კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის მოწოდება სიყალბისაკენ

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის მოწოდება სიყალბისაკენ

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია კიდევ ერთ სკანდალში გაეხვია. კერძოდ, ორშაბათს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, კომისიაში გამართული სხდომა პროტესტის ნიშნად კომისიის ერთ-ერთმა წევრმა აკაკი სიხარულიძემ დატოვა, რომელმაც შემდეგ განაცხადა, რომ მის მიმართ მარეგულირებელში ცუდი დამოკიდებულებაა, რადგან სიხარულიძეს განსხვავებული მოსაზრებები გააჩნია. მარეგულირებელი კომისიის კიდევ ერთმა თანამშრომელმა, გიორგი რატიშვილმა კი ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, შალვა რამიშვილის გადაცემაში ფარული აუდიო-ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის, ირაკლი ჩიქოვანის საკმაოდ სკანდალური განცხადებები ისმის. კერძოდ, აუდიო-ჩანაწერი გაკეთებულია გიორგი რატიშვილის მიერ ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელსაც ირაკლი ჩიქოვანი, კომპანია „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლები და თავად რატიშვილი ესწრებიან.

შეხვედრაზე საუბარია კომპანია „მაგთის“ მიერ მარეგულირებლ კომისიაში შეტანილ საჩივარზე, რომლითაც „მაგთი“ „კავკასუს ონლაინის“ მიერ რამდენიმე სატელევიზიო არხის ლიცენზიის გარეშე გადაცემას აპროტესტებს. საუბრისას ირაკლი ჩიქოვანი სხვადასხვა დროს რამდენჯერმე უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ „მაგთის“ ამერიკელი პარტნიორები ჰყავს და ამიტომ მასთან საქმის „მოგვარება“ შეუძლებელია. იგი „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლებს ოფშორული კომპანიის დაფუძნებას და მასთან ხელშეკრულების გაფორმებასაც სთავაზობს, რომელსაც საქმეში უკანა რიცხვით ჩადებს, მაგრამ აქვე დასძენს, რომ ესეც დიდხანს ვერ დაიცავს „კავკასუსს“, რადგან ეს სქემაც მალე გაიშიფრება. ამასთანავე, ჩიქოვანი „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლებს იმასაც ეუბნება, საქმემ სასამართლოში რომ გადაინაცვლოს, პროცესს ამერიკის საელჩოდან ვინმე დაესწრებაო და ამიტომ ურჩევს, ეს პრობლემა რამენაირად მის გარეშე მოაგვარონ.

რატომ და ვისი ინიციატივით მოხდა ეს შეხვედრა და რისთვის გაკეთდა ამ შეხვედრის ამსახველი აუდიო-ჩანაწერი, ამის შესახებ for.ge-ს მარეგულირებელი კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი, გიორგი რატიშვილი ესაუბრება.

გიორგი რატიშვილი: „ამ შეხვედრას „კავკასუს ონლაინიდან“ ორი პირი ესწრებოდა, ერთ-ერთი იყო გიორგი ჭელიძე, ხოლო მეორეს მე არ ვიცნობ. შეხვედრა მარეგულირებელ კომისიაში, თავმჯდომარის კაბინეტში გაიმართა. „მაგთის“ საჩივარი ჰქონდა შემოტანილი „კავკასუს ონლაინთან“ დაკავშირებით, ირაკლი ჩიქოვანს კი „კავკასუსის“ დაჯარიმება არ სურდა.

მაგთისსაჩივარი რას ეხებოდა?

- საჩივარი „კავკასუსის“ მიერ არხების უკანონოდ ტრანსლირებას ეხებოდა. მარეგულირებელმა კომისიამ შემოწმება ჩაატარა და იმ ჩანაწერშიც ისმის, რომ 104 არხიდან „კავკასუს ონლაინს“ 59 არხზე არანაირი ხელშეკრულება არ ჰქონდა, ანუ არხების ნახევარზე მეტი უკანონოდ იყო ჩართული.

