დღეს for.ge-ს პრეს-კლუბის სტუმარი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე იყო, რომელმაც მთავარ პროკურატურაში რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა და წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვა. ხაჭაპურიძე აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში არა როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი და პოლიტიკოსი აკეთებს განცხადებას, არამედ როგორც ადვოკატი და პროკურატურაშიც მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების საქმეებთან დაკავშირებით შეაქვს საჩივრები. ამასთანავე, იგი განმარტავს, რომ ამ საჩივრების შეტანით პასუხობს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელ გოკა გაბაშვილს, რომელმაც მმართველი ძალისგან წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ გაჟღერებული ბრალდებების მტკიცებულებებით გამყარება მოითხოვა. ხაჭაპურიძის განცხადებით, სწორედ ასეთი მტკიცებულებები წარუდგინა მთავარ პროკურატურას.
შალვა ხაჭაპურიძემ დღეს რამდენიმე საქმის შესახებ ინფორმაცია გააცნო ქართულ საზოგადოებას და აღნიშნა, რომ კიდევ რამდენიმე პრეს-კონფერენციას მოაწყობს, სადაც კიდევ ბევრ საქმესთან დაკავშირებით ისაუბრებს. პირველი, რაზეც ხაჭაპურიძემ ისაუბრა, ეს არის 26 მაისის დარბევასთან დაკავშირებით ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნა. კერძოდ, ადვოკატი აცხადებს, რომ იმ პერიოდში პარტიას „კანონი და სამართლიანობა“ ხელმძღვანელობდა და 26 მაისის ღამეს მას, მის მეუღლეს და ამ პარტიის სხვა წევრებს სასტიკად გაუსწორდნენ. ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ეს არ იყო აქციის დარბევა, ვინაიდან აქციის მონაწილეები ალყაში მოაქციეს, რკინის ხელკეტებით სცემეს და როდესაც უკვე მკვდრები ეგონათ, ქუჩაში დაყარეს.
„გარდა ამისა, ორიოდე დღის წინ ერთ-ერთ ტელეკომპანიის ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც 26 მაისს გარდაცვლილთა ოჯახის წევრები მათზე ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ. ასევე გააჩუმეს მაშინ იმ მაღაზიის გამყიდველი, რომლის თავზეც ორი გვამი იქნა დაგდებული. მინდა გითხრათ, რომ ამ ფაქტს შევესწარით მე და გაზეთ „ასავალ-დასავალის“ კორესპონდენტი, ჯაბა ხუბუა, რომელმაც მაღაზიის თავზე გვამების დაყრის პროცესის ფოტოებიც გადაიღო. ამას შეესწრო ასევე ერთ-ერთი ჩვენი თანამებრძოლი, ილია ხუსკივაძე“, - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.
აქედან გამომდინარე, იგი მთავარ პროკურორს მიმართავს დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, რომელთა შორის არის განზრახ მკვლელობა, უკანონო ფორმირების შექმნა, რაც ხაჭაპურიძის განცხადებით ბადრი ბასიშვილის ზონდერ ბრიგადას ეხება, ასევე მიცვალებულებისადმი უპატივცემულობა, ყალბი ექსპერტიზის გაცემა, რაც ხაჭაპურიძის განცხადებით ეხება იმ ექსპერტს, რომელმაც დაწერა, რომ მაღაზიის სახურავზე ნაპოვნი ადამიანები დენის დარტყმის შედეგად დაიღუპნენ და ა.შ. ადვოკატი ხაჭაპურიძე ითხოვს, ამ მუხლებით პასუხისგებაში მიეცნენ აქციის დარბევის ბრძანების გამცემები, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მაშინდელი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ასევე უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, თბილისის მერი გიგი უგულავა, ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, ძმები ახალაიები, საპატრულო პოლიციის უფროსი გიგა გრიგალაშვილი, დარბევაში მონაწილე პოლიციის ყველა თანამშრომელი, პარლამენტარი ბადრი ბასიშვილი და მისი ზონდერ-ბრიგადის წევრები, ასევე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები და სხვა პირები, რომელთა ბრალეულობაც გამოძიების დროს გამოიკვეთება.
