ბოლო დღეებში ლანჩხუთის რაიონის სოფელი ნიგვზიანი ყურადღების ცენტრში მოექცა. ადგილობრივი მოსახლეობის 1700 კომლი, ანუ მოსახლეობის უმრავლესობა აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტების მიერ კერძო სახლში სამლოცველოს გახსნას აპროტესტებდა და აცხადებდა, რომ მეჩეთის მშენებლობის უფლებას არავის მისცემდა.
თავის მხრივ, აჭარიდან გურიაში საცხოვრებლად ჩასული სახლის მეპატრონის არჩილ კახაძის სახლში მუსლიმანი მლოცველები პარასკეობით იკრიბებიან. იგი აცხადებს, რომ არავის ხელს არ უშლის და მის სახლში ადამიანები თავიანთი აღმსარებლობის თანახმად ლოცულობენ. თუმცა ნიგვზიანელები აცხადებენ, რომ კახაძის ოჯახს თურქი ბიზნესმენი აფინანსებს და, თუ ადრე მუსლიმანები ქობულეთში სალოცავად დადიოდნენ, ამჯერად უშუალოდ მათ სოფელში მოიწყვეს სამლოცველო.
ნიგვზიანელების არგუმენტი ცალსახაა. მათი თქმით, თურქეთში ჩასვლისას ქართველებს ჯვრის ტარებას უკრძალავენ, მაშინ, როცა საქართველოში მეჩეთებს გვიშენებენ. თანაც, ამ საქმეში აჭარლების გარკვეული ნაწილია გარეული. ეს მაშინ, როცა პირველ საუკუნეში სწორედ აჭარიდან გაქრისტიანდა საქართველო. ნიგვზიანელები მუსლიმანებს ლოცვას არ უკრძალავენ, მაგრამ მუსლიმანებმა თავიანთი რიტუალი საკუთარ სახლებში უნდა შეასრულონ და არა ჯგუფურად, რადგან ეს საქართველოს მიწაა და არა თურქეთის.
„მე ხომ არ მოვსულვარ ხულოში, ხულოც ქართული მიწაა, მაგრამ იქ მუსლიმანები უფრო მეტად ცხოვრობთ. ამიტომ თქვენს სახლში ილოცეთ,“- მიმართავდნენ მართლმადიდებელი ნიგვზიანელები მუსლიმან ქართველებს. თავის მხრივ, მუსლიმანთა მუფტი ჯემალ პაქსაძე ნიგვზიანელებს არწმუნებდა, რომ ისინი თურქები არ იყვნენ, არამედ სისხლითა და ხორცით -ქართველები.
ყველზე მთავარი, რაც ნიგვზიანელებს აოცებდა ის იყო, რომ 23 წლის მანძილზე ადგილობრივი ქრისტიანები და მუსლიმანები მშვიდობიანად ცხოვრობდნენ. დღეს კი შავბნელი ძალების გამო მათ შორის დაპირსპირება მოხდა.
ნიგვზიანში მომხდარ ინციდენტს უმალვე გამოეხმაურა ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი. ამჯერადაც ის კატეგორიული იყო, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე საუბრობდა და ეკლესიას ძალადობის დაგმობისკენ მოუწოდებდა. საბოლოოდ მართლმადიდებლებსა და მუსლიმანებს შორის პრობლერმა აღმოიფხვრა. ამ საქმეში საპატრიარქოც ჩაერთო და მუსლიმანთა მუფტს ჯემალ პაქსაძეს პატრიარქთანაც ჰქონდა შეხვედრა. მოგვიანებით საკითხი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განიხილეს. გადაწყდა, რომ სოფელ ნიგვზიანში სამლოცველო ისევე დარჩება, როგორც ადრე იყო და მუსლიმანი თემი თავის სალოცავში ილოცებს, ქრისტიანები კი-საკუთარ სალოცავში.
შეხვედრიდან უკმაყოფილო გამოვიდა საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი, რადგან მას სურდა, მოესმინა ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ზუსტი სამართლებრივი შეფასება და კონკრეტული ფაქტის დაგმობა, რასაც თურმე ადგილი ჰქონია ნიგვზიანში. სამაგიეროდ, პრობლემის აღმოფხვრა დადებითად მიიჩნიეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, შეხვედრიდან გამოსულმა მუსლიმანთა მუფტმა კი დალოცა ქრისტიანი და მუსლიმანი მრევლი და მათ მშვიდობა უსურვა.
For.ge-ს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე ესაუბრა.
- შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო განმიმტკიცდა იმის რწმენა, რომ ეს დაპირისპირება ხელოვნურად შექმნილი იყო. ადრეც ვამბობდი და დღესაც შემიძლია გითხრათ, რომ, ამ თვალსაზრისით, არავითარი პრობლემა არ ყოფილა. იყო პროვოკაციული ხასიათის გარკვეული წინააღმდეგობა და ამ პროვოკაციის გამომწვევი, არ მინდა დაგიმალოთ, ჩემი ვარაუდით, არის საქართველოს ნარჩენი ხელისუფლება. გადაჭარბებულია მოლოდინი იმის შესახებ, რომ იქ მინარეთების მიშენება და ახალი ჯამეების მშენებლობა მოხდება. სრულიად საქართველოს მუსლიმანთა სამმართველოს მუფტი ბატონი ჯემალი აცხადებს, რომ ასეთი რამ არ იგეგმება. უბრალოდ, ადამიანები მხოლოდ კვირაში ერთხელ საჯაროდ შეიკრიბებიან და ერთად აღავლენენ ლოცვას იმ შენობაში, რომელიც კერძო პირს ეკუთვნის, მაგრამ მას მეჩეთისთვის დამახასიათებელი არავითარი ატრიბუტიკა არ აქვს. ეს უბრალო კერძო შენობაა და მეტი არაფერი. ასე რომ, წინააღმდეგობა ამოწურულია. ბუნებრივია, საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებაა საქართველოში და ამის გარანტიები გვაქვს, მაგრამ ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ ჩვენს ისტორიაში, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას განსაკუთრებული როლი უჭირავს.
ამას აცნობიერებენ მუსლიმანებიც?
- ვინ რას აცნობიერებს, არ ვიცი, მაგრამ მე მინდა, ეს საქართველოს ყველა მოქალაქემ გააცნობიეროს. გვინდა თუ არა, საზოგადოებრივი აზრის მოსმენა მაინც მოგვიწევს. ბევრი რამ შეიძლება მომწონდეს ან არ მომწონდეს, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი უნდა გავითვალისწინოთ, რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას ნებისმიერი მოქალაქე მიიღებს; თუ ამას დაარღვევს, სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცემა. თუმცა საქართველოს ისტორიაში ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიის განსაკუთრებული როლი ყველას უნდა ახსოვდეს.
ბექა მინდიაშვილმა თქვენც გახსენათ და მკვეთრი პოზიცია დაიკავა.
- ბექა მინდიაშვილის განცხადებებზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ამ პიროვნებას ვიცნობ, ეს კაცი სულ სიძულვილის ენით ლაპარაკობს. სხვათა შორის, დღევანდელ დღესაც ქალბატონმა ეკა ბესელიამ თქვა, რომ აქ არავითარი კონფლიქტი არ არსებობს და ეს არის რაღაც წინააღმდეგობა, გაუგებრობა და ხელოვნურად აგორებული კონფლიქტი, რაც, პრაქტიკულად, სამუფტო სამმართველომაც დაადასტურა, რომ საკითხი ამოწურული და წერტილდასმულია. ამ დროს ქალბატონი ჩიორა თაქთაქიშვილი გამოვიდა და თქვა, რატომ ჩაერივნენ ამაში საქართველოს პარლამენტის წევრები, უფლებადამცველი ორგანიზაცია, ქალბატონი ეკა ბესელია და რატომ არ გადაწყვიტა რომელიმე ერთი მხარის სასარგებლოდ ეს საკითხი? ასეთ აბსურდამდე მიდის მათი აზროვნება. მანვე ეკა ბესელიას უთხრა, თქვენ უფლებადამცველი კომისიის ხელმძღვანელი ხართ და გარანტია მომეცით, რომ საქართველოში არასდროს უფლებები დარღვეული არ იქნებაო. და ამას ამბობს ქალბატონი ჩიორა თაქთაქიშვილი, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს ნაციონალური მოძრაობის წევრობას. აბსურდს დაემსგავსა მისი ნათქვამი. არა მარტო ნიგვზიანში განვითარებული მოვლენები, არამედ, მაგალითად, ბათუმში კომპაქტური შევარდნები და ფართების დაკავება, სახელმწიფო მიწებზე სახლების წამოჭიმვა, მაშინ, როცა ადრე იქ ადამიანების დასახლება არ იყო, ასეთი კონფლიქტური სიტუაციები, სწორედ ხელისუფლების ნარჩენებისგან არის გამოწევეული. ეს ნარჩენი ხელისუფლება საქართველოში დასრულდება. მართალია, ისინი ჯერჯერობით პოზიციებს ინარჩუნებენ თვითმმართველ და ადგილობრივ მმართველობით ორგანოებში, მაგრამ უნდა გითხრათ, ნელ-ნელა ისინიც მოდიან ჭკუაზე და ჩვენ საერთო სახელმწიფო ფერხულში ერთად ჩავებმებით.
ნიგვზიანელები ამბობენ, რომ არ დაუშვებენ მუსლიმანების გააქტიურებას, რადგან, შესაძლოა, მომავალში მათ გადაიბირონ მართლმადიდებელი ახალგაზრდები.
