„დროში აცდენილი გადაწყვეტილებები შესაძლოა მტკივნეული იყოს ხელისუფლების იმიჯისთვის“

„დროში აცდენილი გადაწყვეტილებები შესაძლოა მტკივნეული იყოს ხელისუფლების იმიჯისთვის“

საპარლამენტო უმრავლესობამ უმცირესობის მიერ შეთავაზებულ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიაში კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა. საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტში საქმიანობა დროებით შეაჩერა და დედაქალაქში დაბრუნდა. თუმცა, უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქარაძემ ბოიკოტი სხვა მიზეზით ახსნა: „დღეს ქვეყანაში რისკის ქვეშ დგას, როგორც პოლიტიკური ოპოზიციის მომავალი, ისე ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების პერსექტივა და საპარლამენტო უმცირესობა მუშაობას ვერ გააგრძელებს ისე, თითქოს, არაფერი ხდება. დღეს საზოგადოებამ რამდენიმე ადამიანთან მიმართებაში დაპატიმრებების პირველი ტალღა იხილა, სადაც არ არსებობს მკაფიო პასუხი, თუ რატომ, როგორ და რაიანირად მოხდა ამ ფორმით მათთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება. დღეს ჩვენმა საზოგადოებამ იხილა პირდაპირი ზეწოლა თავისუფალი ტელევიზიის წინააღმდეგ, როცა საზოგადოებრივ მაუწყებელში შემოწმების მიზნით შემოსავლების სამსახური შევიდა. ჩვენ ეს კარგად გვახსოვს „რუსთავი 2-ის“ მაგალითზე“...

რამდენად საფუძვლიანად თუ უსაფუძვლოდ მოხდა თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსანთა დაკავება, არის თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური შემოწმება ზეწოლა თავისუფალ მედიაზე და ეს ყველაფერი რამდენად შეიძლება იყოს საპარლამენტო უმცირესობის მიერ ბოიკოტის მიზეზი, ამ თემებს ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძესთან ერთად გავნვიხილავთ.

ქალბატონო ხათუნა, ოპოზიცია აცხადებს, რომ ბაჩო ახალაია და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები უსამართლოდ არიან დაკავებულები და მათ მიმართ პოლიტიკური დევნა განხორციელდა. ხელისუფლება კი ამბობს, რომ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები და ისინი უნდა დასჯილიყვნენ. ობიექტურები რომ ვიყოთ, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ეს პოლიტიკურ დევნად?

- ამ შემთხვევაში საუბარი პოლიტიკურ დევნაზე  არარეალურია. თუმცა, ვიდრე ბრალი არ წარედგინება და რეალური მტკიცებულებებით არ იქნება ეს ბრალი გამყარებული, მანამდე ასეთი ფორმულირება, ანუ, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება თუ რეალურად სისხლის სამართლის დამნაშავის პასუხისგება, თუკი საკითხს სამართლებრივი ნორმებით მივუდგებით, დღეს ნაადრევია.

მეორეა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი და ვინ არის ეს ადამიანი ქართული საზოგადოებისთვის. ის, რაც დღემდე ქართულმა საზოგადოებამ იცის მასზე, გვაძლევს თუ არა საფუძველს, რომ ახალაია არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. რა თქმა უნდა, გვაძლევს.  საწინააღმდეგოს მტკიცება, უბრალოდ, სასაცილოა. მე ვიტყოდი, რომ ნაციონალური მოძრაობის პოზიცია (სააკაშვილის გამოსვლას ვგულისხმობ ახალაიას დაკავებასთან დაკავშირებით - გამოაცხადო ბაჩო ახალაია 2008 წლის მოვლენების გმირად), იმ ამორალური პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც ისინი ეწეოდნენ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ასეთ შემთხვევაში, მორალზე ლაპარაკიც მთლად ადეკვატურიც არ არის და ჯანსაღ ფსიქიკაზე უნდა ვაკეთებდეთ შეფასებას. ეს კიდევ ერთხელ, დაცინვაა სააკაშვილის მხრიდან საკუთარი ხალხის.

ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ნაციონალური მოძრაობა დარჩა ვირტუალურ რეალობაში. არჩევნების შემდეგ ერთ-ერთ ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო სტატია. მთელი ტონალობა და ინტონაცია ამ სტატიის იყო გაოგნება, ანუ როგორ გამოეპარათ მათ ის, რომ საქართველოში მართლაც მომწიფდა სიტუაცია ხელისუფლების რეალურად შეცვლისთვის. დასკვნაა ასეთი, რომ ვერ გავთვალეთ საქართველოში ხელისუფლება რეალურად შეიცვლებოდა, რადგან ჩავთვალეთ, რომ  საქართველოში შესაძლებელი იყო რეალობის ვირტუალური სამყაროთი ჩანაცვლება.

ნაციონალური მოძრაობა ხომ სახელმწიფოს კი არა, მედიასახელმწიფოს აშენებდა. მიხვდნენ ამერიკელები, რომ ამ ვირტუალურობის მსხვერპლი გახდა ნაციონალური მოძრაობა და ზოგადად, მათი პოლიტიკა. თუმცა, ამას ვერ მიხვდნენ თვითონ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და დღემდე რჩებიან ამ ვირტუალურ სამყაროში. იმის ნაცვლად, რომ პროცესების ადეკვატურები იყვნენ, ისევ თავის ძველი იმიჯის შელამაზების სქემებში არიან ჩაფლულები. მათ ჰგონიათ, რომ ბაჩო ახალაია ის პერსონაა, რომლისგანაც შეიძლება პოლიტიკური დევნილი და ზოგადად ხელისუფლების რეპრესიების მსხვერპლი გააკეთონ. ვერ გააკეთებენ, სხვა ფიგურაზე რომ იყოს საუბარი, კიდევ შეიძლებოდა, ამ იმიჯმეიკერულ მცდელობებს შედეგი გამოეღო, მაგრამ ბაჩო ახალაია სწორედ ის პერსონაა, რომელსაც ვერანაირად ვერ უშველის ვერანაირი იმიჯმეიკერი.

ეს არის,ზოგადად, ნაციონალური ბოროტების კვინტენსენცია. ისე აეწყო, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ შეუწყო ხელი, სწორედ ბაჩო ახალაიაში განივთებულიყო ნაციონალური მოძრაობის მთელი ბოროტება. აქედან გამომდინარე, როდესაც ცდილობ, ამისგან ქულები ჩაიწერო, პოლიტიკური მსხვერპლის და დაჩაგრულის სახე შექმნა და ეს გაყიდო დასავლეთში, არ გამოვა - ეს ხომ მხოლოდ დასავლეთზეა გათვლილი.

დამისახელეთ, ნებისმიერი ქართველი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც ბაჩო ახალაიას დღეს მიიჩნევს პილიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლად. ეს არის მხოლოდ დასავლეთში გასაყიდად შეფუთვის მცდელობა, მაგრამ ბაჩო ახალაია ის პერსონაა, რომლის დანიშვნასაც საქართველოს თავდაცვის მინისტრად, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უსიამოვნოდ შეხვდა ისივე აშშ.

თუმცა საქართველოში სხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა, ამბობდნენ, რომ ბოლო დროს, ბაჩო ახალაიას ძალიან კარგი იმიჯი შეუქმნეს ამერიკაში ნაცმოძრაობის ლობისტებმა...

- ბოლო პერიოდში ამასაც კი ეცადნენ, მაგრამ ციხის კადრების მერე ბაჩო ახალაიას ამერიკელი ლობისტების მიერ შექმნილ იმიჯზე ლაპარაკი ზედმეტია. ეს ის პერსონაა, რომლის მსხვერპლად შეფუთვას და გაყიდვას ვერ შეძლებენ. ისინი ცალსახად წაგებულ თამაშს თამაშობენ ბაჩო ახალაიას ფიგურით, მაგრამ უფრო მეტსაც ვიტყვი - ისმოდა კითხვა, რატომ დაბრუნდა და ა.შ. დაბრუნდა იმიტომ, რომ ერთი მხრივ, ის გაწირა ხელისუფლებამ, მეორე მხრივ, დასავლეთმა. თუმცა, არც ის არის გამოსარიცხი, რომ იმ ოცდღიან პერიოდში, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ჯერ კიდევ ხელისუფლებაში იყო, მაქსიმალურად შეეცადა, მოესპო ის მტკიცებულებები, რომელიც არსებობდა არა მარტო ახალაიას წინააღმდეგ, არამედ ყველა წამყვანი პირის წინააღმდეგაც.