მეორე საქმე ეხება ფოთის ყოფილი მერის, დავით ქანთარიას ორჯერ უკანონოდ დაპატიმრებას და მის პოლიტიკური ნიშნით დევნას. ხაჭაპურიძე აღნიშნავს, რომ დავით ქანთარიამ ვარდების რევოლუციის დღესვე პროტესტის ნიშნად დატოვა ფოთის მერის თანამდებობა და იმ დღიდან მაშინდელი სამხარეო პროკურორის, როლანდ ახალაიას მიერ დაიწყო ქანთარიას დევნა პოლიტიკური მოტივით. დავით ქანთარია ორჯერ დააპატიმრეს და ორივეჯერ კონკრეტული თანხის გადახდის სანაცვლოდ საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს. მეორედ ქანთარია მის მიერ ირაკლი ოქრუაშვილის პარტიაში გაწევრიანებისა და ამ პარტიისთვის სამეგრელოში რაიონული ორგანიზაციების შექმნის გამო დააპატიმრეს. ადვოკატის განცხადებით, დავით ქანთარიას მეორედ დაპატიმრებაში დათა ახალაია და გია დგებუაძე (მასტერა) მონაწილეობდნენ, რისი უფლებაც მათ არ ჰქონდათ, რადგან გირგვლიანის მკვლელობის გამო იმ პერიოდში ორივეს უფლებამოსილება ჰქონდა შეწყვეტილი. ამიტომ ხაჭაპურიძე ასკვნის, რომ მათ პრაქტიკულად როგორც რიგითმა მოქალაქეებმა დააკავეს დავით ქანთარია.
„ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს კონკრეტული პიროვნების, ნუგზარ ჯიხაიას ახსნა-განმარტება, სადაც ეს ადამიანი პირდაპირ აღწერს, როგორ დაიბარა იგი როლანდ ახალაიამ და დავით ქანთარიას საწინააღმდეგო ჩვენების მიცემას აიძულებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაპატიმრებით ემუქრებოდა და იგი მართლაც დააპატიმრეს, რადგან მან ეს ჩვენება არ მისცა. გარდა ამისა, მთავარ პროკურატურას მივმართავთ თხოვნით, გამონახოს სამართლებრივი მექანიზმები, რათა ქანთარიას მიმართ წარმოებული ორივე საქმე გადაიხედოს და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგეს. ამასთანავე, მის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ვითხოვ სამართლებრივი დევნის დაწყებას პარლამენტარ როლანდ ახალაიას, მისი შვილის, დათა ახლაიას, ასევე გია დგებუაძის და ამ საქმეში უკანონობის ჩამდენი სხვა პირების მიმართ“, - აღნიშნავს შალვა ხაჭაპურიძე.
აქვე იგი განმარტავს, რომ დავით ქანთარიას მიმართ წარდგენილი ბრალდების ერთ-ერთი ეპიზოდი ისეთ პერიოდს ეხება, როდესაც ქანთარია ფოთში ჯერ არც კი მუშაობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სასამართლომ ეს ბრალდება უაპელაციოდ გაიზიარა.
კიდევ ერთი საჩივარი, რომელიც დღეს მთავარ პროკურატურაში შევიდა, პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილს ეხება. ადვოკატ ხაჭაპურიძის განცხადებით, კონკრეტული მოქალაქე, დავით მხეიძე აღწერს, დავით ბეჟუაშვილმა და მისმა სიმამარმა როგორ წაართვეს მხეიძეს კასპში არსებული ცემენტის ქარხანა. ადვოკატი აცხადებს, რომ არსებობს მოწმე (რომლის ვინაობასაც ის არ ასახელებს, თუმცა პროკურატურაში შეტანილ საჩვარში ის დაფიქსირებულია), რომელიც მთლიანად შიფრავს იმ სქემებს, თუ როგორ ართმევდა ბეჟუაშვილი ბიზნესებს სხვადასხვა პირებს. კერძოდ, როგორ ჩაიგდო მან ხელში, კასპის და რუსთავის ცემენტის ქარხნები, ასევე ს.ს. „საქართველოს ცემენტი“ და ა.შ. ასევე როგორ ხდებოდა ხელოვნურად სახელმწიფო კომპანიების გაკოტრება, ბეჟუაშვილის მიერ სად არის გახსნილი ოფშორული კომპანიები, არსებობს ამ ოფშორული კომპანიების ანგარიშებიც და ყველაფერ ამის გამო ადვოკატი აღნიშნული მოწმის მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩასმას ითხოვს, რადგან არ არის გამორიცხული ბეჟუაშვილმა ამ ადამიანის ლიკვიდაცია განახორციელოს. აქვე ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომ დავით ბეჟუაშვილს რამდენიმე წლის წინ ადამიანის მკვლელობაში ედებოდა ბრალი, რის შესახებაც იგი ინფორმაციებს აგროვებს და ამ მასალების წარმოდგენას ქართულ საზოგადოებას უახლოეს დღეებში დაპირდა. ცემენტის ბიზნესის საქმესთან დაკავშირებით ადვოკატი ითხოვს განცხადების წარმდგენი პირის, დავით მხეიძის დაკითხვას და სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.
