2013 წლიდან ქვეყნის ფისკალურ სისტემაში სრულიად განსხვავებული სიახლე მკვიდრდება. ეს არის “დაუბეგრავი მინიმუმის” ცნება. სპეციალისტების გაანგარიშებით, მთლიანობაში ეს შეღავათი დასაქმებულების 30–40%–ს შეეხება. თანხა დაუბრუნდება არა ორგანიზაციას, რომელიც თანამშრომლების საშემოსავლოს თავად იხდის, არამედ დასაქმებულს, საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის საფუძველზე.
როგორც 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საგადასახადო შემოსავლების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა მაკროეკონომიკური პროგნოზები და ბიუჯეტის თანამდევი საგადასახადო კოდექსის ცვლილებები, რითაც 2013 წლიდან შემოღებული იქნება დაუბეგრავი მინიმუმი დაქირავებული ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას, რაც წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლებიდან 1 800 ლარს შეადგენს.
აღნიშნული შეღავათით ისარგებლებენ ის პირები, რომელთა დაქირავებით მიღებული შემოსავალიც წლის გამავლობაში არ აღემატება 6000 ლარს.
“ჩვენ შემოგვაქვს საშემოსავლო გადასახადში დაუბეგრავი მინიმუმის ცნება, რომელიც საკმაოდ სერიოზული შეღავათი იქნება მცირე შემოსავლიანი ადამიანებისთვის. ეს ადამიანები დღეს იბეგრებიან 20%-იანი განაკვეთით, ამიტომ საარსებო მინიმუმის გათავისუფლება საშემოსავლო გადასახადისგან პედაგოგებისთვის და ასეთი ადამიანებისთვის იქნება საკმაოდ სერიოზული შვება.
წინა ხელისუფლების დროს რაც ხდებოდა, ეს აღარ განმეორდება. ვითომ აკეთებდნენ შეღავათიან დაბეგვრის სისტემას და სინამდვილეში საკმაოდ სერიოზულად უშლიდნენ ხელს ბიზნესის განვითარებას.
ჩვენი ამოცანაა საგადასახადო სისტემის ჰარმონიზაცია, რომ საგადასახადო ადმინისტრირება არ იწვევდეს ბიზნესის გაკოტრებას, იყოს მარტივი, დამატებითი ხარჯები არ ჰქონდეს მცირე და საშუალო ბიზნესს”, - აცხადებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური
აღსანიშნავია, რომ დაუბეგრავი მინიმუმის საკითხი განვითარებულ ქვეყნებში არსებული პრაქტიკაა და ძირითადად უტოლდება საარსებო მინიმუმს, ეს არის თანხა, რომლის გამოქვითვაც ხდება ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავლიდან.
ჩვენ შემთხვევაში დაუბეგრავი მინიმუმის განაკვეთი შეეხებათ იმ პირებს, ვისი ხელფასიც თეში 500 ლარზე ნაკლებია. ასეთ კატეგორიაში, სავარაუდოდ, მოხვდებიან სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები, განათლების სექტორში დასაქმებულები, ძირითადად პედაგოგები, დამამუშავებელ მრეწველობაში, სასტუმრობისა და რესტორნების, ჯანდაცვის, ვაჭრობის სფეროში მომუშავე პერსონალი.
„მთლიანობაში ინიციატივა მისასალმებელია. 2013 წლის ბიუჯეტში ის კლებას არ გამოიწვევს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, რომელიც 1,8 მლრდ. ლარს შეადგენს. კლება აისახება 2014 წელს, როდესაც მოხდება ამ გადასახადის უკან დაბრუნება. მნიშვნელოვანია გადასახადის დაბრუნების მარტივი მექანიზმის შექმნა. ვფიქრობ, რომ მთლიანობაში ეს შეღავათი დასაქმებულების დაახლოებით 30-40%–ს შეეხება. ზოგადად კარგი იქნება თუ მთავრობა მომავალში საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის შემცირების საკითხსაც გადახედავს,“ – აცხადებს “კომერსანტთან” საუბრისას ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის დავით ებრალიძე კი განმარტავს, რომ აღნიშნული თანხა დაუბრუნდება არა ორგანიზაციას, რომელიც თანამშრომლების საშემოსავლოს თავად იხდის, არამედ დასაქმებულს, საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის საფუძველზე.
ებრალიძის თქმით, ხელისუფლებამ საშემოსავლო განაკვეთის შემცირების ნაცვლად უპირატესობა სწორედ ამ პრინციპს მიანიჭა, რადგან ის სოციალურად ორიენტირებულია – საშემოსავლოს შემცირების შემთხვევაში მაღალი ხელფასის მქონე ადამიანები მეტ შეღავათს მიიღებდნენ, ვიდრე დაბალანაზღაურებადი დასაქმენულები.