ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში, მართმადიდებელ და მუსლიმ მოსახლეობას შორის არსებული დაპირისპირება ამ დროისთვის ამოწურილია და სიტუაცია სტაბილურია. თუმცა, საკითხის პოლიტიზირება მაინც გრძელდება. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტი, ჯემალ პაქსაძე ვითარების ნორმალიზაციასა და სიმშვიდის შენარჩუნებაზე საუბრობს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კი, ვითარების კიდევ უფრო დაძაბვას პროგნოზირებენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება - თუ ვის აწყობს ქვეყანაში რელიგიურ ნიადაგზე, გურულებსა და აჭარის ეკომიგრანტებს შორის კონფლიქტის წარმოშობა. მართალია, ეს კითხვა პასუხგაუცემელი რჩება, მაგრამ პოლიტიკოსები დაპირისპირების პროვოცირებაზე საუბრობენ. მოგეხსენებათ, რომ სოფელ ნიგვზიანში აჭარიდან მუსლიმი ეკომიგრანტები 20-30 წლის წინ ჩაასახლეს და ამ ხნის განმავლობაში, მართმადიდებელი და მუსლიმი მოსახლეობა ერთად მშვიდად ცხოვრობდა, მაგრამ პროცესები გასულ კვირას დაიძაბა და დაპირისპირების წარმოქმნის ორი მიზეზი დასახელდა. კერძოდ, ნიგვზიანის ადგილობრივმა მოსახლეობამ გავრცელებული ინფორმაცია გააპროტესტა, რომლის მიხედვით, სოფელში მეჩეთის აშენება, ან ერთ-ერთი მუსლიმის საცხოვრებელ სახლში არსებული სამლოცველოს მეჩეთად გადაკეთება იგეგმებოდა. მხარეებს შორის არსებული დაძაბული ვითარება ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა, თუმცა, საქართველოს მუსლიმმა მოქალაქეებმა პარასკევის ლოცვა, ანუ ჯუმა მაინც შეასრულეს. ნიგვზიანში არსებულ დაძაბულობაზე რეაგირებისკენ მთავრობას გასული კვირის ხუთშაბათს, საპარლამენტო უმცირესობამ მოუწოდა და იმ დღესვე, ოპოზიციონერებმა - ჩიორა თაქთაქიშვილმა, აკაკი მინაშვილმა, გიორგი კანდელაკმა, დავით საყვარელიძემ, თინათინ ბოკუჩავამ და მარიამ საჯაიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების საკითხი უნდა განხილულიყო, დღის წესრიგში ნიგვზიანის ინციდენტის ჩასმა მოითხოვეს, რასაც დარბაზში მყოფი სამოქალაქო სექტორის პროტესტი მოჰყვა.
საკითხი კენჭისყრაზე დადგა, მაგრამ ჩავარდა და შესაბამისად, ამ თემის განხილვა იმ დღეს არ მოხდა, თუმცა, სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა. ვინაიდან, ნიგვზიანში არსებულ პროცესებს შაბათ-კვირა დაემთხვა, საკითხის კიდევ უფრო პოლიტიზირება ვერ მოესწრო და ამასობაში, უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ნიგვზიანს ეწვია, არსებული ვითარება ადგილზე შეისწავლა და უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მთავარეპისკოპოსის მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მხარეები ერთმანეთს შეახვედრა და სიტუაციაც დასტაბილურდა. გუშინ კი, ბესელიამ რამდენიმე დეპუტატთან ერთად, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტი და სოფლის რამდენიმე მუსლიმი მცხოვრები მიიღო და შეხვედრა დახურულ ფორმატში წარიმართა. შესაბამისად, შეხვედრაზე თუ რა საკითხებზე იმსჯელეს, ეს მედიის წარმომადგენლებისთვის უცნობი დარჩა, თუმცა, შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა განცხადებები გააკეთეს და რიგი პოლიტიკოსების მხრიდან „საინტერესო პროგნოზებიც“ გაკეთდა.
ჯემალ პაქსაძის ინფორმაციით, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მუსლიმები ცენტრალურ მეჩეთებში ჩასვლას ვერ ახერხებენ, რის გამოც, 3-4 წლის წინ, ერთ-ერთ მუსლიმის ოჯახში სამლოცველო მოაწყვეს.
„აჭარიდან ეკომიგრანტები გურულ მეზობლებთან ერთად ჭირსა და ლხინში ცხოვრობენ, ისევე როგორც ეს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხდება. იმედია, კარგად გავიგებთ, რომ ეს ლოცვები ისლამისტობიდან გამომდინარეა და პარასკევს უნდა შესრულდეს. ვინაიდან, ხშირად, თოვლისა და წვიმის გამო, ცენტრალურ მეჩეთებთან დაშორებული ვართ, 3-4 წელია პატარა სახლის ოთახში ვლოცულობთ და ჩვენი ყურანი გვასწავლის, რომ სიყვარულით, თანადგომითა და მშვიდობით ვიცხოვროთ. ვისურვებდი, რომ ჩვენს ქართველებთან ერთად უღრუბლო ზეცის ქვეშ გვეცხოვროს“, - განაცხადა პაქსაძემ.
აღსანიშნავია, რომ ჯემალ პაქსაძემ ნიგვზიანში მეჩეთის შესაძლო მშენებლობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და აღნიშნა, რომ მეჩეთის მშენებლობა არ იგეგმება.