შემდეგი საჩივარი პარლამენტის წევრ დავით საყვარელიძეს ეხება. შეგახსენებთ, დეპუტატად არჩევამდე დავით საყვარელიძე მთავარი პროკურორის მოადგილე იყო. საჩივარს თან ახლავს პატიმარ დავით ჯინჭარაძის განცხადება, რომელშიც იგი დეტალურად აღწერს, როგორ გამოსძალეს დავით საყვარელიძემ და სხვა თანამდებობის პირებმა 70 000 დოლარი პოლიტპატიმარ ბესარიონ ხვინთელიანის საქმეზე. ხაჭაპურიძის განცხადებით, ამ საქმეში ჩართულია თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამია ფხაკაძე, მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე და პროკურატურისა და პოლიციის მაღალჩინოსნები, რომლებიც იმ პერიოდში პოლიტპატიმარ ბესარიონ ხვინთელიანის განკულაკებას აწარმოებდნენ.
კიდევ ერთი საჩივარი მეწარმე მერაბ ტყეშელაშვილის საქმეს ეხება. ადვოკატის განცხადებით, ტყეშელაშვილმა სასჯელაღსრულების სამინისტროსგან მიიღო შეკვეთა, რომ გეგუთის კოლონია სხვადასხვა ნივთებით მოემარაგებინა. ტყეშელაშვილმა ბაჩო ახალაიას და მისი წარმომადგენლის მეშვეობით „ნისიად“ აიღო მასალები, შეასრულა ეს სამუშაოები, კოლონიაში მასალები მიიტანა, მაგრამ იმ ფირმამ, რომელიც ბაჩო ახალაიასა და მას შორის შუამავლის როლს ასრულებდა, ტყეშელაშვილს თანხა აღარ გადაუხადა, ხოლო ფირმის დირექტორმა განაცხადა, რომ ეს ფული (200 ათასი ლარი) ბაჩო ახალაიამ მისი სეიფიდან გაიტაცა. შალვა ხაჭაპურიძე ბაჩო ახალაიას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და სხვა დამნაშავე პირების დადგენას ითხოვს.
გარდა ამისა, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, როდესაც მურთაზ ზოდელავა ჯერ კიდევ მთავარი პროკურორი იყო, მან მთავარ პროკურატურას მიმართა და ითხოვდა საქმის აღძვრას თეთრიწყაროს რაიონის ორ მოსამართლეზე, რომლებმაც მისი თქმით, არჩევნები გააყალბეს, ასევე დავით ბეჟუაშვილზე, ვინაიდან არსებობენ ადამიანები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ბეჟუაშვილმა მისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ მათ ფული გადასცა.
„წარდგენილი გვქონდა განცხადებები დავით ბეჟუაშვილისა და ერეკლე კოდუას მიმართ. დაპატიმრებული გახლავთ მოქალაქე მერაბ კალანდაძე, რომელიც საქართველოში ბუნებრივი აირის ბიზნესის დიდ ნაწილს ფლობდა. დაახლოებით სამი წლის წინ ამ პიროვნებას დავით ბეჟუაშვილი დაუკავშირდა, შეიარაღებულმა კაბინეტში მიაკითხა და გაზის ბიზნესის მისთვის გადაფორმება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. მეორე დღესვე მერაბ კალანდაძე ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით დააპატიმრეს, მთელი მისი ბიზნესის დიდი ნაწილი ბეჟუაშვილზე გადააფორმებინეს (ამ ბიზნესის ღირებულება დაახლოებით 50-იდან 70-მდე მილიონ დოლარს შეადგენდა) და იმავე დღეს გამოუშვეს. მეორე ნაწილი უკვე დაპატიმრების მუქარით გადააფორმებინეს. ამის შემდეგ კალანდაძემ მაინც მოახერხა და ორი-სამი გაზგასამართი სადგურის მშენებლობა დაიწყო, რის შემდეგად მას ერთ-ერთ რესტორანში პროვოკაცია მოუწყვეს და დღეს იგი პატიმარია“, - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.
