ქართულ ტელესივრცეში 5 ტელევიზია ლიდერობს - რა შეცვალა “მთავარმა არხმა“

ქართულ ტელესივრცეში 5 ტელევიზია ლიდერობს - რა შეცვალა “მთავარმა არხმა“

PRCG-ის დირექტორის, გივი ხაჭაპურიძის განცხადებით, ტელეკომპანია “იმედის” ლიდერობა სატელევიზიო რეიტინგებში პრაქტიკულად უპირობო გახდა მას შემდეგ, რაც “რუსთავი 2”-დან ცნობადი სახეები წავიდნენ. მას რეალურად კონკურენტი ჩამოსცილდა, რომლიც პირველობას ეცილებოდა, მაგრამ მთავარი კონკურენტის ჩამოცილებამ მისი რეიტინგის ზრდაზე გავლენა ვერ იქონია. აშკარაა, რომ “რუსთავი 2”-ის მაყურებელი ვერ გახდა “იმედის” საინფორმაციო პოლიტიკის მიმდევარი.

"დღეისათვის მაყურებლის მეოთხედი “იმედზე” მოდის. დაახლოებით იგივე რაოდენობა მოდიოდა “რუსთავი 2”-ზე მანამ, სანამ საინფორმაციო გამოშვებები შეწყვეტდნენ ეთერში გასვლას. განვლილმა ერთ თვეზე მეტმა პერიოდმა დაგვანახა, რომ “რუსთავი 2”-ზე გაჩენილი საინფორმაციო ვაკუუმი მაყურებელმა არა “იმედზე” გადართვით, არამედ “ტვ პირველით” შეივსო. თუმცა ეს პირდაპირი პორტირება არ ყოფილა. “რუსთავი 2”-დან წასული მაყურებელი სულ 10% აღმოჩნდა, ხოლო დარჩენილი 10-12% კვლავ “რუსთავი 2”-ზე დარჩა.

მიუხედავად “რუსთავი 2”-ს რადიკალურად კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკისა ხელისუფლების მიმართ, დადასტურდა რომ მაყურებელთა დიდი ნაწილისთვის მთავარი ამ არხზე გასული ინფორმაციის რადიკალურობა არაა. რეალურად ეს არის ჩვევა, რომელიც გამოუმუშავდა მას 25 წლის განმავლობაში.

რუსთავი 2-ს გარშემო განვითარებული მოვლენების პოლიტიკურ ჭრილს რომ არ შევეხოთ, ამ მოვლენებმა დაადასტურა, რომ რუსთავი 2-ის რეიტინგის მნიშვნელოვანი ნაწილი განპირობებულია მაყურებლის ჩვევით. დადასტურდა ისიც, რომ გადამეტებული იყო საუბარი იმაზე, თითქოს მხოლოდ ჟურნალისტები ქმნიან არხს ყურებადს. ვგულისხმობ ცნობად სახეებს. ეს რომ ასე არ იყო, ამის გარკვეული გამოვლინება გვქონდა, როცა ინგა გრიგოლია წავიდა “იმედიდან” და გარკვეული პერიოდის შემდეგ “ტვ პირველზე” გამოჩნდა. მან მოუტანა რეიტინგის ზრდა “ტვ პირველს”, მაგრამ არა “იმედზე” მისი გადაცემის რეიტინგის თანასწორი. არაერთი ცნობადი სახე და პატივსაცემი ჟურნალისტია ამ არხზე დღემდე. საინტერესო გადაცემებსაც ქმნიან, მაგრამ რეიტინგი ±5%-ში მერყებს.