დიახ, ჩვენ გვახსოვს არჩევნების შემდეგ დამწვარი დოკუმენტებიც...

- ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ახალაია და სააკაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ საქართველოს ფარგლებს გარეთ და შემდეგ ბაჩო ახალაია საქართველოში დაბრუნდა. შესაძლოა, უთხრეს, რომ რეალური მტკიცებულებები მის წინააღმდეგ არ არსებობდა, შესაძლოა, დააკავონ, მაგრამ სასამართლო რეალური მტკიცებულებების არარსებობის გამო გაათავისუფლებს. შესაძლოა, მას ამისი იმედიც ჰქონდეს. თუმცა, თუ სასამართლომ თავის თავზე აიღო და გამოუშვა ახალაია მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო, ეს ძალიან პრობლემური იქნება ხელისუფლებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - გარეთ.

თუმცა ის ჩვენებენი, რაც იუსტიციის სამინისტრომ დადო, ამის საფუძველს, ალბათ, ნაკლებად იძლევა, რადგან საუბარია ჯარისკაცებზე, რომლებიც ყვებიან, როგორ აიძულებდა მათ ახალაია, ჯარში ბუნტის იმიტაცია მოეწყოთ. თუმცა, აქვე გკითხავთ, ხომ არ იჩქარა ხელისუფლებამ, რადგან ყველა მოელოდა, რომ მას ბრალად წაუყენებდნენ ციხესთან დაკავშირებუოლ დანაშაულს, ან იმაზე მძიმე ბრალდებას, ვიდრე ჯარისკაცისთვის თავში დანის ტარის ჩარტყმაა.

- დღევანდელი ხელისუფლება დგას ძალიან დიდი დილემის წინაშე, არა მარტო ახალაიას, არამედ ზოგადად იმ პროცესების გამო, რომელიც კიდევ უფრო ფართო მასშტაბს შეიძენს. ვგულისხმობ სისხლის სამართლებრივ დევნას ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ.

ერთ მხარეს დგას საზოგადოებრივი განწყობა, ხალხის ნება, უპირობო სურვილი, რომ დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც საზოგადოება მთელი 9 წელი ტოტალური დევნის, წამების, შიშის ქვეს ამყოფეს და მეორე მხარეს დგას სამართლის მოთხოვნა.

საზოგადოების წარმოდგენა ახალიაზე, რომ ის არის ასეთი და ასეთი, უნდა იყოს განმტკიცებული სამართლებრივი ფაქტობრივი მტკიცებულებებით. თუ ვერ მოიპოვე შესაბამისი მტკიცებულებები, სამართლისა და საზოგადოების მოთხოვნა ერთმანეთს არის აცდენილი. თავის დროზე ნაციონალურ მოძრაობას სწორედ ეს დაემართა.

2004 წელს გაცილებით დიდი იყო რევანშისტული წყურვილი, ეს თვითონვე დაბადეს, სიძულვილის ენით მოვიდნენ ხელისუფლებაში და ამით საზოგადოებაც გააჯერეს. ამიტომ, საზოგადოება გაცილებით რევანშისტულად იყო განწყობილი. სწორედ ამან დაღუპა ნაციონალური მოძრაობა - ის ხალხის მოთხოვნას დაემორჩილა და არად ჩააგდო სამართლის მოთხოვნა.

იმას ვინ იტყვის, რომ შევარდნაძის ხელისუფლებაში არ იყვნენ სისხლის სამართლის დამნაშავეები, მაგრამ ნაციონალურმა მოძრაობამ მათი დაკავების პროცესში უგულებელყო სამართლის მოთხოვნები. მაშინ ნამდვილად იჩქარა ხელისუფლებამ, ცოტა რომ დაეცადა და გაემტკიცებინა ფაქტობრივი მტკიცებულებებით და ეს ყველაფერი საჯარო გაეხადა, ზოგადად, პროცესები წავიდოდა სხვანაირად. საუბარი იმაზე კი არ არის, რომ დამნაშავე არ უნდა დაისაჯოს, მაგრამ უნდა დაისაჯოს მას შემდეგ, რაც სამართალი აღიარებს მას დამნაშავედ და არა მხოლოდ საზოგადოებრივი აზრი.

