კახა კალაძის ძმის გატაცებისა და მკვლელობის საქმის გარშემო საზოგადოების ინტერესი მუდმივად არსებობს.
ლევან კალაძე, რომელიც სამედიცინო ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო, 2001 წლის 23 მაისს, ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს. გამტაცებლები მას რკინიგზის #2 საავადმყოფოს ეზოს შესასვლელთან დახვდნენ და ძალით ჩასვეს თეთრ უნომრო "ნივაში". კალაძეების ოჯახს ლევანის თავისუფლების სანაცვლოდ 600 ათასი აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს. შეთანხმება ვერ მოხერხდა...
ხუთწლიანი ლოდინის და ძებნის შემდეგ, საქმე გახსნილად გამოცხადდა და ოჯახს ლევანის ნეშთი დაუბრუნდა. 2006 წელს საქართველო-სომხეთის საზღვარზე, სპეცოპერაციით აიყვანეს მერაბ ამისულაშვილი.
"ისევ ქურდებისგან გავარკვიე, ეს საქმე ყველაზე გავლენიანი ქართველი ქურდის დაკვეთილი რომ იყო" - რას ყვება კახა კალაძის ძმის მკვლელობის გამომძიებელი?
მან გამოძიებასთან ითანამშრომლა და დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამისულაშვილს სასჯელის მინიმალური ზომა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მისი ჩვენების საფუძველზე, საზღვარგარეთიდან ექსტრადირებულ იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ სამი წევრი: შვეიცარიიდან - დავით ასათიანი, სანკტ-პეტერბურგიდან - ლევან ცინცაძე, საფრანგეთიდან კი - თემურ გაგნიძე.
სასამართლომ დავით ასათიანსა და ლევან ცინცაძეს - 25-25 წლით, ხოლო თემურ გაგნიძეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა (მან ამისულაშვილის მსგავსად ითანამშრომლა გამოძიებასთან და დანაშაული აღიარა).
საქმის გახსნა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ ზარ-ზეიმით აღნიშნა და მაშინდელმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა რამდენიმე სამართალდამცავი საჯაროდ დააჯილდოვა კიდეც. ლევან კალაძის მკვლელობის შესახებ შს სამინისტროს პრესსამსახურმა 2006 წელს 35-წუთიანი ფილმიც მოამზადა (ფოტოები აღებულია ამ ფილმიდან).
თუმცა, ლევან კალაძის საქმის გამომძიებლის ბათუ საღინაძის ადვოკატ ზურაბ თოდუას თქმით, ეს საქმე ბოლომდე არ არის გახნილი და დამნაშავეები კიდევ არიან დასასჯელები.
თოდუამ AMBEBI.GE-სთან საუბარში გაიხსენა ლევან კალაძის გატაცებისა და მკვლელობის საქმის ისეთი ეპიზოდები, რომლებიც საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი.
უფლებადამცველმა ასევე გაიხსენა სადახლოს პოლიციის უფროსის, უჩა ჯანელიძის მკვლელობა, რომელიც მისი მტკიცებით, კალაძის საქმესთან პირდაპირ კავშირშია. ზურაბ თოდუა ამბობს, რომ ჯანელიძის ქვრივს, ნათია ჯანელიძეს მეუღლის მკვლელობის საკუთარ თავზე აღება აიძულა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან გვაზავამ, რომელიც გარდაცვლილი უჩა ჯანელიძის დეიდაშვილია.
"კალაძის საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიებები, იყვნენ დაკავებულები. სხვადასხვა კრიმინალური სამსახური ერთმანეთს ეჯიბრებოდა საქმის გახსნაში, ერთმანეთს სპეციალურადაც ურევდნენ კვალს და იყო ერთი ამბავი. ამ დროს ბათუ საღინაძის მიმართ იყო აღძრული საქმე, მას დააბრალეს თითქოს ზემოქმედება მოახდინა მოწმეებზე. მაშინდელმა სამართალდამცველებმა იარაღები და სისხლის სამართლის საქმის მასალები ჩაუდეს სახლში, ვითომ მოპარული ჰქონდა და გაასამართლეს სხვადასხვა მუხლებით.
