დევნილების შევარდნებს „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები წარმართავენ

დევნილების შევარდნებს „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები წარმართავენ

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე მიიჩნევს, რომ სხვადასხვა შენობაში დევნილების შეჭრა გარედან მართულია და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დევნილებს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები აგულიანებენ.

მინისტრი აღნიშნავს, რომ მან ბევრჯერ მოუწოდა დევნილებს, აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან თავი აერიდებინათ, მაგრამ დევნილებმა ყურად არ იღეს და ისინი კვლავ განაგრძობენ ბინების მიტაცებას.

ამ უკანონობის აღსაკვეთად უკვე შეიქმნა კომისიები, რომლებმაც განვლილი დროის განმავლობაში შეისწავლეს ყველა ოჯახის მონაცემები, მათი საჭიროებები და რიცხოვნობა. ამდენად, იმ ოჯახებს, რომლებსაც არ ეკუთვნით და გაფართოების ან ახალი ფართის დასაკუთრების მიზნით მაინც შეიჭრნენ, მოუწევთ, არსებულ ფართებს დაუბრუნდნენ; ხოლო იმ ოჯახებს, რომლებსაც აქვთ უკიდურესი მდგომარეობა და არსად წასასვლელი არ აქვთ, სამინისტრო ალტერნატიულ ფართს სთავაზობს.

For.ge ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს დავით დარახველიძეს ესაუბრა.

დღემდე დევნილები ასე მასიურად სხვადასხვა შენობებში უკანონოდ არ იჭრებოდნენ. რით ახსნით იმ ფაქტს, რომ ძველი ხელისუფლებისგან განსხვავებით, მათ უფრო მეტი მოთხოვნები აქვთ ახალი ხელისუფლების მიმართ და შენობებს ერთი-მეორის მიყოლებით იკავებენ? რის საფუძველზე აცხადებთ, რომ უკანონოდ შეჭრილ დევნილებს ნაციონალები მართავენ?
- ამის თქმის საფუძველს არსებული ფაქტები მაძლევს. კონკრეტული ადამიანები იცნობენ ამ ნაციონალებს, რომლებიც კოორდინატორებად მუშაობდნენ. სწორედ ისინი აღმოჩნდნენ ამ შეჭრის დროს. ეს დაინახა ხალხმა და ამის შესახებ აღნიშნეს კიდეც.

 რა უნდა იყოს ნაციონალების არგუმენტი - არეულობის მოწყობა?
- დიახ, არეულობის მოწყობა უნდათ; თანაც, აქამდე დაპირებები ჰქონდათ გაცემული, ისინი გამარჯვებას ელოდნენ და ახლა ვეღარ ასრულებენ საკუთარ დანაპირებს, ამიტომ ასეთი ფორმა მოიფიქრეს.

ამ მხრივ რომელი კუთხის დევნილები აქტიურობენ - აფხაზეთის თუ სამაჩაბლოს?
- ორივე მათგანი აქტიურობს. ამასთან, კიდევ არის დევნილების ახალი კატეგორია, რომლებიც არც აფხაზეთიდან არიან, არც სამაჩაბლოდან, არამედ ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან არიან და დევნილებად აცხადებენ თავს. ისინი დევნილებს მიეტმასნენ.

 ალბათ, საქმის შესწავლის შემდეგ ნამდვილი დევნილი არადევნილისგან გაიცხრილება.
- უკვე ექვსი უწყება ჩაერთო ამ საქმეში. მათ შორის, ეკონომიკის, სოციალურ საკითხთა, დევნილთა, ფინანსთა უწყებები, პროკურატურა და შსს. ასე რომ, ყველა ბაზაში მიმდინარეობს გადამოწმება და ამ ადამიანების მონაცემების ერთმანეთთან შეჯერება. ამიტომ ეს ადამიანები გაიცხრილებიან და ბევრი აღმოჩნდება გისოსებს მიღმა. პირადად მე რამდენჯერმე მოვუწოდე დევნილებს, დაეთმოთ უკანონოდ შეჭრილი ფართები. სამწუხაროდ, არ გაითვალისწინეს.

როგორ გგონიათ, ისინი მხოლოდ ნაციონალების დავალებას ასრულებენ თუ მათზე მატერიალური დაინტერესებაც ვრცელდება?
- მართალია, ნაციონალები ამ შეჭრებს ორგანიზებას უკეთებენ, მაგრამ ბევრი დევნილი გულუბრყვილოდაა მოტყუებული. მათ ეუბნებიან, რომ აბა, სხვანაირად, შენ ვერაფერს მიიღებ. ამ ადამიანების ნახევარზე ცოტა ნაკლები მართლაც ისეთია, ვისაც ბინა ეკუთვნის და სახელმწიფო მათ წინაშე ვალდებულია, მაგრამ მეორე ნახევარი ის ადამიანები არიან, რომლებსაც ბიზნესად აქვთ გადაქცეული ეს საქმიანობა.

თავის დროზეც ყოფილა ცალკეული შემთხვევები, როცა დევნილებს ჰქონდათ საკუთარი ბინა, მაგრამ მაინც სხვა ბინების დაკავებას ცდილობდნენ.
- დიახ, ყოფილა ასეთი შემთხვევები და, ზოგადად, ასეთი ფაქტების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს. უფალი არ შეარჩენს იმ ადამიანებს არანაირ ბინას და სიკეთს, ვინც სხვის უბედურებაზე ითბობს ხელს. ზოგჯერ ჰყიდდნენ ამ ბინებს ან აქირავებდნენ და შემოსავლის წყაროდ ჰქონდათ ქცეული. დევნილს გაქირავებული აქვს ბინა ისევ დევნილზე ან არადევნილზე და ამით შემოსავალს იღებს.

