პრეზიდენტის რეზიდენცია უპრეზიდენტოდ

პრეზიდენტის რეზიდენცია უპრეზიდენტოდ

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყოფილ ჩინოვნიკებს ქამრების შემოჭერისკენ ბევრჯერ მოუწოდა. თუმცა, საბოლოოდ, ყოველთვის მტკიცდებოდა, რომ შემოჭერის მაგივრად, მაღალჩინოსნებს ქამრები ბევრად უფრო მოშვებული ჰქონდათ. ჯერ კიდევ 2009 წელს პრეზიდენტმა გაქსუებულ ჩინოვნიკებს პირადი მაგალითი მისცა და სამთავრობო რეზიდენციები გაყიდა. საპრივატიზაციო ნუსხაში მაშინ მოხვდნენ ბათუმისა და ზუგდიდის რეზიდენციები, წეროვანის რეზიდენცია კი საბავშვო ბაღად გადაკეთდა. მოტივი კეთილშობილური იყო, პრეზიდენტის რეზიდენციების შენახვა იმ დროსაც ძვირი ჯდებოდა. თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ 2009 წლის 12 ივლისს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია ოფიციალურად გაიხსნა და დღეს იგი, მთელი თავისი პომპეზურობით, წარმოადგენს ერთ კვარტალში გაერთიანებულ განსხვავებული არქიტექტურის შენობათა კომპლექსს.  

მას შემდეგ ეს შენობა ბევრ დენსა და ნაგავს ერთდროულად წვავს და სულაც არ წააგავს ბუკინგემის სასახლეს, სადაც ომის დროს ინგლისის დედოფალი ბუხარს არ ანთებდა გასათბობად. საუბარია 800 ათას ლარზე, რაც წელიწადში მარტო ელექტროენერგიისთვის იხარჯება.  

ბიძინა ივანიშვილის მოწოდების შემდეგ, რომელმაც მან მიხეილ სააკაშვილს ხარჯების შემცირების მიზნით რეზიდენციის დატოვებისკენ მოუწოდა, ქართულ ფორუმებზე შეფასებებიც გაჩნდა:

„ეს რას მოესწრო საკაშვილი, ამას სჯობდა, გადამდგარიყო, სახეს მაინც შეინარჩუნებდა“.
„ვაი სირცხვილო, თეთრი სახლი დახურეთ, ბევრს წვავს, უინძორების სასახლე დახურეთ, ბევრს წვავს. მშვენიერია, მარა ჰარამხანას რას უზამს?!“

„თეთრი სახლი საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ნახევარიც არაა ზომით“.

„სრულად დარწმუნებული ვარ, მაგის მხოლოდ ორი ახირება სამუდამოდ მოაგვარებდა დევნილების ამბავს: ეგ სასახლე და ქუთაისის პარლამენტი. ჯამში, ორივე 500 „ლიმონს“ ურტყამს, თუ მეტს არა. განა ამდენი არ ეყოფოდა სტანდარტული კორპუსების აშენებას და ამ ხალხის დაკმაყოფილებას?“
„მარა შერონ სტოუნს ვინ გააოცებდა საოცარი სანახაობით? განა მას მერე არ ჩამოუვარდა ტრამპსაც ქვედა ყბა?!“
„იმის მაგივრად ედიკა გაესახლებინა, თავისთვის ააშენა ახალი სასახლე. მიდი, ბიძო, მასე მიაწექი, ისე ქენი, თავის 2 ოთახიანში დააბრუნე“.

„ეგ კი არა მარტო, სხვებსაც მოუკითხე, სად რას ვინ ხარჯავს“

„ფაქტიურად, პლენში აჰყავს, რა!“

„შედი, მიშა, ბუტკაში! Sorry, კანცელარიაში!“

„უსაფრთხოების სამსახური და მომსახურე პერსონალიც უნდა შეუმცირონ, ასევე, ჩამოართვან ზუგდიდსა და კახეთში არსებული რეზიდენციებიც, თვითფრინავზე საწვავის ლიმიტი დაუწესონ.“

„თუ გაჯიუტდა მიშა, არ გადაუხდის ბიუჯეტი გათბობის, ელ-ენერგიის, შენობის დაცვის, დალაგების ხარჯებს და გაიყინოს შიგ“.

