პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „ქამარი შემოიჭირა“

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „ქამარი შემოიჭირა“

საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც თანხების არამიზნობრივ ხარჯვაშია შემჩნეული ელექტროენერგიის დაზოგვას იწყებს. მიხეილ სააკაშვილმა კილოვატების დაზოგვა ავლაბარში ფასადების ჩაბნელებით დაიწყო და  პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე განათება გამორთო. ადმინისტრაციას „ქამრის შემოჭერა“ ახალი მთავრობის მიერ მომზადებულმა, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტმა აიძულა, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციის დაფინანსება 14 160 000 ლარიდან 9 230 000 ლარამდე შემცირდა. ამ დრომდე, ფინანსებით უზრუნველყოფილი ადმინისტრაცია საკუთარ თავს, მომავალში კიდევ თუ რა ტიპის შეზღუდვებს დაუწესებს, ეს მალე გამოჩნდება, მაგრამ მთავრობის გადაწყვეტილებას უმცირესობის წევრები უკვე პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ. პარლამენტში ქვეყნის ფინანსურ დოკუმენტზე მსჯელობა დღეს იწყება და ბიუჯეტის განხილვისას, ოპონენტებს შორის მწვავე დებატებიც გაიმართება, მანამდე კი, მხარეები თანხების შემცირების საკუთარ ვერსიებს ასახელებენ.

როგორც for.ge-ს უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ განუცხადა, როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ხელისუფლების სხვადასხვა შტოებთან სათანამშრომლოდ არ არის მზად.

მისი შეფასებით, ბიუჯეტის პროექტში ხარჯები  ცალმხრივად არის შეკვეცილი, თუმცა, წარმოდგენილია ის ბიუჯეტი, რომელიც თავის დროზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დადო, რაც იმას ნიშნავს, რომ ძველ ხელისუფლებას მხოლოდ პატრული კი არ გამოუვიდა, არამედ ბიუჯეტიც.

„საინტერესო მდგომარეობაში ვართ, რადგან ხელისუფლებაში სხვადასხვა პოლიტიკური ძალები არსებობენ და მნიშვნელოვანია, „ქართული ოცნება“  თანამშრომლობის თუ როგორ სტანდარტებს დააწესებს. პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელია, მაგრამ ის ქვეყნის პრეზიდენტია და ის მთავრობასთან ოპოზიციაში ვერ იქნება. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს კი, უნდა თუ არა და მოსწონს თუ არა ეს, მას  ქვეყნის წარმოჩენა  მიხეილ სააკაშვილთან ერთად მოუწევს და ამის გათვალისწინებას ვურჩევდი“, - განაცხადა ბობოხიძემ.

აღსანიშნავია, რომ აკაკი ბობოხიძე ზედმეტი ხარჯების შემცირების მომხრეა, თუმცა, აცხადებს, რომ შეზღუდვა თუ რის ხარჯზე უნდა მოხდეს, ეს დასათვლელია.

„პრეზიდენტი თუ გაეროს სხდომაზე მიფრინავს, მისი ფრენა არ უნდა დაფინანსდეს? კერძო ფრენები მეჭვეება, რომ იყოს და რა თქმა უნდა, ეს შეზღუდული უნდა იყოს, მაგრამ ის, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე გადაადგილების დაფინანსება არ მოხდეს, ეს ქვეყნისთვის პირდაპირი ზიანის მიყენებაა“, - განაცხადა ბობოხიძემ.  

ახალი მთავრობის გადაწყვეტილებას, უმცირესობის კიდევ ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს და აცხადებს, რომ ჯერჯერობით, პროექტი დაუმუშავებელია, მაგრამ ხელისუფლების ყველა იმ შტოს, რომელიც „ქართული ოცნების“ კონტროლქვეშ არ არის ყველა მიმართულებით ხარჯები შეუმცირდა.

„რა თქმა უნდა, პოლიტიკური მიზნები და მოტივაცია ჩანს. კერძოდ, მათ სურთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ხელისუფლების სხვა შტოებთან პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზად გამოიყენონ“, - დასძინა მან.

ოპონენტებისგან განსხვავებით, საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ხარჯების შემცირებას მიესალმება.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, დავით ონოფრიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ფონდებიდან თანხები  არაზმინობრივად იხარჯება და ფინანსები კერძო პირების ინტერესების დაკმაყოფილებას ხმარდება, რის გამოც, მთავრობამ ეს ხარჯები შეამცირა.

ონოფრიშვილის მსგავსად, მთავრობის გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძეც იწონებს და ამბობს, რომ პრეზიდენტის ხარჯები საშინლად გაზრდილი იყო და მისი არშემცირება გამორიცხულია.

„პრეზიდენტის ფონდი როგორ და რაში იხარჯებოდა, ეს გაუმჭირვალე იყო და არავინ იცოდა თანხები თუ რაში იხარჯებოდა“, - დასძინა საგანელიძემ.

ქვეყნის ფინანსურ დოკუმენტს პარლამენტი დეკემბრის მესამე პარასკევამდე დაამტკიცებს, მანამდე კი, საპარლამენტო მოსმენების შემდეგ, შენიშვნების გათვალისწინების მიზნით, ბიუჯეტის პროექტი მთავრობას უკან გადაეგზავნება, რის შემდეგაც ორგანოს მთავრობის მიერ ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია წარედგინება. ვინაიდან, სქელკანიანი დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში ორი დღის წინ შევიდა, ამ დრომდე, ბიუჯეტის პროექტის პარამეტრების შესახებ დეტალურ ინფორმაციას დეპუტატები არ ფლობენ, შესაბამისად, ბიუჯეტის პრიორიტეტულ საკითხებზე კონკრეტულად თუ რა თანხები დაიხარჯება, ამაზე ჯერჯერობით საუბარი უჭირთ.