ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თითქმის ცოტნე დადიანად და დიმიტრი თავდადებულად წარმოაჩინეს ბაჩო ახალაია, რომელიც საქართველოში, როგორც მონღოლთა ურდოში, ისე ჩამოვიდა და ხელისუფლებას ჩაბარდა. ადვოკატმა ლია მუხაშავრიამ არ გამორიცხა, რომ, შესაძლოა, ბაჩო ახალაიამ საპროცესო შეთანხმება დადოს პროკურატურასთან და ზემდგომი პირების წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით თავი გადაირჩინოს. ამდენად, დანაშაულებრივი ვერტიკალის თვალსაზრისით, ბაჩო ახალაია დღეს უკეთეს პირობებშია.
For.ge ადვოკატებისგან შეეცადა იმის გარკვევას, დაასახელებს თუ არა ბაჩო ახალაია თანამდებობრივად მასზე მაღლა მდგომ ჩინოვნიკებს და მოახერხებს თუ არა პასუხისმგებლობის შემსუბუქებას ან სულაც საპყრობილიდან გამოსვლას?!
ადვოკატი ლალი აფციაური მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმე ასე მარტივად არ უნდა იყოს გადასაწყვეტი, რადგან ძალიან მძიმე დანაშაულებები აქვს ჩადენილი ახალაიას - ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, წამება, არაადამიანური მოპყრობა. ამიტომ საეჭვოა, რამდენად ღირებული ინფორმაცია შეიძლება მიაწოდოს მან გამოძიებას, რომ პასუხისმგებლობას დაუსხლტეს?!
„სააკაშვილის ყველა მოქმედება ხელის გულზე დევს და იმაზე მეტი კიდევ რა უნდა მიაწოდონ?! ამიტომ, რაც ძიებით გამოიკვეთება, თავისუფლად შეიძლება ნებისმიერი დანაშაულის დამტკიცება. აქედან გამომდინარე, პირადად მე წინააღმდეგი ვიქნები ახალაიას გამოშვების, რადგან იგი საზოგადოებისთვის ძალიან საშიშია. რაც არ უნდა ღირებული ინფორმაცია მიაწოდოს გამოძიებას, მისი გარეთ ყოფნა კატეგორიულად გამორიცხულია. ღირებულ ინფორმაციას თუ მიაწვდის, შეიძლება, მეტ-ნაკლებად სასჯელი შეუმსუბუქონ, მაგრამ ათ წელზე არანაკლები მან ციხეში უნდა გაატაროს. შეკრებითობის პრინციპით, შესაძლოა, უვადო პატიმრობამდე ავიდეს ის დანაშაულები, რაც მას ჩაუდენია“, - აცხადებს ლალი აფციაური.
მისივე თქმით, ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებმაც ლამის მსხვერპლად გამოაცხადეს ბაჩო ახალაია, ისეთივე კრიმინალები არიან, როგორიც ბაჩო ახალაია იყო. ამიტომ ამ საქმეში სიჩქარე არ ივარგებს და მომავალში ბევრად უფრო ღირებული სამხილები დაიდება მის წინააღმდეგ. უამრავი ადამიანი იძლევა ჩვენებას, მათ შორის, პირადად მისი დაცვის ქვეშ მყოფებიც. თუმცა, ლალი აფციაურის თქმით, „აუცილებლად გამოსაძიებელია ციხის ბუნტის თემა და გიგა ბოკერია, რომელიც დღეს ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს, სწორედ ამ საქმეში იმხილება. 2006 წლის 27 მარტს ე.წ. ციხის ბუნტის დროს, სწორედ მან გასცა ცეცხლის გახსნის ბრძანება, რასაც შვიდი ადამიანი ემსხვერპლა და უამრავი დასახიჩრდა“.
აქვე ლალი აფციაური ამხელს დავით ზვიადაძეს, ძველი თბილისის პროკურატურის ხელმძღვანელს, რომელსაც ბაჩო ახალაიასა და მის მიერ ჩადენილ დანაშაულებებთან აკავშირებს. როგორც აფციაური ირწმუნება, ზვიადაძე უშუალოდ იყო ახალაიას კრიმინალური საქმიანობის მფარველი.
„ალბათ, გახსოვთ ჩემს მიერ გაჟღერებული ვიდეომასალა, მასტერას და მამარდაშვილს შორის ჩაწერილი საუბარი, სადაც მასტერა ბევრ საინტერესო რამეზე საუბრობს, ხელისუფლების შეცვლაზე. ის, რომ მიშამ იცოდა, თუ ვისგან იყო წამოწყებული ბუნტის ამბები. სწორედ იქ ახსენებენ ზვიადაძეს და მასტერას ეუბნებიან, ზვიადაძე ჩვენიანია, ის მოგხედავს და ყველაფერს გააკეთებსო. ამდენად, მთავარია პროკურატურაში წარმოებულ გამოძიებას ისეთმა პირებმა უხელმძღვანელონ, რომლებიც გასვრილები არ არიან ახალაიებსა და სხვა კლანებთან“.