„თუ საჭირო იქნება შესაბამის სამსახურებსა და ხელისუფლებას მივმართავთ, მაგრამ მშენებლობა არ იგეგმება“, - დასძინა მან.
საგულისხმოა, რომ ჯემალ პაქსაძის მსგავსად, მეჩეთის მშენებლობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ეკა ბესელიამაც უარყო და არსებული დაპირისპირების აღმოფხვრის გზად, დიალოგის რეჟიმი დაასახელა.
ბესელიას განცხადებით, საპარლამენტო კონტროლის გზით, ყველა ის ღონისძიება გატარდება, რომელიც რწმენის აღმსარებლობის თავისუფლების დაცვას ხელს შეუწყობს.
„დაცული იქნება რწმენის აღმსარებლობის უფლება, რადგან საქართველო ტოლერანტული ქვეყანაა. ლოცვის შესრულების უფლება აქვთ და ეს ევროპული კონვეციითა და კონსტიტუციით არის დაცული. ამას კი, მრევლს ეპისკოპოსი განუმარტავს. სოფლის მოსახლეობაც ამბობს, რომ ლოცვას არავის დაუშლიან. მეჩეთის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, - აღნიშნა დეპუტატმა.
საკითხზე საუბრისას, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მურმან დუმბაძემ აქცენტი კონფლიქტის ხელოვნურად დაძაბვაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ სოფელ ნიგვზიანში არავითარი დაძაბული სიტუაცია არ იყო.
„ეს პროვოცირებული იყო და ეს პროვოკაცია აღკვეთილია, რადგან ორივე მხარე დაჯდა და გაიაზრა - თუ რა შეიძლება მოჰყვეს დაპირისპირებას. ვისაც ოცვა სურს, ილოცებს. ნარჩენ ხელისუფლებას კი, მოვუწოდებ პროვოკაციებისგან თავი შეიკავოს, რადგან ეს თემა სახიფათო და მგძნობიარეა და ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ. თუმცა, იქ სადაც პრობლემა არ დგას, აჟიოტაჟი არ უნდა იყოს“, - დასძინა დეპუტატმა.
ოპონენტებისა და მხარეებისგან განსხვავებით, უმცირესობის წევრმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა მოსალოდნელ დაპირისპირებაზე ისაუბრა და გარკვეული „პროგნოზებიც“ გააკეთა.
„სამწუხაროდ, კომიტეტის წევრებს არ აქვთ გაცნობიერუბული ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ აკისრიათ. დღევანდელ შეხვედრაზე ნაცვლად იმისა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაზე გვემსჯელა, ნიგვზიანში არსებულ ვითარებას, კომიტეტმა სათანადო შეფასება ვერ მისცა. კომიტეტის მხრიდან, კონკრეტული მზაობა ვერ დავინახეთ, რომ მთავრობაზე რეაგირება მოახდინონ იმ თვალსაზირით, რომ კონკრეტული პირები, რომლებიც ამ კანონსაწინააღმდეგო ფაქტებში იყვნენ ჩართულნი, დაისაჯონ და ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ის საკითხი - იქნება თუ არა დაცული ნებისმიერი საქართველოს მოქალაქის უფლება, ეს იქნება - მუსლიმი, გრიგორიანელი თუ იუდეველი. იმ შემთხვევაში, თუ კომიტეტი ადამიანის უფლებების დარღვევაზე სათანადო რეაგირებას არ ახდენს და სამართალდამცავ ორგანოებზე გავლენას არ იქონიებს, რომ ფაქტებზე რეაგირება მოხდეს, სამწუხაროა, მაგრამ შესაძლოა, სხვა რეგიონებში, რელიგიური უმცირესობების მხრიდან მოსალოდნელი იყოს სიტუაციის გამწვავება. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით ნებისმიერი მოქალაქის უფლების დამცველი“, - განაცხადა თაქთაქიშვილმა.
For.ge-მ დეპუტატთან იმ საკითხის დაზუსტება სცადა, თაქთაქიშვილი თუ რაზე დაყრდნობით აკეთებდა დაძაბულობის შექმნის პროგნოზს იმ ფონზე, როდესაც, თავად ქართველი მუსლიმები სიმშვიდესა და ნორმალიზაციაზე აკეთებდნენ აქცენტს. ნაციონალმა კი ჩვენს კითხვაზე იგივე შინაარსის პასუხი გასცა, რაც მანამდე მოგვახსენა, თუმცა, დასძინა, რომ თუ რა შედეგს გამოიღებს მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება, ეს მომავალში გამოჩნდება. რაც შეეხება ოპონენტების ბრალდებას, რომ დაპირისპირების პროვოცირება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახდინა, თაქთაქიშვილმა ოპონენტები უპასუხისმგებლო და აბსურდული განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა.
მართალია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხალხის უფლებების დაცვაზე განსაკუთრებული ზრუნვა უმცირესობაში გადასვლის შემდეგ დაიწყო, თუმცა, ყველას კარგად ახსოვს იმ საკითხების ნუსხა, რომლებიც მეშვიდე მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ლაშა თორდიას თაროზე იყო შემოდებული და რომელსაც, სათანადო ყურადღება არ ექცეოდა.