მისი თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით კონკრეტული პირები დეტალურად ყვებიან, სად და როგორ მოხდა ამ ბიზნესების გადაფორმება და კალანდაძისთვის წართმევა. ადვოკატი ამბობს, რომ მართალია საჩივარი მთავარ პროკურატურაში 8 ოქტომბერს შევიდა, მაგრამ დღემდე იქიდან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. მისივე თქმით, საჩივარში საუბარია თეთრიწყაროს რაიონის საკრებულოს თავმჯდომარეზე, გია მესტვირიშვილზე, ასევე ერთ-ერთ პიროვნებაზე, რომელსაც ბეჟუაშვილის წარმომადგენლებმა არჩევნებში დახმარება სთხოვეს, მაგრამ ვინაიდან ეს ადამიანი მათ არ დაეხმარა, მისი შვილი დააპატიმრეს. შალვა ხაჭაპურიძე მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს სთხოვს, ამ საქმეების განხილვა დააჩქაროს, ასევე ყოფილი მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას პასუხისმგებლობის საკითხი დასვას, რადგან მან საქმის წარმოებაში მიღება გააჭიანურა.
კიდევ ერთი საჩივარი, რომელიც დღეს მთავარ პროკურატურაში შეიტანეს, თურქ ბიზნესმენ ადნარ აქიარს ეხება. ხაჭაპურიძის განცხადებით, ამ ადამიანს საქართველოში სატრანსპორტო ბიზნესი ჰქონდა, რა დროსაც მაშინდელი ფინანსური პოლიციის უფროსი, დავით კეზერაშვილი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მის ბიზნესს „დაკრიშავდა“ და ამასთანავე, „ტოიოტას“ ცენტრში მანქანის ყიდვა მოსთხოვა. ადნარ აქიარმა ჩათვალა, რომ საუბარი იყო ერთ მანქანაზე, მივიდა „ტოიოტას“ ცენტრში და აღმოჩნდა, რომ მისგან ათი მანქანის ყიდვას მოითხოვდნენ. ადნარ აქიარს ათივე მანქანა აყიდინეს და ხაჭაპურიძის განცხადებით, დღეს სამი მათგანით შოუ-ბიზნესის ცნობილი სახეები მოძრაობენ, რომელთა ვინაობის დასახელებისგან ამ ეტაპზე ადვოკატი თავს იკავებს. დანარჩენი შვიდი ავტომობილი კი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას ემსახურება. ხაჭაპურიძის თქმით, ეს მანქანები ადნარ აქიარის სახელზე იყო გაფორმებული და მისთვის უცნობია, შემდეგ სხვებმა როგორ მოახერხეს მათი გადაფორმება, რის გარკვევასაც მისი თქმით, გამოძიება შეძლებს.
ადვოკატი აცხადებს, რომ მთლიანობაში ადნარ აქიარს ამ ავტომანქანებში 298 000 ლარის გადახდა მოუწია, თუმცა მას იმ დროისათვის ხელზე მხოლოდ 60 000 ჰქონდა და „ტოიოტას“ ცენტრის ხელმძღვანელმა მას უთხრა, რომ პრობლემა არ იყო და დანარჩენი შეეძლო მოგვიანებით გადაეხადა. ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ეს მართლაც ასე მოხდა და დანარჩენი თანხა თურქმა ბიზნესმენმა დაახლოებით ორი კვირის შემდეგ გადაიხადა, რისი მამტკიცებელი დოკუმენტაციაც მას ხელთ აქვს.