ჟურნალისტების მიგრაციის პროცესი იყო დროში გაწელილი შემთხვევები, როდესაც ერთი ან ორი ჟურნალისტი ტოვებდა ამა თუ იმ არხს და გადადიოდა სხვაგან. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ არხის რეიტინგი, მხოლოდ სკანდალური და ცნობადი ჟურნალისტების სკანდალურად წასვლაზე არ არის დამოკიდებული, აქამდე დამაჯერებელი არ იყო. ეს ვარაუდი გამართლდა “რუსთავი 2”-დან დემონსტრაციულად ჟურნალისტების წასვლის და საინფორმაციო გამოშვებების შეჩერების შემდეგ. არხის ყურებადობა, რომ ჩვევაზეც არის დამოკიდებული კიდევ უფრო დაამტკიცა იმ ფაქტმა, რომ 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში “რუსთავი 2”-ზე არც ერთი საინფორმაციო გამოშვება და თოქ-შოუ არ გასულა, თუმცა არხმა რეიტინგით მეორე ადგილი შეინარჩუნა. აშკარაა, რომ მაყურებელთა ნახევარზე მეტი, მხოლოდ საინფორმაციო გამოშვების და თოქ-შოუს გამო არ უყურებდა “რუსთავი 2”-ს. უფრო მეტიც, ეს ჩვევა იმდენად მტკიცე აღმოჩნდა, რომ “მთავარი არხის” გამოჩენის მიუხედავად არხს 10-12%-ანი რეიტინგი კვლავ შეუნარჩუნდა.

დღეისათვის ქართულ სატელევიზიო სივრცეში მაღალი რეიტინგის მქონე 5 ეროვნული მაუწყებელია. ესენია: “იმედი”, “რუსთავი 2”, “მთავარი არხი”, “1 არხი” და “ტვ პირველი”. რეიტინგების რიგითობაც ასე ნაწილდება. იმედის და რუსთავი 2-ის გარდა რეიტინგები იმდენად ახლოსაა ერთმანეთთან რომ აქ ცვლილებები თავისუფლად მოსალოდნელია. ფაქტია, რომ ტვ პირველმა რუსთავი 2-დან წამოსული მაყურებლების ძირითადი ნაწილი ვერ შეინარჩუნა. მისი რეიტინგი 8.5%-მდეც ავიდა სანამ “მთავარი არხი” გავიდოდა ეთერში. თუმცა “მთავარი არხის” ეთერში გასვლისთანავე ვარდნა განიცადა და მის ჩვეულ რეიტინგს დაუბრუნდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “მთავარი არხი” ჯერ მხოლოდ “ტვ პირველის” თავის ტკივილია და არა “რუსთავი 2”-ის ან “იმედის”

დიდი მოლოდინის მიუხედავად “მთავარმა არხმა” “რუსთავი 2”-ის დაკარგული რეიტინგის მხოლოდ ნაწილი მიიღო და იბრუნებს “ტვ პირველზე” წასულ მაყურებელს. “მთავარი არხის” რეიტინგი 7,5%-ის მიდამოებშია. არც ეს მაჩვენებელია ცუდი ახლად გახსნილი ტელეკომპანიისთვის. თუმცა ფაქტია, რომ ცნობადი სახეებით და სკანდალური ჟურნალისტებით “რუსთავი 2”-ის ურეიტინგო არხად ქცევა ვერ მოხერხდა.

შექმნილი რეალობა მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. პრაქტიკულად “რუსთავი 2”-ის მაყურებლების “მთავარ არხზე” გადაბარგებით მოხდა კრისტალიზაცია და გამოჩნდა რამდენი პროცენტია რადიკალური კონტენტის მომხრე. როგორც ჩანს “რუსთავი 2”-ის მაყურებელთა ის 10%, რომლისთვისაც 18 აგვისტომდე არსებული კონტენტი იყო გადამწყვეტი, ნელნელა მობილიზდება “მთავარ არხზე”. თუმცა იმისათვის, რომ “რუსთავი 2”-ის მთავარი კონკურენტი გახდეს, ამისთვის დიდი დრო და შრომა იქნება საჭირო.

სატელევიზიო რეიტინდების სათავეები სავარაუდოდ მომავალშიც ამ არხებს დარჩებათ, გარდა იმ შემთვევისა თუ რომელიმე მათგანი საერთოდ გაქრება სატელევიზიო სივრციდან. მართალია “მთავარი არხი” შეეცდება მაქსიმალურად მიუახლოვდეს იმედის და რუსთავი 2-ს, თუმცა ვფიქრობ მესამე ადგილს დასჯერდება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რეიტინგის ერთ-ერთი შემქმნელი სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” სხვა არხზე გავა, ეს კიდევ უფრო ამცირებს “მთავარი არხის” რეიტინგის მკვეთრი მატების შანსებს, რასაც ემატება “ტვ პირველის”  ახალი განაცხადი ცვლილბებთან დაკავშირებით", - აცხადებს გივი ხაჭაპურიძე.