თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი გაფიცვის ზღვარზეა. თუ დროულად არ გადაიჭრა პრობლემები, დედაქალაქი, შესაძლოა, ავტობუსებისა და მეტროს გარეშე დარჩეს.
მეტროპოლიტენის თანამშრომლები თბილისის მერიასა და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ ხელფასების გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით მიმართვას უგზავნიან, პარალელურად კი მუნიციპალური ავტობუსების მძღოლები მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ განცხადებას ავრცელებენ. გაფიცვის მიზეზად ისინი არაადეკვატურ სამუშაო პირობებსა და დაბალ ხელფასებს ასახელებენ.
თუკი თბილისის სატრანსპორტო კომპანია მძღოლებს ხელფასს არ გაუზრდის, ისინი, სავარაუდოდ, 12 ნოემბრისთვის მუშაობას შეაჩერებენ. მძღოლების საშუალო ხელფასი 500-დან 600 ლარამდე მერყეობს.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ჯაბა სამუშია ხელფასებთან ერთად იმ მოთხოვნებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც მძღოლები აყენებენ. ესენია: ხელშეკრულების შეცვლის აუცილებლობა, გენისპენქციის რეორგანიზაცია, უსამართლო ჯარიმების გაუქმება, „რეზერვის მძღოლების“ სტატუსის განსაზღვრა, კომპანიის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო გაცდენილი სამუშაო დღეების ანაზღაურება და ბოლო გაჩერებებზე საპირფარეშოების პრობლემის მოგვარება.
„სოლიდარობას ვუცხადებთ მძღოლებს და მივმართავთ მერიას 7 ნოემბრის 18:00 საათამდე რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ვინაიდან მძღოლების მოთხოვნა სამართლიანია და შეესაბამება იმ სტანდარტებს, რაც უნდა არსებობდეს სატრანსპორტო სფეროში.
მძღოლი პასუხისმგებელია ავტობუსის გამართულ მუშაობაზე, რასაც არსებული ხელშეკრულებაც კი არ ითვალისწინებს. თუკი მერია მძღოლების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, საკრებულო კომპანიის ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხს დასვამს“, - აცხადებს სამუშია.
იგი სამარშრუტო ტაქსების შესაძლო გაფიცვის თემასაც შეეხო. მისი თქმით, ამ ეტაპზე პოლიტიკური რესურსები ამოწურული არ არის და ჯერ კიდევ შეიძლება მძღოლების მოთხოვნების შესრულება მოლაპარაკებების გზით გადაწყდეს.
თბილისის მეტროპოლიტენის 2600 თანამშრომელმა კი საკუთარი მოთხოვნები 29 ოქტომბერს ჯერ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორს გაუგზავნა და 6 ნოემბერს უკვე თბილისის საკრებულოსა და მერიაშიც შეიტანა. მეტროს მუშაკები საერთო ჯამში 12 საკითხის გადაჭრას ითხოვენ: დროებითი ხელშეკრულებების გაუქმება, მემანქანეებისა და სხვა წამყვანი სპეციალისტებისათვის კლასის და თანრიგის აღდგენა, მძიმე და მავნე პირობებში მომუშავე თანამშრომელთათვის ხელფასზე დანამატის გაცემა, უსაფრთხოების პირობების შექმნა, ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტის შეცვლა და ა.შ.
„თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის არაერთი მცდელობის მიუხედავად, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელობა რეაგირების გარეშე ტოვებდა მუშა-მოსამსახურეთა კანონიერ მოთხოვნებს. მივმართავთ ქალაქ თბილისის საკრებულოსა და მერიას, უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ მეტროპოლიტენის პროფესიულ კავშირსა და კომპანიის ხელმძვანელობას შორის შეთანხმების მიღწევა, რათა დაკმაყოფილდეს 12 პუნქტიან მოთხოვნათა პაკეტი“, - ამბობს მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ბესიკ ხარატიშვილი.
საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანია ამბობს, რომ მეტროპოლიტენისა და მუნიციპალური ავტობუსების სახელფასო ფონდი 45 მილიონ ლარს შეადგენს და ამ მონაცემებით, დღესდღეობით მძღოლების ხელფასები ვერ გაიზრდება. მისი აზრით, პრობლემის გადაჭრა მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის და არა გაფიცვის გზით უნდა მოხერხდეს. თბილისის მერიას ტრანსპორტის პროფკავშირი დიალოგის მოთხოვნით 7 ნოემბერს მიმართავს.
ჩიხში მომწყვდეულმა თბილისის მერიამ კი, როგორც იქნა, პასუხის გაცემისთვის მოიცალა. მერია მზად არის შეხვდეს ყველა პირს, რომელიც დაინტერესებულია ტრანსპორტის დარგში არსებული სიტუაციით. დედაქალაქის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის აკაკი ჯოხაძის თქმით, მან ბევრჯერ გამოთქვა შეხვედრის სურვილი ჯაბა სამუშიასთან, თუმცა ყველა შეთავაზებაზე უარი მიიღო.
„ამ დარგში მომუშავე ყველა თანამშრომელს 17%-ით უკვე გაეზარდა ხელფასები. ყოველწელს იზრდება ბიუჯეტი სატრანსპორტო დარგისთვის და ის ხმარდება მის განვითარებას. მძღოლებთან შეხვედრა გვქონდა და ის 16 პუნქტი, რომლის დაკმაყოფილებასაც ითხოვენ, შეჯერებულია მათთან. 16-დან 15-ზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და იციან ის კონკრეტული გზები, რომლითაც მივდივართ ამ საკითხების გადასაჭრელად. დღევანდელი პირობა არის უკეთესი ვიდრე იყო გუშინ და ხვალ კიდევ უკეთესი იქნება“, - განაცხადა ჯოხაძემ.
ის ასევე გამოეხმაურა მეტროპოლიტენის მუშაკთა პროტესტს არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თბილისის მერია და სატრანსპორტო სამსახური ცდილობს, რომ ყველა პრობლემა, რომელიც ამ დარგში არსებობს, აღმოიფხვრას.