სასწორის პინა გაფიცულებისკენ გადაიხარა

სასწორის პინა გაფიცულებისკენ გადაიხარა

ჭიათურასა და ფოთში გაფიცულებმა სასწორის პინა სათავისოდ გადახარეს. მაღაროელებმა პროტესტი მხოლოდ პრემიერ-მინისტირს დაპირების შემდეგ შეწყვიტეს, ხოლო პორტელებმა შეძლეს მთავარი მოწინააღმდეგის, ნავსადგურის გენერალური დირექტორის გზიდან ჩამოშორება. თუმცა,  ფოთში ვითარება ისევ დაძაბულია.

ჭიათურაში გაფიცვა გუშინ შეწყდა - მაღაროელებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის სიტყვები ირწმუნეს. «სოციალ-დემოკრატიული პარტიის» ლიდერი გია ჟორჟოლიანმა ჭიათურაში იმყოფებოდა, რომელმაც გაფიცულებს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის დანაბარები გადასცა. ივანიშვილის გადაწყვეტილებით, პრემიერის აპარატში შეიქმნება დროებითი კომისია, რომელიც ჭიათურის მაღაროელთა მოთხოვნებს მთლიანად შეისწავლის.

როგორც ჟორჟოლიანმა განაცხადა, პრემიერი მსგავსი კომისიის შექმნას დაახლოებით ერთ კვირაში აპირებს. «შევხვდი ჭიათურაში მაღაროელებს და მათ გამოხატეს სრული ნდობა პრემიერ-მინისტრისა და ამ კომისიის მიმართ. ეს აღიქვეს გარანტად და დათანხმდნენ იმ მოთხოვნებს, რომელიც ადმინისტრაციამ უკვე დღეს შესთავაზა», - აღნიშნა ჟორჟოლიანმა. ამ პირობის თანახმად, ჭიათურაში მაღაროელებს ხელფასი 32%-ით გაეზრდებათ.

თუკი ჭიათურაში ვითარება მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, ფოთში დაძაბულობა კვლავ პიკზეა. გუშინ მოლაპარაკებები დაიწყო ფოთის პორტის ადმინისტრაციასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის. პირველი შეხვედრა 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა, თუმცა, რეალური შედეგი ვერ გამოიღო.

პორტის თანამშრომლები საკუთარ მოთხოვნებზე ხელმძღვანელობისგან წერილობით პასუხს  ელიან, თუმცა ნავსადგურის ადმინისტრაცია გაფიცულებს ამ ეტაპზე კონკრეტულს ჯერჯერობით ვერაფერს სთავაზობს. მოსამსახურეები უწინდებურად ხელფასების მომატებას, შრომის პირობების გაუმჯობესებასა და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას ითხოვენ.

„საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, განსაკუთრებულ პრობლემად რჩება ხელფასების საკითხი, თუმცა, პორტის მფლობელი „APM TERMINAL“-ის მენეჯმენტმა პირობა მოგვცა, რომ ხელფასების თემაზე მუშაობას შეუდგებოდა და არ ვიცით, რა დათმობებზე შეიძლება წავიდნენ და რა ხელფასებზე შეიძლება იყოს საუბარი. რაც შეეხება სანიტარულ და საყოფაცხოვრებო საკითხებს, თითქმის ყველაფერზე შეთანხმება მიღწეულია და დღეს წერილობით, იურიდიულად მიაწვდის ნავსადგურის პროფკავშირების წარმომადგენლებს“, – განაცხადა საზღვაო ტრასნპორტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მამუკა ახალაძემ, რომელიც მუშებსა და კომპანიას შორის ერთგვარი მედიატორის როლს ასრულებს.

ფოთის პორტის თანამშრომლებმა საყოველთაო უვადო გაფიცვა 1-ელ ნოემბერს გამოცხადეს და მათი 70% უკვე მეხუთე დღეა, გაფიცულია, გუშინ ისინი შიმშილობის დაწყებასაც აპირებდნენ, მაგარამ დეპუტატ ეკა ბესელიას თხოვნის შემდეგ გადაიფიქრეს.

«ამ ეტაპზე მთავარია, ქალბატონებმა არ დაიწყონ შიმშილობა, რადგან ეს მათი ჯანმრთელობისთვის არის საზიანო. მე მათ შევთავაზე, რომ შევქმნით 7-კაციან სამუშაო ჯგუფს, რომელშიც შევლენ სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც ყველა პრობლემაზე იმუშავებენ ჩემთან ერთად. ამ საკითხს, ჩემს კოლეგებთან ერთად, უკვე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, შესაბამის კომიტეტებთან ერთად გადავიტან პარლამენტში”, – განაცხადა ბესელიამ.

დღის ბოლოს კი გაირკვა გაფიცულთათვის მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციაც. ფოთის პორტის გენერალური დირექტორი ჯოზეფ ქროული თანამდებობიდან გადადგა, რაც მან მედიასთან პირადად დაადასტურა.

ქროულის შემცვლელი სპინ დევიდსენი უკვე ფოთის პორტში იმყოფება, მაგრამ პორტში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

«გადაბარების პროცესი უკვე მიმდინარეობს, რაც არანაირ კავშირში არ არის მიმდინარე მოვლენებთან, ეს დაგეგმილი იყო ძალიან ადრე, 2-3 თვის წინ და ეს ბიზნესის ჩვეულებრივი ნაწილია», - აცხადებს ქროული.

აღსანიშნავია, რომ ქროულის მუშაობის პერიოდს უკავშირდება შარშან ფოთის პორტში 500-ზე მეტი ადამიანის შემცირება და მიმდინარე უვადო გაფიცვები, რომელიც 6 დღეა გრძელდება.