ზაალ ანჯაფარიძე: „მეუფე იაკობის განცხადება ეკლესიას ნამდვილად არ მატებს არც ავტორიტეტს და არც ღირსებას“

ზაალ ანჯაფარიძე: „მეუფე იაკობის განცხადება ეკლესიას ნამდვილად არ მატებს არც ავტორიტეტს და არც ღირსებას“

„თავად ეს განცხადება, რომელიც მეუფე იაკობმა გააკეთა, ყველაზე მცირე არაკორექტული და არაადეკვატურია ასეთი მაღალი რანგის სასულიერო პირის მხრიდან. თუკი ასეთი ინფორმაცია გააჩნდა, შეეძლო ეს შიდა საეკლესიო წრეებში განეხილა და იქ მიღებულიყო სათანადო ზომები, თუკი ამას ეკლესია და საპატრიარქო საჭიროდ ჩათვლიდა, ვიდრე ასე საჯაროდ გამოეტანა," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის სკანდალური განცხადების შესახებ საუბრისას.

ზაალ ანჯაფარიძე: მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამ განცხადების უკან კონკრეტული მიზნები დგას და რა მიზნები, ამას უნდა დავაკვირდეთ, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფები ამ განცხადებას როგორ გამოიყენებენ.

ვინ გახდება პატრიარქი, ამას თავად ეკლესია და საპატრიარქო გადაწყვეტენ. ამისთვის შესაბამისი კანონიკური წესები არსებობს. მესმის, რომ ამის მსურველი შეიძლება არაერთი მაღალი რანგის სასულიერო პირი იყოს, თუმცა ეს კანონიკური წესებით გადაწყდება. ვიცით, რომ უწმინდესის თანამოსაყდრე უკვე დასახელებულია.

": პრემიერი მეუფე იაკობის განცხადებაზე საუბრისას აცხადებს, რომმეუფემ ეკლესიაში უნდა იაროს და პოლიტიკას ყველამ თავი უნდა დაანებოს"...

ზ.ა: აბსოლუტურად სწორი მოწოდებაა, რადგან მე თუ მკითხავთ, როგორც მრევლის ერთ-ერთი რიგით წევრს, ნაკლებად უნდა გამოჩნდნენ სასულიერო პირები ტელეეთერებში და ნაკლებად აკეთებდნენ განცხადებებს ასეთ თემებზე.

ის, რასაც აკეთებდნენ ბოლო პერიოდის განმავლობაში ცალკეული სასულიერო პირები, ეს პოლიტიკაში პირდაპირი ჩარევა იყო და მეუფე იაკობის ბოლო გამოხტომაც ამის თვალსაჩინო მაგალითია.

": როგორ ფიქრობთ, რა რეაგირება უნდა მოახდინოს საპატრაირქომ მეუფის ამ განცხადებაზე?

ზ.ა: არსებობს დადგენილი წესი, ასეთ საკითხებს განიხილავს სინოდი. ალბათ სინოდის განსასჯელი გახდება. ფხიზელ მდგომარეობაში თუ ალკოჰოლურ თრობის ქვეშ სასულიერო პირები დაკავებული უნდა იყვნენ საეკლესიო საქმიანობით, მათი საქმიანობა არ არის საერო და მითუმეტეს პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა. იმ განცხადებას, რაც მეუფე იაკობმა გააკეთა, ძალიან სერიოზული პოლიტიკური შეფერილობა ჰქონდა, რაც ეკლესიას ნამდვილად არ მატებს არც ავტორიტეტს და არც ღირსებას, პირიქით, მრევლში ერთგვარ უარყოფით განწყობებს და ეკლესიისადმი დამოკიდებულების გაციებას იწვევს.

ეს საკმაოდ სერიოზული და შორსმიმავალი პრობლემაა. ჩვენი მრევლი ძალიან სენსიტიურია ასეთი ტიპის გამოხტომების მიმართ, მითუმეტეს როდესაც საქმე ეხება ისეთ თემებს, როგორიც არის პატრიარქის მოშორება, მის წინააღმდეგ რაღაც ინტრიგების დახლართვა ცალკეული საერო პირების მიერ. ამ შემთხვევაშიც საკმაოდ ნეგატიური განწყობების წყარო ხდება ეს ჩვენ საზოგადოებაში, განსაკუთრებით მართლმადიდებელ მრევლში.