ეს ინფორმაცია ირაკლი ჩიქოვანისთვის და მარეგულირებელი კომისიისთვისმაგთისმიერ საჩივრის შემოტანამდე თუ იყო ცნობილი?

- რა თქმა უნდა, ეს ცნობილი იყო.

და არანაირი რეაგირება ჩიქოვანის მხრიდან არ ყოფილა?

- რასაკვირველია არ ყოფილა. თუკი „მაგთის“ მიერ შემოტანილი საჩივრის შემდეგ ასე იცავდა „კავკასუს ონლაინს“ და ცდილობდა გაყალბებული ხელშეკრულებებიც კი მიეღო, როგორ წარმოდგენიათ, მანამდე არ დაიცავდა?

თუ სწორად გავიგე, ირაკლი ჩიქოვანიკავკასუს ონლაინისწარმომადგენლებს სთავაზობდა, რომ უკანა რიცხვით მომზადებული ხელშეკრულებები მიეტანათ მისთვის?

- ჯერ ერთი, იგი სთავაზობდა, რომ დოკუმენტები კომისიაში უკანა რიცხვით გაეტარებინათ. მერე კი სთავაზობდა (და ეს ჩანაწერშიც ძალიან კარგად ისმის) ე.წ. ოფშორს. ოფშორიდან მიღებული ნიშნავს ყალბ ხელშეკრულებას, თუმცა თვითონვე განმარტავს ამ შეხვედრაზე, რომ ამ ოფშორსაც მალე გადაამოწმებენ და მიხვდებიან, რომ ყალბიაო. ამდენად, ირაკლი ჩიქოვანი „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლებს ფაქტობრივად გაყალბებული ხელშეკრულების შემოტანას სთავაზობდა.

საბოლოოდ, რით დასრულდა ეს ყველაფერი?

- საბოლოოდ, მაშინ „კავკასუსის“ სანქცირება არ მოხდა, ეს გაკეთდა უფრო მოგვიანებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან მაინც არ გამორთო ეს არხები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სულ ცოტა ხნის წინ „კავკასუსის“ შემოწმება კიდევ ერთხელ ჩატარდა, ისევ საჩივრის საფუძველზე და როგორც ვიცი, ახლაც იგივე ვითარება იყო. „კავკასუს ონლაინის“ ვებ-გვერდზე მარტივად შეგიძლიათ ნახოთ მათი არხების ჩამონათვალი, შემდეგ დაუკავშირდეთ „კავკასუს“ და ითხოვოთ, რომ გაჩვენონ იმ არხებზე რამდენი ხელშეკრულება აქვთ. თქვენ თვითონ გადათვალეთ, რამდენი ხელშეკრულება აქვთ და რამდენი - არა.

ძირითადად რომელ არხებს ეხება ეს?

- ეს ეხება როგორც უცხოურ, ასევე რუსულ არხებს.

ბატონო გიორგი, იქნებ განგვიმარტოთ, რა მიზნით გააკეთეთ ეს აუდიო-ჩანაწერი?

- მე მქონდა გარკვეული წინააღმდეგობა კომისიის თავმჯდომარესთან, რადგან არ ვეთანხმებოდი იმ პოლიტიკას, რომელსაც ეს ადამიანი ატარებდა. მეორეც, მაუწყებლობა იყო ჩემი სფერო, რომელსაც მე ვკურირებდი და ჩიქოვანს ყოველთვის შეეძლო ეთქვა, რომ მან არაფერი იცოდა და ყველაფერს მე ვაკეთებდი, ანუ რაიმე კონკრეტული ჩემთვის დაებრალებინა. ელემენტარულად თავდაცვის მიზნით ვაკეთებდი ამას და მეტი არაფერი.

იმ ჩანაწერში ისმის, ირაკლი ჩიქოვანმა რამდენჯერმე როგორ გაუსვა ხაზი იმას, რომმაგთისშემთხვევაში ამერიკული მხარეც ჩაერევა ამ საქმეში და .. გამოდის, რომმაგთისთანდაკავშირებით ამერიკის საელჩოს ფაქტორი აკავებდა ირაკლი ჩიქოვანს?