ამის მიზეზი გახდა ის, რომ საღინაძე თავის ხუთკაციან საგამოძიებო გუნდთან ერთად იძიებდა კალაძის საქმეს და ჰქონდა ძალიან საინტერესო ვერსიები, რომელიც ბევრ რამეს მოჰფენდა ნათელს. როგორც ჩანს, მაშინდელი ხელისუფლებისთვის არ იქნებოდა ეს სასიამოვნო... მე გახლდით საღინაძის ადვოკატი, ორთაჭალის ციხეში რომ მივაკითხე, ერთმა პატიმარმა მომაწოდა ინფორმაცია - ამ და ამ კაცს დაუკავშირდი და ის მოგაწვდის ინფორმაციას, რაც დაგეხმარებაო...
თავიდან არ დავინტერესდი ამ თემით, მაგრამ 15 დღის შემდეგ კიდევ მომიწია საღინაძესთან შესვლა და ისევ ის პატიმარი მოვიდა. ნახე ის კაციო? მეორედ უკვე დავინტერესდი... დავურეკე და შეხვედრა დამითქვა ბაღდათში. ჩავედი, მოვიდა უცხო კაცი და მიმიყვა ცოტა დაუჯერებელი რამ... მითხრა, რომ დარწმუნდე ჩემი ნათქვამის ნამდვილობაში, შეგიძლია სასამართლოს არქივიდან გამოითხოვო საქმის მასალებიო. ამ საქმეში ლევან კალაძის გატაცების ეპიზოდია და კარლო კალაძე არის დაზარალებულად ცნობილიო. ამ საქმეზე კიდევ ერთი ქალია დაკავებული, რომელსაც მეუღლის მკვლელობას აბრალებენო. დავიწყე გარკვევა..." - ამბობს თოდუა და დასძენს, რომ სასამართლო არქივიდან სისხლის სამართლის საქმის მასალები მხოლოდ მას შემდეგ გადასცეს, რაც იგი ჟურნალისტებთან ერთად მივიდა სასამართლოში.
"თვალებს არ ვუჯერებდი რომ წავიკითხე. ეს იყო სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე. ერთ-ერთ პირს უნახეს დიდი ოდენობით ნარკოტიკი. შემდეგ ამ ადამიანის სახლში ჩატარებული იყო ჩხრეკა და სახლიდან ამოიღეს პოლაროიდის აპარატი, რომლითაც იყო გადაღებული ლევან კალაძის სურათი - პლედშემოხვეული, თვალებახვეული რომ ითხოვდა გამოსასყიდს ოჯახიდან. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი იყო გატაცების საქმეში.
სახელი და გვარის თქმისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ... ეს ადამიანი გაუშვეს პატიმრობიდან და ახლა არის უცხოეთში. რატომ იყო ეს გარეთ და რატომ არ დააკავეს იმ დანარჩენებთან ერთად პასუხს მალევე მივაგენი...
დავადგინე ამ პირის საცხოვრებელი მისამართი და აღმოჩნდა შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის მოადგილის, ლევან გვაზავას კლასელი, ასევე, ბათუ საღინაძის საგამოძიებო ჯგუფის ერთ-ერთი წევრის კლასელი. შევკარი მასალა და გავედი ქალბატონზე, რომელსაც ბრალდებოდა საკუთარი მეუღლის მკვლელობა.
ნათია ჯანელიძე სადახლოს პოლიციის უფროსის მეუღლე იყო. 2006 წლის აგვისტოში უჩა ჯანელიძე საკუთარ საწოლში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. იგი იყო ლევან გვაზავას დეიდაშვილი. დააკავეს მოკლულის ცოლი და უთხრეს, რომ მას უნდა აეღო თავზე ქმრის მკვლელობა და მალე გამოუშვებდნენ. ემუქრებოდნენ ოჯახის წევრებით, პირადი ცხოვრების დეტალების გამჟღავნებით. მაშინ იგი იყო 32 წლის, სამი შვილის დედა...
ნათია ჯანელიძე ისე მოიქცა, როგორც უთხრეს, მაგრამ დანაპირები არ შეუსრულეს და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამისულაშვილის საქართველო-სომხეთის საზღვარზე დაკავება, სადახლოს პოლიცია და კალაძის გატაცება საეჭვოდ ფიგურირებდა ამ საქმეში. მივაკითხე ნათიას დედას, დავარწმუნე, რომ ცუდი ზრახვებით არ ვიყავი... დედამისმა იცოდა ყველაფერი, რომ მის შვილს ქმრის მკვლელობა თავზე ააღებინეს.
