მიხეილ სააკაშვილის ნდობით აღჭურვილ პირს ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებენ. ოპოზიცია პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.
საქართველოში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და ორი მაღალჩინოსანი სამხედრო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს. სამ მამაკაცს ბრალად ედება 2011 წლის ოქტომბერში (იმ დროს ახალაია თავდაცვის მინისტრი იყო) 6 ჯარისკაცის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მსჯავრდებულებს რვა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
32 წლის ახალაია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირეა. 2005-2008 წლებში ის კავკასიის რესპუბლიკაში სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე იყო პასუხისმგებელი, 2009 წელს კი თავდაცვის მინისტრი გახდა. ამ წლის ივლისში სააკაშვილმა ის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა, თუმცა უკვე სექტემბერში დედაქალაქ თბილისში ციხეში წამებასთან დაკავშირებული სკანდალის გამო ახალაიას გადადგომა მოუწია.
ვიდეომასალაში, რომელიც ორმა სატელევიზიო არხმა გაავრცელა, ჩანს როგორ სცემენ და ცოცხით აუპატიურებენ პატიმრებს. ამ კადრებმა საქართველოს მოქალაქეები შოკში ჩააგდო. მრავალი დღის განმავლობაში თბილისსა და სხვა ქალაქებში ათასობით სტუდენტი ქუჩაში გამოვიდა. პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც მილიარდერისა და მთავრობის დღევანდელი ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის პარტიამ გაიმარჯვა, ახალაიამ უცხოეთს შეაფარა თავი, თუმცა დაკითხვისთვის 5 ნოემბერს უკან დაბრუნდა.
სააკაშვილის პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, აკაკი მინაშვილი ამ დაკავებას ფარსს უწოდებს. ეს ახალ ხელისუფლებას დააწვება, რადგან საზოგადოებისათვის ნათელია, რომ საქმე პოლიტიკურ დევნას ეხება. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, რომელიც ასევე სააკაშვილის გუნდის წევრია, საქართველოში დემოკრატიული პროცესების ხელისშემშლელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს.
აუტანელი პირობები
სამაგიეროდ, პრემიერმა ივანიშვილმა გაამართლა ეს პროცესი. თუ ჩადენილია კანონდარღვევა, სამართალდამცავი ორგანოების ამოცანაა სამართლიანობის აღდგენა, თქვა მან. ეს განსაკუთრებით ეხება ციხეებში ჯერ ისევ აუტანელ პირობებს. გასულ კვირას თხუთმეტმა პატიმარმა ქსნის ციხეში დამამცირებელი მოპყრობის გამო პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. შენობაში შესვლის მცდელობაში ხელის შეშლის გამო დაცვის წევრებსა და ნათესავებს შორის ხელჩართულ ჩხუბში საპატიმროს ერთი თანამშრომელი მძიმედ დაშავდა.
foreignpress.ge