„მოგვიანებით შეიცვალა ფინანსური პოლიციის უფროსი და ამ თანამდებობაზე ვინმე დავით ქარსელაძე დაინიშნა. ადნარ აქიართან ახლა უკვე ქარსელაძის ძმა, სოსო ქარსელაძე მივიდა და უთხრა, - თქვენ ვერ იმუშავებთ, თუ მე თქვენი „კრიშა“ არ ვიქნებიო. ეს ადამიანი თურქი ბიზნესმენის კომპანიის არაოფიციალური გენერალური დირექტორი გახდა, რომელსაც ფირმიდან თვეში 100 000 დოლარი მიჰქონდა. მას შემდეგ, რაც დავით ქარსელაძე ფინანსური პოლიციის უფროსობიდან წავიდა, იმავე დღეს ადნარ აქიარის ბიზნესს ქარსელაძის ძმაც ჩამოშორდა, მაგრამ ორ დღეში მოვიდნენ კუდ-ისა და სოდ-ის თანამშრობლები და ამ ფირმის რამდენიმე თანამშრომელი დააპატიმრეს. მათი პატიმრობა დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდა, რის შემდეგაც მათ 500 000 ლარი გადაახდევინეს. ამის შემდეგ ბატონმა ადნარმა და მისმა პარტნიორმა საერთოდ უარი განაცხადეს ყოველგვარ „კრიშებზე“, რის გამო უკვე თავად ბატონი ადნარი დააპატიმრეს. მან ციხეში დაახლოებით ერთი წელი გაატარა, ხოლო მას შემდეგ, რაც მან გაყიდა ყველაფერი, თუკი რამ გააჩნდა და 200 000 ლარი გადაიხადა, იგი იმ დღესვე გამოუშვეს“, - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.
მისი თქმით, ადნარ აქიარი წარმატებული ბიზნესმენიდან იქცა ადამიანად, რომელიც ცოლ-შვილთან ერთად თბილისის გარეუბანში ერთოთახიან ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ახლა კი იგი სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს დავით კეზერაშვილის, დავით ქარსელაძის და მისი ძმის, სოსო ქარსელაძის მიმართ. ამასთანავე, იგი ითხოვს გაირკვეს იმ მანქანების ბედი, რომელიც მას გამოძალვის გზით აყიდინეს, ყადაღა დაედოს ამ ავტომანქანებს და კეზერაშვილის და ძმებ ქარსელაძეების ქონებასაც.
დაბოლოს, კიდევ ერთი საქმე, რომელთან დაკავშირებითაც პროკურატურაში საჩივარი შევიდა, ბაჩო ახალაიას ეხება. შალვა ხაჭაპურიძე საუბრობს პატიმარ ირაკლი ხოხიაშვილზე, რომელიც მის მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე ყვება. ადვოკატის თქმით, ხოხიაშვილის საქმე სტრასბურგშია გაგზავნილი, მასზე უკვე წარმოებაც დაწყებულია და სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გადაწყვეტილებაც დადგება. აქვე ხაჭაპურიძე პატიმრის წამების ფორმებზე საუბრობს.
„ეს ხდებოდა ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც გაკვეთეს გარდაცვლილი პატიმრის გვამი, მასზე პირქვე დააწვინეს გაშიშვლებული ხოხიაშვილი, შეუერთეს ელექტროსადენები და წყალს ასხამდნენ. ასეთი წამება დაახლოებით ორი-სამი დღე გრძელდებოდა და მთლიანობაში ასეთი ფორმით ეს ადამიანი რამდენჯერმე აწამეს. მოგეხსენებათ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ციხეში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ისინი საქმის კურსში არ იყვნენ, მაგრამ ხოხიაშვილის წამებასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩაყენებული იყო პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი, სახალხო დამცველი და ყველა შესაბამისი ორგანო. არათუ რაიმე რეაგირება ხდებოდა ამ ფაქტზე, მაშინდელი ციხის საავადმყოფოს უფროსი, ვაჟა ცხვედიანი, როგორც კი გაიგებდა, რომ ეს განცხადებები იგზავნებოდა, საკნიდან გამოჰყავდა ირაკლი ხოხიაშვილი და სცემდა მას. რატომღაც ცხვედიანი, ახალაიას მინისტრობის დროის მთავარი ჯალათი ყველას დაავიწყდა“, - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.
იგი მთავარი პროკურატურისგან ითხოვს ხოხიაშვილის წამების ფაქტებთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიეცნენ ბაჩო ახალაია, მეგის ქარდავა (რომელიც ადვოკატის თქმით, პატიმრის წამებაში უშუალოდ მონაწილეობდა), ასევე ქსნის კოლონიის დირექტორი, არაქელოვი და ვაჟა ცხვედიანი.