უკანონოდ დაჯარიმებულები მოგელაძის და ბეჟაშვილის დასჯას ითხოვენ

უკანონოდ დაჯარიმებულები მოგელაძის და ბეჟაშვილის დასჯას ითხოვენ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ უკანონოდ დაჯარიმებულები ნათია მოგელაძისა და ლევან ბეჟაშვილის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ. ამის შესახებ for.ge-ს ერთ-ერთმა დაჯარიმებულმა, „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ბუკიამ განუცხადა. შეგახსენებთ, გიგა ბუკია აუდიტის სამსახურმა „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 35 000 ლარის ჩარიცხვის გამო 190 000 ლარით დააჯარიმა და ქონება დაუყადაღა.

დღეს გიგა ბუკია აცხადებს, რომ პროკურატურაში მისმა ადვოკატმა შეიტანა საჩივარი და ითხოვს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რომლებიც ამ უკანონო დაჯარიმებებში ღებულობდნენ მონაწილეობას. კერძოდ, ბუკიას განცხადებით, ეს იყო სისტემური დანაშაული, ვინაიდან მასში მონაწილეობდა კონტროლის პალატა (ამჟამინდელი სახელმწიფო აუდიტის სამსახური), სასამართლო და სააღსრულებო ბიურო. ამიტომ, გიგა ბუკია ითხოვს, რომ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული იყვნენ ნათია მოგელაძე, ლევან ბეჟაშვილი და ყველა ის მოსამართლე, რომლებიც კონტროლის პალატის მიერ მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებებს აკანონებდნენ. დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ ყოველი ასეთი უკანონო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ეს ადამიანები სოლიდურ პრემიებს ღებულობდნენ.

„ასეთი გადაწყვეტილებების შესასრულებლად მიხეილ სააკაშვილს მთელი კასტა ჰყავდა ჩამოყალიბებული მოსამართლეების, აღმასრულებლების და ა.შ. რომლებიც ამგვარი უკანონო გადაწყვეტილებების მიღებასა და შესრულებაში საკმაოდ სოლიდურ პრემიებს ღებულობდნენ. მოგეხსენებათ, მე ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც უკანონოდ დაჯარიმდა. რა თქმა უნდა, ამ უკანონო ჯარიმის გადახდას არ ვაპირებდი, რის შესახებაც ღიად განვაცხადე. ამის შემდეგ დააყადაღეს მთელი ჩემი უძრავ-მოძრავი ქონება, ყველაფერი აუქციონზე გამიყიდეს. აღსანიშნავია, რომ ჩემთვის დაკისრებული ჯარიმა 190 000 ლარი იყო, ჩემი სახლი კი 330 000-ად გაიყიდა. როდესაც მოვითხოვე, რომ დანარჩენი თანხა ჩემს ანგარიშზე ჩაერიცხათ და მე ამ თანხას ასევე „ქართულ ოცნებას“ შევწირავდი, ხელისუფლებამ აუქციონის შედეგები გააბათილა და მთელი ჩემი ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში მიაქცია“, - აცხადებს გიგა ბუკია.

მისი თქმით, არჩევნების შემდეგ, 3 ოქტომბერს მას სააღსრულებო ბიუროდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მისთვის ჩამორთმეული მთელი ქონება ისევ მის სახელზე დარეგისტრირდა. ბუკია ხაზს უსვამს, რომ მისი დაჯარიმება თავიდანვე უკანონო იყო, მაგრამ ამ ჯარიმის თანხის ამოღებამ რაღაც პროცედურები გაიარა (აღმასრულებელი, სასამართლო და ა.შ.). ამიტომ იგი დაინტერესდა, ამ ყველაფრის შემდეგ რის საფუძველზე უბრუნებდნენ ქონებას, რაზეც პასუხი ვერ გასცეს. ამდენად, გიგა ბუკიას მთელი ქონება უკან დაუბრუნდა, მაგრამ მისი საბანკო ანგარიშები ჯერაც დაყადაღებულია.

დეპუტატი აცხადებს, რომ ნათია მოგელაძის, ლევან ბეჟაშვილისა და ასეთ საქმეებზე გადაწყვეტილების მიმღებ მოსამართლეების ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებია და სწორედ ამიტომ ის მათ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. აქვე ბუკია იხსენებს ოქტომბრის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ეუთოს მიერ დადებულ დასკვნას, სადაც სახელმწიფო აუდიტის ქმედება შეფასებული იყო, როგორც არამართლზომიერი. თუმცა ბუკია ამბობს, რომ აუდიტის თავგასულ ქმედებას არანაირი შედეგი არ ექნებოდა რომ არა სასამართლოს უკანონო ქმედებაც, რომელიც სააკაშვილის ბრძანებებს დიდი ენთუზიაზმით ასრულებდა.