- ძალადობის აღსაკვეთად ორივე მხარეს უნდა მოვუწოდოთ. მით უმეტეს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ და მართლმადიდებლურმა მრევლმა სიყვარულით უნდა აშენოს ეს ქვეყანა; სიყვარულით უფრო შეიძლება მოარჯულო და შენს პოზიციაზე მოარგო ადამიანი, ვიდრე ძალადობით. ამიტომ ორივე მხარეს სიფხიზლისკენ მოვუწოდებ, ნუ წამოეგებიან ნარჩენი ხელისუფლების პროვოკაციას.
როგორც ვიცი, მუსლიმანთა მუფტი საქართველოს პატრიარქს დიდ პატივს სცემს და მის აზრს იზიარებს.
- ნამდვილად ასეა. ვადასტურებ, რომ მუფტი პატივს სცემს პატრიარქს და ჩვენს უწმინდესს თავის სულიერ მამასაც ეძახის.
ჩვენ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელსაც ვესაუბრეთ.
დეპუტატი გია ცაგარეიშვილი ეჭვობს, რომ მსგავსი მოვლენები შეიძლება ინსპირირებული იყოს ყოფილი ხელისუფლების მიერ, რადგან, მისი თქმით, იქ მყისიერად გაჩნდა რამდენიმე მოექსპერტო „ტიპი“, რომლებიც ასოცირდებიან ნაციონალურ მოძრაობასთან. ამასთან, მაშინვე ჩაატარა ბრიფინგი სააკაშვილმა და გამოეხმაურა ამ ფაქტს.
„დარწმუნებული ვარ, მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება. ეს არავის აწყობს, არც ქრისტიანულ მრევლს, არც მუსლიმანებს. ჩვენ ყოველთვის შემწყნარებელი ერი ვიყავით, მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების ისტორია გაგვაჩნია. პირადად მე მუსლიმან ქართველთან გასაყოფი არაფერი მაქვს. უამრავ მულიმან ქართველს არანაკლებ უყვარს თავისი სამშობლო, ვიდრე ქრისტიან ქართველს. გადადით ტაო-კლარჯეთში, ჩახედეთ იმ ადამიანებს თვალებში. მათ ვერავინ ეტყვის, რომ ისინი ქართველებინ არ არიან“,-აცხადებს გია ცაგარეიშვილი.
ამასთან, ახსენდება, რომ წინა აზიასა და კავკასიაში საქართველო რელიგიური შემწყნარებლობის მაგალითი იყო. „ქართლის ცხოვრებაში“ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია აღწერილი, როცა დავით აღმაშენებელმა თბილისი აიღო, მან არ გაანადგურა მუსლიმანური მოსახლეობა და ისინი თბილისის თვითმყოფადობისთვის შეინარჩუნა. ეს მაშინ, როცა თბილისში მოკალათებული არაბებისა და თურქ-სელჩუკების მხრიდან იმჟამინდელ საქართველოს ძალიან ბევრი სიმწარე ახსოვს.
რაც შეეხება ბექა მინდიაშვილს, გია ცაგარეიშვილის თქმით, ვაი ექსპერტები დაპურებულნი არიან ნაციონალური მოძრაობის ხელიდან და ბენდუქიძის ჯიბეებიდან. ამდენად, ადამიანთა გარკვეული კასტის ამოცანაა, ემსახუროს სააკაშვილს, განურჩევლად იმისა, თუ სად იქნება სააკაშვილი-ოპოზიციაში თუ პოზიციაში.
„ამ ადამიანების კასტამ ძალიან კარგად წარმოაჩინა თავისი რაობა. ბექა მინდიაშვილის შესახებ ითქვა, რომ ის ექსპერტია, თუმცა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია“,_აცხადებს დეპუტატი.
კონსტიტუციის 42-ე მუხლის აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ ორ სხვადასხვა რელიგიურ კონფესიას შორის დაპირისპირებისას სახელმწიფო აქტიურად უნდა ჩაერიოს, მიიღოს მონაწილეობა დიალოგში და საზოგადოებას განუმარტოს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, იმ რელიგიისა და აღმსარებლობის მიმდევარი იყოს, რომელიც მას სწამს.
„გასაგებია, რომ საქართველოში განსაკუთრებული როლი აქვს მართლმადიდებლურ ეკლესიას და საზოგადოების უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელია, მაგრამ აუცილებელია, სხვა რელიგიის მიმდევრებს პატივისცემით ვეპყრობოდეთ. საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ საქართველოში არიან რელიგიური უმცირესობებიც, სხვა უმცირესობებიც და მათ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა დაუშვებელია“.
„ქართული ოცნების“ ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ჩხაიძე აცხადებს, რომ ისინი პატრიარქის კურთხევის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ამასთან, თემურ ჩხაიძე არ გამორიცხავს, რომ ნიგვზიანის ინციდენტი ვინმეს პროვოცირებული იყოს.
„მუსლიმანებმა თვითონვე გვითხრეს, ჩვენ არანაირი გართულება არ გვაქვს და გვინდა, ძმები ვიყოთო“.