2013 წლის ბიუჯეტის განხილვა უკვე დაწყებულია. კეთდება პირველი შეფასებებიც. როგორც ჩანს, საპარლამენტო განხილვებისას ბიუჯეტის პროექტს შეცვლა-შელამაზება არ მოაკლდება.
ბიუჯეტის პროექტის განხილვის განრიგი ასეთია: 8 ნოემბერს საბიუჯეტო პროექტზე იმსჯელებენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში, რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტში.
8 ნოემბერს განიხილავს ბიუჯეტის პროექტს საპარლამენტო უმცირესობაც. 9 ნოემბრიდან ბიუჯეტის პროექტის განხილვა გაგრძელდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში.
9 ნოემბერსვე ბიუჯეტის პროექტის განხილვა გაიმართება უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ მყოფ ფრაქცია „უპარტიო დამოუკიდებელ მაჟორიტარებში“.
12 ოქტომბერს კი 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გაიმართება საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში და მასთან დაკავშირებით შემაჯამებელ მოსმენას გამართავს წამყვანი კომიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი.
13 ნოემბრისთვის რიგით პირველი განხილვა გაიმართება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელიც რიგგარეშედ მომავალი კვირისთვის დაინიშნება. კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, მას შემდეგ, რაც დეპუტატები რიგგარეშე სხდომაზე საბიუჯეტო პროექტზე იმსჯელებენ, ის დაუბრუნდება მთავრობას და მთავრობა დამდენიმე დღის ფარგლებში პარლამენტს ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს წარუდგენს. ბიუჯეტს პარლამენტი დაახლოებით დეკემბრისთვის დაამტკიცებს.
როგორც პროექტშია მითითებული, შემცირებების შედეგად 740 მლნ ლარის დამატებითი რესურსი გამოიძებნა. მთავრობაში აცხადებენ, რომ დეკემბრის ბოლოს ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებამდე ზოგიერთი უწყების დაფინანსება კიდევ შემცირდება.
ბიუჯეტის პროექტის პირველი შეფასებები უკვე გაჩნდა. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა.
„ბიუჯეტის პროექტის პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორებისთვის გამოყენება არასწორი გზა და არჩევანია“, - ამბობს პავლე კუბლაშვილი.
2013 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით განმარტებები პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა. ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსების შემცირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ფონდებიდან თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა და როდესაც ქვეყანაში ამდენი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს, ასეთი მიდგომა მიუღებელია.
„ნახეთ რამდენი სასახლე აქვს პრეზიდენტს, რა ხარჯები აქვს გაწეული და დარწმუნდებით, რომ პოლიტიკა არაფერ შუაშია. დღეს ჩვენ გვყავს უამრავი გაჭირვებული მოქალაქე და დევნილი, რომლებზეც უნდა დაიხარჯოს საბიუჯეტო თანხები. ამიტომ გაიზარდა დევნილების ბიუჯეტი, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კი შემცირდა გაწეული არამიზნობრივი ხარჯების გამო“, - აღნიშნა ივანიშვილმა.
მან საპატრიარქოსთვის ბიუჯეტის გაზრდაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლება არ ჩაერევა საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხების განკარგვის პროცესში.
2013 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ექსპერტულ წრეებშიც მსჯელობენ. როგორც „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე აცხადებს, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტში ფუნდამენტური ცვლილებები არ არის. ახალ მთავრობას პროექტზე სამუშაოდ მცირე დრო ჰქონდა და ძირეული ცვლილებები მოსალოდნელი არც იყო.
შეშელიძის განმარტებით, ბიუჯეტის მცირედი ზრდა სახაზინო ვალდებულებების გაყიდვით და საგარეო შემწეობების გაზრდის ფონზე ხდება, ხოლო რიგი უწყებების დაფინანსების ზრდა ან შემცირება ბიუჯეტის შიდა მუხლებს შორის თანხების გადათამაშებით.
ექსპერტის აზრით, თუ ახალმა მთავრობამ ამ ეტაპზე ვერ შეძლო ბიუჯეტის ფუნდამენტური ცვლილება, კორექტირება საბიუჯეტო წლის განმავლობაშიც არის შესაძლებელი.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი თაბუაშვილის განცხადებით, 2013 წლის ბიუჯეტის მთავარი პროორიტეტებია: ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, სასჯელაღსრულების დაფინანასება და განათლება. „პარლამენტმა მთავრობას შენიშვნები 2013 წლის ბიუჯეტის შესახებ 2012 წლის 30 ნოემბრამდე უნდა წარუდგინოს. საკანონმდებლო ორგანოში განხილვისას გადაწყდება, თუ რა პრიორიტეტებზე გადანაწილდება მოძიებული 740 მილიონი ლარი, რომელიც სხვადასხვა ხარჯების შემცირების შედეგად გამოთავისუფლდა“, – ამბობს თაბუაშვილი.
2013 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მოქმედი 20 სამინისტროდან ათის დაფინანსება გაზრდილია, რვა სამინისტროს ბიუჯეტი უმცირდება, ხოლო ორის დაფინანსება არ იცვლება:
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 2 მლრდ ლარი (2012 წელს - 1.809 მლრდ ლარი);
თავდაცვის სამინისტრო – 690 მლნ ლარი (2012 წ - 676.5 მლნ ლარი;);
შინაგან საქმეთა სამინისტრო – 585.2 მლნ ლარი (2012 წ – 585 მლნ ლარი;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 855.3 მლნ ლარი (2012 წ - 982 მლნ ლარი);·
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 640 მლნ ლარი (2012 წ - 600.6 მლნ ლარი);
სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 218.9 მლნ ლარი (2012 წ – 148.9 მლნ ლარი);
ფინანსთა სამინისტრო – 100 მლნ ლარი (2012 წ – 118.2 მლნ ლარი);·
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 70.5 მლნ ლარი (2012 წ – 134.2 მლნ ლარი);
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – 118.2 მლნ ლარი (2012 წ - 290.1 მლნ ლარი);
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – 48 მლნ ლარი (2012 წ - 38.1 მლნ ლარი);
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.3 მლნ ლარი (2012 წ - 1.2 მლნ ლარი);
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 2.3 მლნ ლარი (2012 წ - 2.3 მლნ ლარი);
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 850 ათასი ლარი (2012 წ - 850 ათასი ლარი);
დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1 მლნ ლარი (2012 წ - 950 ათასი ლარი).
იუსტიციის სამინისტრო – 67 მლნ ლარი (2012 წ - 54.1 მლნ ლარი);
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო - 170 მლნ ლარი (2012 წ - 124.9 მლნ ლარი);
საგარეო საქმეთა სამინისტრო – 76 მლნ ლარი (2012 წ – 83.5 მლნ ლარი);
კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო – 67.8 მლნ ლარი (2012 წ - 92.7 მლნ ლარი);
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო – 47 მლნ ლარი (2012 წ – 59 მლნ ლარი);
გარემოს დაცვის სამინისტრო – 21.5 მლნ ლარი (2012 წ - 23.8 მლნ ლარი);
ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტროების დაფინანსება შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა პრიორიტეტებს დაუჭერს მხარს პარლამენტი.