„ბოლო-ბოლო, შეშის ფეჩს დადგამს და ისე გათბება. რა, ტყე-შეშის მოპოვება გაუჭირდება თუ რა?“

„მალე დაჯდება მაგის თვითმფრინავი მოსკოვში. მივა თავის ხოზეინთან, პუტინთან, მაგის თვალები მოსწონს მაგას. დაუნ ზი დიქტეიტე!“

საზოგადოებაში უკვე გამოითქვა მოსაზრება, რომ ავლაბრის რეზიდენციაში სასტუმრო, ან ქუთაისის პარლამენტი უნდა განთავსდეს. ზოგიერთები კი ნაციონალური ხელისუფლების მიერ საქართველოს მოსახლეობის ოკუპაციის მუზეუმის გახსნის იდეას ემხრობიან.

შენობის კონსტრუქციიდან გამომდინარე, თუ რა უნდა განთავსდეს მიხეილ სააკაშვილის რეზიდენციაში, ამის შესახებ For.ge პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს ესაუბრა.

რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი აღნიშნულ შენობაში ქუთაისის პარლამენტის გადმოტანის იდეას არ ემხრობა და მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტს უკვე აქვს თავისი შენობა თბილისში, რომლის გაყიდვაც ნაციონალებმა ჯერ ვერ მოასწრეს. ამდენად, ალბათ, ისევ იქ უნდა აღდგეს პარლამენტი.

„პრეზიდენტის სასახლე არ არის გათვალისწინებული საპარლამენტო შენობად. ამიტომ, ბატონი ნოდარ ხადურის აზრი სასტუმროს განთავსების თაობაზე, ალბათ, ნაყოფიერი აზრია. თუმცა, ჯერ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიღებულა და ისე გამოდის, ბავშვი არ დაბადებულა და სახელს არქმევდნენო. პრეზიდენტი ზის თავის სასახლეში და მას ასე იოლად იქიდან ვერ გამოვაგდებთ. საჭიროა, სხვა ტიპის პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ამის შემდეგ კი სასახლის ბედი გადაწყდება. გარწმუნებთ, ეს რეზიდენცია უფუნქციოდ არ დარჩება. თუმცა ვერავითარ შემთხვევაში, ვერ იქნება მომავალი ჩვენი პრეზიდენტის ან თუნდაც პარლამენტის სამყოფელი, რადგან ძალიან პომპეზურია და არ შეესაბამება იმ წარმოდგენას დემოკრატიზაციაზე, რომელსაც ახალი მთავრობა და ახალი ხელისუფლება ემხრობა“.

ამასთან, ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია ძალიან ძვირი ჯდება, 800 ათასი ლარი მარტო ელექტროენერგიის საფასურია, ამიტომ რომელ პარლამენტზეა საუბარი?! მისივე თქმით, ჯერჯერობით ეს სასახლე პრეზიდენტისაა  და ასეთად დარჩება, სანამ არ შევა ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში.

ჩვენს შეკითხვაზე, მაშინ რატომ გახმიანდა ივანიშვილის მოწოდება, თუ იქიდან მაინც ვერ გამოვიყვანთ პრეზიდენტს, ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, ეს მოწოდება იმიტომ გაჟღერდა, რომ შემდეგ არ იყოს საუბარი, თითქოს პრეზიდენტი მზად არ იყო ამისთვის.

„ეს მარტო მოწოდება არ არის. ჩემი აზრით, საკმაოდ შეეკვეცება მას თანხები. თუ უნდა, ნორმალურად იცხოვროს, აგერ, ტერიტორია არსებობს. რაც შეეხება მანანა მანჯგალაძის განცხადებას, რომ იქ პრეზიდენტ სააკაშვილის გარდა ბევრი ადამიანი მუშაობს, ბევრი ადამიანი კანცელარიაშიც მუშაობდა. შევარდნაძეც იყო პრეზიდენტი... პირდაპირ გეტყვით, ვაცლავ ჰაველი სააკაშვილზე ცოტა უფრო დიდი პრეზიდენტია ისტორიული მნიშვნელობით, და მისი ქვეყანაც არ იყო ჩვენზე ნაკლები მნიშვნელობის. თუმცა, მისი სასახლე ორსართულიან სახლს წარმოადგენდა, სადაც ჰაველი და მისი სამსახური რაღაცნაირად ეტეოდა. სხვათა შორის, ჰაველზე დიდი სახლი ბათუმში ჩემს სიდედრს აქვს, ამიტომ რა მადა გაეხსნათ ასეთი, რომ აშშ-ის პრეზიდენტის თეთრი სახლი სამჯერ ჩაეტევა პრეზიდენტ სააკაშვილის რეზიდენციაში?! სირცხვილია ამაზე ლაპარაკი, ჩვენ შევთავაზეთ, დაბრუნდეს კანცელარიაში, მაგრამ შეთავაზება ერთია და სხვა მეთოდებიც იქნება გამოყენებული“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