- ალბათ, ამაზე სჯობს ირაკლი ჩიქოვანს სთხოვოთ კომენტარი. მე მგონი იმ ჩანაწერში ნათლად ჩანს, რასაც გულისხმობდა ჩიქოვანი. ეს რომ ადგილობრივი კომპანია ყოფილიყო, მის საჩივარს ყურადღებას საერთოდ არ მიაქცევდა.

არაერთხელ ვიყავით იმის მოწმე, რომ მარეგულირებელი კომისიის მიერ ხელისუფლებისათვის მიუღებელი კომპანიები თითიდან გამოწოვილი მიზეზით ჯარიმდებოდნენ. მაგალითად, „გლობალ ტვ“, ასევემაესტროს“ სატელიტური თეფშებიც დაყადაღდა და .. ასეთი გადაწყვეტილებების მიღება როგორ ხდებოდა?

- ეს გადაწყვეტილებები ჩიქოვანის მიერ ერთპიროვნულად მიიღებოდა.  

კომისიის წევრები თუ ცდილობდნენ, რომ ჩიქოვანისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ?

- მე რამდენადაც მახსოვს, იყო გარკვეული გადაწყვეტილებები, რომლებზეც კომისიის რიგ წევრებს ხელი არ აქვთ მოწერილი, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები მაინც ძალაში შევიდა, რადგან იქ იყო ქვორუმი, რაც კომისიას საშუალებას აძლევდა, კომისიის სამი წევრის ხელმოწერის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებულად ჩათვლილიყო მიუხედავად იმისა, რომ კომისიის ორი წევრი წინააღმდეგი იყო.

საზოგადოებაში არის განწყობა, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიანაციონალებისათვისმიუღებელ კომპანიებზე სადამსჯელო იარაღად იქცა.

- დიახ, ვადასტურებ, ბოლო დროს ეს მართლაც ასე იყო.

ხელისუფლებიდან ვინმე აძლევდა ჩიქოვანს ამგვარ დავალებებს, თუ იგი თვითონ წყვეტდა, ვინ იყო მიუღებელი და სანქციებსაც უწესებდა?

- ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია მე არ მაქვს და რაც არ ვიცი, მირჩევნია, იმაზე არ ვისაუბრო.

ბატონო გიორგი, რატომ გადაწყვიტეთ ამ ინფორმაციის მაინცდამაინც დღეს გახმოვანება?

- ვერ ვიტყვი, რომ დღეს გადავწყვიტე ამის გახმოვანება, უბრალოდ ასე დაემთხვა.

მარეგულირებლ კომისიაში ორშაბათს გამართული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა კომისიის წევრმა აკაკი სიხარულიძემ. მან განაცხადა, რომ კომისიის მუშაობის მიმართ გარკვეული პრეტენზიები ჰქონდა

- ზემოთ რაც ვთქვი, რომ იყვნენ კომისიის წევრები, რომლებიც გარკვეულ გადაწყვეტილებებს ეწინააღმდეგებოდნენ, ერთ-ერთი ასეთი სწორედ აკაკი სიხარულიძეა. ყოველ შემთხვევაში, ეს ადამიანი ისე აკეთებდა, რომ საკუთარ თავთან მართალი ყოფილიყო. ასევე კომისიის წევრი, რომელიც გარკვეულ გადაწყვეტილებებს ხმას არ აძლევდა, იყო ირაკლი მოსეშვილი. მაგრამ ასეთი ადამიანების აზრს კომისიაში არ ითვალისწინებდნენ, რადგან იქ იყო სამი ისეთი წევრი, რომლებსაც შეეძლო ხმა მიეცათ და საკითხი გადიოდა.

თქვენ აპირებთ, რომ კომისიაში მუშაობა გააგრძელოთ?

- ჯერ ამ საკითხზე არ ვფიქრობ.

და ბოლოს, აპირებთ თუ არა, რომ ეს ჩანაწერი სამართალდამცავ სტრუქტურებს გადასცეთ?

- დაინტერესების შემთხვევაში, მათ ეს ჩანაწერი აუცილებლად გადაეცემათ.