ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბევრი ქონება თუ ბიზნესწართმეული ადამიანი ღიად ალაპარაკდა იმ მეთოდებზე, რასაც ხელისუფლება მათ წინააღმდეგ იყენებდა. როგორც ჩანს, წინ ძალიან ბევრი საინტერესო სასამართლო პროცესი გველის, რომელთა მეშვეობითაც სავარაუდოდ ბევრი ადამიანის საკუთრების უფლება აღდგება. ერთ-ერთი ასეთი ალბათ საავტომობილო ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელის, შალვა ოგბაიძის საქმეც იქნება, რადგან ოგბაიძემ საჩივრით პროკურატურას მიმართა და მისთვის საავტომობილო ფედერაციის წარმთევის დეტალებზე გამოძიების ჩატარება და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა. ვინ იყვნენ ის მაღალჩინოსნები, რომლებმაც ოგბაიძე აიძულეს ფედერაცია დაეტოვებინა და ვინ ახდენდა მასა და მის ოჯახზე ზეწოლას, ამასთან დაკავშირებით for.ge-ს შალვა ოგბაიძე ესაუბრება.
შალვა ოგბაიძე („დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრი): „ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ძალადობას თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ერთი რიგითი მოქალაქის, პოლიტიკური შეხედულების გამო გამოცხადებული პოლიტიკური დევნა-რეპრესიის ქრონიკა. ჩემი დევნა დაიწყო მაშინ, როდესაც საქართველოს საავტომობილო ფედერაციამ სწორად წარმართული პოლიტიკის შედეგად გარკვეულ წარმატებებს და პოპულარობას მიაღწია. მე არ ვარ სააკაშვილი რომ ვთქვა, რომ ავტოსპორტი ჩემით დაიწყო. ქართულ ავტოსპორტს ჰქონდა დაცემის პერიოდიც, ამაღლების პერიოდიც, მაგრამ ჩვენმა შემადგელობამ ქართულ ავტოსპორტი შეიძლება ითქვას, სუდარაგადაფარებული ჩაიბარა.
სწორად წარმართული პოლიტიკის წყალობით ჩვენ შევძელით, რომ ქართული ავტოსპორტი გაგვეხალხურებინა, ანუ იგი ძალიან ბევრი ახალგაზრდისთვის ხელმისაწვდომი გავხადეთ. შეგახსენებთ იმ პერიოდს, როდესაც თბილისში ე.წ. საშუქნიშნე რბოლები იყო პოპულარული, რომელსაც ჩვენ „რუსულ რულეტს“ ვეძახდით. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი ასეთ „გასართობს“ შეეწირა. ჩვენს თანამოაზრე ახალგაზრდებთან ერთად ჩვენ შევძელით ჩამოგვეყალიბებინა ისეთი საზოგადოებრივი აზრი, რომლის თანახმადაც ქუჩაში რბოლა პროვინციალიზმად და ჩამორჩენილობად ჩაითვალა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პრობლემა დედაქალაქელებს აღარ აწუხებთ. რა თქმა უნდა, ამაში თავისი წვლილი შეიტანა გამკაცრებლმა ჯარიმებმაც, მაგრამ ძირითადი მაინც ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირება იყო.
2006 წელს სააკაშვილის განკარგულებით ჩვენ რუსთავის (ყოფილი „დოსააფის“ კუთვნილი) საბჭოთა დროინდელი ასფალტის ნაგლეჯი გადმოგვეცა, რომლის გარდა სხვა სარბოლი ადგილი არ გვქონდა, თუმცა ეს გადმოცემის პროცესიც გაჭიანურდა, რადგან მოგვიანებით ვანო მერაბიშვილისგან გავიგე, რომ ის იქ მომსახურების სააგენტოს გახნას და ავტობაზრობის გადატანას აპირებდა და ეს ავტოდრომი ამ კონტექსტში ვერანაირად ჯდებოდა. მერაბიშვილმა შემომთავაზა, რომ ავტოდრომი დღის განმავლობაში ყოფილი საგამოცდო ტრასა, სადაც მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდას აბარებენ, საღამოს კი შეჯიბრი ჩაგვეტარებინა. მე მაშინ შეძლებისდაგვარად ავუხსენი მას, რომ ამის გაკეთება არაფრით არ შეიძლებოდა.
