ბაჩო ახალაიას დაკავების შესახებ ინფორმაცია სწორედ მაშინ გავრცელდა, როცა სტატიის წერას ვასრულებდი. მანამდე საზოგადოება გაფაციცებით ელოდებოდა როგორ დასრულდებოდა გენერალურ პროკურატურაში ყოფილი შს მინისტრის, ბაჩო ახალაიას დაკითხვა. ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის შესახებაც, რომ დასავლეთის დაჟინებული თხოვნით უმრავლესობა არავის დაკავებას არ აპირებდა, თუმცა ახალაიას დაკავებამ აღნიშნული მოარული ხმები გააქარწყლა.
სანამ ბაჩანა ახალაიას დააკავებდნენ, ჩვენ მის საქართველოში დაბრუნების მიზეზებზე და მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარებზე რამდენიმე პოლიტიკოსს და ექსპერტს ვესაუბრეთ.
ბაჩანა ახალაია მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე 20.30 საათზე მივიდა. იგი თანაგუნდელებმა მიაცილეს, კერძოდ, უმცირესობის ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა, ეკა ხერხეულიძემ და „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა თეა თუთბერიძემ. მოგვიანებით პროკურატურასთან აკაკი მინაშვილი და ხათუნა ოჩიაურიც გამოჩდნენ. ამასთან, აკაკი მინაშვილმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, ახალაია დღესვე დააკავონ. მისი თქმით, ახალაიას წინააღმდეგ საქმე ბოლო დღეებში შეიკერა და ამით „ქართულ ოცნებას“ იმ უუნარობის გადაფარვა სურს, რაც მათ უხვად დაარიგეს წინასაარჩევნო პერიოდში.
აღსანიშნავია, რომ ახალაია თავდაპირველად ადვოკატის გარეშე აპირებდა ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემას. იმ შემთხვევაში, თუ საქმე გართულდებოდა, ნაციონალები კვალიფიციურ ადვოკატსაც არ გამორიცხავდნენ. მოგვიანებით, ორსაათიანი დაკითხვის შემდეგ, პროკურატურის ეზოში ავტომანქანების კოლონა შევიდა. უცნობია, ეს კოლონები რამდენად უკავშირდებოდა ბაჩო ახალაიას. მოგვიანებით კი პროკურატურის შენობაში ადვოკატი დავით დეკანოიძე გამოცხადდა და ისიც გაირკვა, რომ სწორედ დეკანოიძე დაიცავდა ამ ეტაპზე ბაჩო ახალაიას უფლებებს.
იმთავითვე მოსალოდნელი იყო, რომ, შესაძლოა, ბაჩო ახალაის ახალ ხელისუფლებასთან ევაჭრა კიდეც, რადგან მან ძალიან ბევრი რამ იცოდა. უცნობია, დაასახელებს თუ არა იგი დამნაშავედ უფრო მაღალ იერარქებს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ამჯერად იგი მოწმის სტატუსით იკითხება სისხლის სამართლის საქმეზე, მაგრამ კონკრეტულად მისი მოღვაწეობის რომელ პერიოდს უკავშირდება ეს საქმე - შსს-ს, სასჯელაღსრულებით სისტემას თუ თავდაცვის უწყებას, გაუგებარია. უფრო მეტიც, ამის შესახებ თურმე ბაჩო ახალაიასაც არ სცოდნია. თუმცა დაფარული არაა, რომ გამოძიება დაწყებულია სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე. დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლს გულისხმობს.
პროკურატურაში შესვლამდე ბაჩო ახალაია საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას მედიასთან საუბარში ცდილობდა. იგი პოლიტიკაში დარჩენას აღარ აპირებდა, თუმცა ქვეყნისთვის საინტერესო რაღაცის გაკეთებას გვპირდებოდა. ერთში კი დარწმუნებული იყო, რომ მილანში ვერ წავიდოდა და ფეხბურთს ვერ ითამაშებდა.