„ამ ადამიანებს მოუწევთ სამართლიანი სასამართლოს წინაშე თავის მართლება და ვნახოთ, რა შედეგი დადგება. მე ვადანაშაულებ მათ უკანონო ქმედებებში და იმედია სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს. ორი ვარიანტია, ან მე უნდა დავრჩე ისევ სამართალდამრღვევად, როგორადაც აუდიტის სამსახურმა მცნო, ან პასუხი უნდა აგონ იმ პიროვნებებმა, ვინც ასეთი უკანონო გადაწყვეტილებები გამოიტანა და ამაში სოლიდური გასამრჯელოც მიიღეს“, - ამბობს გიგა ბუკია.

ერთ-ერთი პირველი, ვინც კონტროლის პალატამ „ქართული ოცნებისთვის“ უკანონო შემოწირულობის ბრალდებით დააჯარიმა ბესიკ მუმლაურისა და თამაშა ჩიტაიას ოჯახი იყო. მუმლაურმა „ქართულ ოცნებას“ 10 000 ლარი შესწირა, ჩიტაიამ კი - 5000 ლარი. ამიტომ მათი დაჯარიმება ამ თანხის ათმაგი ოდენობით მოხდა. შესაბამისად, მუმლაური 100 000 ლარით დაჯარიმდა, მისი მეუღლე კი 50 000 ლარით. ისინი თავიდანვე აცხადებდნენ, რომ მათ ამ შემოწირულობის გასაკეთებლად საკმარისი შემოსავალი ჰქონდათ, მაგრამ კონტროლის პალატამ მათი ეს არგუმენტი არ გაითვალისწინა. მუმლაურმა და ჩიტაიამ ჯარიმა არ გადაიხადეს, რის გამოც მთელი მათი უძრავ-მოძრავი ქონება დაყადაღდა (ბინა, ავტოფარეხი, მანქანა და ა.შ.) და აუქციონის წესით გაიყიდა.

მუმლაურისა და ჩიტაიას ადვოკატი ალა კახნიაური აცხადებს, რომ მათი ქონება აუქციონის წესით გაიყიდა. სააღსრულებო სამსახურს მართალია ამის თაობაზე გამზადებული ჰქონდა განკარგულებები, მაგრამ ეს დოკუმენტები საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული არ იყო, ელოდებოდნენ არჩევნებს და როგორც კი არჩევნები ჩატარდა, მეორე დღესვე ეს განკარგულებები გაუქმდა. შესაბამისად, მუმლაური და ჩიტაია მათი ქონების მესაკუთრედ არიან რეგისტრირებულები, მაგრამ ეს ქონება დაყადაღებულია. ყველაფერ ამის გამო დაჯარიმებული პირების საქმე სამართლებრივად ძალიან საინტერესო მდგომარეობაშია. კერძოდ, არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება მუმლაურისა და ჩიატაისათვის თანხის დაკისრების თაობაზე და ეს გადაწყვეტილება ჯერ არ გაუქმებულა. შესაბამისად, სააღსრულებო ბიუროს ამ გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულება აკისრია, ვინაიდან სააღსრულებო ფურცელი გამოწერილია და წარდგენილია აღსასრულებლად.

„სააღსრულებო სამსახურის ქმედება უკანონოა, ვინაიდან მოგეხსენებათ, ისინი ბატონი ბიძინას მიერ ჩარიცხულ ფულსაც კი აბრუნებინებდნენ. ახლა კი ისეთი სიტუაციაა, რომ ეს გადაწყვეტილება ან უნდა აღსრულდეს, ან უნდა გაუქმდეს. საქმის წარმოების განახლების ორი გზა არსებობს. ეს არის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენ ჯერ არ გვაქვს სამართლებრივი საფუძველი საიმისოდ, რომ საქმის წარმოების განახლება მოვითხოვოთ. უნდა არსებობდეს დანაშაულებრივი ქმედება, ანუ ყალბი დოკუმენტი, განაჩენის უნდა იყოს დადგენილი და ამის შემდეგ ჩვენ გვექნება უფლება, ამის საფუძველზე სასამართლოს ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მივმართოთ. ამ გზით შესაძლებელი იქნება, სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს გადაწყვეტილებები უკანონოა და მხოლოდ ხალხის დაშინებას ემსახურება, რათა „ქართული ოცნებისათვის“ თანხის შეწირვა ვეღარავის გაებედა“, - აცხადებს იურისტი ალა კახნიაური.