ბატონო შალვა, როგორ და ვის მხრიდან განხორციელდა ზეწოლა თქვენზე, რათა საავტომობილო ფედერაცია დაგეთმოთ?
- მოგახსენებთ, ამ ყველაფერს დაემთხვა 2007 წლის ბოლო და ჩვენ ეს ავტოდრომი გადმოგვეცა. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ 2008 წელს, პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ დამიბარა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა, დავით ნამგალაურმა. მივედი სპორტის დეპარტამენტში, სადაც დამხვდა თამაზ შაფათავა (რომელსაც ვიცი, რომ დიღომში კარტოდრომი ჰქონდა), დავით მჭედლიშვილი და კიდევ ერთი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მოგვიანებით გავიგე, რომ მიხეილ სააკაშვილის ალალი ბიძაშვილი დედის მხრიდან, ნიკა ალასანია ყოფილა (თემურ ალასანიას შვილი). პატარა შესავლის შემდეგ დავით ნამგალაურმა მითხრა, რომ კარგი იქნებოდა, თუ მე გადავგებოდი და ასპარეზს დავუთმობდი ახალგაზრდა, პერსპექტიულ ადამიანს, რომელსაც სოლიდური ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობა ჰქონდა. საუბარი იყო ნიკა ალასანიაზე. ნამგალაურმა მითხრა, რომ კარგი იქნებოდა, თუ მე ავტოდრომს ახალ ფედერაციას ნებაყოფლობით ჩავაბარებდი. სხვათაშორის, უნდა გითხრათ (ამას ყოველთვის ხაზს ვუსვამ), რომ ნიკა ალასანიას ჩემი თანდასწრებით არც უაქტიურია და საერთოდაც არაფერი უთქვამს.
აქვე აღვნიშნავ, რომ მე და ჩემი მეგობრები ავტოსპორტს პრაქტიკულად საკუთარი სახსრებით ვაფინანსებდით. გარდა ამისა, გვქონდა ავტოსკოლა, საიდანაც მიღებულ შემოსავალს სწორედ ამ საქმეში ვდებდით. როდესაც ფეხბურთის მატჩების ჩატარებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა და შესაძლებელი იყო, ფეხბურთს სულ რამდენიმე ათეული ადამიანი დასწრებოდა, ჩვენს თითოეულ შეჯიბრს 2000-3000 კაცზე ნაკლები არ დასწრებია. როდესაც დავსვი კითხვა, რა მიზეზით უნდა გადავმდგარიყავი და როდესაც ნამგალაურმა შეატყო, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა, მან პირდაპირ მითხრა, რომ ფედერაციასაც და პირადად მეც პრობლემები შეგვექმნებოდა. ეს პრობლემები მართლაც ძალიან მალე დაიწყო.
საერთოდ შეჯიბრის ორგანიზება შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების გარეშე (როგორიც არის სახანძრო უსაფრთხოება, სასწრაფო დახმარების მანქანა, გზის გადაკეტვა და ა.შ.) პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს ურთიერთობა ერთბაშად გაწყდა. ურთიერთობა გაწყდა მედიასთანაც მიუხედავად იმისა, რომ დილის გადაცემების ყველაზე სასურველი სტუმრები ვიყავით ხოლმე. ამის შემდეგ საავტომობილო ფედერაციაში შემოვიდა საგადასახადო ინსპექცია და ჯერ მილიონ ნახევრის, ერთ კვირაში კი ორნახევარი მილიონის დარღვევა „აღმოაჩინა“.
ბატონო შალვა, ნამგალაურმა ეს ყველაფერი ერთ შეხვედრაზე გითხრათ და მათთან ურთიერთობა ამით დასრულდა?