ნაციონალურმა მოძრაობამ საზოგადოებრივი აზრი იკმარა, იმისათვის, რომ ამ ადამიანების შურისძიების აქციები მოეწყო. ნამდვილად არ თვლიდა საჭიროდ, რომ ფაქტობრივი მტკიცებულებები გაეცნო საზოგადოებისთვის. მისთვის საკმარისი იყო ის, რომ შევარდნოდა ცოლ-ქმარს შუაღამისას საძინებელში და ნახევრადშიშველ მდგომარეობაში დაეპატიმრებინა, აეწიოკებინა მცირეწლოვანი ბავშვები.

ამან დაღუპა საბოლოოდ ნაციონალური მოძრაობა. საკუთარი ქმედებები საზოგადოებრივ აზრს დაუქვემდებარა და უგულებელყო სამართლის მოთხოვნები. იგივე საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს ახალი ხელისუფლებაც, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ახალაიას წინააღმდეგ აღმოაჩნდება გაცილებით მსუყე მტკიცებულებები.

მოდით ასე ვთქვათ, საზოგადოების განწყობამ შეიძლება ააჩქარა ხელისუფლება, მაგრამ ორი-სამი დღის შემდეგ რომ ყოფილიყო, ეს ადამიანი მაინც იქნებოდა დაკავებული და მაინც მიეცემოდა სისხლი სამართლის პასუხისგებაში.

რაც შეეხება გენშტაბის უფროსის დაკავებას, უმცირესობა თვლის, რომ ახლოვდება ნატოს სამიტი და გენშტაბის უფროსის დაპატიმრება ხელს შეგვიშლის ნატოში გაწევრიანებაში. რამდენად საფუძვლიანია უმცირესობის შეშფოთება?

- ამ შემთხვევაში დგება მიზანშეწონილობის პრინციპი. რა უფრო მნიშვნელოვანია.სამართლის თუ პოლიტიკური მიზანშეწონილობის ერთგულება. საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ვინმე ნატოში მიგვიღებდა უახლოეს სამიტზე, ეს ისევე ვირტუალურია, როგორც ნაცმოძრობის ფანტასმაგორიული გამონათქვამები.

მეორეა - ორი თვის წინ დანიშნული სრულიად ნორჩი გენშტაბის უფროსი ის პერსონაა, რომელზეც დამოკიდებული იყო საქართველოს ნატოში მიღება-არმიღება?

თუ ნორჩი კალანდაძის თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნით წყდება საქართველოს ნატოში მიღება-არმიღება, აშენებულა ქვეყანა.

როდესაც სამართლისა და პოლიტიკური მიზანშეწონილობის დაპირისპირებაზე ვსაუბრობთ, თუ საქართველოს გენშტაბის უფროსი იყო სისხლის სამართლის დამნაშავე, რამდენად სამართლიანი იქნებოდა მისი შენარჩუნება პოსტზე, თუნდაც იმისთვის, რომ საქართველო შესულიყო ნატოში? ნაცმოძრაობის ლოგიკით, ჩვენი გზა ნატოში გადის იმაზე, რომ გენშტაბის უფროსად გვყავდეს კრიმინალი? ეს ხომ სრული აბსურდია. მეტი არაფერია, რასაც ისინი ამბობენ, მხოლოდ ასე შეიძლება ამისი თარგმნა.

ამიტომაც ვამბობ, რომ ისინი სრულიად ასცდნენ რეალობას და არაადეკვატურები არიან. თუ კრიმინალი არ გვეყოლება გენშტაბის უფროსად, ნატოში არ მიგვიღებენ? საქართველოს გადმოსახედიდან ეს სასაცილოა და ნატოს გადმოსახედიდან ხომ - საერთოდ. თუ იმას ფიქრობენ, რომ ნატო რას იტყვის, როცა გაიგებს რომ კრიმინალი გენშტაბის უფროსი გვყოლია, მაშინ ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს? ალბათ, იმისი, ვინც ის დანიშნა. თუ პრეზიდენტი ნატოში შესვლის ფიქრით ათენებს და აღამებს, ის არ უნდა გაეთვალისწინებინა, რომ კრიმინალი არ დაენიშნა გენშტაბის უფროსად?