თქვენ აცხადებთ, რომ დევნილებს შორის ისეთი ადამიანებიც არიან, რომელთაც სახელმწიფოსგან ბინები მართლაც ეკუთვნით. მათი პრობლემა როგორ მოგვარდება?
- ასეთი დევნილებიც არიან, ამიტომაცაა ჩართული საქმეში ეკონომიკის სამინისტრო. მათი პრობლემის გადაჭრას ვეცდებით. ჩვენი მიზანია, გარკვეული ფართი მოვიძიოთ და მათ გადავცეთ, ოღონდ, რამდენი იქნება ეს ფართები და რა დროში გადავცემთ, ამის პირობას ვერ ვიძლევით. რა რესურსიც აღმოჩნდება, ყველა დევნილს პატიოსნად გადავცემთ. თუმცა ამ ეტაპზე რესურსის სიმწირეს განვიცდით.

ძირითადად დედაქალაქში არსებულ ფართებში იჭრებიან დევნილები?
- მათ მიერ დაკავებული 51 ობიექტიდან ორი არის რუსთავში, სამი -ზუგდიდში, დანარჩენი ობიექტი კი თბილისში მდებარეობს. მათგან ზოგიერთი ობიექტი კერძო საკუთრებისაა, ზოგიც - სახელმწიფო საკუთრებაა. უფრო მეტი სახელმწიფო ობიექტია.

მოგეხსენებათ, დევნილების თემა სენსიტიურია და თქვენ სიფრთხილე გმართებთ. როგორ უნდა მოხერხდეს პრობლემის დარეგულირება, რომ ცალკეულ პირებს არ ჰქონდეთ სათქმელი, თითქოს დევნილებს მკაცრად მოექცნენ. გამოსავალს რაში ხედავთ?
- ცივილიზებულ სამყაროში არსებულ ყველა ნორმას ყველა პროცედურის დაცვით განვახორციელებთ. თავის დროზე დევნილები გავაფრთხილეთ, დღეს კიდევ დამატებით წერილობით ჩავაბარეთ გაფრთხილება, რომ უკანონოდ შეჭრილებმა ფართი უნდა დატოვონ. ვისაც არ აქვს არსად წასასვლელი, მათ ალტერნატიულ ფართს შევთავაზებთ, ხოლო, ვისაც ფართი არ ეკუთნის, ისინი საწყის მდგომარეობაში დაბრუნდებიან. ვინც თაღლითი და ამ დანაშაულის ორგანიზატორია, ის გამოვლინდება და კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევს. შეიძლება, ეს იყოს ადმინისტრაციული დარღვევა, ან სისხლის სამართლის დარღვევა. ამას გამოძიება დაადგენს. ალბათ მოისმინეთ, რომ 12 საერთაშორისო ორგანიზაცია ჩავაყენეთ საქმის კურსში -დონორები, პარტნიორები, არასამთავრობოები, სახალხო დამცველი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, - ყველა საქმის კურსშია. არსებობს სპეციალური ოპერატიული გაწერილი პროცედურები, თუნდაც ისეთი, პალესტინელები როგორ გამოჰყავდათ ებრაელების სახლებიდან. დაახლოებით ასეთი მეთოდოლოგიით მოხდება მათი გამოყვანა. მინახავს კადრები, როცა ქალბატონი გამოჰყავს ორ პოლიციელ ქალბატონს და სხვა. ასე რომ, მარტო ჩვენ არ გვიწევს ასეთ პრობლემასთან შეჯახება, სამყაროში არსებობს ასეთი პრაქტიკა.

როგორ გგონიათ, ნაციონალებმა მაინცდამაინც დევნილების გამოყენება რატომ გადაწყვიტეს?
- სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ არჩევნებში ნაციონალების ერთ-ერთი დასაყრდენი დევნილები იყვნენ. თუმცა, ამ არჩევნებზე დევნილების ხმები გაიყო და ნახევარი „ოცნებას“ უჭერდა მხარს, მეორე ნახევარი ისევ ძველ პოზიციაზე რჩებოდა. მათი გაჭირვებით სარგებლობდნენ ნაციონალები, ფულს უხდიდნენ და დევნილებიც კოორდინატორებად და აქტივისტებად მუშაობდნენ ნაციონალებთან. სწორედ აღნიშნული კოორდინატორები შენიშნეს ბოლოდროინდელი შეჭრის დროს.

როგორი იქნება აღნიშნული დევნილების მიმართ თქვენი შემდგომი დამოკიდებულება? შენობებში უკანონოდ შეჭრის ფაქტები თუ მოახდენს თქვენზე გავლენას?
- ვისაც ფართები არ ეკუთვნით, მათდამი დამოკიდებულება სამართალდამცავ ორგანოებს ექნებათ და მე მათთან ურთიერთობა არ მექნება; ხოლო, ვინც გაჭირვებული დევნილია, მათ გამო ჩვენ ვწუხვართ და ყველაფერს ვიღონებთ, რამეში დავეხმაროთ.