ამჟამად იგი აპირებს მთავარ პროკურატურას მიმართოს, რათა გამოძიებული იყოს, რატომ მოქმედება კონტროლის პალატა უკანონოდ. იურისტი იმედოვნებს, რომ ამ გამოძიების ფარგლებში დადგინდება, კონტროლის პალატას ვინ და რატომ დაავალა ამგვარი ქმედებების ჩადენა. შემდეგ ეს გახდება საქმის გადახედვის საფუძველი და დაზარალებულების ადვოკატი უკვე სასამართლოს მიმართავს, რათა ამ საქმეების გადახედვა მოხდეს. ალა კახნიაური მიიჩნევს, რომ კონტროლის პალატის მიერ ჩადენილ ქმედებებში სისხლის სამართლის დანაშაული გამოიკვეთება, რადგან ის უკანონო დაკვეთებს ასრულებდა. იურისტი აცხადებს, რომ საქართველოში გამოძიება პრაქტიკულად არ ხდებოდა და ნებისმიერი საგამოძიებო ორგანოს მიზანი მხოლოდ ადამიანის დაჭერა, ციხეში ჩასმა და ვაჭრობა იყო. შემდეგ ხდებოდა დანაშაულის აღიარება, ფულის გადახდა და დაკავებულის გამოშვება.

ალა კახნიაურის თქმით, კონტროლის პალატამ დოკუმენტიც გააყალბა იმისთვის, რომ კონკრეტული ადამიანებისთვის ბრალი დაემძიმებინა. კერძოდ, იურისტი ამბობს, რომ კომპანია „ბურჯს“ „მენეჯმენტ სერვისთან“ ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მას სარემონტო სამუშაოებს უსრულებდა. ეს მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი იყო, მაგრამ კონტროლის პალატამ შეადგინა გარკვეული ცხრილი და ადვოკატის მიერ წარდგენილ საბუთებში ჩადო. ამ ცხრილში კი მითითებული იყო მაგალითად, რომ „ქართული ოცნების“ ქარელის ოფისის გარემონტება დაჯდა არა 3-4 ათასი ლარი, როგორც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, არამედ - 42 000 ლარი.

„მაგალითად მარტვილში მათ 88 000 ლარი ჰქონდათ რემონტზე მითითებული. ეს მაშინ, როდესაც 88 000 ლარად 3-4 სახლს იყიდი ისეთს, როგორიც „ქართულ ოცნებას“ საოფისედ ჰქონდა ნაქირავები. ვინაიდან მათი ინტერესი იყო, რაც შეიძლება მეტი ფულის ამოღება და ამ მოძრაობის გაჩერება, ამიტომაც ჩვენს მიერ წარდგენილი საბუთები არ აკმაყოფილებდათ. ბოლოს და ბოლოს, მათ შეეძლოთ ექსპერტიზის დანიშვნა იმის გასარკვევად, თუ რა ღირებულების სამუშაო იყო შესრულებული, მაგრამ კონტროლის პალატას თავი არ შეუწუხებია. მას ერჩივნა რაღაც ყალბი საბუთის შედგენა, ჩვენს მიერ წარდგენილ დოკუმენტებში ჩადება და ამის საფუძველზე ჯარიმების დაკისრება. გასაგებია, რომ პარტიების ფინანსური მონიტორინგი კონტროლის პალატაში სააკაშვილის მიერ სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ამგვარი უკანონო ბრძანებები შეესრულებინა, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ სასამართლოც ამ უკანონობის შესრულებას ყველანაირად ხელს უწყობდა“, - ამბობს ალა კახნიაური.

მისი თქმით, რეალური დოკუმენტაციით არავინ დაინტერესებულა და მხოლოდ კონტროლის პალატის მიერ დოკუმენტებში ჩადებული ყალბი საბუთის საფუძველზე იყო გადაწყვეტილებები გამოტანილი. ამ ყალბ საბუთთან დაკავშირებით პროკურატურაში საჩივარი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ იყო შეტანილი, მაგრამ კახნიაურის თქმით, პროკურატურა ამ საქმით საერთოდ არ დაინტერესებულა, დასაკითხადაც კი არავინ დაუბარებიათ. იურისტი იმედს გამოთქვამს, რომ ეს საქმე ახლა მაინც იქნება გამოძიებული და ჭეშმარიტება დადგინდება.