ამასთან, დეპუტატი დარწმუნებულია, რომ 800 ათასს არავინ გადაუხდის პრეზიდენტს მარტო შუქისთვის და ერთ მილიონსაც არავინ გაიღებს მისი თვითმფრინავისთვის. მეტიც, პირადად იგი, როგორც პარლამენტის წევრი, სააკაშვილისა და მისი აპარატის განათების 800 ათას ლარისთვის ხმას ვერ მისცემს, რადგან, მისი აზრით, რეზიდენციის გაჩირაღდნებას 80 ლარიც ეყოფა.

კინორეჟისორი გოგა ხაინდარავა მიიჩნევს, რომ, თუკი ინჟინრულად და არქიტექტურულად პრეზიდენტის რეზიდენცია მასში პარლამენტის გადატანის  შესაძლებლობას იძლევა და დიდ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული მისი რეკონსტრუქცია, მაშინ ახალი პარლამენტის განთავსება კარგი იქნებოდა. წესისამებრ, პარლამენტს თავისი ინფრასტრუქტურა სჭირდება. თუმცა, თუ ეს ვერ მოხერხდება, მაშინ უმჯობესია, ხელოვნების მუზეუმი ან ბიბლიოთეკა განთავსდეს ახალგაზრდებისთვის, რათა მათ შესაძლებლობა ჰქონდეთ, ეზიარონ ლიტერატურას, პოეზიასა და ხელოვნებას.

„არა მგონია, ასეთ ადგილას სასტუმრო განთავსდეს. ვფიქრობ, უკეთესია ის, რაც ახალგაზრდობას და მომავალს მიეძღვნება და წარსულზე დაფუძნებული იქნება. ძალიან კარგი ხელოვნება აქვს საქართველოს, კავკასიას და მთელ მსოფლიოს მთლიანად. ამდენად, დიდი ცენტრის გახსნა კარგი გზავნილი იქნება ახალგაზრდა თაობისთვის. ყველაფერმა, რაც მსოფლიოში, საქართველოსა და კავკასიაში სხვადასხვა სახელოვნებო დარგში დაგროვდა, სწორედ აქ უნდა მოიყაროს თავი და მისი შესწავლის, გაცნობისა და ხელოვნებასთან ზიარების ცენტრი უნდა გახდეს“, - აცხადებს გოგა ხაინდრავა.

ამასთან, კინორეჟისორი აღიარებს, რომ მის გემოვნებაში ეს შენობა აბსოლუტურად არ ჯდება, რადგან, როგორც არქიტექტურულად, ისე აზრობრივად, ეკლექტურია. გარდა ამისა, შეუფერებელ ადგილას დგას, რადგან იქვე ახლოს არის ელიას მთა.

ამდენად, გოგა ხაინდრავას ბევრი რამ არ მოსწონს, რაც „არქიტექტორმა“ სააკაშვილმა მოიმოქმედა საქართველოში, მაგრამ ეს უკვე წარსულია. დღეს კი შენების ეპოქაში შევდივართ და არა ნგრევის. თუმცა კინორეჟისორის აზრით, ამ უსახური  მშენებლობებით ქალაქის ინფრასტრუქტურისა და ხედების ნგრევა არანაკლები დანაშაულია.

„1500 წლოვან ქალაქში ფალოსების დადგმა პათოლოგიაა და, როცა ეს ერთი კაცის პათოლოგიაა, საზოგადოება ამას წინ უნდა აღუდგეს“, - მიიჩნევს გოგა ხაინდრავა.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი, მაქსიმუმ, მაინც ერთ წელიწადში წავა. ასე რომ, ამ საკითხისადმი პოლიტიკური მიდგომა არასწორია. პოლიტოლოგის აზრით, ამ ეტაპზე ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დაჯდება შენობის გადაკეთება. როგორც წესი, შენობის გადაკეთება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ახლის აშენება. ამიტომ მშენებლებმა უნდა დათვალონ, რა დაჯდება ამ შენობის გადაკეთება მუზეუმად, პარლამენტად თუ სასტუმროდ. თუ ეს კოლოსალური თანხები ჯდება, მაშინ აჯობებდა, აქ ისევ მომავალი საპრეზიდენტო რეზიდენცია იყოს.