რაც შეეხება პირველ არხს, უმცირესობის მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში საგადასახადო შემოსავლების სამსახურის შესვლა არის ხელისუფლების მხრიდან საკუთარი ზეგავლენის მედიასაშუალებისთვის თავსმოხვევა. ფინანსთა მინისტრი კი აცხადებს, რომ შევიდნენ იმის გასარკვევად, რის გამო დაუგროვდა არხს თითქმის ოთხმილიონიანი დავალიანება. თქვენი შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური შემოწმება პოლიტიკური ნაბიჯია?

- აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დღემდე რჩება პოლიტიკური ბრძოლის გამრუდებულ იარაღად ნაციონალური მოძრაობის ხელში. მაგრამ როგორ იარაღადაც არ უნდა რჩებოდეს მედიასაშუალება, არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს უფლება, განახორციელოს ძალადობა მედიაზე.

გასაგებია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არღვევს კანონს, როდესაც ის ემსახურება ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, არის მის ხელში ძალზედ გამრუდებული იარაღი და არ ემსახურება საზოგადოებას მთლიანად, მაგრამ ეს ხელისუფლებას არ აძლევს უფლებას, რომ დაიწყოს მისი დევნა, შევიწროება და პოლიტიკური ანგარიშსწორება. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუკი ასეთ ქმედებას აქვს ადგილი, ანუ თუკი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ხელისუფლებამ განახორციელა დევნა და შევიწროება. ის, რაც მოხდა, ნამდვილად არ ჯდება დევნისა და შევიწროების კვალიფიკაციაში, ეს სრულიად სხვა მასშტაბის მოვლენაა და სწორად საჭიროებს შეფასებას.

ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ შემოსავლების სამსახურისთვის არსებობდა ტაბუდადებული ორგანიზაციები, რომლებსაც ისინი ვერასდროს ვერ ახლებდნენ ხელს და ვერ ამოწმებდნენ, მიუხედავად ათობით და ასობით მილიონიანი ბრუნვებისა.

რა თქმა უნდა, ეს პრაქტიკა უნდა დაირღვეს და სწორედ მათით უნდა დაიწყოს შემოწმება. არა იმიტომ, რომ ისინი მონოპოლისტები იყვნენ, ან რომელიმე ჯგუფის ინტერესებს ემსახურებოდნენ. ამ შემთხვევაშიც, პოლიტიკური დევნა კი არ უნდა განხორციელდეს, არამედ მოხდეს ის, რაც ლოგიკურია.

რა დააშავა იმ დანარჩენმა ბიზნესმა, რომელიც 9 წლის განმავლობაში აწიოკეს, ისინი ხომ დღემდე არათანაბრ მდგომარეობაში არიან? რატომ არ უნდა ჩაუტარდეს გეგმიური შემოწმება იმ ბიზნესებს, რომლებსაც პოლიტიკური მფარველების გამო არასოდეს შემოწმება არ ჩატარებიათ?

ყველა ბიზნესი უნდა იყოს თანაბარ მდგომარეობაში, აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია, რომ შემოსავლების სამსახურმა შეამოწმოს ისინი, ვისი შემოწმებაც პოლიტიკური ინტერესების გამო არ ხდებოდა და დარწმუნებული ვარ, ასობით მილიონია დამალული.

თუმცა მეორეა, რა დროს კეთდება ეს ყველაფერი. რაც აკლია დღევანდელ ხელისუფლებას და, რაც მომეტებული ჰქონდა წინას, ეს არის პიარი. იმდენად რთული გადაწყვეტილებების მიღება უწევს დღევანდელ ხელისუფლებას, რომ სრულად უნდა იყოს საზოგადოებისთვის ახსნილი ყველა ნაბიჯი, რასაც ის გადადგამს.

ნაციონალური მოძრაობის კავშირი მის ფანატებთანაც კი მაშინ გაწყდა, როდესაც ნაცმოძრაობამ საჭიროდ აღარ ჩათვალა საკუთარი გადაწყვეტილებების ახსნა მოსახლობისთვის. ეს დაიწყო მაშინ, როდესაც უნივერსიტეტის პროფესურის წინააღმდეგ დაიწყო გალაშქრება. მსგავსი რომ არ მოხდეს, ხელისუფლებას სჭირდება სწორი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, თავისი ნაბიჯების არგუმენტირება და ზუსტი ფორმისა და დროის შერჩევა, რაც არასოდეს შეშლია ივანიშვილს განვლილი წინასაარჩევნო წლის განმავლობაში.