ახალაიას ფეხბურთელობის ნიჭით არა, მაგრამ მისი თავდადებით კი ნამდვილად მოიხიბლა ნუგზარ წიკლაური. მას პასუხისმგებლობით აღსავსე პიროვნება უწოდა, რადგან ივანიშვილის რეჟიმის დროს თურმე ახალაიამ სამშობლოში დაბრუნება გაბედა. უფრო მეტიც, წიკლაურმა ასეთივე თავდადებისკენ მოუწოდა დანარჩენ გაქცეულებს. „ნებისმიერმა ადამიანმა უნდა შესვას ეს მწარე სასმისი, ჩამოვიდეს და გასცეს კითხვებზე პასუხი“, - აცხადებს მეგობრის ნაბიჯით აღფრთოვანებული წიკლაური.
საზოგადოებაში კითხვა კითხვად რჩება - რატომ დაბრუნდა ბაჩო ახალაია და რას ნიშნავდა მისი რიხიანი ტონი - აქ ვარ და დამკითხეთო. ეს იმით ხომ არ აიხსნებოდა, რომ მან გარკვეული გარანტიები მიიღო? უკვე გახმიანდა იმის შესახებაც, თითქოს დასავლეთი, მათ შორის, ახალი ელჩიც რიჩარდ ნორლანდი „ქართულ ოცნებას“ ყოფილ მაღალჩინოსნებზე პოლიტიკური დევნის დაწყებას არ ურჩევდნენ. ამდენად, გამორიცხული არ იყო, ახალაიასაც პოლიტიკურ დევნილად წარმოეჩინა თავი და მას ვერავინ შეეხებოდა. თუმცა, ერთია დასავლეთის სურვილი და მეორე - ქართველი ხალხის ნება. თუკი „ქართული ოცნება“ ყოფილ მაღალჩინოსნებს მათი დანაშაულის შესაბამის პასუხს არ მიაგებდა, და მტკიცებულებების არქონის გამო საქმეს ჯეროვნად ვერ წარმართავდა, მაშინ საზოგადოების რეაქციაც არ დააყოვნებდა.
For.ge დაინტერესდა, რამდენად მართალია მოარული ხმები იმის შესახებ, თითქოს დასავლეთი „ქართულ ოცნებას“ ყოფილ მაღალჩინოსნებთან მიმართებით კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს.
რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ არ არსებობს დედამიწის ზურგზე არცერთი ქვეყანა, რომელიც მათ ეტყვის, კანონი დაარღვიეთო.
„არ ვიცი, რამ გამოიწვია საზოგადოების ნაწილის შიში, მაგრამ, თუ ვინმე კანონს დაარღვევს, არც დასავლეთი და არც ამერიკა აქ არაფერ შუაში არ არის. ყველა დანაშაულს, რომელიც ჩადენილია, ადექვატური პასუხი უნდა გავცეთ, რათა დანაშაული არ განმეორდეს და ანალოგიური რამ ჩვენმა ხელისუფლებამაც არ ჩაიდინოს“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი და ბაჩო ახალიას რიხიან ტონს უფრო შიშის ნიშანს უკავშირებს.
ამასთან, მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ სულ რაღაც რამდენიმე დღე უნდა მოითმინოს და მალე გაირკვევა, ბაჩო ახალაიას მადლობას ეტყვიან თუ თანამდებობაზეც დანიშნავენ, რათა მისეული მეთოდები გაიზიარონ.
ამ ეტაპზე ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანს, მათ შორის, ბაჩო ახალაიასაც უდანაშაულობის პრეზუმპცია იცავს და, სანამ მის მიმართ ძალაში არ შევა გამამტყუნებელი განაჩენი, იგი უდანაშაულოა. მეტიც, ლეგიტიმური ეჭვი იმის შესახებ, რომ იგი შეიძლება დამნაშავე იყოს, მხოლოდ გამოძიების პრეროგატოვაა. თუმცა დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ხალხში უსაფუძვლო შიში დათესვა, თითქოს, ყოფილ მაღალჩინოსნებს დანაშაული ეპატიებათ, ნაციონალების ხელწერაა.