- დიახ, მეტი შეხვედრა მათთან არ მქონია, ჩვენ ერთმანეთს ჩემი მტკიცე უარით დავცილდით. საერთოდ არსებობს რაღაცეები, რაზეც გონივრული კომპრომისის გამონახვა შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ბრუტალური ძალის გამოყენებით ცოცხალი ადამიანი თითქოს არც კი არსებობ და შენს ადგილას თურმე პრეზიდენტის ოჯახის წევრი უნდა დაინიშნოს. მე არ ვიცი ასეთი ტაქტიკა სადმე თუ არსებობს, გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებსაც ჩვენ ხშირად დამცინავ კონტექსტში მოვიხსენიებთ ხოლმე.
აქვე აღვნიშნავ, რომ მქონდა შეხვედრა ირაკლი კოდუასთან, რომელმაც სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ მე ე.წ. „შავ სიაში“, ანუ იმ ადამიანების ნუსხაში მოვხვდი, რომლებიც ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილები არ იყვნენ.
ეს შეხვედრა ვისი ინიციატივით მოხდა?
- თითქმის არც ერთი შაბათ-კვირა არ გასულა ისე, რომ ირაკლი კოდუა რუსთავში არ ჩამოსულიყო, რადგან ჩვენთან მისი ორი ვაჟი დადიოდა და იგი თავისი შვილების შეჯიბრებს ესწრებოდა ხოლმე. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი, რომ ძალიან კარგი შვილები ჰყავს, ნიჭიერი ახალგაზრდები არიან და რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვყოფდით მშობლებს პარტიული ნიშნით. ყველაზე დიდ უზნეობად მიმაჩნია, რომ ბავშვები პარტიული ნიშნით განასხვავო.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ამ პრობლემებს ისიც დაემატა, რომ საგადასახადო ჩემს ავტოსკოლაშიც შემოვიდა და ორნახევარი მილიონის დარღვევა „აღმოაჩინა“ და შევატყვე, რომ ქართული ავტოსპორტი ჩერდებოდა. კავკასიური ცარცის წრისა არ იყოს, მე ვარჩიე ნაბიჯი უკან გადამედგა, ოღონდაც ქართულ ავტოსპორტს არავინ შეხებოდა.
ბატონო შალვა, ეს ორნახევარი მილიონი თქვენ დაგაკისრეს?
- საინტერესო ის იყო, რომ ეს დარღვევა ხომ თითქოს „აღმოაჩინეს“, როდესაც მე დავრწმუნდი, რომ ავტოსპორტს კლავდნენ, გადავდექი. ავირჩიეთ ახალგაზრდა ბიჭი, ახალგაზრდული საავტომობილო კლუბის აღზრდილი, რომელიც ამ კლუბიდან მოვიდა ფედერაციაში, მამუკა მელაძე, მაგრამ ვინაიდან იგი ჩემთან მეგობრობაში იყო შემჩნეული, როგორც ჩანს, მასაც არ ენდობოდნენ. თუმცა აღვნიშნავ, რომ ის საგადასახადო დავალიანება, რომელიც თითქოს ფედერაციაში აღმოაჩინეს, ჩემი გადადგომის შემდეგ ფედერაციას ჩამოეჭრა. მოკლედ, მელაძეს ბოლომდე მაინც არ ენდვნენ და 2009 წელს ახალი ფედერაცია ჩამოაყალიბეს. ჩვენ ამ ფედერაციას ცესკო-ს ფედერაციას ვეძახით და გეტყვით რატომ. ამ ფედერაციის თავმჯდომარე გახლავთ დავით კირთაძე, ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარის მოადგილე. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახლავთ ლევან თარხნიშვილი, ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარე. კიდევ ერთი ვიცე-პრეზიდენტი ასევე ცესკო-ს თანამშრომელია. მეოთხე დამფუძვნებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ლევან გახელაძე. ფედერაციის დანარჩენი წევრები კი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები არიან. აი ასეთი ფედერაციის ხელში ჩავარდა ქართული ავტოსპორტი.