დარწმუნებით გეტყვით, რომ ახალაიას ფაქტორს არანაირი რეაქცია არ მოჰყვება დასავლეთში თუ არ ჩავთვლით ისევ ნაციონალური მოძრაობის შემორჩენილი ლობისტების აჟიოტაჟს უახლოესი დღეების განმავლობაში.

მაგრამ რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ამას შესაძლოა, მოჰყვეს მძაფრი რეაქცია იგივე დასავლეთისგან. ასეთ პრინციპულ საკითხებში დროისა და ფორმის შერჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

თუმცა, გააჩნია, რა იქნება ამ შემოწმების შედეგები. თუ შეისწავლიან ფინანსურ მდგომარეობას და გავლენ, ამას არც არაფერი არ მოჰყვება...

- ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ ენით აღუწერელი დარღვევები იქნება. და ეს არ იქნება მხოლოდ შესვლა და გამოსვლა, საკმაოდ მძიმე შედეგები დადგება. მაგრამ აქაც დგება სამართლებრივი და პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი. „რუსთავი 2-ში“ რომ შევიდნენ შევარდნაძის პერიოდში უშიშროების თანამშრომლები, „რუსთავი 2-ს“ რამდენი მილიონის ფინანსური დარღვევა ჰქონდა, მერე, დრომ აჩვენა, რომ  სამართლებრივად სრულიად  კანონიერად შევიდნენ. მათ ჰქონდათ ინფორმაცია ძალიან დიდ ფინანსურ დარღვევებზე, მაგრამ გავიხსენოთ, რა მოჰყვა ამას, პოლიტიკურად არამიზანშეწონილ დროსა და სიტუაციაში.

რამდენად შეიძლებოდა ეს ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ, გამხდარიყო  უმცირესობის დემარშის საფუძველი, ან რა სურს ნაციონალურ მოძრაობას, დასავლეთს აჩვენოს, რომ ერთპარტიული პარლამენტი მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს თუ რასთან გვაქვს საქმე?

- არ დაგვავიწყდეს, რომ დღეს უმცირესობაში არიან სწორედ ის პოლიტიკური პერსონაჟები, ყოველ შემთხვევაში მათი უმეტესობა, ვინც იხეირა იმით, რომ თავის დროზე „რუსთავი 2-ში“ შევიდა შევადრნაძის ხელისუფლება. არ დაგვავიწყდეს, რომ საქმე გვაქვს ხალხთან, რომელმაც თავისი პოლიტიკური აღზევება დაიწყო ზუსტად „რუსთავი 2-ში“ შემოწმების დაწყებით - მედიაორგანიზაციის შემოწმებით. გარწმუნებთ, ეს ხალხი შეეცდება ეს სიტუაციაც სათავისოდ გამოიყენოს, მიუხედავად იმისა, რომ სულ ვამტკიცებ, ნაცმოძრაობის იმიჯის გამოსწორება არის ყოვლად წარმოუდგენელი.

დროში აცდენილი გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, არ იმოქმედებს ნაციონალური მოძრაობის იმიჯის აღდგენაზე, მაგრამ შეიძლება, მტკივნეული იყოს „ქართული ოცნების“ იმიჯისთვის.  სრულიად სხვა მასშტაბის მოვლენაა ბაჩო ახალაიას დაკავება, თუნდაც თავისი გენშტაბიანად და სრულიად სხვა მასშტაბია საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებული მოვლენები.

ნოდარ ხადურს აქვს ყველა შანსი, რომ მიუხედავად ურთულესი სოციალურ-ეკონომიკური ფონისა, გახდეს საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ფინანსთა მინისტრი. სწორად ამიტომ,  გადაწყვეტილებების მიღებისას ზუსტად უნდა შეჯერდეს პოლიტიკური და სამართლებრივი მიზანშეწონილობის საკითხი და შეირჩეს ამ გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ოპტიმალური დრო.