მიტინგის დარბევა ბათუმში მეორე დღეს სტუდენტებმა გააპროტესტეს, რასაც ნიღბიანების მხრიდან სისასტიკე მოჰყვა - პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს, რომელთა შორის იყვნენ ფეხმძიმე ქალბატონები. ერთმა მათგანმა ნაყოფის გადარჩენა შეძლო, ხოლო მეორემ ვერა.
აი, რას წერდა იმჟამინდელი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი საპარლამენტო მოხსენებაში 8 ნოემბრის აქციის დარბევაზე:
„2007 წლის 8 ნოემბერს დილის ცხრა საათზე ბათუმის უნივერსიტეტის შენობის წინ გაიმართა აღნიშნულ უნივერსიტეტსა და ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტთა საპროტესტო აქცია. აღნიშნული შეკრება დაშლილ იქნა სპეციალურ ფორმაში ჩაცმული ნიღბიანი პირების მიერ. შავ ტანსაცმელსა და ნიღაბში გამოწყობილმა სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეები მიამწყვდიეს შენობის კედელთან, არ აძლევდნენ მათ გადაადგილების საშუალებას და ურტყამდნენ რეზინის ხელკეტებს. ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება გრძელდებოდა რამდენიმე წუთის განმავლობაში. სპეცდანიშნულების რაზმმა გამოიყენა ცრემლსადენი გაზი. აქციის მონაწილეები გაიქცნენ ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მიმართულებით. მათ უკან მისდევდნენ სპეცრაზმელები. გაქცეულთა ნაწილმა თავი შეაფარა სკოლის გვერდზე არსებული საბავშვო ბაღის შენობას, ხოლო აქციის დაახლოებით 20-30 მონაწილე შევიდა N2 საჯარო სკოლის შენობაში. სპეციალური რაზმის დანიშნულების წევრები დაედევნენ აქციის დანარჩენ მონაწილეებს. მათ ვერ იპოვეს თავშესაფარი.
2008 წლის 8 ნოემბერს, ქალაქ ბათუმის N1 კლინიკურ საავადმყოფოში შეიყვანეს უნივერსიტეტის შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის ოთხი მონაწილე: ნიკა კახიძე, გიორგი ბერიძე, ლაშა ბაჟუნაშვილი და მამუკა მამულაშვილი. მათ აღენიშნებოდათ სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები...
ბათუმის ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლში მიყვანილ იქნა უნივერსიტეტის შენობასთან გამართული აქციის მონაწილე თ.ბ. ეს უკანასკნელი იყო 7 თვის ფეხმძიმე. აქციის დაშლისას მის მიმართ გამოყენებულ იქნა ძალა, რის შემდეგაც ნაყოფი დაზიანდა. თ.ბ-მ მოახერხა მშობიარობა და ნაყოფის გადარჩენა. საპრტოტესტოა ქციის დაშლის შედეგად ასევე დაზიანდა მეორე ფეხმძიმე ს.ლ. ამ უკანასკნელს აიძულეს სირბილი უნივერსიტეტის მესამე სართულამდე. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ს.ლ-ს ნაყოფის გადარჩენა...
სისასტიკის ის ფორმა, რაც გამოყენებულ იქნა საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ, კედელთან მიმწყვდევითა და რეზინის ხელკეტით ცემით, წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ ღონისძიებას. არ შეიძლება რომ საპროტესტო აქციის უკანონობითა და საგანგებო მდგომარეობით გამართლდეს კედელთან მიმწყვდეულ და შესაბამისად, უსუსურ ადამიანებზე ძალადობა. ეს უკანასკნელი წარმოადგენს არა შეკრების თვისუფლებაში ჩარევას, არამედ წამებას ან არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას...“
„რა გეგონა, მინისტრს რომ კაბა ჩამოუკიდე შეგრჩებოდა?!“
სახალხო დამცველის 2007 წლის მეორე ნახევრის მოხსენებაში ცალკე თავად არის გამოყოფილი მერაბ ღოღობერიძის საქმე, რომელიც სოზარ სუბარმა თავის დროზე გამოსაძიებლად გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნა. სახალხო დამცველის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ღოღობერიძე პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. სწორედ ამ საქმეში ფიგურირებს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ახლადდანიშნული ხელმძღანელი დავით ბედია. ამონარიდი სახალხო დამცველის მოხსენებიდან:
„მერაბ ღოღობერიძის საქემე - 2007 წლის 8 ნოემბერს ბათუმის შს სამმართველოს წარმომადგენლებმა ქლაქ ბათუმის მკვიდრი მერაბ ღოღობერიძე დააკავეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა ოქმის მიხედვით, მან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (ხულიგნობა) მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა ჩაიდინა, რაც ხმამაღალ გინებასა და უცენზურო სიტყვების გამოყენებაში გამოიხატა. ოქმის თანახმად მერაბ ღოღობერიძის დაკავება საუბნო ჯგუფის ინსპექტორმა ჯემალ ბერიძემ განახორციელა. მერაბ ღოღობერიძის დაკავება ბათუმის შს სამმართველოს წარმომადგენლებთან გართულებულ ურთიერთობასა და პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება.
კერძოდ, იგი 2007 წლის 17 ოქტომბერს გაზეთ „ბათუმელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბათუმის შს საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილების უფროსს ჯუმბერ დიასამიძეს ოპოზიციის მისამართით მუქარაში ამხელდა, ხოლო დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ბათუმის შს მესერზე კაბა დაკიდა.
