პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი აპარატის ხელმძღვანელის, გიორგი მახათაძის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მახათაძე დაკავებულ პოსტს, საკუთარი ნებით ტოვებს და მისი მხრიდან, არანაირ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ აქვს. მხარეებს შორის არსებული დავის დეტალების გარკვევა, from.ge-მ კომიტეტის წევრ, შოთა ხაბარელთანაც სცადა. ხაბელოვის მსგავსად, ხაბარელი აპარატის ხელმძღვანელის ბრალდებებს უარყოფს და აღნიშნავს, რომ მახათაძე გაუწონასწორებელი პიროვნებაა.
„მის მიერ გაჟღერებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ვიცი, ეს ახალგაზრდა გაუწონასწორებელია. როცა ლერი კომიტეტის თავმჯდომარედ მოვიდა, გიორგისთან ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ შვებულების შემდეგ, ის სამსახურიდან უნდა წასულიყო. თვითონ კი ულტიმატუმებით დაიწყო საუბარი. მახათაძე ანგაჟიღებული ადამიანია და ტყუილებს ლაპარაკობს. ლერისა და მის შეხვედრაზე მეც ვიყავი და ჩამოვყალიბდით, რომ ორი კვირის შემდეგ, თავისი განცხადებით წავიდოდა“, - აცხადებს ხაბარელი. უმრავლესობის წევრი ეჭვს გამოთქვამს, რომ პროცესის დაძაბვის მიზნით, მახათაძემ კონსულტაციები გაიარა. „თვითონ თქვა, რომ თუ სურვილი იქნება დავრჩები, თუ არა და წავალო. უნდა წასულიყო და არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. არ ვიცი, რა კონსულტაციები გაიარა და ვისთან, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ეს ლერის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია იყოს და ეტყობა, მასზე ვიღაცამ გავლენა მოახდინა“, - განაცხადა ხაბარელმა.
for.ge-მ საკითხის კიდევ უფრო გარკვევა თავად ლერი ხაბელოვთან სცადა:
თქვენი კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი პოლიტიკურ დევნაში გადანაშაულებთ. თქვენს შორის, რაიმე ინციდენტს ადგილი ჰქონდა?
- როდესაც, პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარედ მოვედი, თავად განაცხადა, რომ ბატონო ლერი, თქვენ თუ ჩემთან მუშაობას არ აპირებთ, სამსახურიდან წავალო. მეც ვუთხარი - კი ბატონო, განცხადება დაწერეთ და წადი-თქო. შემდეგ, მთხოვა, რომ ორი კვირით შვებულება გამიგრძელეთო. კერძოდ, 23 ოქტომბერს წავალ და 5 ნოემბერს გამოვალო, რაზეც ვუპასუხე, რომ ეს არანაირი პრობლემა არ იყო. კომიტეტის აპარატის ახალ ხელმძღვანელად - ედიშერ მაჩაიძე შევარჩიეთ, რომელსაც გიორგი აქ დახვდა და უთხრა, რომ ლერის მოველაპარაკე და საქმე მასთან მექნებაო. გუშინ ჩამოვედი, გიორგი შემხვდა და განცხადება მომიტანა, სადაც წერია, რომ 6 ნოემბრიდან 23 რიცხვამდე შვებულებაში გამიშვითო. მე ვუთხარი, რომ მოვილაპარაკეთ, რომ განცხადებას დაწერდი და წახვიდოდი-თქო. ალბათ, ფინანსურად უჭირს, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ეტყობა დრო გაწელა. დღევანდელი რიცხვით განცხადება შეავსო და თქვა, რომ 23 ნოემბრამდე ვიქნებიო, რაზეც ვუპასუხე, რომ პრობლემა არ არის, თუმცა, თუ გინდოდა ერთი თვე, რატომ მატყუებდი-თქო და ამაზე იყო საუბარი.
თუმცა, გიორგი მახათაზე თქვენი მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობს. . .
- არანაირ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი. ელემენტარულად ის იყო, რომ ერთხელ შემოვიდა, მეორეჯერ, მესამეჯერ და შემდეგ ვუთხარი, რომ გაბრძანდი გენაცვალე გავიგე, რაზეც საუბრობ და არანაირი პასუხი არ მაქვს როგორც გინდა, ისე მოიქეცი-თქო. ეს იყო და ეს. როგორ ფიქრობთ, მას ფიზიკურად რომ დავუპირისპირდე როგორ იქნება გიორგი? ჩემს კაბინეტში, მესამედ რომ შემოვიდა და შემაწუხა, უკვე კარები გავუღე და ვუთხარი - გადი-თქო.
რომ დააკონკრეტოთ, სამსახურიდან წასვლის ინიციატივა მას ეკუთვნის?
- როდესაც, პარლამენტში მოვედი, მითხრა, რომ აპარატის ორი თანამშრომელი - მთავარი სპეციალისტები თუ შეგიძლიათ დატოვეთო და მე პრობლემა არ მაქვსო. მათ კი გავესაუბრე - პარლამენტში თუ ვინ მოგიყვანათ და ვის მიერ ხართ შერჩეულნი-თქო. თავად მოფიქრებული ჰქონდა, რომ აპარატიდან წასულიყო. თუმცა, დროს ფინანსების გამო წელავდა. კერძოდ, ხელფასი რომ აეღო.
მახათაძე თქვენგან განსხვავებულ ვერსიებზე საუბრობს და ამბობს, რომ ის თქვენ პარლამენტის პლენარული სხდომის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან ერთად დაინახეთ და უთხარით, რომ „მათიანი“ არის. . .
- მსგავი რამ არ ყოფილა. ეს კომიტეტი წინა პარლამენტში შეიქმნა და გიორგი „ნაცების“ წარმომადგენელი ვერ იქნებოდა. ამასთან, ეს საუბარი არც ყოფილა, არამედ იმაზე იყო საუბარი, რომ ის წასვლას აპირებდა, რაზეც მე თანხმობა განვუცხადე. ამ საუბარს დაესწრნენ - შოთა ხაბარელი, გოგი თოფაძე, ვალერი გელაშვლი და სოსო ჯაჭვლიანი, ანუ კომიტეტის წევრებმა ეს საუბარი მოისმინეს. არანაიარი დაძაბული საუბარი არ გვქონია.
თქვენს შორის თუ არანაირ დაპირისპირებას არ ჰქონდა ადგილი, თქვენს მიმართ, მახათაძის მიერ ბრალდებების გაჟღერება რას უკავშირებთ?
- კიდევ გაგიმეორებთ. ის სწორს არ მეუბნებოდა და ვუთხარი, რომ მატყუებდა და ამაზე იყო საუბარი. პრობლემა ის კი არ იყო, კომიტეტის ხელმძღვანელი თუ რამდენი ხანი იქნებოდა, არამედ ტყუილის ფაქტორი.
მახათაძე თქვენთან დაპირისპირების დეტალების მოყოლას, ხვალ დაგეგმილ ბრიფინგზე აპირებს. მას რას უპასუხებთ?
- თქვენ თუ ამ თემას მიუძღვნით იმას, რომ გიორგიმ თითქოს დიდი რამე გააკეთა, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მისი მხრიდან, გმირობა არ არის.