ნათია ჯანელიძემ მითხრა, რომ ამისულაშვილის საქართველო-სომხეთის საზღვარზე დემონსტრაციულად დაკავება, ტყუილი და დაგმული სპექტაკლი იყოო. სინამდვილეში, ამ დაკავებამდე ორი თვით ადრე ამისულაშვილი ჩემს აგარაკზე ჰყავდათ დამწყვდეული და სასტიკად აწამებდნენო. შიშველი ჰყავდათ მთელი დღეები და თოკზე გამობმულს, ბორკილებდადებულს უშვებდნენ საპირფარეშოში, ხელების დაბანის საშუალებასაც კი არ აძლევდნენო. ორჯერ იყო მოსული მასთან შესახვედრად მაშინდელი შსს მინისტრი ვანო მერაბიშვილიო. შიშველი ჰყავდათ დაბმული და ჩემი მეუღლე (სადახლოს პოლიციის უფროსი უჩა ჯანელიძე) ზედამხედველობდაო.
ნათია ჯანელიძე მიყვებოდა, ჩემი მეუღლე ამბობდა, ამ საქმეს რომ გავხსნით და დავამთავრებთ, შსს დაწინაურებას და ბედნიერ ცხოვრებას გვპირდებაო..." - იხსენებს ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ნაამბობს. თოდუა ასევე დასძენს, რომ ამისულაშვილი მართლაც იყო დამნაშავე, თუმცა მისი აყვანა გაითამაშეს. რაც შეეხება უჩა ჯანელიძის მკვლელობას, ადვოკატის მტკიცებით ის ბურუსით არის მოცული და პირდაპირ კავშირშია კალაძის საქმის გახსნასთან.
"როცა მოახლოვდა სააპელაციო სასამართლო პროცესები, უნდა დამემტკიცებინა, რომ ნათია ჯანელიძე უდანაშაულოდ იხდიდა სასჯელს. წინა დღეს ვესაუბრე, გავიარეთ ყველა დეტალი და მეორე დღეს პროცესზე ეკითხება მოსამართლე: პროკურორის აცილებას ითხოვ? -არაო, უპასუხა. ადვოკატის აცილება გსურთ? და მოულოდნელად უპასუხა - დიახო. ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო! ვკითხე რა მოხდა, ნათია, რა გჭირსმეთქი და აუვარდა ისტერიკული ტირილი.
ბოლოს მე გამომაძევეს სასამართლო დარბაზიდან და პროცესი წარიმართა ადვოკატის გარეშე. ძალაში დატოვეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება - 14 წლიანი პატიმრობა. ჯანელიძის 14-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა უზენაესმა სასამართლომაც. მსჯავრდებული 2012 წელს „ამნისტიის შესახებ კანონის“ ფარგლებში გათავისუფლდა.
...მერე წლების შემდეგ მომიყვა ნათიამ, რომ მასთან შევიდნენ გვაზავასგან გამოგზავნილი პირები და აიძულეს ჩემი აცილება მოეთხოვა. ციხეში დაემართა შარდის ბუშტის სიმსივნე და საჭირო იყო მისი მკურნალობა. ექსპერტიზამ არ დაწერა ეს დასკვნა. სტრასბურგში საქმის გაგზავნის ვადაც გასული იყო, ამიტომ ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით მივმართე სტრასბურგს. საქართველოში შეუძლებელი იყო ამ დაავადების განკურნება. გერმანიაში ოპერაციის შემდეგ არსებობდა 30% შანსი გადარჩენის. არ აძლევდნენ მკურნალობის უფლებას.
ამასობაში სტრასურგში დაიწყო საქმის განხილვა. დადგა 2012 წელი, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მიღებულმა ამნისტიამ გაათავისუფლა ნათია ჯანელიძე. წავიდა გერმანიაში და სრულად განიკურნა. ეს არის წამებისა და არაადამინური მოპყრობის კლასიკური მაგალითი. სჭირდებოდა მკურალობა და არ მისცეს ამის საშუალება. რომ არ მოესწრო ამნისტიას და არ გადასულიყო გერმანიაში სამკურნალოდ, აუცილებლად დაიღუპებოდა ციხეში..." - გვიყვება ადვოკატი ზურაბ თოდუა.
ამჟამად, სტრასბურგის სასამართლო განიხილავს ნათია ჯანელიძის საქმეს საქართველოს წინააღმდეგ. გადაწყვეტილება საქმეზე უახლოეს მომავალში უნდა გამოქვეყნდეს.