წინა ხელისუფლებამ კომპანია „გლობალ ტვ“-ს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენისთანავე ბრძოლა გამოუცხადა, რადგანაც ის ივანიშვილის ძმის საკუთრება იყო. მოგვიანებით კი, როდესაც ცნობილი გახდა, რომ „გლობალ ტვ“ საკუთარ ქსელში ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ჩართვას აპირებდა, ხელისუფლების მხრიდან კომპანიაზე შეტევები უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდა. ბრძოლა ყველა ფრონტზე მიმდინარებოდა, დაწყებული კომპანიის აპარატურის საბაჟოზე დიდხანს გაჩერებითა და დაზიანებით და დამთავრებული მარეგულირებლის მიერ გაცემული დაუსაბუთებელი ბრძანებებით.
ყველა ამ ქმედებასთან დაკავშირებით, „გლობალ ტვ“-ს ხელმძღვანელობა სამართლებრივი რეაგირებისათვის შესაბამის უწყებებს მიმართავდა, მაგრამ რა თქმა უნდა, რეაგირება არ ხდებოდა. ყველაფრის დაგვირგვინება იყო „გლობალ ტვ“-ს სატელიტური ანტენების დაყადაღება იმ მოტივით, რომ თითქოს, ამ ანტენების დაყენებით „ქართული ოცნების“ სახელით ამომრჩევლის მოსყიდვა ხდებოდა.
ამჟამად კომპანიის ხელმძღვანელობა იმედს გამოთქვამს, რომ „გლობალ ტვ“-ს წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მოჰყვება. ამასთან დაკავშირებით for.ge-ს კომპანიის განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორი, ზურაბ ბაზლიძე ესაუბრება.
ზურაბ ბაზლიძე: „ჩვენ არც ერთი წუთით არ გავჩერებულვართ და მაშინვე, როგორ კი რამე ხდებოდა, სასამართლოს მივმართავდით. არჩევნების ჩატარებისთანავე, 2 ოქტომბერს აღმოჩნდა, რომ თურმე ჩვენს თეფშებს ყადაღა ჰქონია მოხსნილი. მართალია, ჩვენ ეს ინფორმაცია 8 ოქტომბერს გაგვაცნეს, მაგრამ თურმე, 2 ოქტომბერს მოუსხნიათ ყადაღა. ეს თავისთავად ცხადჰყოფს იმას, რომ თავიდანვე უკანონოდ დაგვაყადაღეს, ხუთი თვით გაგვაჩერეს და მხოლოდ ამის შემდეგ მოგვეცა საშუალება, რომ საქმიანობა დაგვეწყო. ჩვენ არა მხოლოდ თეფშები დაგვიყადაღეს, არამედ იმ მონტაჟების განხორციელების საშუალებაც კი არ გვქონდა, რასაც ადრე ვაკეთებდით.
რაც შეეხება დანარჩენ პრობლემებს, მოგეხსენებათ, გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული უამრავი სირთულეები შეგვიქმნეს. მათ შორის პრობლემები იყო კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან, საბაჟოსთან, ასევე შესყიდვების სააგენტოსთან. რა თქმა უნდა, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ სასამართლოში ვდაობთ, ვცდილობთ, ჩვენი ინტერესები დავიცვათ და მოხდეს იმ ზარალის ანაზღაურება, რაც კომპანიას მიადგა. ახლა მიმდინარეობს იმ ზარალის დათვლა, რაც ჩვენმა დაყადაღებამ გამოიწვია. ხდება ტექნიკის დათვალიერება, დათვლა, ასევე იმ ზარალის დათვლაც, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენს მუშაობაში ხელის შეშლას მოჰყვა და როგორც კი ეს ზარალი დაითვლება, სასამართლოს ამ ზარალის ანაზღაურების მოთხოვნითაც მივმართავთ.
რამდენადაც ცნობილია, „გლობალ ტვ“-ს რამდენიმე ათეულობით ათასი სატელიტური ანტენა იყო დაყადაღებული. დღეს სად არის ეს ანტენები და რა მდგომარეობაშია?
- დაყადაღებული იყო დაახლოებით 120 ათასი სატელიტური ანტენა. ეს ანტენები 15-მდე საწყობშია გაფანტული. სწორედ ახლა მიმდინარეობს ამ საწყობების გადმობარება, თეფშების და მათი კომპლექტაციის დათვლა და დათვალიერება. რაც შეეხება ე.წ. „რესივერებს“, ისინი ჯერ არ შეგვიმოწმებია, რადგან ეს გაცილებით დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ უახლოეს პერიოდში ისინიც შემოწმდება. უბრალოდ, ის ადამიანები, ვინც ამას აკეთებს, რეგიონებში არიან მიმოფანტულები და ჯერ იქ ხდება ამ ყველაფრის აღწერა. ამიტომ, ეს საკითხი ჯერ არ გაგვირკვევია.
თქვენს კომპანიაზე ერთი შეტევა ახალი წლის წინა პერიოდში განხორციელდა, როდესაც თქვენი აპარატურა საბაჟოზე ჯერ დიდხანს დააკავეს, შემდეგ კი დაზიანებული გადმოგცეს. შემდეგ იყო მსგავსი ფაქტი თუ არ ვცდები მიმდინარე წლის იანვრის ბოლოსაც. ეს ყველაფერიც აღწერილი და დათვლილი იქნება და ამ ზარალის ანაზღაურებასაც მოითხოვთ?