ახსნა-განმარტებებიდან ირკვევა შემდეგი - 2007 წლის 8 ნოემბერს დილის 11 საათზე მას შემდეგ რაც მერაბ ღოღობერიძისთვის ცნობილი გახდა რომ ბათუმის უნივერსიტეტში სპეციალური დანიშნულების რაზმი შევიდა, იგი უნივერსიტეტთან მივიდა. მასთან ერთად გაზეთ „ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი, მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე და ამავე გაზეთის ჟურნალისტი მაკა მალაყმაძე იმყოფებოდნენ. უნივერსიტეტთან ახლოს იდგნენ ბათუმის შს სამმართველოს უფროსი დავით ბედია და ბათუმის შს სამმართველოს მესამე ეგანყოფილების უფროსი ჯუმბერ დიასამიძე. ამ უკანასკნელმა მერაბ ღოღობერიძე შეამჩნია და დავით ბედიას მასზე მიანიშნა.
რამდენიმე წუთში მერაბ ღოღბერიძეს ნიღბიანი პირები მიუახლოვდნენ, იძულებით გზის მეორე მხარეს გადაიყვანეს და თეთრი ფერის 07 მარკის ავტომობილში ჩასვეს. მანქანაში მის გარდა 5 ნიღბიანი პირი იმყოფებოდა. მათ მერაბ ღოღობერიძეს ქურთუკით თვალები აუხვიეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
მერაბ ღოღობერიძის დაკავების პოლიტიკურ მოტივს ადასტურებს გარკვეული გარემოებებიც. კერძოდ, მზია ამაღლობელის კითხვა, თუ რის გამო აკავებდნენ, აღნიშულმა პირებმა უპასუხეს რომ იგი ხან რესპუბლიკელებთან და ხან სტუდენტებთან ერთად ფიქსირდებოდა. სამივე თითმხილველი ადასტურებს იმ ფაქტს რომ მერაბ ღოღბერიძის მხრიდან რაიმე შეურაცხმყოფელ ქმედებას ან გინებას ადგილი არ ჰქონია. ეთერ თურაძე ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს რომ მერაბ ღოღობერიძის დაკავებისას ერთ-ერთმა ნიღბიანმა პირმა მას შემდეგი ფრაზით მიმართა - ბიჭო, შენ რამდენი ხანია დაგეძებთ?! ეთერ თურაძე ასევე აღნიშნავს რომ მერაბ ღოღობერიძეს გათავისუფლების შემდეგ გაზეთ „ბათუმელების“ რედაქციაში მისულს კისრის არეში ფიზიკური ზემოქმედების კვალი აღენიშნებოდა.
მერაბ ღოღობერიძის განმარტებით, ავტომანქანაში მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. კერძოდ ურტყამდნენ თავის არეში და უმეორებდნენ - „რა გეგონა, მინისტრს რომ კაბა ჩამოუკიდე შეგრჩებოდა?!“
ბათუმის შს სამმართველოს მეორე განყოფილებაში მიყვანის შემდეგ მასზე ხელმეორედ განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა. დაემუქრნენ, თუ კიდევ გამოჩნდებოდა აქციაზე, ან რომელიმე პარტიაში, ტვინს გაუხვრეტდნენ. ამის შემდეგ მასთან მივიდა ბათუმის შს საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორი ჯემალ ბერიძე, რომელმაც მისი ადმინისტრაციული წესით დაკავების ოქმი შეადგინა. მერაბ ღოღობერიძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას უარყოფს და ამბობს რომ აღნიშნული სამართალდარღვევა ზეწოლის შედეგად აღიარა. მისი განმარტებით ნიღბიანი პირები არიან ბათუმის შს საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლები და შეუძლია მათი ამოცნობა.
მერაბ ღოღობერიძე ამავე დღეს იმყოფებოდა ქალაქ ბათუმის N1 საავადმყოფოში. საქმეში არსებობს ექიმ ირინე ზამთარაძის განმარტება, რომლისთანახმადაც საავადმყოფოში მისვლისას მერაბ ღოღობერიძეს აღენიშნებოდა კისრის რბილი ქსოვილის დაჟეჟილობა, კისრის არეში კეფასთან მიმავალი სიგრძითი ზოლი, სისხლნაჟღენთი, იგი კარგავდა წონასწორობას. ირინე ზამთარაძის განმარტებით ასეთი სახის დაზიანება გარე ზემოქმედების შედეგად წარმოიშობა. ჩატარებული გამოვკვლევის შედეგად ღოღობერიძის თავის ტვინის დახურული ტრავმა დაუდგინდა. მერაბ ღოღობერიძე 8-დან 12 ნოემბრამდე მითითებულ კლინიკაში გადიოდა სტაციონალურ მკურნალობას, რაც ავადმყოფობის სამედიცინო ბარათით დასტურდება.
სახალხო დამცველის აპარატიდან მერაბ ღოღბერიძის საქმის მასალები გადაგზავნილია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. პასუხი დღემდე უცნობია.
აღნიშნულ შემთხდვევაში ეჭვგარეშეა, რომ მერაბ ღოღბერიძის ფიზიკურშეურაცხყოფასა და შემდეგომ ადმინისტრაციული წესით დააკვებას საფუძვლად ედო მისი პოლიტიკური მოსაზრებები. უფრო მეტიც, აღნიშნულ შემთხვევაში იკვეთება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლთა დანაშაულებრივი ქმედება“.