„მაინც პრაგმატული მიდგომის მომხრე ვარ და არა პოლიტიკურის. ამ შენობაში სააკაშვილის რეჟიმისგან გათავისუფლების დეოკუპაციის მუზეუმის გახსნა უკვე პოლიტიკაა. ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ და, ეგებ, საკმარისი იყოს, რაც მილიარდები დაიხარჯა ამ ლამაზ შენობებზე. ქვეყანაში ასი ათასამდე უბინაო ადამიანია და ხან სად შევარდებიან, ხან - სად. თუმცა ამ შენობაში დევნილების შეყვანის იდეასაც არ ვემხრობი. ეს რევოლუციური, სუფთა კომუნისტური გადაწყვეტილება იქნებოდა, როდესაც გრაფებისა და თავადების სასახლეებში შევარდებოდნენ გლეხები. ზამთრის სასახლე რომ აიღეს, მატროსები ღამის ქოთნებად იყენებდნენ ძვირადღირებულ ფაბერჟეს ჭურჭელს. ასეთი გზით წასვლა არ არის საჭირო. საკმარისია, გვეყოს რევოლუციები, „ქართულ ოცნებას“ სოციალური დაპირებები აქვს შესასრულებელი და არა მგონია, ხალხი მხოლოდ იმით დაკმაყოფილდეს, თუ იმ შენობაში რაღაც მუზეუმი განთავსდება. ასეთი დაპირება მათთვის არავის მიუცია“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

ასოციაცია „მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“ თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე აცხადებს, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობას უამრავი საშიშროება უკავშირდება. ბოლოს და ბოლოს, რადონი ამოდის მიწიდან. წყალტუბოს წყლები იქიდან სულ რაღაც ოთხ-ხუთ კილომეტრშია და ეს წყლები რადონის შემცველია. რადონი კი არის უფერო, უსუნო და უხილავი გაზი, რომელიც იმ უფანჯრებო შენობაში, დახშულ სივრცეში აღწევს და შიგნით კონცენტრაცია მატულობს. ამდენად, ქუთაისის პარლამენტის გადმოტანა აუცილებელია.

„თავიდანვე ვთქვი, რომ ყველაზე კარგი გადაწყვეტილება, ალბათ, არის, რომ ქუთაისის პარლამენტი პრეზიდენტის რეზიდენციაში გადმოვიდეს. ახლა ეს შენობა ისეა განლაგებული, შიგნით ვერ გადააკეთებ, რომ საბოლოოდ მასში რამდენიმე ნომრიანი სასტუმრო განთავსდეს, შემოსავლიანიც იყოს და საკუთარი თავიც შეინახოს. ამიტომ ყველაზე უკეთესია, ავლაბრის რეზიდენციაში სივრცე გამოინახოს პარლამენტისთვის. ამ შენობაში ჩვენი პარლამენტი დაეტევა. მით უფრო, რომ ყველაფერი გასაიდუმლოებულია, მისი პროექტიც კი არ ვიცით ნორმალურად. თუმცა ქვემოთ არის სართულები და სათავსოები. ასე რომ, მანდ მოიძებნება ოთახები“.

ამასთან, ანზორ საკანდელიძე იხსენებს, რომ როგორც ქუთაისის, ისე თბილისის პარლამენტის შენობები ცოდვილიან ადგილებზეა განლაგებული. ერთის მშენებლობამ დედა-შვილი შეიწირა და მუშები დააზარალა, ზოგიერთი დაიღუპა, ზოგმა კი ტრავმა მიიღო, (რასაც ხელისუფალნი იშვიათად აღიარებენ), მეორეგან კი იუნკრების საფლავებია.

„თბილისის პარლამენტის შენობა ნაწამებ რესპრესირებულთა და დაღუპულთა ძვლებზეა აგებული. ამიტომაც ვერ გავიხარეთ. ამის მიუხედავად, არ უნდა დაინგრეს. ალბათ, პატრონი გამოუჩნდება და გაიყიდება. სხვათა შორის, თბილისის პარლამენტის შენობა შეიძლება უფრო გადაკეთდეს ფეშენებლურ სასტუმროდ, ვიდრე პრეზიდენტის რეზიდენცია“, - აცხადებს ანზორ საკანდელიძე.