„ასეთი ჭორების გასავრცელებლად ნაციონალებმა ბევრი იზრუნეს. ჯვარი სწერიათ და, 5-6 დღე კიდევ მოითმინოს საზოგადოებამ და ყველაფერს გაეცემა პასუხი. იმის გამო, რომ ზედმეტად შეეშინდათ, შეიძლება, ზოგიერთ ნაციონალს ძალიან რიხიანი გამოსვლაც ჰქონდა, მაგრამ ბაჩო ახალაიაც და სხვებიც პასუხს აგებენ კანონის წინაშე. დამნაშავეებს დასავლეთი კი არა, მამა ღმერთიც ვერ დაიცავს“, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
მან გაოცება ვერ დაფარა, „როგორ, ნორლანდი ვინმეს მოუწოდებდა, კაციჭამიებს აპატიეთო? მით უფრო, რომ სწორედ რიჩარდ ნორლანდი წარმოადგენს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის იმ სამსახურს, რომელიც წლების განმავლობაში ლაპარაკობდა იმ უწყებების დარღვევებზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბაჩო ახალაია“. ამდენად, ბერძენიშვილის აზრით, ნორლანდისგან პირიქით მოსალოდნელია ზუსტად ასეთი ტიპის თხოვნა - ყველა დამნაშავე დაიჭირეთ და არა თხოვნა, დამნაშავეებს ხელი დააფარეთო.
მანვე აბსურდული უწოდა იმ ფაქტს, რომ ახალაიას წინააღმდეგ ყველა მტკიცებულება გამქრალია და სწორედ ამის იმედად ჩამოვიდა ბაჩო ახალაია.
„რა მტკიცებულებები უნდა გააქრონ?! არსებობს ხალხი, რომელთა მიმართაც გამოყენებულია არაადამიანური მეთოდები და ის ხალხი გამქრალი არ არის. მოწმეები წარდგებიან და თავისას იტყვიან. ასე რომ, არა მგონია, ასე მარტივად დაუძვრნენ მართლმსაჯულებას დამნაშავეები. ვფიქრობ, ბაჩო ახალაია არ არის ყველაზე მაღალი წერტილი, სადაც გაჩერდება საზოგადოებრივი ან პროკურატურის ინტერესი. მე მგონი, იგი ვიღაცებს დაასახელებს,“ - მიიჩნევს ლევან ბერძენიშვილი.
ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს ეეჭვება, დასავლეთისგან რაიმე გარანტიები წამოვიდეს ბაჩო ახალაიას მიმართულებით. მისი აზრით, ამგვარი გარანტიები, შესაძლოა, პრეზიდენტთან დაკავშირებით ჰქონდეს დასავლეთს, ვინაიდან თანამდებობის მიტოვების შემდეგ დასავლეთი ძალიან მგრძნობიარეა პრეზიდენტის ბედ-იღბლის მიმართ. რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, მისი დანიშვნის დროიდანვე, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის შევიდა თავდაცვის სამინისტროში თუ სასჯელაღრულებით დეპარტამენტში, დასავლეთის მიერ ყველა საფეხურზე საკმაოდ კრიტიკულად ფასდებოდა მისი საქმიანობა. ასე რომ, ესეც კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის, რომ დასავლეთი ახალაიას გარანტიებს არ მისცემდა.
„რა თქმა უნდა, დაუჯერებლად ჟღერს, ის რაც მოხდა. ასე თავქუდმოგლეჯილნი გაიქცნენ და შემდეგ, უცბად ერთი მათგანი ბრუნდება, მაგრამ ვემხრობი მამუკა არეშიძის მოსაზრებას, რომ სხვებისგან განსხვავებით, ბაჩო ახალაიას მიმართ ძალიან დიდი იყო მასზე შურისძიების მსურველთა რიცხვი, მათ შორის, კავკასიელებისგანაც. გამახსენდა, რომ ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხთა წარმომადგენელმა საქართველოში მას ურჩია, რომ ქართული ციხე უფრო საიმედო ადგილია, ვიდრე უცხოეთი. ამდენად, შესაძლოა, ეს რჩევა ახალაიამ გაითვალისწინა,“ - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
მანვე გამორიცხა, რომ პროკურატურას სამხილები არ გააჩნდეს ახალაის მიმართ მათი განადგურების გამო. უფრო მეტიც, მტკიცებულებების გარეშე, პროკურატურა ახალაიას დაკითხვის სურვილს არ განაცხადებდა. ამასთან, რამაზ საყვარელიძემ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მარტო ერთი ისტორია გაიხსენა, როცა დანაშაულის არაერთი კვალი დარჩა, რომელიც დღემდე ახსნილი არ არის.