- რა თქმა უნდა. აქვე გეტყვით, რომ ეს მხოლოდ ახალი წლის წინა დღეებში არ მომხდარა, როგორც კი ეროსი „მაესტროს“ ღობეზე გადაძვრა და მათი სიგნალი სატელიტზე გაითიშა, „გლობალ ტვ“ მაშინვე სამიზნედ იქცა, რადგან ეს ერთადერთი კომპანია იყო, რომელსაც „მაესტროს“ და მოგვიანებით უკვე „მეცხრე არხის“ გავრცელება შეეძლო. აქედან გამომდინარე, დაისახა გეგმები, როგორ გაეჩერებინათ „გლობალ ტვ“. გამოიყო სტრუქტურები, რომლებსაც ჩვენს წინააღმდეგ გაკრვეული სანქციები უნდა განეხორციელებინათ. პირველი, რამაც ჩვენ დაგვარტყა იყო ის, რომ დასავლეთის მიმართულების ანძა გაგვიჩერეს. ქუთაისის ანძას ალყა შემოარტყეს, გაითიშა ძაბვა და ამის შედეგად პრაქტიკულად მთელს დასავლეთ საქართველოში მაუწყებლობა შეგვიჩერდა.
როდესაც ამ სადგურის აღსადგენად მუშაობა დავიწყეთ, მოხდა იმ კომპანიების და კერძო პირების დატერორება, რომლებთანაც ხელშეკრულება გვქონდა გაფორმებული, მათ შორის იყო „ალფა კომიც“. ამ კომპანიებმა ჩვენი გადამცემი აპარატურის მათთან განთავსების შესახებ ხელშეკრულებები შეგვიწყვიტეს, რაც ასევე უზარმაზარი პრობლემა იყო ჩვენთვის. ამან გამოიწვია ის, რომ გადავწყვიტეთ სატელიტური თეფშების დამონტაჟება არა „გლობალ ტვ“-ს სიგნალის, არამედ თანამგზავრის სიგნალის მისაღებად. ამას მოჰყვა ის, რომ სახელმწიფო უწყებებმა, რომლებთანაც ხელშეკრულებები გვქონდა გაფორმებული და რომლებსაც ვემსახურებოდით, ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს ჩვენთან ხელშეკრულებების შეწყვეტა. ამანაც სერიოზული ფინანსური ზიანი მოგვაყენა, რადგან დაახლოებით 200-მდე მომხმარებელი დავკარგეთ. ამას მოჰყვა საბაჟო სტრუქტურების გააქტიურება, რომლებიც ფაქტობრივად დასდევდნენ ჩვენს აპარატურას და სულ მცირე ოდენობის ტექნიკაც კი რომ შემოგვეტანა, ჯერ დიდი ხნით აჩერებდნენ საბაჟოზე, შემდეგ კი აზიანებდნენ.
გარდა ამისა, დიდი რაოდენობით ჯარიმები დაგვეკისრა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდან, მოგვადგა დიდი რაოდენობით ზარალი იმის გამო, რომ აბონენტები (პირველ რიგში კომერციული აბონენტები) დავკარგეთ. მოგეხსენებათ, შემდეგ ამას მოჰყვა ქართული არხების დემარში, ჩვენი სისტემიდან გამორთვა მოითხოვეს „რუსთავი2“-მა, „იმედმა“, „მზემ“ და „საქართველომ“. ესეც ჩვენს წინააღმდეგ ბრძლის გარკვეული მეთოდი იყო. ხელისუფლებას სურდა, ქართული არხების გარეშე დავეტოვებინეთ და ამით ჩვენთვის აბონენტები მოეკლოთ, რითაც პრობლემები შეგვექმნებოდა. ასე თანმიმდევრულად, მიზანმიმართულად მიმდინარეობდა ბრძოლა ჩვენს წინააღმდეგ.
ასევე როგორც ცნობილია, თქვენ მარეგულირებელმა კომისიამ რამდენიმე რუსული არხის გათიშვაც მოგთხოვათ.
- დიახ, მათ მოგვთხოვეს „ТНТ“-ს არხების და „НТВ“-ს ისეთი არხების გათიშვა, როგორიც არის მაგალითად „Наш футбол“ და სხვა მაღალრეიტინგული არხები. ამით მარეგულირებელი ორი კურდღლის დაჭერას აპირებდა, პირველი იყო ის, რომ თითქოს მხოლოდ ქართულ არხებზე არ გვედავებოდნენ, მეორე მოტივი კი ის იყო, რომ დამატებით დაგვეკარგა საინტერესო არხები, რომლებსაც მომხმარებლებიც გაჰყვებოდნენ, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ამ გზებით აბონენტების გაყვანა ვერ მოახერხეს, მომხმარებელმა ყველაფერი კარგად გაიგო და ჩვენი ერთგული მაყურებელი ისევ ჩვენთან დარჩა.
ბატონო ზურაბ, თუ შეიძლება დაგვიკონკრეტეთ იმ სასამართლო დავებში, რომლებსაც თქვენ აწარმოებთ, ვინ არიან თქვენი მოპასუხეები?
- ეს არის კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, შესყიდვების ეროვნული სააგენტო, საბაჟო დეპარტამენტი, ახლა კი ვაპირებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინააღმდეგაც საჩივრის შეტანას.
დაახლოებით რა რაოდენობის ზარალზეა საუბარი?
- როგორც მოგახსენეთ, ამჟამად კიდევ მიმდინარეობს ზარალის დათვლა. წინა პერიოდში როდესაც დავითვალეთ, დაახლოებით 5-6 მილიონი ლარის ზარალი გამოვიდა, მაგრამ როდესაც საბოლოოდ მოხდება ამ ყველაფრის დათვლა, ალბათ ეს რიცხვი ათეულ მილიონსაც გადააჭარბებს.