გარდა ამისა, ლალი აფციაური ბაჩა ახალაიას უსაფრთხოებაზეც საუბრობს, რადგან ახალი ხელუსუფლება ვერ გაიზიარებს წამების ისეთ მეთოდებს, რასაც თავად ახალაია იყენებდა. ამდენად, მას საერთო საკანში არ მოათავსებენ და იგი იზოლირებული იქნება. ამიტომ, სასჯელაღსრულებითმა სისტემამ მაქსიმალურად უნდა მიიღოს მისი უსაფრთხოების ზომები.
ადვოკატი მამუკა ნოზაძე ეჭვობს, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბაჩო ახალაიას საპროცესო გარიგება გაუფორმოს, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ბაჩო ახალაიას საბოლოო ბრალი არ არის ჩამოყალიბებული. ამასთან, ადვოკატი არც იმას მოელის, რომ ბაჩო ახალაიამ თუნდაც სააკაშვილს დაადოს ხელი და ამხილოს იგი დანაშაულებებში. უბრალოდ, ახალაია ამას არ გააკეთებს.
„ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ. ჩვენს კოლეგებს თუ მიაჩნიათ, რომ უფრო დიდ დანაშაულს გახსნის და ამის გამო საქართველოს ახალი ხელისუფლება დათმობაზე უნდა წავიდეს, ასეთი რამ საეჭვოა. იგი ვინმეს არ დაადებს ხელს. ბუნებრივია, ბაჩო ახალაია დაუსჯელობის სინდრომით რომ არ ყოფილიყო გაჯერებული და ქვეყნის პირველი პირისგან გარანტიები რომ არ ჰქონოდა, ვერ გაბედავდა იმას, რასაც აკეთებდა შსს-ში, სასჯელაღსრულებით ან თავდაცვის სამინისტროებში“, - აცხადებს მამუკა ნოზაძე.
ამასთან, ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ახალაიას ისე მტკიცედ აქვს ჩამოყალიბებული თავისი პოზიცია და თავისი ცინიკური დამოკიდებულება, რომ შესაბამისი რეაქცია გამოხატა კიდეც ჟურნალისტებთან საუბრისას - კითხვები დამისვან და ნებისმიერ კითხვას ვუპასუხებო.
„ამდენად, ახალაიას მენტალიტეტიდან გამომდინარე, უნდა დავინახოთ, რომ იგი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და შესაბამისად, ხელს ვერავის დაადებს.
თუმცა, თუკი მაინც ეს უპრეცენდენტო შემთხვევა მოხდება და იგი ზოგიერთ მაღალჩინოსანს ამხელს, ამ შემთხვევაშიც, საზოგადოებრივი აზრი იქნება გასათვალისწინებელი და არა - ხელისუფლებაში მყოფი ერთი და ორი ადამიანის ინტერესი“. ამდენად, ადვოკატის აზრით, ქართველი ხალხის განწყობა გათვალისწინებული იქნება და ახალაიას მთლიანად გათავისუფლებაზე არ იქნება საუბარი.
აქვე, მამუკა ნოზაძე საპროცესო გარიგების თემასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ მახინჯი ფორმის მიუხედავად, საპროცესო გარიგება არ უქმდება და გარკვეული ფორმით ისევ რჩება. ამდენად, სახელმწიფოს შეუძლია ჰუმანური პრინციპებიდან გამომდინარე, დაკავებულ პირს გარკვეული სასჯელი შეუმსუბუქოს. თუმცა, ეს მაინც უტოპიაა.
რაც შეეხება ციხეში არეულობის მცდელობას და ყოველივე ამის ფონზე ბაჩო ახალაიას უსაფრთხოებას, მამუკა ნოზაძე მიიჩნევს, რომ ახალაია იზოლირებული იქნება და მას არანაირი პრობლემა არ შეექმნება. მით უმეტეს, მისი დაკავების დროსაც არანაირი პროცესუალური უფლება არ დარღვეულა და დაკავება ევროპული სტანდარტებით განხორციელდა. ამდენად, ახალაიას სამარტოო საკანში მოათავსებენ და მისი უსაფრთხოება დაცული იქნება.
გარდა ამისა, ადვოკატი კიდევ რამდენიმე სხვა სამხილზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პაატა როსტომაშვილმა განაცხადა, რომ პირადად ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა მონაწილეობდნენ მის მიმართ არაადამიანურ და ღირსება შემლახავ მოპყრობასა და წამებაში. შესაბამისად, საქართველოს მთავარ პროკურატურაში იგი აღნიშნულ განცხადებას ხვალ შეიტანს.
„ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის, უამრავი ფაქტია ცნობილი იმის თაობაზე, რომ არაერთი პატიმარი ასახელებს ბაჩო ახალიას. ამიტომ, საქართველოს პროკურატურაში დაწყებული სრულყოფილი გამოძიების შედეგად სულ სხვა სურათი დაიხატება“, - აცხადებს მამუკა ნოზაძე.
ადვოკატი და უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი მიჩნევს, რომ საერთოდ საპროცესო შეთანხმება ცივილიზებულ ქვეყნებში იმისთვის არსებობს, რომ, თუ ბრალდებული გაახსნევინებს უფრო დიდ დანაშაულს და გამოძიებას გაიყვანს უფრო დიდ დამნაშავეებზე, იგი შეღავათს მიიღებს. იქნება ეს სრული გათავისუფლება თუ 10-ის და 20 წლის მაგივრად 5 წლიანი პატიმრობის მისჯა. თუმცა ფაქტია, რომ საქართველოში დამახინჯდა ეს მექანიზმი და, ფაქტობრივად, ბიუჯეტის შევსების წყაროდ იქცა.
„თუ რეალური მტკიცებულებები მისცა ბაჩო ახალაიამ გამოძიებას, სადაც უფრო დიდ დანაშაულზე გავალთ, სხვა საქმეა. მაგალითად, განა არ ღირს ბაჩო ახალაიამ (თუ აქვს ასეთი ინფორმაცია), ზურაბ ჟვანიას მკვლელობა გაახსნევინოს? რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა არსებობს“, - აცხადებ გელა ნიკოლაიშვილი.
ადვოკატის თქმით, ახალაიას გათავისუფლებაზე არავინ ლაპარაკობს. უფრო მეტიც, ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად, განწირული მსხვერპლია და დანაშაულებების სახეს წარმოადგენს. შეიძლება, ამ თვალსაზრისით, შესაცოდიც კი იყოს. ამდენად, იმათ უნდა მოეთხოვოთ პასუხი, ვინც იგი დამნაშავედ აქცია და განუსაზღვრელი ძალაუფლებით მაქსიმალურად გარყვნა.
„არ გამოვრიცხავ, სააკაშვილი შეშინებულიც იყოს, რომ იგი არ დაასახელონ. არა მხოლოდ სააკაშვილი, არამედ აშკარა იყო, რა რეაქცია ჰქონდათ პარლამენტის უმცირესობის წევრებს. სწორად უთხრეს კიდეც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, თქვენ ვითომ სოლიდარობას უცხადებთ ისეთ ადამიანს, რომლის უდანაშაულობასაც საზოგადოება არაფრით არ დაიჯერებს და, რომლის ასეულობით მოწმე არსებობს, მაგრამ თქვენ ამით საკუთარი თავის გეშინიათო. ამაში არის სიმართლის მარცვალი. ვაშლის გათლის მომენტი ახლანდელმა ოპოზიციამ ისე დაიხვია, თითქოს თავად უსამართლოდ არ იჭერდნენ ადამიანებს. ხალხს სიზმარშიც კი არ დაესიზმრებოდა, ისეთ ამბებზე იჭერდნენ, ნარკოტიკებს უდებდნენ და იქ ვაშლის გათლა და დანა საერთოდ არ ფიგურირებდა. ამიტომ ამათ რა უნდა გაუკვირდეთ?!“ - კითხულობს ადვოკატი.
ამასთან, იგი დარწმუნებულია, ბაჩო ახალაიას მიმართ ასობით ადამიანი მისცემს ჩვენებას. პირადად მასთანაც მისულა ადამიანი და უთქვამს, მინდა, ჩვენება მივცე და პროკურატურამდე ვერ მივაღწიეო. ჯერ კიდევ 17 ოქტომბერს აღუძრავს საქმე ახალაიას და კიდევ სხვა პირების მიმართ.
გელა ნიკოლაიშვილის თქმით, ის, რომ ახალაიას წინააღმდეგ პროკურატურის ბრალდებები ნაციონალების თვალში უსუსურია და მხოლოდ ვაშლის გათლის თემატიკით შემოიფარგლება, არაფერს ნიშნავს. რეალურად გამოძიება სულ რაღაც ორი დღის დაწყებულია, რადგან სულ ახლახანს ჩამოვიდა ბაჩო ახალაია და რა მტკიცებულებებიც ჰქონდათ, ის დაუდეს. თუმცა ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ახალი პროკურატურა არ მოიქცევა მიშა სააკაშვილის პროკურატურასავით, როცა ჯერ იჭერდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ ეძებდნენ მტკიცებულებებს.