„ამ დროს კი ამხელა „მოღვაწეობა“ ჰქონდა ამ ადამიანს, ბაჩო ახალაიას, თანაც, ასეთ დახურულ სისტემებში. თუკი ნაციონალები გაიმარჯვებდნენ, მას დაცვის სრული გარანტიები ჰქონდა ყოველი მხრიდან. ამიტომ ეს ვერსია, რომ ბაჩო ახალაია სამხილების გაქრობის იმედად არის ჩამოსული, დამაჯერებლად არ მიმაჩნია. თანაც, სამხილების გაქრობის იმედი რომ ჰქონოდა, იქნებოდა უცხოეთში, რატომ გარისკავდა?!“
კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრი ზვიად ძიძიგური გამორიცხავს, ვინმეს გარანტია მიეცა ბაჩო ახალაიასთვის, რადგან, თუ კანონის წინაშე კაცი არ არის პირნათელი, მას ვინ უნდა მისცეს გარანტია?! თუმცა ზვიად ძიძიგურს ერთი რამ აფიქრებს, ბაჩო ახალაიაც და ძალოვანი სტრუქტურების სხვა ჩინოვნიკებიც დარწმუნებულნი არიან, რომ მათ მოახერხეს ყველა იმ მამხილებელი მასალის განადგურება, რომელიც თვითონვე ჰქონდათ შეგროვილი. საუბარია მოსმენების არქივზე, ვიდეომასალებზე, რასაც თავადვე იღებდნენ და აფიქსირებდნენ.
„ჰგონიათ, რაკი ასეთი ტიპის მასალების ნაწილი განადგურდა, მათი ქმედებების შესწავლა გართულდება ან სულაც შეუძლებელი იქნება. უფრო ამას ვუკავშირებ მათ რიხიან განცხადებებს და ყელის მოღერებას და არა იმას, რომ მათ გარანტიები მისცა ამერიკის ელჩმა ან რომელიმე სახელმწიფომ. პოლიტიკური დევნისგან ღმერთმა დაგვიფაროს. თუ ჩვენ პოლიტიკური დევნა დავიწყეთ, მაშინ ჩვენ ვყოფილვართ „მიხეილ სააკაშვილი 2“. უბრალოდ, აქ საუბარია კანონთან ვინ არის პირნათელი და ვინ - დამნაშავე“.
მისივე თქმით, მხოლოდ ციხის ბუნტის სახელით ცნობილ მოვლენებში, ბაჩო ახალაიადან დაწყებული, მთელი მთავრობა მონაწილეობდა. ისინი იყვნენ ჩართულნი მთელ ამ მკვლელობებსა და პატიმრობებში, ძალადობებში და ამის მოწმეები დღეს ცოცხლები არიან. ასე რომ, ზვიად ძიძიგური პესიმისტურად არ არის განწყობილი და ვერც ბაჩო ახალაიას ოპტიმიზმს ირწმუნებს, თითქოს მას დანაშაული არ დაუმტკიცდება.
„გამოძიება თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივა. საერთოდაც, არჩევნებში გამარჯვების პირველივე დღიდან ჩვენ ვაცხადებთ, რომ არავის დევნას არ ვაპირებთ. აქ საუბარია ერთადერთ საკითხზე, სამართლებრივად რამდენად აქვს ამა თუ იმ ჩინოვნიკს უფლება, გააგრძელოს სრულფასოვანი პოლიტიკური ცხოვრება ან საზოგადოების წევრობა“, - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.