ავტოდრომს რა ბედი ეწია?
- ავტოდრომის ბედიც ძალიან საინტერესოდ წარიმართა. თორთლაძემ, რომელიც „ნაციონალური“ ხელისუფლების რუპორი იყო, ერთ დღესაც განაცხადა, რატომ უნდა ჰქონდეს საავტომობილო ფედერაციას ავტოდრომიო. ამის შემდეგ მოხდა მელაძის დაბარება და დააწერინეს წერილი, რომ რუსთავის ავტოდრომი შეჯიბრის ჩასატარებლად გამოუსადეგარი იყო. იგი აიძულეს, რომ ეს ავტოდრომი სახელმწიფოსათვის გადაეცა. ამის შემდეგ ყველაფერი „კლასიკური“ სქემით წარიმართა, ავტოდრომი აუქციონზე გაიტანეს და იგი შოთა აფხაზავამ შეიძინა, თუმცა მე მას თავიდანვე ვუთხარი, რომ იგი არაკეთილსინდისიერი შემძენი იქნებოდა. მან მაინც შეიძინა ავტოდრომი, 25 მილიონიანი ინვესტიცია ჩადო მასში და მართლაც სანაქებო ტრასა გააკეთა. ყველაფერი კარგია გარდა იმისა, რომ მან თავიდანვე იცოდა, ავტოდრომი წართმეული რომ იყო. სხვათაშორის მე ვიყავი ინიციატორი იმისა, რომ აფხაზავა გამხდარიყო ფედერაციის პრეზიდენტი, ავტოდრომისთვის მოეკიდა ხელი და ამის საფასური უნდა ყოფილიყო ის, რომ ქართველ ახალბედა სპორტსმენებს ავტოდრომზე ვარჯიშის და გამოსვლის დროს გარკვეული საათების განმავლობაში ფული არ გადაეხადათ. ეს იყო ჩვენი პირობა და ყველაფერი პრინციპში სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობდა, რომ არა ჩვენი პარტიის გამარგინალება, მეორე სორტის ადამიანებად წარმოჩენა, რომლებიც ქუჩაში დადიან და ქვებს ისრვიან.
ამით დაიწყო ჩემი პრობლემები, რომლებიც გაგრძელდა იმით, რომ ჩემს ავტოსერვისში (ჩემს პარტნიორებთან ერთად ერთ-ერთი სადილერო ფირმის წარმომადგენელი ვიყავი) შემოვიდა საგადასახადო, რომელმაც ვერაფერი იპოვა. ერთი კვირის შემდეგ მათ გააგრძელეს ეს შემოწმების ვადა და თითქოსდა აღურიცხავი ანტიფრიზი „აღმოგვიჩინეს“. საწარმოს იმხელა ჯარიმა დაეკისრა, რომლის გადახდასაც ჩვენ ვერ შევძლებდით და ამიტომ ეს საწარმოც აუქციონზე გაიყიდა. ჩემი და ჩემი კომპანიონების ბანკში ჩადებული გარკვეული ქონების გადარჩენა მოვახერხეთ, მაგრამ ვინაიდან გაყიდვამდე ჩვენ დაახლოებით ერთი წელი გაგვაჩერეს, მოგვიწია კრედიტის აღება, რათა საგადასახადო და სახელფასო დავალიანებები გაგვესტუმრებინა და ამ კრედიტისთვის იპოთეკით დატვირთული ქონება სრულად დავკარგეთ. ეს იყო ბინის კარკასი, მიწის ნაკვეთი და ასევე იპოთეკით მქონდა დატვირთული ჩემი ოჯახის წევრის, ჩემი რძლის ბინა, რომელიც ვითომ გაიყიდა. სინამდვილეში ეს ბინა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეიძინა. ფაქტობრივად მოვლენები ისე განვითარდა, როგორც 37 წელში ხდებოდა ხოლმე და დღეს იმ ბინაში ეს პოლიციელი ცხოვრობს.
აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი ავტოსერვისის დაქცევა საგადასახადოს მაშინდელი უფროსის, მალხაზ ბიწაძის მიერ გაფორმდა. სხვათაშორის, ბედის ირონიით, ბატონი ბიწაძეც „მწვანეთა პარტიის“ წევრი იყო და ზურაბ ჟვანიას საფლავზე მან იცით რა მითხრა? რაც დაიმსახურე, ის მიიღეო.
ამის შემდეგ იყო 6 მაისი და ტყვიებით ჩვენი დაცხრილვა, შემდეგ იყო 26 მაისი, როდესაც ჩემი ოჯახი პირდაპირი სამიზნე გახდა. ამ დღეს ჩემი ოჯახის ყველა წევრი ძვლებში დამტვრეულები ვიყავით (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით). მოგეხსენებათ, მე უგონოდ მყოფი შემიყვანეს საავადმყოფოში, ხოლო ჩემი შვილები, ლევანი და გიორგი სხვადასხვა წინასწარი დაკავების იზოლატორებში ვიპოვეთ. ლევანი ასაკის გამო (ის უმცროსია) ორ დღეში გამოუშვეს, შეიძლება ითქვას, რომ ძვალი ცალკე გამოვიტანეთ და რბილი ცალკე. გიორგი კი სახალხო კრების ახალგაზრდებთან ერთად მარნეულის წინასწარი დაკავების საკანში მოხვდა. ყოველ დილით მას სცემდნენ იმის გამო, რომ ის არის შალვა ოგბაიძის შვილი და არის პოლიტიკური პარტიის წევრი. ჩხუბი იწყებოდა მოთხოვნით, რომ მას ჩემთვის შეეგინებინა. წამება მარტო ამით არ შემოიფარგლებოდა. ამას თან ერთვოდა ის, რომ ყოველ 15-20 წუთში ე.წ. „კარმუშკა“ იღებოდა და გიორგის და მის მეგობრებს ბადრაგი ასმენინებდა სიმღერას „მიშა მაგარია“.
მე რაც შემეხება, უგონო მდგომარეობაში მყოფი გადამიყვანეს საავადმყოფოში. იქ თავზე დამადგა კოტე დიღმელაშვილი, რომელმაც უშვერი სიტყვებით მაგინა და მითხრა - შენი შვილების სისხლს დავლევო.
კოტე დიღმელაშვილი ვინ არის?
- ეს იყო თბილისის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. მოგვიანებით მე მომივიდა ინფორმაცია, რომ ჩემი შვილების დაჭერას აპირებდნენ. გახსოვთ ალბათ ის პერიოდი, როდესაც 26 მაისს დაკავებულების ნაწილი ისევ შეაბრუნეს ციხეებში. ამიტომ გიორგი თავის ოჯახთან ერთად წავიდა გერმანიაში და უპრეცედენტოდ მოკლე დროში, სამ თვეში, პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო და იგი დღესაც ამ ქვეყნის მფარველობის ქვეშ იმყოფება.
სხვათაშორის, არც ერთხელ სიმბოლურადაც კი არ დავუკითხივარ. ეკა ბესელიამ 26 მაისს დაზარალებულებთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართა, მაგრამ რეაგირება არანაირი არ ყოფილა. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ იმ პერიოდში მაწანწალა ძაღლების უფლებები უფრო დაცული იყო, ვიდრე ჩვენი. ჩვენთან დაკავშირებით ადამიანები მხოლოდ ჩურჩულით საუბრობდნენ. დევნა, სატელეფონო მოსმენები, ბიზნესის წარმთევა და ა.შ. ამ ყველაფერმა ჩემს თავზე და ჩემს ოჯახზე გადაიარა. მაშინ მე მათ ვუთხარი, რომ მოვა დრო და მათთან სალაპარაკო მექნებოდა. ეს დრო მოვიდა და ახლა ჩვენ პროკურატურას მივმართეთ.“