პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი გიორგი მახათაძე პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს. For.ge-ს მახათაძემ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც აცხადებს, რომ კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი სამსახურიდან მის გათავისუფლებას პოლიტიკური მოტივით აპირებს. მისი ინფორმაციით, მას ოლიმპიურმა ჩემპიონმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ამ ფაქტებზე კი, ის ხვალ დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებს. საკითხის გარკვევას, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და თავად ლერი ხაბელოვთან შევეცდებით, რომელთა პასუხებსაც რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ, მანამდე კი, გიორგი მახათაძის ინტერვიუს გთავაზობთ:
თქვენსა და ლერი ხაბელოვს შორის დაპირისპირების მიზეზი რა არის?
- სპორტისა და ახალგაზრდული კომიტეტის თავმჯდომარე, ლერი ხაბელოვი პოლიტიკური ნიშნით, სამსახურიდან ჩემს გათავისუფლებას აპირებს. ზეწოლა ერთადერთი მიზეზით მიმდინარეობს და ამას პოლიტიკური სარჩული აქვს. მან პირად საუბარში მითხრა, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგიშვებ, მაგრამ ამას ხმამაღლა არ ვიტყვიო. გარდა ამისა, მან შეურაცხყოფაც მომაყენა, მაგრამ ამ საკითხებზე, ხვალ დაგეგმილ ბრიფინგზე ვისაუბრებ. საჯარო მოხელე ვარ და პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. მართალია, პოლიტიკურ საკითხებზე ჩემი მოსაზება მაქვს როგორც საქართველოს მოქალაქეს, მაგრამ ჩემს სამსახურთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. ჩემს საქმეს პირნათლად ვასრულებ და კომიტეტის ყველა წევრს თანაბრად ვემსახურები. რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით მევალება, იმას ვაკეთებ.
რა ტიპის შეურაცხყოფაზე საუბრობთ - სიტყვიერ შეურაცხყოფაზე თუ ფიზიკურ დაპირისპირებაზე?
- იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და დეტალებზე ხვალ ვისაუბრებ. ოლიმპიურ ჩემპიონს ცემით არ ვუცემივარ, რადგან მას ხელი რომ დაერტყა, დღეს ვერ ვისაუბრებდი, მაგრამ დეტალებზე ხვალ ვისაუბრებ. იმ სიტყვებსაც ვერ გავიმეორებ, რაც მან თქვა.
თქვენ აცხადებთ, რომ ხაბელოვი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გიშვებთ, პოლიტიზირება შეგამჩნიათ თუ კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელად გიორგი ასანიძის მიერ დაინიშნეთ და ამას გულისხმობს?
- პლენარული სხდომის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან მივედი და სხდომის მასალები გადავეცი. მან კი მითხრა, რომ „ნაცებთან“ მიხვედიო და მაგათიანი ხარო.
ვინაიდან, აპარატის ხელმძღვანელი მეშვიდე მოწვევის პარლამენტშიც იყავით, ლერი ხაბელოვთან რაიმე გადაკვეთის წერტილი გქონდათ?
- არა. პარლამენტში მოვიდა და როგორც კომიტეტის ახალი თავმჯდომარე, ისე გამეცნო. თუმცა, პარლამენტის აპარატის თანამშომელსა და დეპუტატს ერთმანეთისგან ვერ არჩევს. თავიდან დეპუტატი ვეგონე და ავუხსენი, რომ ჩვენ ვიყავით აპარატი.
თქვენს მსგავსად, აპარატის სხვა წევრებს პრობლემები შეექმნა?
- ზოგმა განცხადება დაწერა და წავიდა, მაგრამ რა მოტივით, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ჩემი მსგავსი პრობლემები კი, არავის ჰქონია. აპარატში ორი თანამშრომელი დატოვა.
თქვენი ამბავის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსა და აპარატის ხელმძღვანელ ზურაბ მარაქველიძეს თუ აცნობეთ?
- საქმის კურსში პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობა ჩავაყენე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და სპიკერმა ტელეფონზე არ მიპასუხეს, თუმცა, ბესელიას შეტყობინება გავუგზავნე და მომწერა, რომ მზად ვარ დეტალებში გავერკვიოო. პარლამენტის თავმჯდომარეს კი პასუხი არ მოუწერია. არჩილ კბილაშვილსაც მივწერე და მიპასუხა, რომ თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვაო პროკურატურას მიმართეთო. სამართალდამცავი ორგანოებისთვის ჯერ არ მიმართავს.
რას აპირებთ?
- როგორც მოქალაქე და როგორც საჯარო მოხელე ჩემს უფლებებს დავიცავ. პოლიტიკური ნიშნით დევნა, საქართველოში არ უნდა ყოფილიყო და ამას პრემიერ-მინისტრი აცხადებდა. ჩემს საქმიანობას ჩემს პოზიციას არ ვურევ.
ამჟამად თბილისში იმყოფებით და სამსახურს აცდენთ?
- გაციებული ვიყავი, წუხელ ქუთაისიდან თბილისში ჩამოვედი და ბიულეტინი ავიღე.