„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირველი საკანონმდებლო მარცხი უკვე განიცადა. გასულ კვირას, უმცირესობამ ინიციატივა მოამზადა, რომლის მიხედვით, საგამოძიებო და დროებით კომისიებში უმრავლესობის წარმომადგენლობა კომისიის წევრთა საერთო რაოდენობაზე ნაკლები უნდა იყოს, ხოლო კომისიას უმცირესობის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა უნდა უხელმძღვანელოს. ოპოზიციონერების მიერ მომზადებულ ცვლილებებს მხარს „ქართული ოცნება“ არ უჭერს და ამის ლოგიკურ მიზეზებსაც ასახელებენ. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კომისიებს იმ გუნდის წარმომადგენლები არ უნდა ხელმძღვანელობდნენ, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ქვეყანა ნადგურდებოდა და ადამიანის უფლებების დარღვევის არაერთი ფაქტი ფიქსირდებოდა. ინიციატივის ავტორები კი, იმ გარემოებაზე აპელირებენ, რომ პრინციპი თავად „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებაა და უმრავლესობის წევრები საკუთარი პროგრამის წინააღმდეგ არ უნდა წავიდნენ.
მეშვიდე მოწვევის პარლამენტში, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის მიმართ - თუ რატომ არ გამოირჩეოდა პოლიტიკური გულუხობით? for.ge უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერ პავლე კუბლაშვილს ესაუბრა:
საიდან გაჩნდა ამ ცვლილებების მომზადების იდეა?
- ჩვენი შეთავაზება იმ წინადადებების გაზიარებაა, რომელიც „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში იყო. კერძოდ, პროგრამაში მითითებული იყო, რომ საპარალმენტო კონტროლის თვალსაზრისით, საგამოძიებო და დროებითი კომისიები უნდა შექმნილიყო, რომელიც თანანმდებობის პირთა ცალკეულ მოქმედებებს შეისწავლიდნენ და ამ კომისიების ხელმძღვანელები უმცირესობის წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ. მათივე დაპირება კანონპროექტად ვაქციეთ, თუმცა, უმრავლესობის წევრები კანონპროექტის მხარდაჭერაზე უარს აცხადებენ. რა თქმა უნდა, პოლიტიკური მოტივით, რაც იმას ადასტურებს, რომ ისინი გაცემული დაპირებების შესრულებას არ აპირებენ. როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ საგამოძიებო კომისია პოლიტიკური დევნის იარაღად უნდა გამოიყენონ. თავად უმრავლესობის არგუმენტები კი იმაში მდგომარეობს, რომ დღის წესრიგში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მიერ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების შესწავლის საკითხი დგას და მათი შეფასებით, არასერიოზულია იმაზე საუბარი, რომ ამას ოპოზიციაში გადასული ყოფილი მმართველი გუნდი ობიექტურად განახორციელებს. „ქართულმა ოცნებამ“ ძალოვანი უწყებები სრულად დააკომპლექტა და მათ საშუალება აქვთ ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, ნებისმიერი ადამიანის მიმართ სამართლებლივი პროცედურა დაიწყონ და ამისთვის საპარლამენტო კომისიების მეშვეობით, პოლიტიკური შოუების მოწყობა და ანგარიშსწორება არ არის საჭირო. ჩვენი მიზანია, საკითხების შესწავლა სამართლებილივი კუთხით მოხდეს.
თუმცა, აბსოლიტური უმრავლესობა იმ ბრალდებებისა, რომელიც ძველი ხელისუფლების მიმართ ისმის, რეალობასთან შეუსაბამოა. ეს ბრალდებები დაფუძნებულია ტყუილსა და სპეკულაციებზე. თუმცა, თუ მათ სამართლებლივი კუთხით რაიმე კონკრეტული ფაქტები აქვთ, მაშინ გამოძიება დაიწყონ.
კომისიებმა თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ განხორციელებული ქმედებები უნდა შეისწავლონ. შესაბამისად, კომისიის ხელმძღვანელი თუ თქვენივე გუნდის წარმომადგენელი იქნება, რამდენად ობიექტური იქნება გამოძიება და უხერხულობას არ გრძნობთ, რომ ამ ფაქტების შესწავლას თქვენ ითხოვთ?
- ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, გამოძიებას თუ ვის მიმართ ჩაატარებენ. გამოძიებისთვის არ არის აუცილებელი პოლიტიკური კამპანიის წარმოება და ამისთვის კომისიების შექმნა. სამართლებლივი მექანიზმების შესწავლა ყველას შეუძლია და მათ ამაში ხელს ვერავინ შეუშლით, მაგრამ არ ვიცი, მათი მხრიდან სამართალდამცავების მიმართ უნდობლობას აქვს ადგილი, თუ რას.
ფაქტია, რომ როდესაც, ეს ცვლილებები მოამზადეთ, იცოდით, რომ უმრავლესობა მხარს არ დაგიჭერდათ. შესაბამისად, ახალ ხელისუფლებას ხაფანგი დაუგეთ - შეასრულებდნენ თუ არა დაპირებებს?
- არანაირი ხაფანგი არ იყო, თუმცა, ახალი უმრავლესობისთვის ეს იყო ტესტი, რომელიც ვერ ჩააბარეს. რა და როგორ იქნება, ამას დრო გვაჩვენებს, მაგრამ ფაქტია, რომ საკუთარ საარჩევნო დაპირებებს გულგრილად ეკიდებიან.
მეშვიდე მოწვევის პარლამენტში გია ცაგარეიშვილის ფრაქცია 26 მაისის მოვლენების შესწავლის მიზნით, საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდა, თქვენ კი, მათ მოთხოვნას გულგრილად უსმენდით. რატომ არ თმობდა „ნაციონალური მოძრაობა“ კომისიის ხელმძღვანელის პოსტს?
- ჩვენი პასუხი იყო, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ვენდობოდით და ამ მოვლენებს, ისინი გამოძიებდნენ. დღესაც ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ენდონ და გამოძიება მათ აწარმოონ.
კომისიის ხელმძღვანელის პოსტის დათმობასთან დაკავშირებით, თქვენს არგუმენტებს უმრავლესობა ცინიკურს უწოდებს და ინიციატივას მხარს არ უჭერს. რას მოიმოქმედებთ, პროტესტის ნიშნად, კომისიაში არ გაწევრიანდებით?
- აქ საუბარი არ იყო კომისიის შექმნაზე, არამედ თავმჯდომარის დანიშვნა პრინციპული საკითხი იყო. რაც შეეხება კომისიებს, თუ რა ტიპის კომისიის შექმნაზე იქნება საუბარი, ეს წინასწარ უნდა ვნახოთ. წინასწარ ვერ ვიტყვი, რომ არცერთ საგამოძიებო კომისიაში არ შევალ-თქო ან პირიქით, ყველაში გავწევრიანდები-თქო. მნიშვნელოვანი ისაა, კომისია თუ რა საკითხის შესასწავლად შეიქმნება.
თუ კომისია რომელიმე თანანმდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხს დასვამს, კანონის თანახმად, შემდეგ რა ხდება?
- რეგლამენტის მიხედვით, საგამოძიებო კომისიის მიზანია, რომ გარკვეული საკითხი შეისწავლოს და დასკვნა პარლამენტს მიაწოდოს, შემდეგ კი, საკანონმდებლო ორგანო წყვეტს - თუ რა გაგრძელება უნდა მოჰყვეს დასკვნას. თუ იქნება დარღვევები, მაშინ, საკითხი სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნება.
თუ ახალი ხელისუფლება თქვენს მსგავსად, კონსტიტუციის ჭრა-კერვას დაიწყებს, რითაც პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიზღუდება, პარლამენტი თბილისში დაბრუნდება და ა.შ. თქვენი პასუხი რა იქნება?
- ჩვენს მიერ განხორციელებულ ცვლილებებს ჭრა-კერვას არ დავარქმევ, რადგან კონსტიტუცია კონკრეტულ გამოწვევებს უნდა პასუხობდეს. ცვლილებების შეტანა, რომ საჭირო იყო, ეს მათი განწყობითაც ჩანს. თუმცა, კონსტიტუციაში თუ რა ტიპის ცვლილება უნდა შევიდეს, ამაზე საუბარი ძნელია, მაგრამ დღევანდელი მოდელი ძალიან დაბალანსებულია და ის მომავალი წლის შემდეგ ამოქმედდება. ოპონენტების ნაბიჯებს კი, ველოდებით.